ჰელენა ბრიტანელი
ჰელენა ბრიტანელი | |
---|---|
სრული სახელი
ჰელენა ავგუსტა ვიქტორია | |
წოდებები
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის პრინცესა შლეზვიგ-ჰოლშტაინის პრინცესა | |
დაიბადა |
25 მაისი, 1846 ლონდონი, დიდი ბრიტანეთი |
გარდაიცვალა |
9 ივნისი, 1923, (77 წლის) ლონდონი, დიდი ბრიტანეთი |
საგვარეულო | საქსენ-კობურგ-გოთელები |
მეუღლე(ები) |
კრისტიანი, შლეზვიგ-ჰოლშტაინის პრინცი (ქ. 1866 - გარდ. 1917) |
შვილ(ებ)ი | ექვსი შვილი |
მამა | ალბერტ საქსენ-კობურგ-გოთელი |
დედა | ვიქტორია, დიდი ბრიტანეთის დედოფალი |
რელიგია | ანგლიკანიზმი |
ჰელენა ბრიტანელი (ინგლ. Princess Helena of the United Kingdom; დ. 25 მაისი, 1846, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი — გ. 9 ივნისი, 1923, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) — საქსენ-კობურგის და გოთას დინასტიის წარმომადგენელი. დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიასა და პრინც ალბერტ საქსენ-კობურგ-გოთელის შუათანა ასული. შლეზვიგ-ჰოლშტაინის პრინც კრისტიანის მეუღლე. მეფე ედუარდ VII-ის და და ჯორჯ V-ის მამიდა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰელენა დაიბადა 1846 წლის 25 მაისს ბუკინგემის სასახლეში, ლონდონში. იგი იყო დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის დედოფალ ვიქტორიასა და მისი მეუღლის, პრინცი ალბერტ საქსენ-კობურგ-გოთელის მეხუთე შვილი და მესამე ქალიშვილი. როგორც წყაროები მოგვითხრობენ, ჰელენაზე მშობიარობა დედოფალს განსაკუთრებით გაურთულდა. მართალია იგი წინა ბავშვებზე უფრო მალე გააჩინა, თუმცა პრინცი ალბერტის დღიურებიდან ირკვევა, რომ დაბადებისას იგი „საკმაოდ ლურჯი“ ფერის იყო, თუმცა ექიმებმა შეძლეს პატარა პრინცესის გადარჩენა.
ბავშვობაში პრინცესა ჰელენა ერთობ ენერგიული იყო და განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა მხატვრობისადმი, რაც დიდად მოსწონდა დედოფალ ვიქტორიას. მუსიკასა და ხელოვნებაში მისი ნიჭის მიუხედავად, მის მხატვრულ უნარებს მისი უმცროსი და, პრინცესა ლუიზა ჩრდილავდა.
1861 წლის 14 დეკემბერს გარდაიცვალა ჰელენას მამა, პრინცი ალბერტი, რაც პრინცესისათვის მეტად რთულად გადასატანი აღმოჩნდა. მოგვიანებით იგი მეგობარს წერდა: „მენატრება მამა, მე მას დედამიწაზე ყველაზე მეტად ვუყვარდი“. პრინცი ალბერტის გარდაცვალება განსაკუთრებით დედოფალმა ვიქტორიამ განიცადა, რომელიც ხანგრძლივ გლოვას მიეცა, თავისი მთელი მოვალეობები კი ქალიშვილებს გადააბარა. დედოფლის მოვალეობების შესრულებაში განსაკუთრებულად პრინცესა ალისა აქტიურობდა, რის გამოც ზოგიერთი მას რეგენტსაც კი უწოდებდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ პრინცესა ვიქტორია გერმანიაში იყო გათხოვილი, ჰელენასთვის კი ზედმეტად რთული იყო გლოვის პერიოდში დოკუმენტებზე მუშაობა, ეს ყველაფერი კი ალისამ ითავა. მას შემდეგ, რაც 1862 წელს პრინცესა ალისა გათხოვდა, მისი მოვალეობები ჰელენას დაეკისრა.
ქორწინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როგორც მონარქის შუათანა ქალიშვილს, პრინცესა ჰელენას მაღალი რანკის მქონე ევროპელ მონარქზე დაქორწინების დაბალი შანსები ჰქონდა. ასევე დედამისის განცხადებით, მას ქმართან ერთად უინძორში უნდა ეცხოვრა. ეს იმიტომ, რომ ორი უფროსი ქალიშვილი საკმაოდ შორს გათხოვდა სამშობლოდან, დედოფალს კი სურდა, რომ უმცროსი ქალიშვილები ახლოს ჰყოლოდა. საბოლოოდ, დედოფალმა ვიქტორიამ ჰელენას საქმროდ შლეზვიგ-ჰოლშტაინის პრინცი კრისტიანი გამოაცხადა, რასაც სამეფო ოჯახში განხეთქილება მოჰყვა.
განხეთქილების მიზეზი ის იყო, რომ შლეზვიგ-ჰოლშტაინის სამთავრო გერმანიისა და დანიის სადავო მხარე იყო. ამ ტერიტორიებისათვის გამართულ ორ ომში პრუსიელებმა ავსტრიელების დახმარებით სასტიკად დაამარცხეს დანიელები, საქმე კი ის იყო, რომ უელსის პრინცს ცოლად დანიის პრინცესა ალექსანდრა ჰყავდა, მაშინ, როდესაც პრინცესა ვიქტორია პრუსიის მეფის უფროს ვაჟზე იყო დაქორწინებული, რაც ოჯახის წევრებს სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკში ათავსებდა. პრინცესა ალექსანდრა და დანიის სამეფო ოჯახი აშკარად ეწინააღმდეგებოდა ჰელენას ქორწინებას კრისტიანზე. აღსანიშნავია, რომ საქმრო არც თავად ჰელენას მოსწონდა, თუმცა დედოფალმა ვიქტორიამ ამას დიდი ყურადღება არ მიაქცია.
