მარილიონი
| მარილიონი Marilliom |
||
|---|---|---|
| ბიოგრაფია | ||
| წარმოშობის ადგილი | ეილსბერი, ინგლისი | |
| ჟანრ(ებ)ი | ნეო-პროგრესული როკი პროგრესული როკი არტ როკი პოპ როკი სოფტ როკი აკუსტიკური როკი ალტერნატიული როკი |
|
| აქტიური | 1979 - დღემდე | |
| ლეიბლ(ებ)ი | EMI, Capitol, Castle, Racket Records (Intact), IRS, Caroline, Sanctuary, Velvel/Koch, Edel, Liberty, Pony Canyon | |
| ასოციაციები | ფიში, h Natural, How We Live, The Europeans, The Wishing Tree, Arena, Iris, იენ მოზლი და Ben Castle, Transatlantic, Kino | |
| ვებ-გვერდი | www.marillion.com | |
| წევრები | ||
| სტივ ჰოგართი სტივ როზერი პიტ ტრევავასი მარკ კელი იენ მოზლი |
||
| ყოფილი წევრები | ||
| ფიში მიკ პოინტერი დიზ მინიტი ბრაიან ჯელიმენი დაგ ირვინი |
||
მარილიონი (ინგლ. Marillion) — ბრიტანული როკ ჯგუფი ეილსბერიდან (ბუკინგემშირი), რომელიც ჩამოყალიბდა 1979 წელს. მათი კარიერის განმავლობაში, რომელიც ორ ნაწილად იყოფა, ჩაწერილი იქნა 16 სტუდიური ალბომი. ჯგუფის არსებობის პირველი პერიოდი აღსანიშნავია ვოკალისტისა და ლიდერის ფიშის მოღვაწეობით. მან დატოვა ჯგუფი 1988 წელს. ამ ეტაპიდან მარილიონს შეუერთდა სტივ ჰოგართი (იგივე ჰ). 1989 წლიდან მოყოლებული, ჯგუფმა გამოუშვა 12 სტუდიური ალბომი.
ჟანრმა, რომელშიც ჯგუფი მოღვაწეობს, ბევრი ცვლილება განიცადა წლების განმავლობაში. დღეს მას ნეო-პროგრესივს უწოდებენ. ჯგუფს ახასიათებს მელოდიური კომპოზიციები, რის გამოც მათ ხშირად ადარებენ სხვა კოლექტივებს: ჯენესისს, პინკ ფლოიდს და Van Der Graaf Generator-ს. თანამედროვე ჯგუფებიდან მარილიონის ჟღერადობასთან ყველაზე ახლოს არიან რედიოჰედი და Coldplay.
[რედაქტირება] ისტორია
[რედაქტირება] ფიშის პერიოდი
მარილიონი ჩამოყალიბდა 1979 წელს. თავდაპირველად მას ეწოდებოდა სილმარილიონი (ჯ. რ. რ. ტოლკინის ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით). პირველი კონცერტი კოლექტივმა გამართა ბერკჰემსტედში, 1980 წლის 1 მარტს.[1]
ჯგუფის სახელწოდება შემოკლდა და გახდა მარილიონი (რათა არ ყოფილიყო პრობლემები საავტორო უფლებებთან).[2] ამ პერიოდში ჯგუფს კონკურსის შემდეგ შეუერთდნენ ვოკალისტი ფიში და ბას-გიტარისტი დიზ მინიტი. 1981 წლის ბოლომდე ჯგუფში მოვიდა კელი, რომელიც ჯელიმენის მაგივრად უკრავდა, ხოლო მინიტი 1982 წელს შეცვალა ტრევავასმა.
ჯგუფის პირველი ნამუშევრები გამოირჩეოდა ფიშის არაორდინალური პოეტური და ორიგინალური მუსიკალური ექსპერიმენტებით. თავდაპირველად ჯგუფის მუსიკა ძალიან ჰგავდა Queen-ის, ჯენესისის, პინკ ფლოიდის, Van Der Graaf Generator-ის, რაშისა და Yes-ის სიმღერებს. ჯგუფის პირველი დემო-ჩანაწერი შექმნილი იქნა 1981 წელს. მასში მოხვდა სამი კომპოზიცია - He Knows You Know, Garden Party და Charting the Single.
ჯგუფმა ყურადღება მიიქცია სხვადასხვა მუსიკალურ შოუზე გამოსვლით. კონტრაქტი მათთან გააფორმა კომპანიამ EMI. პირველი სინგლი, Market Square Heroes გამოვიდა 1982 წელს, B-გვერდით 'Grendel'.
