პანკრეატიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პანკრეატიტი — პანკრეატიტი არის პანკრეასის ანთება. პანკრეასის ანთების მიზეზი შეიძლება იყოს ნაღვლის კენჭები, ალკოჰოლი, ზოგიერთი წამალი, ვირუსული ინფექცია და საჭმლის მომნელებელი ფერმენტები. პანკრეატიტი, ჩვეულებრივ, სწრფად ვითარდება და რამდენიმე დღეში ცხრება, თუმცა შეიძლება რამდენიმე თვეც გაგრძელდეს (მწვავე პანკრეატიტი). ზოგ შემთხვევაში ანთება ხანგრძლივად მიმდინარეობს და თანდათან არღვევს პანკრეასის ფუნქციას (ქრონიკული პანკრეატიტი).

მწვავე პანკრეატიტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მწვავე პანკრეატიტი პანკრეასის უეცარი ანთებაა. ის შეიძლება მიმდინარეობს მსუბუქად ან ძალიან მძიმედ, მაგრამ, როგორც წესი, ჩაცხრობით მთავრდება.

  • მწვავე პანკრეატიტის ძირითადი გამომწვევებია ნაღვლკენჭოვანი დაავადება და ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება.
  • ძირითადი სიმპტომია მუცლის მწვავე ტკივილი
  • ექიმს დიაგნოზის დასმაში ეხმარება სისხლის ანალიზი და გამოსახულებების მიღების (ვიზუალიზაციის) მეთოდები - რენტგენი და კომპიუტერული ტომოგრაფია
  • მწვავე პანკრეატიტი, მიუხედავად იმისა, მსუბუქად თუ მძიმედ მიმდინარეობს, ჩვეულებრივ, ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს.

ჰოსპიტალიზებულთა თითქმის 80%-ში მწვანე პანკრეატიტის გამომწვევი მიზეზია ნაღვლის კენჭები და ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება. ნაღვლის კენჭებით გამოწვეული პანკრეატიტი ქალებს შორის, მამაკაცებთან შედარებით, 1,5-ჯერ ხშირია. ნორმაში პანკრეასი თორმეტგოჯა ნაწლავში, პანკრეასის სადინარის გავლით, გამოყოფს პანკრეასის წვენს. ეს უკანასკნელი შეიცავს არააქტიური ფორმის მომნელებელ ფერმენტებს და მათ ინჰიბიტორებს, რომლებიც, თორმეტგოჯა ნაწლავში გადასვლამდე, ყველა გააქტიურებულ ფერმენტს შლის. ოდის სფინქტერში ნეკჭის ჩაჭედვის გამო განვითარებული პანკრეასის სადინარის დახშობა პანკრეასის წვენის დინებას აჩერებს. დახშობა ხშირად დროებითია და იწვევს მცირე დაზიანებას, რომელიც მალე აღდგება. თუ ბლოკადა გახანგრძლივდა, პანკრეასში დიდი რაოდენობით გროვდება გააქტიურებული ფერმენტები, რომლებიც, ინჰიბიტორების არსებობის მიუხედავად, იწყებენ პანკრეასის უჯრედების მონელებას, რაც მწვავე ანთებას იწვევს.

პანკრეასში არსებული პატარა სადინარების დახშობა და, საბოლოოდ, მწვავე პანკრეატიტის განვითარება შეიძლება გამოიწვიოს წლების განმავლობაში ყოველდღიურად 60 გრამამდე ალკოჰოლის მიღებამაც კი. პანკრეატიტის შეტევა შეიძლება განვითარდეს დიდი რაოდენობით ალკოჰოლის ან საკვების მიღების შემდეგადაც.

პანკრეასის გაღიზიანება ბევრ წამალს შეუძლია, თუმცა, ანთება მედიკამენტის მიღების შეწყვეტისთანავე ცხრება. პანკრეატიტის მიზეზი ვირუსებიც შეიძლება გახდეს, თუმცა, როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში ანთება ხანმოკლეა.

სიმპტომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მწვავე პანკრეატიტით დაავადებულ თითქმის ყველა პაციენტს აღენიშნება მწვავე ტკივილი მუცლის ზედა ნახევარში, მკერდის ძვლის ქვემოთ. შემთხვევათა 50%-ში ტკივილი გადაეცემა ზურგში. იშვიათად ტკივილი შეიძლება დაიწყოს მუცლის ქვედა ნახევარში. ნაღვლის კენჭებით გამოწვეული მწვავე პანკრეატიტის დროს ხშირად ტკივილი უეცრად აღმოცენდება და რამდენიმე წუთში მაქსიმალურ ინტენსივობას აღწევს. ალკოჰოლიზმით გამოწვეული პანკრეატიტის დროს ტკივილი რამდენიმე დღის განმავლობაში თანდათან ვითარდება, შემდგომ მუდმივი, მწვავე, გამჭოლი ხდება და რამდენიმე დღე გრძელდება.

ტკივილი გრძელდება ხველის, მკვეთრი მოძრაობის და ღრმა სუნთქვისას. დამჯდარ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის წინ გადახრამ შესაძლოა ტკივილი შეამსუბუქოს. პაციენტთა უმეტესობას აქვს გულისრევა და ღებინება. ხშირად ინექციური ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების დიდი დოზაც კი ტკივილს სრულად ვერ თრგუნავს.

ზოგიერთ პაციენტს, განსაკუთრებით მათ, ვისაც მწვავე პანკრეატიტი ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების გამო განუვითარდა, შეიძლება ზომიერად გამოხატული ტკივილის გარდა არ ჰქონდეს არც ერთი სიმპტომი. სხვები თავს ძალიან ცუდად გრძნობენ. ისინი ავადმყოფურად გამოიყურებიან, ოფლიანობენ, აქვთ ჩქარი პულსი და ზედაპირული, სწრაფი სუნთქვა. ეს უკანასკნელი შეიძლება განვითარდეს იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა ფილტვების ანთება, ჩაჩუტული ფილტვი ან გულმკერდის ღრუში სითხე. ამ დროს შემცირებულია ფილტვის ქსოვილის მოცულობა, რაც ჰაერიდან სისხლში ჟანგბადის ტრანსპორტირებას აქვეითებს.

სხეულის ტემპერატურა დასაწყისში შეიძლება იყოს ნორმალური, მაგრამ რამდენიმე საათში ის 37.7°C-38.3°C-მდე იმატებს. სისხლის წნევა შეიძლება იყოს მაღალი ან დაბალი, მაგრამ როდესაც ფეხზე წამოდგომისას ქვეითდება და იწვევს სიფერმკრთალეს. მწვავე პანკრეატიტის პროგრესირებისას პაციენტის ცნობიერება თანდათან იბინდება, ზოგი შეიძლება უგონოდაც იყოს. ხანდახან თვალის თეთრი ნაწილი (სკლერა) მოყვითალო ფერის ხდება.

გააქტიურებულ ფერმენტებსა და ტოქსინებს, როგორიცაა ციტოკინები, პანკრეასის დაზიანების გამო სისხლში შეღწევის საშუალება ეძლევათ, რაც აქვეითებს სისხლის წნევას და აზიანებს მუცლის ღრუს გარეთ მდებარე ორგანოებს. პანკრეასის ის ნაწილი, რომელიც ინსულინს გამოიმუშავებს, ძირითადად არ ზიანდება. მწვავე პანკრეატიტის მქონე პაციენტთაგან ხუთიდან ერთს უვითარდება შებერილობა მუცლის ზედა ნახევარში, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს კუჭის და ნაწლავების შიგთავსის გადაადგილების შეზღუდვით.

მძიმედ მიმდინარე მწვავე პანკრეატიტის დროს პანკრეასის ნაწილი კვდება. მოხსენიებული შედეგად, სისხლმა და პანკრეასის წვენმა შეიძლება მუცლის ღრუში გაჟონოს, რაც იწვევს სისხლის წნევის მკვეთრ ვარდნას, ზოგჯერ შოკსაც კი. მძიმედ მიმდინარე მწვავე პანკრეატიტი შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს.

