დომენტი IV

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „დომენტი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დომენტი.
დომენტი IV-ის ჯვარი

დომენტი IV (ერისკაცობაში დამიანე ბაგრატიონი) (გ. 1741) — აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1705-1741 წლებში, ვახტანგ VI-ის ძმა, მწიგნობარი.

1705-1708 წლებში ვახტანგ VI-თან ერთად მონაწილეობდა კანონების შედგენაში.

1707 წელს ირანის შაჰს ეწვია და დაამტკიცებინა საკათოლიკოსო მამულები, მათ შორის კახეთის ხელისუფალთა მიერ იმჟამად მისაკუთრებული საკათოლიკოსო კახური სამფლობელოებიც. 1710 წელს კახეთის მეფეს დავით II-ს (იმამ-ყული ხანი) დააწერინა საკათოლიკოსო მამულების მფლობელობის სიმტკიცის სიგელი.

1712-1714 წლებში მხარს უჭერდა ირანში მყოფ ვახტანგ VI-ის გამეფებას. ერთ პერიოდში სცადა სამეფო ტახტის დაკავება, მაგრამ უშედეგოდ. 1723 წელს, თბილისში თურქ-ოსმალთა შემოჭრის დროს, გაიხიზნა ლორეს ციხეში, იქიდან კი ქსნის საერისთავოში. თბილისის გამგებელმა იესემ (ალი-ყული-ხანი) კათოლიკოსად ბესარიონი დანიშნა, მაგრამ ოსმალებმა ისევ დომენტი IV დააბრუნეს. 1725 წელს დომენტი IV ოსმალეთის სულთანმა სტამბოლში გაიწვია. აქ დაუმტკიცეს საკათოლიკოსო მამულები, მაგრამ სამშობლოში აღარ გამოუშვეს. 1727 დეკემბერში დააპატიმრეს როგორც ოსმალთა ბატონობის მოწინააღმდეგე და სტამბოლის მახლობლად კუნძულზე გადაასახლეს. აქ მან 1736-ის დამლევამდე დაჰყო. 1739 ნოემბერში ქართლში დაბრუნდა.

დომენტი IV-ის ლიტერატურული-მწიგნობრული მოღვაწეობა ემსახურებოდა ქართული კულტურისა და ქრისტიანობის დაცვა-განმტკიცების საქმეს. დომენტი IV-მ შეკრიბა ქართველი საერო და საეკლესიო მოღვაწეთა ცხოვრება-წამების აღწერილობანი, მათ შორის ზოგიერთი სვინაქსარული სახისა, და შეადგინა ქართული ჰაგიოგრაფიული კრებული (მოღწეულია 1713 გადანწერი ნუსხით); საეკლესიო პრაქტიკისათვის გადააწერინა პარაკლიტონი, ასკეტიკონი და სხვ., ბერძნულიდან ათარგმნინა კურთხევანი და 1719 საკუთარი ხარჯით დააბეჭდინა თბილისში, შეადგინა სადღესასწაულოს ახალი რედაქცია (მოღწეულია 1718 ნუსხით). გადასახლებაში ყოფნისას შეკრიბა ილარიონ ქართველისა და სხვათა საგალობლები, გადააწერინა საეკლესიო მამათა თხზულებების მეორე ნაწილი. დომენტი IV-მ საკუთარი ხარჯით შეასრულა მცხეთის სვეტიცხოვლის, თბილისის ანჩისხატის, მეტეხისა და სხვა ეკლესიების სარემონტო და სამშენებლო სამუშაოები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]