[რედაქტირება] Script for a Jester's Tear და Fugazi (1983–1984)
ჯგუფის სადებიუტო ალბომის Script for a Jester's Tear მელოდიები ეფუძნებოდა წინა წლებში კონცერტებზე შესრულებულ კომპოზიციებს. მიუხედავად პროგრესული როკის სტილისტიკისა, მათში უფრო ბნელი განწყობა შეიმჩნეოდა. ალბომის სარეკლამო კამპანიის დროს ჯგუფი დატოვა მიკ პოინტერმა.
შემდეგი დისკი, Fugazi იქმნებოდა ელექტრონული ჟღერადობის ინტეგრირებით. მასში შეტანილია Assassing, მარილიონის ერთ-ერთი ცნობილი სინგლი.[3]
ჯგუფის პირველი ცოცხალი ალბომი, Real to Reel 1984 წლის ნოემბერში გამოვიდა, ახალი სიმღერით Cinderella Search, რომელიც მანამდე სინგლში Assassing მოხვდა.
[რედაქტირება] Misplaced Childhood და საერთაშორისო წარმატება (1985)
ჯგუფის კომერციულად ყველაზე წარმატებული ალბომი, Misplaced Childhood 1985 წელს გამოვიდა. ხმისჩამწერი კომპანიის მხარდაჭერით, კოლექტივმა სტილისტურად წინა ალბომებისგან განსხვავებით ცვლილება განიცადა. გამოვიდა მათი ორი წარმატებული სინგლი, Kayleigh და Lavender. ალბომი განსხვავდებოდა წინა დისკებისგან პირველი სიყვარულის, დაკარგული ბავშვობის, ნარკოტიკების, ალკოჰოლის, პროსტიტუციის, ხელახალი დაბადების თემებით. ბრიტანეთში მან ჩარტების #1 ადგილი დაიკავა, ხოლო ჟურნალის Kerrang! გამოკითხვაში პოპულარობით #6 იყო.
[რედაქტირება] Clutching at Straws და ფიშის წასვლა (1986–1988)
Clutching at Straws, ჯგუფის მეოთხე სტუდიური ალბომი ნაწილობრივ წინა ალბომების მელოდიურ სტილისტიკას ეფუძნებოდა, მაგრამ ამავე დროს ალკოჰოლიზმის თემის უფრო საფუძვლიანი განხილვით. ამ ალბომის ჩაწერის შემდეგ ფიშმა დატოვა ჯგუფი, თუმცა მანამდე კოლექტივთან ერთად წარმატებული საკონცერტო ტური ჰქონდა.
[რედაქტირება] სტივ ჰოგართის პერიოდი
[რედაქტირება] Seasons End და Holidays in Eden (1989–1991)
ფიშის წასვლის შემდეგ ჯგუფში მოხვდა სტივ ჰოგართი, სხვა ჯგუფიდან, The Europeans. ეს იყო მარილიონისათვის ურთულესი პერიოდი, რადგან ფიშთან ერთად დაწყებული, მეხუთე ალბომზე მუშაობა შეწყდა და კოლექტივი უკვე ზრუნავდა შემდეგ დისკზე, Seasons End.
ფიში წავიდა მარილიონიდან და ამით მუსიკოსებმა დაკარგეს იდეოლოგი და ტექსტების ავტორიც. ჰოგართი, ყველასთვის მოულოდნელად, აღმოჩნდა ნიჭიერი პოეტიც, თუმცა მუშაობდა ტექსტების ავტორ ჯონ ჰელმერთან ერთად. ამასობაში ფიში იწერდა საკუთარ სოლო-ალბომს, Vigil in a Wilderness of Mirrors,
Holidays In Eden, ახალი მარილიონის მეორე ალბომი, აგებული იყო სრულიად ახალ მასალაზე, რომელიც უკვე მასთან ერთად დაიწერა (წინა ალბომის სიმღერების ნაწილი მისი გამოჩენისათვის უკვე მზად იყო). მიუხედავად გამოკვეთილი პოპ-ალბომის სტილისტიკისა, დისკს დიდი პოპულარობა არ ჰქონია.[4]
[რედაქტირება] Brave, Afraid of Sunlight და EMI-ს დატოვება (1992–1995)
Holidays in Eden-ის შემდეგ გამოიცა Brave - ბნელი და ფსევდოკონცეფტუალური დისკი, რომელიც 18 თვის მანძილზე იწერებოდა. მიუხედავად კრიტიკოსებისგან მისი მაღალი შეფასებისა, EMI-ში ყველა უკმაყოფილო იყო. ამას დაემატა ფილმი, რომელიც ეფუძნებოდა ალბომს, რამაც კიდევ უფრო გააოცა პერსონალი ლეიბლიდან.