მიუხედავად ოჯახური განხეთქილებისა და წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობისა, საბოლოოდ ჰელენა კმაყოფილი იყო. 1865 წელს წყვილი დაინიშნა, 1866 წლის 5 ივლისს კი უინძორის სასახლეში დაქორწინდნენ. მიუხედავად წინა არეულობებისა, ქორწილმა ბედნიერად ჩაიარა. დებისაგან განსხვავებით, პრინცესა ჰელენა მშვიდად და კომფორტულად ცხოვრობდა მეუღლესა და შვილებთან ერთად.
დარჩენილი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცნობილია, რომ პრინცესა ჰელენას ბავშვობიდანვე აინტერესებდა საექთნო საქმე, რამაც გავლენა იქონია მის შემდგომ ცხოვრებაზე. 1870 წელს ჰელენა იყო ბრიტანული წითელი ჯვრის ქალბატონების კომიტეტის დამფუძნებელი წევრი. გარდა ამისა, მან დააარსა სპეციალური კოლეჯი ექთნებისთვის. ცნობილია, რომ მისი შთაგონების წყარო ფლორენს ნაითინგეილი იყო. პრინცესა ჰელენა ასევე პოპულარული იყო ახალგაზრდებში, ღარიბებსა და უმუშევრებში, რაც გამოწვეული იყო მისი საქველმოქმედო საქმიანობით, რომლითაც იგი 3,000 ადამიანს ეხმარებოდა. ჰელენამ ასევე დიდი დრო დახარჯა მამამისის წერილების თარგმნაზე გერმანულიდან ინგლისურზე, შემდეგ კი მისი ბიოგრაფიული წიგნის გამოცემაზე.
1901 წელს დედოფალი ვიქტორია გარდაიცვალა და ტახტი ჰელენას ძმამ, ედუარდ VII-მ დაიკავა. ვინაიდან ჰელენასა და კრისტიანს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ ედუარდის ცოლთან, ახლა უკვე დედოფალ ალექსანდრა დანიელთან, ისინი იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ სამეფო კარი. ამავე პერიოდში, ბურების ომში ბრძოლისას გარდაიცვალა ჰელენას უფროსი და საყვარელი ვაჟი, პრინცი კრისტიან ვიქტორი. 1917 წელს გარდაიცვალა ჰელენას ქმარიც.
თავად პრინცესა ჰელენა გარდაიცვალა 1923 წლის 9 ივნისს ლონდონში, 77 წლის ასაკში, შომბერგის სახლში. მისი ექვსი შვილიდან მხოლოდ სამი იყო იმ პერიოდისათვის ცოცხალი. დღეისათვის პრინცესა ჰელენას შთამომავლები აღარ ცხოვრობენ.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კრისტიანსა და ჰელენას სულ ექვსი შვილი ჰყავდათ:
- კრისტიან ვიქტორი (1867-1900), დედის ფავორიტი შვილი, იბრძოდა ბურების მეორე ომში, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
- ალბერტი (1869-1931), შლეზვიგ-ჰოლშტაინის პრინცი. ცოლი არ ჰყოლია, მაგრამ ჰყავდა ერთი უკანონო ქალიშვილი;
- ჰელენა ვიქტორია (1870-1948), გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო;
- მარია ლუიზა (1872-1956), ცოლად გაჰყვა ანჰალტის მთავარ არიბერტს, თუმცა შვილები არ ჰყოლია და მოგვიანებით ქმარსაც გაეყარა;
- ჰარალდი (1876), გარდაიცვალა ჩვილობაში;
- მკვდარშობილი ვაჟი (1877);
წინაპრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Battiscombe, Georgina, Queen Alexandra (Constable & Company Ltd, London, 1969)
- Bennett, D., Queen Victoria's Children (Gollancz, London, 1980) ISBN 0-575-02690-1
- Chomet, Seweryn, Helena: A Princess Reclaimed (Begell House, New York, 1999) ISBN 1-56700-145-9
- Dennison, Matthew, The Last Princess: The Devoted Life of Queen Victoria's Youngest Daughter (Weidenfeld & Nicolson, 2007) ISBN 978-0-297-84794-6
- Eilers, Marlene A., Queen Victoria's Descendants (Genealogical Publishing Company, 1987) ISBN 0-8063-1202-5
- Longford, Elizabeth, Victoria R. I. (Weidenfeld & Nicolson, Second Edition 1987) ISBN 0-297-84142-4
- Marie Louise (Princess Marie Louise of Schleswig-Holstein), My Memories of Six Reigns (Second edition, Penguin, Middlesex, 1959)
- Packard, Jerrold M., Victoria's Daughters (St Martin's Griffin, New York, 1998) ISBN 0-312-24496-7
- Van der Kiste, John, Queen Victoria's Children (Sutton Publishing, Gloucester, 2006) ISBN 0-7509-3476-X
- Princess Helena: Queen Victoria's third daughter (CreateSpace, 2015) ISBN 978-1511679206
- 'Helena, Princess [Princess Christian of Schleswig-Holstein] (1846–1923)', Oxford Dictionary of National Biography, Oxford University Press, Sept 2004; online edn, Jan 2008, accessed 22 Feb 2008
- Wake, Jehanne, Princess Louise: Queen Victoria's Unconventional Daughter (Collins, London, 1988) ISBN 0-00-217076-0
- Thomas Weiberg: ... wie immer Deine Dona. Verlobung und Hochzeit des letzten deutschen Kaiserpaares. Isensee-Verlag, Oldenburg 2007, ISBN 978-3-89995-406-7
|