ნაწლავები
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ნაწლავები}} |
ვიკიპედიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ეს სტატია გამართვას საჭიროებს. |
ნაწლავები (ლათ. intestina) — საჭმლის მომნელებელი სისტემის ნაწილი, რომელიც იწყება კუჭის პილორუსის ნაწილიდან და მთავრდება უკანა გასავლით. ნაწლავებში ხდება საკვების გადამუშავება და მონელება, ამ დროს წარმოქმნილი შლაკების მოცილება, ხორციელდება ზოგიერთი ინტესტინალური ჰორმონის სინთეზი; იგი აგრეთვე მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმუნურ პროცესებში.
ანატომია. ნაწლავები იყოფა წვრილ და მსხვილ ნაწლავად. წვრილი ნაწლავის სიგრძე მერყეობს 160–430 სმ–ის ფარგლებში; ქალებში ის შედარებით მოკლეა. წვრილი ნაწლავის დიამეტრი, მის პროქსიმალურ
ნაწილში, საშუალოდ შეადგენს 50 მმ, დისტალურში ის მცირდება 30 მმ–მდე. წვრილი ნაწლავი იყოფა თორმეტგოჯა ნაწლავად, მლივ და თეძოს ნაწლავებად. მლივი და თეძოს ნაწლავები მოძრავნი არიან, მდებარეობენ ინტრაპერიტონეულად და გააჩნიათ საკუთარი ჯორჯალი, რომელიც წარმოადგენს პერიტონეუმის დუბლიკატურას. ჯორჯლის ფურცლებს შორის მდებარეობენ ნერვები, სისხლძარღვები და ლიმფური სადინრები, ლიმფური კვანძები და ცხიმოვანი ქსოვილი.
მსხვილი ნაწლავის სიგრძე საშუალოდ შეადგენს 1,5 მეტრს, დიამეტრი მის პროქსიმალურ ნაწილში – 7–14სმ, კაუდალურში – 4–6 სმ. იგი იყოფა 6 ნაწილად: ბრმა ნაწლავი, აღმავალი, განივი, დაღმავალი, სიგმური კოლინჯი და სწორი ნაწლავი. ბრმა ნაწლავიდან გამოდის ჭიაყელა დამანატი (აპენდიქსი), რომელიც წარმოადგენს რუდიმენტულ ორგანოს, რომელსაც, ზოგიერთი ავტორი აზრით, როგორც ლიმფოიდურ ორგანოს, გააჩნია მნიშვნელოვანი ფუნქციური დანიშნულება. აღმავალი კოლინჯის განივში გადასვლის ადგილს ეწოდება კოლინჯის მარჯვენა ანუ ღვიძლის კუთხე, ხოლო განივი კოლინჯის დაღმავალში გადასვლის ადგილს – კოლინჯის მარცხენა ანუ ელენთის კუთხე.
ნაწლავების სისხლმომარაგება ხორციელდება ჯორჯლის ზემო და ქვემო არტერიებით. ვენური სისხლი ჩაედინება ჯორჯლის ზედა და ქვედა ვენებში, რომლებიც წარმოადგენენ კარის ვენის სისტემას. ნაწლავების მგრძნობელობითი ინერვაცია ხორციელდება ზურგის ტვინის და ცდომილის ნერვების მგრძნობელობითი ბოჭკოებით, ხოლო მამოძრავებელი ინერვაცია – სიმპათიკური და პარასიმპათიკური ნერვებით.
ფიზიოლოგია. ნაწლავებში საჭმლის მონელების პროცესი იწყება წვრილი ნაწლავის ღრუში (ღრუსშიდა საჭმლის მონელება). აქ პანკრეასის ფერმენტების მონაწილეობით ხორციედლება რთული პოლიმერების (ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ნუკლეინის მჟავების) ჰიდროლიზი პოლიპეპტიდებამდე და დისაქარიდებამდე. წარმოქმნილი ნაერთების შემდგომი დაშლა მონოსაქარიდებამდე, ამინომჟავეებამდე, ცხიმოვან მჟავებამდე და მონოგლიცერიდებამდე ხორციელდება წვრილი ნაწლავის კედელზე, კერძოდ ნაწლავური ეპითელიუმის მემბრანებზე (მემბრანული საჭმლის მონელება), ამასთან მნიშვნელოვანი როლი ენიჭება საკუთრივ ნაწლავურ ფერმენტებს. ნივთიერებათა უმეტესობა შეიწოვება თორმეტგოჯა ნაწლავში და მლივი ნაწლავის პროქსიმალურ ნაწილში; ვიტამინი B12 და ნაღვლის მჟავები – თეძოს ნაწლავში. ნაწლავებში ნივთიერებების შეწოვის უმნიშვნელოვანეს მექანიზმს წარმოადგენს აქტიური ტრანსპორტი, რომელიც ხორციელდება კონცეტრაციული გრადიენტის საწინააღმდეგოდ ფოსფორული ნაერთების დაშლის შედეგად გამონთავისუფებული ენერგიის გამოყენებით, და დიფუზია. ნაწლავების სხვადასხვა სახის შეკუმშვები (რიტმული, სეგმენტაცია, ქანქარისებური, პერისტალტიკური და ანტიპერისტალტიკური შეკუმშვები) ხელს უწყობენ ნაწლავური შიგთავსის გადამუშავებას და უზრუნველყოფენ მის გადაადგილებას. მსხვილ ნაწლავში ხორციელდება წყლის შეწოვა, მკვრივი შიგთავსის ფორმირება და მისი ორგანიზმიდან ევაკუაცია.
ნაწლავები უშუალო ნონაწილეობას იღებენ ნივთიერებათა ცვლაში. აქ ხდება საკვები ნივთიერებების არა მარტო გადამუშავება და შეწოვა შემდგომში მათი სისხლში მოხვედრით, არამედ სისხლიდან ნაწლავის სანათურში ზოგიერთი ნივთიერების გამოყოფა შემდგომი მათი რეაბსორბციით ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს ნაწლავების ენდოკრინული ფუნქცია. ნაწლავის უჯრედების მიერ გამომუშავდება პეპტიდური ჰორმონები (სეკრეტინი, პანკრეოზიმი, ნაწლავური გლუკაგონი, გასტრომაინჰიბირებელი პოლიპეპტიდი, ვაზოაქტიური ინტესტინალური პეპტიდი, მოტილინი, ნეიროტენზინი და სხ.), რომლებიც უზრუნველყოფენ საჭმლის მომნელებელი სისტემის და ორგანიზმის სხვა სისტემების მოქმედების რეგულაციას. ასეთი სახის უჯრედების რაოდენობის უმეტესობა თავმოყრილია თორმეტგოჯა ნაწლავში. ნაწლავები აქტიურ მონაწილეობას იღებენ იმუნურ პროცესებში. ძვლის ტვინთან, ელენთასთან, ლიმფურ კვანძებთან, ბრონქების ლორწოვან გარსთან ერთად ნაწლავები წარმოადგენენ იმუნოგლობულინების წყაროს; ნაწლავებში აგრეთვე აღმოჩენილია T-ლიმფოციტების სხვადასხვა პოპულაციები, რომელთა დახმარებითაც რეალიზდება უჯრედული იმუნიტეტი. ნაწლავების მრავალი ფუნქცია (დამცველობითი, ვიტამინების სინთეზი და სხ.) მჭიდროდაა დაკავშირებული ნაწლავური მიკროფლორის მდგომარეობასთან, რომელიც ნორმაში წარმოდგენილია უპირატესად ანაერობებით