Afraid Of Sunlight აღმოჩნდა უკანასკნელი დისკი, ჩაწერილი ამ კომპანიის მხარდაჭერით. მას არ ახლდა სარეკლამო კომპანია. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა ჟურნალში მას მაღალი შეფასება მისცეს. ალბომში შეტანილია Out Of This World, რომელიც დონალდ კემპბელის, ცნობილი მოცურავის ხსოვნას მიეძღვნა.[5] სტივ ჰოგართი თვლიდა, Afraid of Sunlight არის საუკეთესო ალბომი, რომელიც მას ჯგუფთან ჩაუწერია.[6]
[რედაქტირება] This Strange Engine, Radiation და marillion.com (1996–1999)
შემდეგ იყო რიგი ალბომებისა, სადაც მარილიონი კვლავ ახალი ჟღერადობის ძიებაში იყო. This Strange Engine (1997) კვლავ მცირე სარეკლამო კამპანიის თანხლებით გამოიცა, ლეიბლზე Castle Records. ჯგუფმა ვერ შესძლო აშშ ტურის გამართვა. მაგრამ ამერიკელმა მოყვარულებმა შეაგროვეს 60,000 აშშ დოლარი და კოლექტივი მიიწვიეს საკუთარ ქვეყანაში. [7] ამას მოჰყვა მრავალწლიანი ტრადიცია, დაფუძნებული ჯგუფის მისამართით გადარიცხულ თანხებზე და ალბომების ჩაწერის/კონცერტების გამართვის ასეთი პირობებზე.
Radiation (1998), ჯგუფის მეათე სტუდიური ალბომი განსხვავებული მიდგომით იქნა ჩაწერილი, რამაც მოყვარულთა კრიტიკაც კი გამოიწვია. შემდეგ წელს გამოვიდა marillion.com, რომელიც ყველამ დადებითად მიიღო, მაგრამ ჯგუფი უკმაყოფილო იყო ხმისჩამწერ ლეიბლთან ურთიერთობით.
[რედაქტირება] Anoraknophobia და Marbles (2000–2006)
ჯგუფმა აბსოლუტურად რადიკალური ნაბიჯი გადადგა - საკუთარ მოყვარულებს სთხოვა შემდეგი ალბომის დაფინანსება/ალბომის წინასწარ შეკვეთა. შედეგად შემოვიდა 12.000 მოთხოვნა, რაც მარილიონს დაეხმარა შემდეგი დისკის, Anoraknophobia (2001) ჩაწერაში). [8]
ალბომის წარმატების გამო ჯგუფმა შემდეგ სტუდიურ დისკთან მიმართებაშიც მსგავსი მიდგომა შეინარჩუნა. ამჯერად წინასწარი შეკვეთების რიცხვი 18.000 ასლამდე გაიზარდა. [9]
Marbles გამოვიდა 2004 წელს - როგორც ჩვეულებრივი, ასევე ორმაგი დისკის სახით (უკანასკნელი - მხოლოდ მათთვის, ვინც იგი წინასწარ შეუკვეთა). ალბომი მიჩნეული იქნა ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ნამუშევრად ჯგუფის კარიერაში. ამას ახლდა ტურიც, რომლის ლონდონური კონცერტი გამოვიდა ფილმის Marbles on the Road სახით. სიმღერა „Don‘t Hurt Yourself“ გამოვიდა სინგლის სახით და ჩარტების 16-ე ადგილზე მოხვდა. 2006 წლის თებერვალში გამოვიდა ჯგუფის კიდევ ერთი DVD - Colours and Sound, რომელიც ეფუძნებოდა 2005 წლის საკონცერტო ტურის მიმოხილვას.
[რედაქტირება] Somewhere Else და Happiness is the Road (2007–2008)
2007 წლის აპრილში გამოვიდა ჯგუფის მეთოთხმეტე ალბომი Somewhere Else, რომელიც, მოულოდნელად და განსხვავებით წინა 10 წლის მანძილზე გამოცემული დისკებისგან, ბრიტანეთის ჩარტში #30 პოზიცია დაიკავა. ალბომის წარმატებას ხელი შეუწყო ჩამოსატვირთვმა სინგლმა See It Like A Baby (მარტი 2007) და სინგლის Thank You Whoever You Are გამოცემამ კომპაქტ-დისკზე - ეს უკანასკნელი ბრიტანეთში #15, ხოლო ჰოლანდიაში - #6 პოზიციაზე იმყოფებოდა.
