მაჰმუდ აბასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მაჰმუდ აბასი

მაჰმუდ აბასი (არაბ. محمود عباس‎‎), პარტიული მეტსახელი „აბუ მაზენი“ (ابو مازن‎) (დ. 26 მარტი, 1935, ცფათი) — პალესტინელი პოლიტიკოსი, პალესტინის პრეზიდენტი 2005 წლიდან.

დაამთავრა დამასკის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და პატრის ლულუმბას სახელობის მოსკოვის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის ასპირანტურა, ხოლო სადოქტორო დისერტაცია დაიცვა პატრის ლულუმბას სახელობის მოსკოვის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტში. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მოსკოვის ფილიალში თემაზე „საიდუმლო კავშირი ნაციზმსა და სიონიზმს შორის“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი ევგენი პრიმაკოვი), რომლის ძირითადი იდეები ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ჰოლოკოსტის უარყოფად შერაცხა.

1950-იანი წლების ბოლოს იყო პალესტინელ არაბთა პოლიტიკური ორგანიზაცია „ფათხის“ ერთ-ერთი ფუძემდებელი. მონაწილეობდა პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის სამხედრო ოპერაციებსა და პოლიტიკურ საქმიანობაში. მოგვიანებით ისრაელთან მოლაპარაკებების დროს მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა პალესტინელების დიპლომატიურ სტრატეგიაზე, რასაც მოჰყვა 1993 წელს ოსლოს სამშვიდობო შეთანხმება. 2003 წელს მოკლე დროით ეკავა პალესტინის ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. 2003 წლიდან იყო პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის თავმჯდომარე, 2005 წლის 9 იანვარს კი აირჩიეს პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტად. მისი მმართველობის დროს მოხდა შიდა კონფლიქტი რადიკალურ ისლამისტურ ორგანიზაცია „ჰამასთან“ და ქვეყნის ფაქტობრივი გაყოფა: დასავლეთ ნაპირის ტერიტორია დარჩა ფათხის მმართველობაში, ხოლო ღაზის სექტორი გადავიდა ჰამასის კონტროლქვეშ. 2009 წელს აბას პრეზიდენტობა უვადოდ გაუხანგრძლივეს. 2013 წლიდან ოფიციალურად იწოდება პალესტინის სახელმწიფოს პრეზიდენტად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: