შინაარსზე გადასვლა

ჯიჰან სადათი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯიჰან სადათი
ჯიჰან სადათი
ეგვიპტის პრეზიდენტის მეუღლე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 ოქტომბერი, 1970 – 6 ოქტომბერი, 1981
წინამორბედითაჰია ქაზემი
მემკვიდრესუზან მუბაქარი

დაბადებული29 აგვისტო, 1933
კაირო, ეგვიპტე
გარდაცვლილი9 ივლისი, 2021 (87 წლის)
მოქალაქეობაეგვიპტე
მამასაფვათ რაოუფი
დედაგლედის ქოთერილი
მეუღლეანვარ სადათი
შვილები4
განათლებაკაიროს უნივერსიტეტი

ჯიჰან სადათი (არაბ. جيهان السادات, დაქორწინებამდე ჯიჰან საფვათ რაოუფი (جيهان صفوت رؤوف); დ. 29 აგვისტო, 1933 — გ. 9 ივლისი, 2021) — ეგვიპტის საზოგადო მოღვაწე, პრეზიდენტ ანვარ სადათის მეორე მეუღლე.

ოჯახი და რჩეული მამაკაცი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯიჰან რაოუფი კაიროში წარჩინებულ ოჯახში დაიბადა: მამა საფვათ რაოუფი ქირურგად მუშაობდა, ხოლო ინგლისელი დედა გლედის ქოთერილი მუსიკის მასწავლებელი იყო.

არმიის ყოფილ ოფიცერს ანვარ სადათს ჯიჰანი ბიძაშვილის სახლში შეხვდა ციხიდან მისი გათავისუფლებიდან მცირე ხნის შემდეგ. ანვარი ბრიტანეთის ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართულ რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობდა და რამდენიმე წლის მანძილზე საპატიმროში იმყოფებოდა. პატრიოტი გმირით მოხიბლული ჯიჰანი მის სასამართლოს სხდომებს ესწრებოდა.

ანვარ სადათი წარმოშობით მენუფიადან იყო, სადაც ღარიბ ოჯახში იზრდებოდა 13 და-ძმას შორის. სოციალურ კლასში განსხვავების გარდა, ჯიჰანსა და ანვარს შორის 15 წლიანი ასაკობრივი სხვაობა იყო. მშობლები აღფრთოვანებული არ დარჩნენ ასეთ პირთან საკუთარი ქალიშვილის ურთიერთობით. ამასთან, სადათი უკვე განქორწინებული იყო და სამი შვილი ჰყავდა. თავდაპირველი წინააღმდეგობის მიუხედავად, წყვილი 1949 წელს დაქორწინდა.[1]

სამი წლის შემდეგ ერთი შეხედვით ეს უპერსპექტივო პიროვნება გავლენიანი სახელმწიფო მოხელე გახდა მას შემდეგ, რაც 23 ივლისს „თავისუფალი ოფიცრების“ ორგანიზაციამ მეფე ფარუკი დაამხო და რესპუბლიკა გამოაცხადა. ანვარ სადათს რამდენიმე მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა როგორც ეგვიპტეში, ასევე ეგვიპტისა და სირიის შეერთების შედეგად გამოცხადებულ არაბთა გაერთიანებულ რესპუბლიკაში. 1969 წელს კი იგი ვიცე-პრეზიდენტი გახდა, რომელიც კონსტიტუციის თანახმად, ეგვიპტის ლიდერს შეცვლიდა, თუ სახელისუფლო იერარქიაში პირველი პირი გარდაიცვლებოდა ან მართვის უუნარო გახდებოდა. ეს მომენტი 1970 წლის სექტემბერში დადგა გამალ აბდელ ნასერის მოულოდნელი სიკვდილის შედეგად.

პირველი ლედის რანგში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯიჰანი დიდ მხარდაჭერას უწევდა მეუღლეს და დასავლეთის სამყაროში პირველი ლედისთვის დამახასიათებელი როლის შესაბამისად, კულტურულ, საგანმანათლებლო და სოციალურ სფეროში აქტიურობდა. მან ხელი შეუწყო ქალთა უფლებების გაფართოებისკენ გამიზნული კანონების მიღებას, მაგალითად, პოლიგამიის შემთხვევაში განქორწინების, ბავშვზე მზრუნველობის ან წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა კვოტის საკითხებში. საზოგადოებაში მათ ჯიჰანის კანონები უწოდეს.

მისი ინიციატივით, ჩამოყალიბდა აფრიკულ-არაბული ქალთა ლიგა, რომელიც კონფერენციების და სემინარების მეშვეობით ქალთა და ბავშვთა დაცვის საკითხებს იხილავდა.[2] ჯიჰან სადათის ინიციატივით, ისრაელთან ომში დაჭრილი მეომრებისთვის ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი უმსხვილესი სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნა. იგი, აგრეთვე, ზრუნავდა ობოლ ბავშვებზე და ონკოლოგიურ ავადმყოფებზე.

70-იან წლებში ოჯახებში ტელევიზორის შესვლის ხანა დადგა. მედია ხშირად აშუქებდა პრეზიდენტის მეუღლის მრავალმხრივ მოღვაწეობას. 1974 წელს სათაურით „ეგვიპტის განმათავისუფლებელი პირველ ლედი“ გამოქვეყნებულ სტატიაში ჟურნალმა „თაიმმა“ დაწერა, რომ პოპულარობის მხრივ ანვარის ერთადერთ მეტოქეს მისი მეუღლე წარმოადგენდა.

