ჰაიდარ აბდელ შაფი
ჰაიდარ აბდელ შაფი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 10 ივნისი, 1919[1] [2] |
დაბადების ადგილი | ღაზა |
გარდაცვალების თარიღი | 25 სექტემბერი, 2007[2] (88 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ღაზა |
მოქალაქეობა | პალესტინის სახელმწიფო |
განათლება | Arab College და ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტი |
რელიგია | ისლამი |
მამა | Q126908848? |
შვილ(ებ)ი | Salah Abdel Shafi |
ჯილდოები | პალესტინის ღირსების ვარსკვლავის ორდენი |
almubadara.org | |
ჰაიდარ აბდელ შაფი ( არაბ. حيدر عبد الشافي 10 ივნისი , 1919 – 25 სექტემბერი, 2007 ) — პალესტინელი ექიმი, საზოგადო მოღვაწე და პოლიტიკოსი. პალესტინის დელეგაციის ხელმძღვანელი მადრიდის კონფერენციაზე.
ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰაიდარ აბდელ შაფი დაიბადა ღაზაში შეიხ მუჰადდინ აბდელ შაფის ოჯახში. მისი მამა იყო ვაკუფის ლიდერი და ღაზასა და ჰებრონის წმინდა ადგილების მცველი. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო იერუსალიმის არაბულ კოლეჯში, შემდეგ კი — ბეირუთის ამერიკულ კოლეჯში, სადაც 1943 წელს მიიღო ხარისხი მედიცინაში. სწავლის პერიოდში აბდელ შაფი შეუერთდა ჯორჯ ჰაბაშის პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტს, რომელიც მოგვიანებით ტერორისტულ ორგანიზაციად იქნა აღიარებული აშშ-ში, ევროკავშირსა და ისრაელში.
1948 წლამდე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამედიცინო განათლების მიღების შემდეგ აბდელ შაფიმ მუშაობა დაიწყო ჯაფას მუნიციპალურ საავადმყოფოში პალესტინის სამანდატო ტერიტორიაზე. 1944-1945 წლებში მსახურობდა ბრიტანეთის არმიის მე-9 ბრიგადაში. მისი ბრიგადა ბალკანეთის მეორე ფრონტზე ომში მონაწილეობის მისაღებად ემზადებოდა. თუმცა ევროპაში გადასვლის პროექტი არასოდეს განხორციელებულა. ამის ნაცვლად, ბრიგადა გადანაწილდა პალესტინის სხვადასხვა ქალაქებში — ალ აზრაკში, აშონაში, იერიქოში და ღაზაში . ომის დამთავრების შემდეგ ბრიგადამ არსებობა შეწყვიტა. აბდელ შაფი დაბრუნდა ღაზაში და კერძო სამედიცინო პრაქტიკით დაკავდა. ამ პერიოდში მან დააარსა პალესტინის სამედიცინო ასოციაცია.
1947 წელს, არაბეთ-ისრაელის კონფლიქტის დროს, რომელიც წარმოიშვა პალესტინის გაყოფის გეგმასთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღების შედეგად, აბდელ შაფი სამედიცინო დახმარებას უწევდა არაბ მებრძოლებს და ღაზაში თავმოყრილ ლტოლვილებს. თანამშრომლობდა რეგიონში კვაკერის ჰუმანიტარულ მისიასთან. იმ დროს ის იყო იმ მცირერიცხოვან პალესტინელ არაბთაგანი, ვინც მხარი დაუჭირა გაეროს გეგმას გაყოფის შესახებ. მას გააზრებული ჰქონდა, რომ, ებრაელებთან თანაარსებოდა რეალობას წარმოადგენდა.
1948 წლიდან 1967 წლამდე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1951 წელს აბდელ შაფიმ სტაჟირება გაიარა შეერთებულ შტატებში დეიტონის ( ოჰაიო ) მუნიციპალურ საავადმყოფოში. შემდეგ დაბრუნდა ღაზაში, რომელიც იმ დროს ეგვიპტის კონტროლის ქვეშ იყო, 1954 წელს. აქ მუშაობდა თელ ზაჰორის საავადმყოფოში ქირურგად. 1956 წელს, მას შემდეგ, რაც ღაზას სექტორი ისრაელის კონტროლის ქვეშ მოექცა, აბდელ შაფი დაინიშნა ათწევრიან მუნიციპალური საბჭოში.
აბდელ შაფი 1957 წელს დაქორწინდა ჰოდა ხალიდზე. მისი მეუღლე ცნობილი ოჯახიდან იყო, რომელიც იერუსალიმიდან საცხოვრებლად ალექსანდრიაში გადავიდა. 1957 წლიდან 1960 წლამდე მუშაობდა ღაზას სექტორში ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელად. ამ პერიოდში ის გამალ აბდელ ნასერის ახლო მეგობარი გახდა.
1962 წლიდან 1964 წლამდე აბდელ შაფი იკავებდა პალესტინის საკანონმდებლო ასამბლეის თავმჯდომარის თანამდებობას ღაზაში ორი წლის ვადით. 1964 წელს იყო იერუსალიმის სრულიად პალესტინის ეროვნული ასამბლეის დელეგატი. აბდელ შაფი ასევე იყო პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის (პგო) ერთ-ერთი დამფუძნებელი და ორგანიზაციის პირველი აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. 1966 წლიდან გახდა პგო-ს წამყვანი ფიგურა ღაზის სექტორში.