2008 წლის ოქტომბერში გამოსული შემდეგ ალბომის Happiness Is The Road ერთი დისკი ჩვეულებრივად იყიდებოდა, ხოლო მეორე ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდით ვრცელდებოდა. [10]
[რედაქტირება] Less is More და Sounds That Can't Be Made
2009 წლის 2 ოქტომბერს გამოვიდა ჯგუფის ახალი, აკუსტიკური სტუდიური ალბომი Less Is More. მასში შეტანილია ჯგუფის ცნობილი სიმღერების აკუსტიკური შესრულება და ახალი სიმღერაც, „It's Not Your Fault“.
2011 წელს ჯგუფი დაუბრუნდა სტუდიას. იგი ამჟამად საკონცერტო ტურნეს გეგმავს და პარალელურად ასრულებს ახალ სტუდიურ ალბომს Sounds That Can't Be Made.
[რედაქტირება] შემადგენლობები
სტუდიური ალბომები 1982 წლიდან:
- ფიში (დერეკ ვ. დიკი) - ვოკალი და ლირიკა (წავიდა ჯგუფიდან 1988 წელს)
- სტივ ჰოგართი (ჰ) - ვოკალი და ლირიკა, სინთეზატორი, გიტარა, პერკუსია (შეუერთდა ჯგუფს 1989 წელს)
- სტივ როზერი - ელექტრო და აკუსტიკური გიტარა
- პიტ ტრევავასი - ბას-გიტარა, ბექ-ვოკალი, გიტარა, სემპლები და ეფექტები
- მარკ კელი - სინთეზატორი, სემპლები და ეფექტები, ბექ-ვოკალი, პროგრამირება
- მიკ პოინტერი - დასარტყამები (დატოვა ჯგუფი1983 წელს)
- იენ მოზლი - დასარტყამები, პერკუსია (შეუერთდა ჯგუფს 1984 წელს)
1983 და 1984 წლებს შორის, ჯგუფში დასარტყამებზე დამკვრელის ნაკლებობის გამო, კოლექტივს დროებით შეუერთდნენ (ჯონატან მუვერი, ენდი ვორდი და ჯონ მარტერი).
[რედაქტირება] დისკოგრაფია
- სტუდიური ალბომები
- Script for a Jester's Tear (1983)
- Fugazi (1984)
- Misplaced Childhood (1985)
- Clutching at Straws (1987)
- Seasons End (1989)
- Holidays in Eden (1991)
- Brave (1994)
- Afraid of Sunlight (1995)
- This Strange Engine (1997)
- Radiation (1998)
- Marillion.com (1999)
- Anoraknophobia (2001)
- Marbles (2004)
- Somewhere Else (2007)
- Happiness Is The Road (2008)
- Less Is More (2009)
- Sounds That Can't Be Made (2012)
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური ვებ-გვერდი
- მათი გვერდი myspace.com-ზე
- სტივ ჰოგართის ოფიციალური გვერდი
- ფიშის ოფიციალური გვერდი
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ Mick Wall (1987). Market Square Heroes – The Authorised Story of Marillion. Sidgwick & Jackson Ltd, გვ. 28.
- ↑ Marcelo Silveyra (2002). Chapter 1 – Writing Down The Script. Season's End – The True Marillion Story. ProgFreaks.com. დაარქივებულია ორიგინალიდან 4 June 2008-ში.
- ↑ MUSIC – Discography – Fugazi. marillion.com. წაკითხვის თარიღი: 19 August 2011.
- ↑ MUSIC – Discography – Holidays in Eden. marillion.com. წაკითხვის თარიღი: 19 August 2011.
- ↑ Out of this World, Trivia. Marillion.com. წაკითხვის თარიღი: 19 August 2011.
- ↑ Afraid of Sunlight Sleeve Notes.
- ↑ NEWS – Press Room – Anoraknophobia. marillion.com. წაკითხვის თარიღი: 19 August 2011.
- ↑ MUSIC – Discography – Anoraknophobia. marillion.com. წაკითხვის თარიღი: 19 August 2011.
- ↑ MUSIC – Discography – Marbles. marillion.com. წაკითხვის თარიღი: 19 August 2011.
- ↑ Marillion Press Release (2008-09-11) "Marillion Use P2P for Album Release" Anti Music