მალაბსორბცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მალაბსორბცია (იტალ. mal – ცუდი, ლათ. absorbeo – ვშთანთქავ, შევიწოვ) — მდგომარეობა, როდესაც ადამიანს ერღვევა საკვებიდან ნივთიერებების შეწოვა წვრილ ნაწლავში.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალაბსორბციის სინდრომი მოიცავს რიგ დარღვევებს:

• მალაბსორბცია შეიძლება გამოიწვიოს გარკვეულმა დარღვევებმა, როგორიცაა ინფექცია და ქირურგიული პროცედურა.

• მალაბსორბციას ახასიათებს დიარეა, წონაში კლება და უხვი, მყრალი სუნის განავალი.

დიაგნოზი ემყარება ტიპურ სიმპტომებს, ცხიმზე განავლის ანალიზთან ერთად. ზოგჯერ საჭირო ხდება წვრილი ნაწლავის ამომფენი ქსოვილის ნიმუშის გამოკვლევა.

• მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევზე.

ნორმალურ პირობებში საკვები გადამუშავდება. საკვები ნივთიერებების სისხლში შეწოვა ძირითადად წვრილ ნაწლავებში ხდება. იმ შემთხვევაში, თუ დარღვეულია საკვების მონელება ან საკვებ ნივთიერებათა სისხლში შეწოვა, მალაბსორბცია ვითარდება. მონელების პროცესი იმ შემთხვევაში ირღვევა, თუ საკვები კუჭის წვენსა და მომნელებელ ფერმენტებს არაადეკვატურად ერევა. არაადეკვატური შერევა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს კუჭის ნაწილი ქირურგიულად აქვს ამოღებული. ზოგჯერ ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს ადეკვატური რაოდენობის მომნელებელ ფერმენტებს, რაც აუცილებელია საკვების დაშლისთვის. მაგალითად, მალაბსორბციის უხშირესი მიზეზია პანკრეასის ან წვრილი ნაწლავის მიერ მომნელებელი ფერმენტების არასაკმარისი პროდუქცია (რაც პანკრეასის ზოგიერთი დაავადების ან ლაქტაზის დეფიციტის დროს ხდება).

სისხლში საკვებ ნივთიერებათა აბსორბციაზე შეიძლება იმოქმედოს დარღვევებმა, რაც ნაწლავის ამომფენ გარსს აზიანებს. ეს ფენა ნორმაში შეიცავს პატარა გამონაზარდებს, რასაც ხაოები ეწოდება, და უფრო პატარა გამონაზარდებს, რაც მიკროხაოების სახელითაა ცნობილი. ისინი ქმნიან არანორმალურად დიდ ზედაპირულ არეს აბსორბციისთვის. წვრილი ნაწლავის დიდი ნაწილის ქირურგიული მოცილება, მნიშვნელოვნად ამცირებს ზედაპირულ ფართობს აბსორბციისთვის (მოკლე ნაწლავის სინდრომი). ინფექციები ( ბაქტერიული, ვირუსული ან პარაზიტული), წამლები, როგორიცაა ნეომიცინი და ალკოჰოლი, celiac sprue და კრონის დაავადება შესაძლოა გახდეს ნაწლავის ამომფენი გარსის დაზიანების მიზეზი. აბსორბციას ასევე ამცირებს დარღვევები, რომელიც მოქმედებს ნაწლავის კედლის დარჩენილ შრეებზე, როგორიცაა ლიმფური ძარღვების ბლოკირება ლიმფომით ან წვრილი ნაწლავის სისხლით მომარაგების შემცირება.

სიმპტომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალაბსორბციის სიმპტომები გამოწვეულია არააბსორბცირებული საკვები ნივთიერებების გაზრდილი პასაჟით საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ან საკვები ნივთიერებების დეფიციტით, რაც არაადეკვატური შეწოვის შედეგია.

საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ცხიმების არაადეკვატური შეწოვის შედეგად განავალი ღია ფერის, რბილი, უხვი და უჩვეულოდ მყრალი სუნისაა (ასეთ განავალს უწოდებენ სტეატორეას). განავალი შეიძლება ცურავდეს ან მიეკროს უნიტაზს. მისი ჩარეცხვა გაძნელებულია. გარკვეული შაქრების არაადეკვატურმა აბსორბციამ შეიძლება გამოიწვიოს შეუპოვარი დიარეა, მუცლის შებერილობა და ყურყური.

