რამაზ ჩხიკვაძე
რამაზ ჩხიკვაძე (დ. 28 თებერვალი, 1928, თბილისი — გ. 17 ოქტომბერი, 2011, თბილისი), ქართველი მსახიობი. სსრკ სახალხო არტისტი (1980).
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
1951 წელს დაამთავრა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (მ. თუმანიშვილის მოწაფე). ამავე წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. ჩხიკვაძის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია მკაფიო ინდივიდუალობა, თვითმყოფობა, დიდი შემოქმედებითი ფანტაზია, იმპროვიზაციისა და გარდასახვის ოსტატობა.
როლები: ლეანდრო (ჯ. ფლეჩერის „ესპანელი მღვდელი“), ვეფხია გაბიდაური (კ. ბუაჩიძის „ამბავი სიზვარულისა“), ქოსა მრჩეველი (გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“), მაქჰითი (ბ. ბრეხტის „სამგროშიანი ოპერა“), თედო (მ ელიოზიშვილის „ბებერი მეზურნეები“), ფადინარი (ე. ლაბიშის „ჩალის ქუდი“), აკოფა (ა. ცაგარელის „ხანუმა“), კირილე მიმინოშვილი (დ. კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“), შოშია (ნ. დუმბაძის „საბრალდებო დასკვნა“) და სხვა. ახალი ეტაპია ჩხიკვაძის შემოქმედებაში რეჟისორ რ. სტურუას დადგმებში მონაწილეობა (ყვარყვარე, პ. კაკაბაძის „ყვარყვარე“, აზდაკი, ბ. ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ მესამე“, შექსპირის „რიჩარდ მესამე“, მოხუცი რეჟისორი რ. სტურუას, ლ. ფოფხაძისა და ა. ვარსიმაშვილის „ვარიაციები თანამედროვე თემაზე“ და სხვა). ამ წარმოდგენებში მხატვრულ ხერხად გამოყენებულია ყოფითისა და პათეტიკის, რეალურისა და პირობითის დაპირისპირება, მოვლენების მოულოდნელი პერიფრაზირება, მეტაფორული აზროვნება, რასაც მსახიობი აღწერს განსჯისა (ფსიქოლოგიური განცდის საპირისპიროდ) და სრულყოფილი აქტიორული ხელოვნების მეშვეობით. ჩხიკვაძე გარდასახვასთან ერთად სცენაზე გვიჩვენებს თავის დამოკიდებულებას გმირისადმი. ჟესტიკულაციით, პოზითა და მეტყველების მანერით იგი ზუსტ ასოციაციურ მინიშნებას აღწევს. ამ როლებმა ჩხიკვაძეს მსოფლიო აღიარება მოუპოვა.
გადაღებულია კინოფილმებში: „ლონდრე“ (დიამბეგი, 1963), „ჩირიკი და ჩიკიტელა“ (გიტარა-მაიორი, 1975), „ნატვრის ხე“ (მღვდელი, 1977), „ნერგები“ (ლუკა, 1974, მოსკოვის VIII საერთაშორისო კინოფესტივალზე მიენიჭა პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის) და სხვა. სსრკ სახელმწიფო (1979), რუსთაველის (1980) და მარჯანიშვილის (1975) პრემიების ლაურეატი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.
გარდაიცვალა 2011 წლის 17 ოქტომბერს თბილისში, 83 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ[1]. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მეუღლის, ნატაშა ჩხიკვაძის, გვერდით[2].
[რედაქტირება] ფილმოგრაფია
- 1954 — ჭრიჭინა
- 1957 — მოცარტი და სალიერი
- 1957 — ეთერის სიმღერა
- 1959 — დღე უკანასკნელი, დღე პირველი
- 1959 — სად არის შენი ბედნიერება
- 1962 — წარსული ზაფხული
- 1962 — თხუნელა
- 1967 — ვედრება
- 1969 — ფილატელისტის სიკვდილი
- 1970 — ძველი წისქვილები
- 1971 — ყელსაბამი ჩემი საყვარელისთვის
- 1971 — ნუცა
- 1973 — ვერის უბნის მელოდიები
- 1973 — ნერგები
- 1973 — მთვარის მოტაცება
- 1973 — ისტორიკოსები
- 1975 — ერთი ნახვით შეყვარება
- 1975 — ჩირიკი და ჩიკოტელა
- 1976 — გაქცევა გამთენიისას
- 1976 — ქალაქი ანარა
- 1976 — ნამდვილი თბილისლები და სხვები
- 1977 — ნატვრის ხე
- 1977 — სიყვარული, ხანძარი და პომპიერო
- 1977 — რაჭა, ჩემი სიყვარული
- 1978 — სასწრაფო გამოძახება
- 1979 — დიუმა კავკასიაში
- 1979 — სანტა ესპერანსა
- 1981 — გზა შინისაკენ
- 1981 — ხელები მაღლა!
- 1985 — გამარჯვება
- 1985 — სადაზღვევო აგენტი
- 1988 — ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი
- 1989 — ხოჯა ნასრედინის დაბრუნება
- 1990 — დაისი
- 1990 — თეთრი ბაირაღები
- 1990 — კედელი
- 1991 — ამხანაგ სტალინის მოგზაურობა აფრიკაში
- 1992 — აღმოსავლური რომანი
- 1993 — ზნედაცემული ანგელოზი
- 1996 — შეყვარებული კულინარის ათას ერთი რეცეპტი
- 2004 — შავი პრინცი
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ნინიკაშვილი კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 177-178, თბ., 1987 წელი.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- რამაზ ჩხიკვაძის პროფილი ეროვნული ფილმოგრაფიის ვებ-გვერდზე.
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ 83 წლის ასაკში რამაზ ჩხიკვაძე გარდაიცვალა. ახალი ამბების სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენი“. 18.10.11.
- ↑ რამაზ ჩხიკვაძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. ახალი ამბების სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენი“. 22.10.11.