შინაარსზე გადასვლა

ხუანა მანუელა დე ვილენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხუანა მანუელა დე ვილენა
კასტილიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 23 მარტი, 1369
მმართ. დასასრული: 29 მაისი, 1379
წინამორბედი: ბლანკა დე ბურბონი
მემკვიდრე: ელეანორ არაგონელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1339
გარდ. თარიღი: 27 მარტი, 1381, (41-42 წლის)
დაკრძ. ადგილი: ტოლედოს საკათედრო ტაძარი, ესპანეთი
მეუღლე: ენრიკე II, კასტილიის მეფე
შვილები: ხუან I, კასტილიის მეფე
ელეანორა, ნავარის დედოფალი
დინასტია: ივრეა
მამა: ხუან მანუელი, ვილენის პრინცი
დედა: ბლანკა დე ლა სერდა ი ლარა
რელიგია: კათოლიციზმი

ხუანა მანუელა დე ვილენა (ესპ. Juana Manuel de Villena; დ. 1339 — გ. 27 მარტი, 1381, სალამანკა, ესპანეთი) — კასტილიელი დიდგვაროვანი და ივრეის დინასტიის წარმომადგენელი. კასტილიის დედოფალი 1369-1379 წლებში როგორც მეფე ენრიკე II-ის მეუღლე. მეფე ხუან I-ის დედა.

ხუანა მანუელა დაიბადა 1339 წელს. იგი იყო ვილენის პრინც დონ ხუან მანუელისა და მისი მესამე ცოლის, დონა ბლანკა დე ლა სერდა ი ლარას ქალიშვილი, რომელსაც სახელი მამის პატივსაცემად დაარქვეს. მამის მხრიდან იგი თავად კასტილიის მეფე ფერნანდო III-ის შთამომავალი იყო, ხოლო დედამისი, თავის მხრივ ასევე კასტილიის მეფე ალფონსო X-ისა და საფრანგეთის მეფე ლუი IX-ის შთამომავალი იყო.

მამის მეორე ქორწინებიდან მას ერთი ნახევარ-და ჰყავდა კონსტანცა მანუელას სახით, რომელიც ჯერ კასტილიის მეფეზე დაქორწინდა, შემდეგ კი — პორტუგალიისაზე.

დედოფალი ხუანა მანუელა თავის ქალიშვილთან ერთად.

ხუანა მანუელას მამა მეფე ალფონსო XI-ის მოსისხლე მტერი იყო, რის გამოც იგი ყოველთვის ცდილობდა ვილენათა ოჯახის განადგურებას, რომელთაც ტახტზე უფლებები ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ დონ ხუანს ვაჟი არ ჰყავდა, იგი თავის ქალიშვილებს ბავშვობიდანვე ჩააგონებდა, რომ კასტილიის ტახტის კანონიერი მემკვიდრეები იყვნენ.

1350 წელს მეფე ალფონსო გარდაიცვალა და ტახტი მისმა ერთადერთმა კანონიერმა ვაჟმა, პედრო მრისხანემ დაიკავა. თავისი ცუდი ხასიათის გამო პედრო არისტოკრატიაში სიმპატიით არ სარგებლობდა, ამიტომაც ვილენების ოჯახმა მის მტრებთან დაიწყო დაახლოვება. ამრიგად, 1350 წლის 27 ივლისს 11 წლის ხუანა მანუელა დააქორწინეს ალფონსო XI-ისა და ლუისა დე გუსმანის უკანონო ვაჟზე, ინფანტ ენრიკე ტრასტამარაზე.

მას შემდეგ, რაც 1369 წელს პედრო მრისხანე უვაჟოდ გარდაიცვალა, ტახტი მისმა უკანონო ნახევარ-ძმამ, ენრიკე II-მ დაიკავა, რითაც გამეფდა ტრასტამარას დინასტია, ხუანა მანუელა კი კასტილიის დედოფალი გახდა. მოგვიანებით, თავისი მშობლების გარდაცვალების შემდეგ იგი გახდა ვილენის, ლარას, ბისკაის, ესკალონისა და პანიაფიელის მმართველი.

1379 წლის 29 მაისს ხუანა მანუელა დაქვრივდა, თუმცა ტახტი მისმა ვაჟმა, ხუანმა დაიკავა, რითაც იგი დედა-დედოფალიც გახდა.

დედოფალი ხუანა მანუელა გარდაიცვალა 1381 წლის 27 მარტს, 41-42 წლის ასაკში. ამის შემდეგ მისი მემკვიდრეობა მთლიანად მის ვაჟზე გადავიდა და მხოლოდ ამის შემდეგ გაერთიანდა ბისკაი კასტილიასთან.

  1. ხუან I (1358-1390), კასტილიის მეფე. ცოლად შეირთო ელეანორა არაგონელი, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ბეატრიზ პორტუგალიელი, თუმცა შვილები მხოლოდ პირველ ცოლთან ჰყავდა, რომელთანაც შეეძინა კასტილიის მეფე ენრიკე III და არაგონის მეფე ფერდინანდ I;
  2. ელეანორა (1363-1416), ცოლად გაჰყვა ნავარის მეფე კარლ III-ს, რომელთანაც შეეძინა შვილები, მათ შორის ნავარისა და სიცილიის დედოფალი ბლანკა I;
  3. ხუანა (1367-1374), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  • Arco y Garay, Ricardo del (1954). Sepulcros de la Casa Real de Castilla. Madrid: Instituto Jerónimo Zurita. Consejo Superior de Investigaciones Científicas. OCLC 11366237.
  • Elorza, Juan C.; Vaquero, Lourdes; Castillo, Belén; Negro, Marta (1990). Junta de Castilla y León. Consejería de Cultura y Bienestar Social, ed. El Panteón Real de las Huelgas de Burgos. Los enterramientos de los reyes de León y de Castilla (2ª edición). Valladolid: Editorial Evergráficas S.A. ISBN 84-241-9999-5.
  • López de Ayala, Pedro (1994-1997). Crónica del rey don Pedro y del rey don Enrique, su hermano, hijos del rey don Alfonso Onceno (edición crítica y notas de Germán Orduna; estudio preliminar de Germán Orduna Y José Luis Moure). Buenos Aires.
  • Valdeón Baruque, Julio (1996). Enrique II. Palencia. Diputación Provincial de Palencia. ISBN 84-8173-051-3.
  1. https://commons.wikimedia.org/wiki/Category:Juana_Manuel_de_Villena