ჯიჰან სადათი ხელმძღვანელობდა ეგვიპტის დელეგაციებს მრავალ ოფიციალურ ღონისძიებაზე, მათ შორის უცხოეთში, და ელეგანტურად გამოიყურებოდა სხვადასხვა სახელმწიფო ვიზიტების დროს. როდესაც პრეზიდენტი საუდის არაბეთში ჩაფრინდა, მისი მეუღლეც ხელის ჩამორთმევად მივიდა მასპინძლებთან, რაც ვაჰაბისტი მმართველებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. თუმცა კულტურული სტეროტიპების მიუხედავად, მას თავშალითაც კი არასოდეს უსარგებლია,[3] რითაც ჯიჰანი საკუთარი როლის დემონსტრირებას თამამად ახდენდა.

ვესტერნიზებული ქალბატონის მოღვაწეობა უცხო იყო ეგვიპტის კონსერვატიული ელემენტებისთვის. მას ახასიათებდნენ, როგორც მარია ანტუანეტას, რომელიც დიდ გავლენას ფლობდა მმართველის გადაწყვეტილებებზე. მოგვიანებით ჯიჰან სადათი ყველაზე გავლენიან ქალად დაასახელეს მე-20 საუკუნის ეგვიპტის ისტორიაში.[4]

ადრეული ქორწინების და ბავშვების აღზრდის გამო ჯიჰანმა ვერ შესძლო უმაღლესი განათლების დროულად მიღება, ამიტომ იგი მოგვიანებით შეუდგა სწავლას. 1976 წელს მან დაამთავრა კაიროს უნივერსიტეტი არაბული ენის და ლიტერატურის განხრით, 1986 წელს კი იქვე ხელოვნების სფეროში მაგისტრის წოდება მიიღო.[5]

პოლიტიკის ჩრდილქვეშ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1978 წელს ანვარ სადათი პირველი არაბი ლიდერი გახდა, რომელმაც ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმება გააფორმა, რისთვისაც მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო. კემპ-დევიდში გამართულ ოფიციალურ ცერემონიალზე ჯიჰანი შვილებთან ერთად იმყოფებოდა. ამ ისტორიული მიღწევის გაცნობიერებისას მას ემოციებისგან ცრემლები სდიოდა. არაბულმა ქვეყნებმა კი ეგვიპტელი ლიდერის ნაბიჯი პალესტინელთა მიმართ სოლიდარობის პოლიტიკის ღალატად ჩათვალეს და კაიროსთან ურთიერთობები გაწყვიტეს.

ჯიჰანმა დიდი როლი შეასრულა ირანიდან დევნილი შაჰის მასპინძლობაში, რომელიც დიდწილად დედოფალ ფარაჰ დიბასთან მისი პირადი უშუალო ურთიერთობების წყალობით მოხდა. დიპლომატების ნაცვლად, ბევრ საკითხს სწორედ ქალბატონები აგვარებდნენ.[6]

1981 წლის 6 ოქტომბერს კაიროში სამხედრო აღლუმის ჩატარებისას რამდენიმე შეთქმული ჯარიკაცი ტრიბუნისკენ გაიქცა. მათ პრეზიდენტ სადათს ახლო მანძილიდან ცეცხლი გაუხსნეს, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა. რამდენიმე მეტრში მყოფი მისი მეუღლე მხოლოდ იატაკზე დაწოლის შედეგად გადარჩა.[7]

სტრესულ მდგომარეობაში მყოფი ჯიჰანი ერთხანს გაუჩინარდა საზოგადო ასპარეზიდან, შემდეგ კაიროს უნივერსიტეტში ასწავლიდა. მოგვიანებით იგი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ოთხ სასწავლებელში კითხულობდა ლექციებს, ბოლოს კი მარილენდის უნივერსიტეტის ანვარ სადათის სახელობის მშვიდობისა და განვითარების ცენტრში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა არაბული ლიტერატურის დარგში.[8]

გარდაიცვალა 2021 წლის 9 ივლისს, 87 წლის ასაკში. მანამდე რამდენიმე კვირით ადრე ეგვიპტურმა მედიამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ იგი სიმსივნეს ებრძოდა და საავადმყოფოში იყო გადაყვანილი.[9]

ჯიჰანს ანვართან ერთად ოთხი შვილი შეეძინა — ნოჰა, ლუბნა, ჯიჰანი და გამალი.

ჯიჰან სადათმა ავტოგრაფიული და პუბლიცისტური ჟანრის ორი წიგნი გამოსცა:

  • A Woman of Egypt (1987)
  • My Hope for Peace (2009)
  1. Jehan Sadat sadat.umd.edu
  2. Jehan Sadat wisemuslimwomen.org
  3. Anvar Sadat, a hero of peace? medium.com, 10 May 2017
  4. WOMEN WHOSE HUSBANDS RULED THE REALM EGYPT’S FIRST LADIES egy.com
  5. Jehan el-Sadat, the Egyptian first lady who refused to remain out of sight eng.majalla.com
  6. Farah Pahlavi, Аn enduring love, 2004, გვ. 363. 
  7. Thirty years later, Sadat’s widow still hopes for peace edition.cnn.com, 26 March 2009
  8. Jehan Sadat to speak at Nile gala sfgate.com
  9. El-Hennawy, Noha (9 ივლისი, 2021). „Jehan Sadat, widow of former Egyptian President Anwar Sadat, dies at 87“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 9 ივლისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯიჰან_სადათი“-დან