წყაროსთავის ღვთისმშობლის ეკლესია
წყაროსთავის ღვთისმშობლის ეკლესია, წმინდა იოაკიმესა და ანას ეკლესია (2015 წლიდან) — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყაროსთავის სამხრეთ-დასავლეთით ასიოდე მეტრზე, შემაღლებულ ადგილზე, ძველი სასაფლაოს ტერიტორიაზე. ეკლესიის კედლებში ჩასმულია წარწერებიანი საფლავის ქვები. ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში ჩასმულ ქვაზე (ზედაპირით ჩრდილო მხარესაა მიქცეული) ამოკვეთილი წარწერიდან ირკვევა, რომ ქვა საფლავზე 1758 წელსაა დადებული. ცხადია, რომ ეკლესია ამ თარიღის შემდგომაა აგებული, არქიტექტურული ნიშნებით, იგი XlX საუკუნეში იქნებოდა აგებული. ეკლესია დარბაზულია (11,5x7,0 მეტრი). აქვს ორი შესასვლელი — დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ორივე კარი გარედან შეისრულთაღოვანია, შიგნიდან კი თარაზულადაა გადახურული. საშენი მასალა ორგვარია: რიყის ქვა და აგური. კედლები, ძირითადად, რიყის ქვითაა ამოყვანილი, კირის სქელ დუღაბზე. ქვა თითქმის თანაბარი ზომისაა და დაწყობილია წესიერ, სწორხაზოვნად გამავალ რიგებად. გარეთა კუთხეების წყობაში, მეტწილად, აგურია გამოყენებული, თუმცა, ქვედა ნაწილებში, მას სრულიად დაუმუშავებელი ქვიშაქვის მოზრდილი ქვები და თითო-ოროლა საფლავის ქვა ენაცვლება. კარ-სარკმლები და კონსტრუქციული ელემენტები აგურისაა. შიგნით კედლები გაჯის სქელი ფენითაა დაფარული, რის გამოც საშენი მასალის განაწილების პრინციპი და წყობის ხასიათი არ ჩანს. აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდია. აფსიდის ღერძზე გაჭრილია განიერი, საშუალო სიმაღლის, ოთხკუთხა სარკმელი, რომელსაც ძირი საფეხურებად აქვს დამუშავებული. სარკმლის ორივე მხარეს, იატაკიდან ოციოდე სანტიმეტრის სიმაღლეზე, თითო ნახევარწრიულთაღოვანი კარია, რომლითაც კედლის სისქეში მოწყობილ, მცირე ზომის სათავსში ვხვდებით. მათგან ჩრდილოეთით მდებარე — სამკვეთლოა, სამხრეთით მდებარე კი — სადიაკვნე. სამკვეთლოში შესასვლელი კარის დასავლეთით, აფსიდის ბოლოში, ოთხკუთხა ნიშია. სამკვეთლო და სადიაკვნე გეგმით არაწესიერი ფორმისაა. ორივე უაფსიდოა და აღმოსავლეთით სწორი კედლითაა დასრულებული. სამკვეთლო აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი, ოთხკუთხა სარკმლითაა განათებული, სადიაკვნე კი — უსარკმლოა. ეს უკანასკნელი სამკვეთლოზე ოდნავ უფრო მცირე ფართობისაა. საკურთხევლის სარკმლის გარდა, შიდა სივრცეს კიდევ სამი თაღოვანი სარკმელი აშუქებს. მათგან ორი — სამხრეთითაა, მესამე — ჩრდილოეთით, აფსიდის მხართან ახლოს. სარკმლები დადაბლებული პროპორციებისაა, გარეთკენ შევიწროებული. სამივე სარკმელი ნახევარწრიული თაღითაა გადახურული. ნახევარწრიული მოყვანილობისაა კამარაც. აფსიდის თაღის გარდა, იგი ეყრდნობა კიდევ ორ საბჯენ თაღს. მათგან ერთი — დარბაზის შუაშია, მეორე — დასავლეთ კედელთან. თაღები თხელია. მათ ძირი საფეხურებად აქვს დამუშავებული. დარბაზის სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში, აფსიდის მხართან ახლოს, ვიწრო, მაღალი ოთხკუთხა ნიშია, რომელიც იატაკიდან დაახლოებით 30 სანტიმეტრის სიმაღლეზე იწყება. მსგავსი ნიში მის მოპირდაპირედ, ჩრდილო კედელშიცაა. ამ უკანასკნელის დასავლეთით კი, დაახლოებით 1 მეტრის მოშორებით, კიდევ ერთი ნიშია მოწყობილი, ოღონდ თაღოვანი. ფასადებზე ორივე შესასვლელი მარტივადაა გაფორმებული. მორთულობის ელემენტები მთლიანად აგურითაა გამოყვანილი. სამხრეთ შესასვლელი ორსაფეხურიანი, ორმაგი ლავგარდნითაა დაგვირგვინებული, რომელიც კედლის სიბრტყიდან ოდვან შვერილ პილასტრებს ეყრდნობა. დასავლეთ შესასვლელის გვერდებზეც, ისევე როგორც სამხრეთ შესასვლელისა, თითო პილასტრია. ოღონდ სამხრეთ შესასვლელისგან განსხვავებით, მათზე ლავგარდნის ნაცვლად, ფრონტონია დაყრდნობილი. ორივე კარის ზღურბლი მიწიდან დაახლოებით 70 სანტიმეტრის სიმაღლეზეა, ამიტომ მათ წინ კიბე იქნებოდა მოწყობილი (ამჟამად არსებული კიბეები გვიანდელია). დასავლეთ ფასადზე, შესასვლელის მარცხნივ, ოთხკუთხა ნიშია მოწყობილი, ხოლო ზედა ნაწილში, აგურის წყობის შეღრმავებით გამოყვანილი, მაღალი, საფეხურებიან კვარცხლბეკზე დაყრდნობილი ჯვრის გამოსახულებაა. მსგავსი ჯვრის გამოსახულებაა აღმოსავლეთ ფასადზეც. ჯვრის ზემოთ, ლილვშემოვლებული, სამი მრგვალი სარკმელია. მათგან ორი — ჯვრის ზედა მკლავის ბოლო დონეზე, მკლავის აქეთ-იქითაა განლაგებული, ხოლო მესამე — ზედა მკლავის ასწვრივ, ფრონტონის წვერთან. სამივე სარკმელი კონქის თავზე არსებულ სივრცეს აშუქებდა. ეკლესიის კედლები დასრულებულია აგურით ნაწყობი, მარტივი პროფილის, ორსაფეხურიანი ლავგარდნით. 2015 წელს, საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით, ეკლესიას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები (სამუშაოებს აწარმოებდა შპს „ჯეოგრანტი“): სამხრეთ შესასვლელის წინ მოაწყვეს სამსაფეხურიანი კიბე, აღდგა ლავგარდნის დაზიანებული ნაწილები, ეკლესიის დასავლეთ კედელზე, სამრეკლოს შემორჩენილ კვადრატულ საფუძველზე, აიგო აგურის ოთხწახნაგა ფანჩატური. გარედან, სამხრეთ შესასვლელის მარჯვნივ, ამოკვეთეს ოთხკუთხა ნიში, რომელშიც მოთავსდა ქვის ფილა წმინდა გიორგისა და წმინდა ნინოს რელიეფური გამოსახულებით, აიგო კანკელი და ეკლესია შიგნიდან გაჯით შეილესა. გარედან ეკლესია გადაიხურა ღარისებრი კრამიტით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 345-346.