პანკრეასის ფერმენტების, სითხის და ქსოვილის არჩენების კონგლომერატი ზოგჯერ ცისტას აყალიბებს და ბუშტივით იბერება. თუ ფსევდოცისტა დიდ ზომას აღწევს, იწვევს ტკივილს და სხვა სიმპტომებს, საჭიროა მისი სასწრაფოდ დრენირება, რადგან ფსევდოცისტის ზომაში გაზრდა, დაინფიცირება, სისხლდენა ან გახეთქვა შეიძლება პაციენტის სიკვდილის მიზეზი გახდეს. ფსევდოცისტის დრენირებისას ითვალისწინებენ მის მდებარეობას. დრენირება შეიძლება განხორციელდეს ქირურგიული პროცედურის სახით, კანგავლითი გზით კათეტერის შეყვანით ან ენდოსკოპის საშუალებით, თავსდება რამდენიმე კვირის განმავლობაში თავსდება პირის გავლით კუჭში ან ნაწლავში და ხელს უწყობს ცისტის შიგთავსის გამოდენას.

დიაგნოზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მწვავე პანკრეატიტის არსებობაზე ექიმს მიანიშნებს დამახასიათებელი მუცლის ტკივილი, განსაკუთრებით ნაღვლის ბუშტის დაავადების ან ალკჰოლისადმი მიდრეკილების არსებობისას. გასინჯვისას შეიმჩნევა მუცლის კუნთების დაჭიმულობა. მუცელზე სტეტოსკოპით მოსმენისას ნაწლავის ხმიანობა არ ისმის ან ძალიანაა შესუსტებული. მწვავე პანკრეატიტის დამადასტურებელი რაიმე ერთი კონკრეტული ტესტი არ არსებობს. დიაგნოზის დასასმელად ტესტების ერთობლიობა გამოიყენება. სისხლში პანკრეასის ორი ელემენტის - ამილაზას და ლიპაზას დონე ავადმყოფობის პირველ დღესვე იმატებს და ჩვეულებრივ, მე-3-7 დღეს ნორმას უბრუნდება.

პროგნოზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მძიმედ მიმდინარე მწვავე პანკრეატიტის დროს დაავადების გამოსავალი ანუ პროგნოზი კომპიუტერული ტომოგრაფიით შეიძლება განისაზღვროს. თუ გამოსახულება გვიჩვენებს, რომ პანკრეასი მცირედ არის შეშუპებული, პროგნოზი კეთილსაიმედოა. თუ გამოსახულებით დასტურდება პანკრეასის დიდი ფართობის დაზიანება, პროგნოზი არაკეთილსაიმედოა.

წვავე პანკრეატიტის მსუბუქი ფორმის დროს პაციენტების დაახლოებით 5% ან უფრო ნაკლები კვდება. მძიმე და სისხლდენით მიმდინარე მწვავე პანკრეატიტის დროს, ან იმ შემთხვევებში, როდესაც ანთების კერა პანკრეასით არ შემოისაზღვრება, სიკვდილის სიხშირებ შეიძლება 10-50%-ს მიაღწიოს. პირველ რამდენიმე დღეში სიკვდილი, ძირითადად, გამოწვეულია გულის, ფილტვების ან თირკმლების უკმარისობით. პირველი კვირის შემდეგ სიკვდილის მიზეზი, როგორც წესი, არის პანკრეასის ინფექცია, ფსევდოცისტიდან სისხლდენა ან მისი გასკდომა.

მკურნალობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსუბუქად მიმდინარე პანკრეატიტის მკურნალობა, ძირითადად, გულისხმობს ჰოსპიტალიზაციას. ტკივილის მოსახსნელად პაციენტს აძლევენ ტკივილგამაყუჩებელ წამლებს და აშიმშილებენ, რათა დაასვენონ პანკრეასი. ნორმალური კვება შეიძლება დაიწყოს 2-3 დღის შემდეგ, სხვა რაიმე მკურნალობის გარეშე.