1967—1991 წწ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1967 წლის ივნისში, ექვსდღიანი ომის შედეგად, ისრაელის კონტროლი აღდგა ღაზას სექტორზე. თავად ომის დროს და მისი დასრულებიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში, აბდელ-შაფი მუშაობდა მოხალისედ ღაზაში, შიფას ჰოსპიტალში. მოგვიანებით ის ისრაელის სამხედრო ხელისუფლებამ სამი თვით დააკავა ჯორჯ ჰაბაშის პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტის (PFLP) ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით. აბდელ შაფიმ უარყო ხსენებული ორგანიზაციის წევრობა, თუმცა ღიად გამოხატა თანაგრძნობა ორგანიზაციის მიზნების მიმართ.
გათავისუფლების შემდეგ, ის მუდმივად უარს ამბობდა ყველა სახის თანამშრომლობაზე ისრაელის გეგმებთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებდა ღაზას ისრაელთან შეერთებას საერთო ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების გზით. 1969 წელს, მოშე დაიანის ბრძანებით, იგი სამი თვით გადაასახლეს სინაის ნახევარკუნძულზე, განმარტოებულ სოფელ ნეკლში. 1970 წლის 12 სექტემბერს იგი კვლავ გადაასახლეს ორი თვით, ამჯერად ლიბანში PFLP-ის რამდენიმე ლიდერთან ერთად.
აბდელ შაფი გახდა წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების პალესტინის ფილიალის დამფუძნებელი 1972 წელს. 1981 წელს მის კლინიკას თავს დაესხნენ ისლამისტები და დაწვეს [3] .
პირველი ინტიფადას დროს ის გამოჩნდა საებ ერეკატთან და ჰანან აშრაუთან ერთად ამერიკულ ტელევიზიის საინფორმაციო გადაცემაში Nightline. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პალესტინის ლიდერებმა პირდაპირ მიმართეს დასავლეთის და ისრაელის აუდიტორიას.
მადრიდის კონფერენციის შემდეგ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1991 წელს ის ხელმძღვანელობდა პალესტინის დელეგაციას მადრიდის სამშვიდობო კონფერენციაზე, ხოლო შემდეგ ხელმძღვანელობდა პალესტინის დელეგაციას ვაშინგტონის მოლაპარაკებებში 22 თვის განმავლობაში (1992-1993). მოლაპარაკებების დროს, რომელსაც მოგვიანებით ოსლოს შეთანხმება მოჰყვა (რის შესახებაც აბდელ შაფიმ არ იცოდა) — პალესტინის ხელისუფლების ამჟამინდელი თავმჯდომარე მაჰმუდ აბასი (აბუ მაზენი), აჰმედ კურეი (აბუ ალა) და იასირ არაფატი შეთანხმდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ებრაული დასახლებების შესახებ განხილვის გადადებაზე, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმებოდა აბდელ შაფი, რომლის აზრით, ასეთი შეფერხება „დასახლებების გაფართოების საშუალებას მისცემდა ისრაელს, რომელიც გააგრძელებდა პალესტინის მიწების მიტაცებას“.
მისი თქმით, პალესტინელების მიერ ოსლოს პროცესის დროს მიღებულმა დათმობებმა მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის თვალში ოკუპირებული ტერიტორიები მხოლოდ „სადავო“ ტერიტორიებად აქცია, რომელზეც ორივე მხარეს ჰქონდა სავარაუდო საკუთრების უფლება. სიცოცხლის ბოლო წლებში მას სასოწარკვეთა დაეუფლა: დაინახა, რომ მისი წინასწარმეტყველებები ხდებოდა. [4]
1996 წელს ის აირჩიეს პალესტინის საკანონმდებლო საბჭოში და მიიღო ყველაზე მეტი ხმა, როგორც ღაზის სექტორის წარმომადგენელმა. აბდელ შაფი ხელმძღვანელობდა პალესტინის საკანონმდებლო საბჭოს პოლიტიკურ კომიტეტს. თუმცა, ორი წლის შემდეგ, ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში არსებული კორუფციის პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა სადეპუტატო მანდატზე. ორი წლის შემდეგ მან წამოიწყო მოლაპარაკებები ღაზას ყველა დაჯგუფებების ერთიანობის შესახებ.
მეორე ინტიფადას დაწყების შემდეგ, მან მოუწოდა პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას (PNA) მთავრობას დისტანცირება არ მოეხდინა, არამედ პირიქით მოეხდინა ინტიფადას ორგანიზება და წარმართვა, გაეძლიერებინა ავტონომია დემოკრატიული საშუალებებით და ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირებით.
2002 წელს, ედვარდ საიდთან, მუსტაფა ბარღუთთან და იბრაჰიმ დაკაკთან ერთად, შაფი გახდა პალესტინის ეროვნული ინიციატივის მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
აბდელ შაფი გარდაიცვალა 2007 წლის 25 სექტემბერს კიბოთი 88 წლის ასაკში ღაზაში, [5] მას დარჩა მეუღლე ოთხი შვილი: (ჰინდ, ხალედი, ტარეკი, სალაჰი) და შვიდი შვილიშვილი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Dr. Haider Abd esh-Shafi, a prominent Palestinian leader dies in Gaza
- The Wet-Clay Protest 1992 Time article
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ http://global.britannica.com/biography/Haidar-Abdel-Shafi
- ↑ 2.0 2.1 Munzinger Personen
- ↑ The Economist, October 6th 2007, page 115
- ↑ Амира Хасс, Памяти доктора Хайдара Абдель Шафи. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-17. ციტირების თარიღი: 2009-09-05.
- ↑ Скончался один из основателей Организации освобождения Палестины