მალაბსორბციას შეუძლია გამოიწვიოს როგორც ყველა საკვები ნივთიერების დეფიციტი, ასევე შერჩევითად, ცილების, ცხიმების, შაქრის, ვიტამინების ან მინერალების დეფიციტი. მალაბსორბციით პაციენტები, როგორც წესი, იკლებენ წონაში. სიმპტომები ვარირებს სპეციფიკური დეფიციტის მიხედვით. მაგალითად ცილების დეფიციტი იწვევს მთელი სხეულის შეშუპებას (ედემა), კანის სიმშრალეს და თმის ცვენას.

დიაგნოზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალაბსორბციაზე ეჭვი იმ შემთხვევაში იბადება , თუ პაციენტს, ჯანმრთელი დიეტის მიუხედავად, აღენიშნება ქრონიკული დიარეა, საკვებ ნივთიერებათა დეფიციტი და წონაში მნიშვნელოვანი კლება. მალაბსორბცია მოხუცებში, ახალგაზრდებთან შედარებით, ნაკლებად თვალსაჩინოა და მისი აღმოჩენა ხშირად რთულია.

ლაბორატტორიული მონაცემები დიაგნოზს ადასტურებს. ცხიმის შემცველობას ზომავენ 2–3 დღის განმავლობაში შეგროვილი განავლის ნიმუშში, რაც ცხიმის მალაბსორბციის სადიაგნოზოდ ყველაზე სარწმუნო ანალიზია. ცხიმის მალაბსორბცია კი მალაბსორბციის თითქმის ყველა შემთხვევაში გვხვდება. დღიურად განავალში 7 გრამზე მეტი რაოდენობის ცხიმის აღმოჩენა მალაბსორბციის მაჩვენებელია. განავალში ცხიმის გაზომვა შეიძლება რამდენიმე სხვა ტესტითაც. ისინი არ საჭიროებენ განავლის შეგროვებას 3 დღის მანძილზე. სხვა ლაბორატორიული ტესტებით შეიძლება სხვა სპეციფიკური ნივთიერებების მალაბსორბციის დადგენა, როგორიცაა ლაქტოზა და ვიტამინი B12.

განავალი მოწმდება როგორც შეუიარაღებელი თვალით, ასევე მიკროსკოპით. განავალში მოუნელებელი საკვების ფრაგმენტების აღმოჩენა ნაწლავებში საკვების ძალიან სწრაფ გატარებაზე შეიძლება მიანიშნებდეს. სიყვითლე და განავალში დიდი რაოდენობით ცხიმის არსებობა ნაღვლის შემცირებულ პროდუქციასა ან სეკრეციაზე მეტყველებს. ზოგჯერ მიკროსკოპში პარაზიტები ან მათი კვერცხები ჩანს. ასეთ შემთხვევაში სავარაუდოა, რომ მალაბსორბცია პარაზიტული ინფექციითაა გამოწვეული.

წვრილი ნაწლავის ამომფენი გარსის პათოლოგიის აღმოსაჩენად, შესაძლოა, საჭირო გახდეს ბიოფსიის ჩატარება. ქსოვილის ნიმუში აიღება ენდოსკოპის საშუალებით (დრეკადი და სათვალიერებელი მილი, რომელიც აღჭურვილია სინათლის წყაროთი და პატარა საკვნეტით), რომელიც პირიდან ჩადის წვრილ ნაწლავში.

თუ მალაბსორბციის მიზეზად პანკრეასის მიერ მომნელებელი ფერმენტების არასაკმარისი პროდუქცია განიხილება, ტარდება პანკრეასის ფუნქციური ტესტები. თუმცა ზოგიერთი მათგანი კომპლექსურია, დიდ დროს მოითხოვს და ინვაზიურია. ერთ–ერთი ტესტის დროს მილი პირის გავლით ისე თავსდება წვრილ ნაწლავში, რომ მოხდეს პანკრეასის წვენის შემცველი ნაწლავის სითხის შეგროვება და გაზომვა. სხვა ტესტის დროს პაციენტი ყლაპავს ისეთ ნივთიერებას, რომლის მონელებაც პანკრეასის მომნელებელი ფერმენტები სჭირდება. მონელების პროდუქტები კი შარდში იზომება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯანმრთელობის ენციკლოპედია ყველა თაობისთვის, გამომცემლობა პალიტრა L, ტ. 1, გვ. 270–272, თბ., 2017 წელი.