საშუალოდ და მძიმედ მიმდინარე ფორმების დროს ჰოსპიტალიზაცია აგრეთვე აუცილებელია. საკვებისა და სითხის მიღება ასტიმულირებს პანკრეასს, ამიტომაც პაციენტს არც ერთი ეძლევა და არც მეორე. ტკივილი და გულისრევა ინტრავენურად შეყვანილი წამლებით კონტროლდება. ასევე ინტრავენურად შეჰყავთ სითეებიც. მძიმედ მიმდინარე მწვავე პანკრეატიტის დროს პაციენტი თავსდება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც მუდმივ რეჟიმში აკვირდებიან სასიცოცხლო ფუნქციებს და შარდის გამოყოფას. ტარდება სისხლის განმეორებითი გამომკვლევები - ჰემატოკრიტი, შაქრის და ელეტროლიტების დონე, სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა, ამილაზას და ლიპაზას დონე. სითხისა და ჰაერის ამოსაღებად შეიძლება საჭირო გახდეს ცხვირიდან კუჭში მილის ჩადგმა, განსაკუთრებით მაშინ, თუ გულისრევა და ღებინება გრძელდება და სახეზეა გასტროინტესტინური გაუვალობა. პაციენტს საკვები ეძლევა ინტრავენურად, ნაზოგასტრული მილით ან ორივე გზით.

სისხლის დაბალი წნევის ან შოკის დროს წნევის შესანარჩუნებლად მიმართავენ სითხეების იტრავენურ გადასხმას, გულდასმით და გამუდმებით აკვირდებიან გულის ფუნქციურ მდგომარეობას. ზოგჯერ ჯანგბადის დამატებაა საჭირო, ხოლო უკიდურესად მძიმე შემთხვევაში - ხელოვნური სუნთქვის აპარატის გამოყენება.

ნაღვლის ჯენჭებით გამოწვეული მწვავე პანკრეატიტის მკურნალობის ტექნიკა მისი მიმდინარეობის სიმძიმეზეა დამოკიდებული. პანკრეატიტის მსუბუქად მიმდინარეობის შემთხვევაში ნაღვლის ბუშტის ქირურგიული გზით მოცილება პანკრეატიტის სიმპტომების ჩახრობამდე შეიძლება გადავიდეს. მძიმედ მიმდინარე პანკრეატიტის სამკურნალოდ გამოიყენება ენდოსკოპიური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია. ნაღველკენჭოვანი დაავადებით გამოწვეული პანკრეატიტის 80%-ზე მეტ შემთხვევაში კენჭის ქირურგიული გზით მოცილება არ ხდება საჭირო, ის სპონტანურად მოსცილდება სანაღვლე გზებს. ენდოსკოპიური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფიით კენჭის ამოღება საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ ჰოსპიტალიზაციიდან 24 საათის შემდეგ მდგომარეობა არ უმჯობესდება ან სახეზეა სანაღვლე გზების ინფექცია.

ქრონიკული პანკრეატიტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქრონიკული პანკრეატიტი პანკრეასის ხანგრძლივი ანთებაა, რომელიც საბოლოოდ პანკრეასის სტრუქტურისა და ფუქნციის შეუქცევად დაზიანებას იწვევს.

  • მუცლის ტკივილი შეიძლება იყოს მუდმივი ან პერიოდული
  • დიანოზი ეფუძნება სიმპტომებს, მაგრამ სისხლის გამოკვლევა შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს
  • მკურნალობა გულისხმობს პანკრეასის დასვენებას და ტკივილგამაყუჩებელი წამლების მიღებას

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქრონიკული პანკრეატიტის გამომწვევის განსაზღვრა ან ვერ ხერხდება ან დაავადება ალკოჰოლის ჭარბად მოხმარების შედეგია. ნაკლებად ხშირია სხვა გამომწვევები: მემკვიდრული წინასწარგანწყობა, ჰიპერპარათიროიდიზმი, პანკრეასის სადინარის დახშობა, განპირობებული მისი შევიწროებით, ნაღვლის კენჭებით ან კიბოთი. იშვიათად, მძიმედ მიმინარე მწვავე პანკრეატიტის დროს სადინარი იმდენად შეიძლება შევიწროვდეს, რომ ქრონიკული პანკრეატიტი გამოიწვიოს. ტროპიკულ ქვეყნებში ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორის უცნობი ეტიოლოგიის ქრონიკული პანკრეატიტი გვხვდება.

სიმპტომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქრონიკული პანკრეატიტის სიმპტომები მწვავე პანკრეატიტის სიმპტომების იდენტური შეიძლება იყოს. ის ზირითადად ორი სახისაა. ერთ შემთხვევაში პაციენტს მუცლის შუა მიდამოში აქვს მუდმივი ტკივილი, რომლის ინტენსივობაც ვარირებს. ამ დროს უფრო სავარაუდოა ქრონიკული პანკრეატიტის ისეთი გართულებები, როგორიცაა ანთებითი მასა და ცისტა ან პანკრეასის სიმსივნე. სხვა შემთხვევაში, პაციენტს აქვს პერიოდული გამწვავებები მსუბუქად და საშუალოდ მიმდინარე მწვავე პანკრეატიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით. ზოგჯერ ტკივილი ძლიერია და გრძელდება საათების ან რამდენიმე დღის განმავლობაში. ორივე შემთხვევაში, ქრონიკული პანკრეატიტის პროგრესირებისას, ის უჯრედები, რომლებიც მომნელებელ ფერმენტებს გამოიმუშავებენ, თანდათან ნადგურდება, რასაც საბოლოოდ ტკივილის შეწყვეტა მოჰყვება ხოლმე.

მომნელებელი ფერმენტების რაოდენობის შემცირებასთან ერთად საკვები ადეკვატურად ვეღარ გადამუშავდება. გადაუმუშავებელი საკვები სათითაოდ ვერ შეიწოვება (მალაბსორბცია), პაციენტს შეიძლება აღენიშნოს სიმძიმის შეგრძნება, მყრალსუნიანი ცხიმიანი განავალი (სტეატორეა), რომელიც ღია ფერისაა და შეიძლება შეიცავდეს ცხიმის წვეთებს. განავალში შეილება აღმოჩნდეს მოუნელებელი კუნთის ბოჭკოები. არაადეკვატური აბსორბცია განაპირობებს წონაში კლებას. საბოლოოდ პანკრეასის ინსულინის წარმოქმნილი უჯრედები ნადგურდება და თანდათან ვითარდება დიაბეტი.

დიაგნოზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქრონიკული პანკრეატიტის დიაგნოზი ეფუძნება სიმპტომების ან წარსულში მწვავე პანკრეატიტის გამწვავების არსებობის, ან პაციენტის მიერ ალკოჰოლის ჭარბად მოხმარების ფაქტს. ქრონიკული პანკრეატიტის დიაგნოზისთვის სისხლის ანალიზები ნაკლებად გამოსაყენებელია, თუმცა შეიძლება ინახოს ამილაზას და ლიპაზას მომატებული დონე. სისხლის ტესტი შეიძლება გამოვიყენოთ სისხლში შაქრის დონის განსაზღვრისთვის. მოხსენიებული შეიძლება მომატებული იყოს.

კომპიუტერული ტომოგრაფია გამოიყენება ქრონიკული პანკრეატიტის შედეგად განვითარებულ ცვლილებებზე დასაკვირვებლად. სადღეისოდ, შესაძლებლობის შემთხვევაში, ექიმები კომპიუტერული ტომოგრაფიის ნაცვლად ატარებენ მაგნიტურ-რეზონანსულ გამოსახულებით კვლევას (MRI), რომელსაც მაგნიტურ-რეზონანსული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია ეწოდება (MRCP). მაგნიტურ-რეზონანსული ქოლანგიოპანკრეატოგრაფიით, კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან შედარებით, უფრო მკაფიოდ ჩანს ნაღვლისა და პანკრეასის სადინარები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯანმრთელობის ენციკლოპედია ყველა თაობისთვის, ტომი I, რობერტ პორტერი, თბ. 2017, გვ. 263-268

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]