გრეგორ მენდელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრეგორ მენდელი
გრეგორ მენდელი

გრეგორ იოჰან მენდელი (Gregor Johann Mendel; 1822 წლის 20 ივლისი1885 წლის 6 იანვარი) — ავგუსტინელთა ორდენის ბერი და მეცნიერი, რომელსაც ხშირად გენეტიკის ფუძემდებლად მოიხსენიებენ. მენდელი სწავლობდა ნიშან-თვისებების გადაცემას ბარდაში. მან დაამტკიცა, რომ მემკვიდრეობითობა კანონებს ემორჩილება(რომლებსაც შემდგომ მისი სახელი უწოდეს). მენდელის ნაშრომის მნიშვნელობა მხოლოდ მეოცე საუკუნეში გახდა ცნობილი, როდესაც რამდენიმე სხვადასხვა მეცნიერი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მივიდა იმ დასკვნებამდე, რომლებიც გრეგორს ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში ჰქონდა ჩამოყალიბებული. ამ ხელახალმა აღმოჩენამ საფუძველი ჩაუყარა ახალი დისციპლინის — გენეტიკის განვითარებას.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

მენდელი დაიბადა გერმანელი გლეხების, ანტონ და როზინა მენდელების ოჯახში, ჰაინცენდორფში, ავსტრიის იმპერიაში (დღევანდელი იიჩინი, ჩეხეთის რესპუბლიკა). ჰყავდა ორი უფროსი და ერთი უმცროსი და. ისინი ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ ფერმაში, რომელსაც მენდელების ოჯახი 130 წელზე მეტი იყო რაც ფლობდა. გრეგორს ბუნებისადმი ინტერესი ბავშობიდანვე ჰქონდა.ის მებაღედ მუშაობდა, სწავლობდა მეფუტკრეობას.

ადრეული მოღვაწეობა[რედაქტირება]

1840-1843 წლებში სწავლობდა ოლმიუცის ფილოსოფიის ინსტიტუტში.

ფიზიკის მასწავლებლის, ფრიდრიხ ფრანცის რჩევით, 1843 წელს მენდელი ბერად აღიკვეცა ავგუსტინელთა ორდენის წმინდა ტომასის სახელობის სააბატოში და მიიღო სახელი გრეგორი.

1844-1848 წლებში სწავლობდა ბრნოს ღვთისმეტყველების ინსტიტუტში.

1847 წელს გახდა მღვდელი.

გრეგორი დამოუკიდებლად ეცნობოდა სხვადასხვა მეცნიერებებს. ერთ-ერთ სკოლაში დროებით ასწავლიდა ბერძნულ ენასა და მათემატიკას.

მასწავლებლის ატესტატის მისაღებ გამოცდაში, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გრეგორმა არადამაკმაყოფილებელი შედეგი აჩვენა გეოლოგიასა და ბიოლოგიაში.

1849-1851 წლებში გიმნაზიაში ასწავლიდა მათემატიკას, ლათინურ და ბერძნულ ენებს.

1851-853 წლებში ვენის უნივერსიტეტში ეუფლებოდა საბუნებისმეტყველო ისტორიას, უნგერის – ერთ-ერთი პირველი ციტოლოგის - ხელმძღვანელობით. სწორედ აქ დაინტერესდა მენდელი მცენარეების შეჯვარებითა და ნიშან-თვისებების შთამომავლობაში გამოვლენის სტატისტიკით.

შემდეგ იგი ბრუნდება სააბატოში და იწყებს ფიზიკის მასწავლებლად მუშაობას.

გენეტიკის ფუძემდებელი[რედაქტირება]

გრეგორ მენდელმა, რომელიც თანამედროვე გენეტიკის ფუძემედებლადაა აღიარებული, უნივერსიტეტების პროფესორების წაქეზებით დაიწყო მცენარეთა სახეობების მრავალფეროვნების შესწავლა, მან ეს განაგრძო მონასტერშიც.

1856-1863 წლებში მენდელმა გამოიყვანა და შეისწავლა ბარდის (Pisum sativum) 29 000 მცენარე. შედეგად ჩამოაყალიბა სამი კანონი:

პირველიპირველი თაობის ჰიბრიდების ერთგვაროვნების კანონი, როდესაც ვლინდება მხოლოდ ერთი, დომინანტური ნიშან-თვისება.

მეორემეორე თაობაში დათიშვის კანონი, როდესაც ვლინდება ორივე მშობლის ნიშან-თვისებები დათიშვით 3:1 (დომინანტური : რეცესიულთან).

მესამენიშან-თვისებათა დამოუკიდებლად გადაცემის კანონი – ცალკეული წყვილი ნიშნის მემკვიდრეობა ერთმანეთზე არაა დამოკიდებული.

1865 წელს გრეგორმა თავისი ნაშრომი ‘ექსპერიმენტები მცენარეების შეჯვარებაზე’ გააცნო ბუნების ისტორიის საზოგადოებას ბრუნში, მორავიაში. მენდელის 1866 წელს გამოცემული კვლევა "ცდები მეცნიერულ ჰიბრიდებზე", მსოფლიოს 120 უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მოხვდა. თავად გრეგორმა 40 ყველაზე ცნობილ ბოტანიკოსს დაუგზავნა ასლები, თუმცა ამას ბიოლოგების ინტერესი არ გამოუწვევია.

როდესაც მენდელმა დაასრულა ბარდის შესწავლა, მან გადაწყვიტა ექსპერიმენტები ფუტკარზე ჩაეტარებინა, რათა აღმოჩენილი კანონების სიზუსტე ცხოველებზეც შეემოწმებინა. გრეგორმა გამოიყვანა ჰიბრიდული ჯიში, თუმცა ნათელი სურათის შექმნა ვერ მოახერხა, რადგან ძალიან ძნელი იყო მდედრი ფუტკრების შეჯვარების კონტროლი.თანაც, მიღებული შთამომავლობა ბარდებზე ცდებით აღმოჩენილ კანონებს არ დაემორჩილა. შემდგომში დამტკიცდა, რომ ეს გენეტიკის სხვა მექანიზმებით იყო გამოწვეული, რომლებსაც მენდელი მაშინ არ იცნობდა.

1868 წელს მენდელი აბატად აირჩიეს. მისი სამეცნიერო მოღვაწეობა ამით დასრულდა, რადგან ადმინისტრაციული საკითხებზე დაკისრებულმა პასუხისმგებლობამ, ასევე დავამ ხელისუფლებასთან, რომელიც ცდილობდა ახალი გადასახადები დაეწესებინა რელიგიური ინსტიტუტებისთვის, დრო აღარ დაუტოვა მენდელს გენეტიკის შესწავლისათვის.

მისი აღმოჩენები მის სიცოცხლეშივე არ გამხდარა ცნობილი და არ უღიარებიათ. მაშინ სწამდათ, რომ ნიშან-თვისებების მემკვიდრეობა დარვინის პანგენეზისის თეორიის პრინციპებით ხდებოდა. დღეს მეცნიერები უკვე მენდელის გენეტიკას იყენებენ.

გრეგორ მენდელი ქრონიკული ნეფრიტით გარდაიცვალა 1884 წლის 6 იანვარს, (ბრნო. მორავია. ავსტრია-უნგრეთი (დღევანდელი ჩეხეთის რესპუბლიკა). ახლადარჩეულმა აბატმა მენდელის ყველა ქაღალდი დაწვა, რათა საბოლოოდ დაესრულებინა დავა გადასახადებზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]