ჩონგური
ჩონგური — ქართული ხალხური სიმებიანი ჩამოსაკრავი ინსტრუმენტი. ჩონგური ძირითადად გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში (გურია, სამეგრელო, იმერეთი, აჭარა), სხვადასხვა კუთხის ჩონგური არ განსხვავდება გარეგნულად.
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩონგური, როგორც ფანდური შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან: კორპუსი, სახელური და დამხმარე ნაწილები. ინსტრუმენტის კორპუსი შედგება მუცლისა და ზედა დეკისაგან, ტარი-თავისა და ყელისაგან, ხოლო დამხმარე ნაწილებია მოქლონები, ხარაკირი, ჯორა და ღილი. ჩონგური გვაგონებს შუაზე, სიგრძეზე, გაჭრილ მსხალს. საერთო სიგრძეა 978-1150 მმ.
ინსტრუმენტის მუცელი (გურიაში ტანი, აჭარაში კოდი) შედგება 7-8 ერთმანეთზე მიწებებული ტკეჩებისგან, რომელიც მზადდება თუთის ხისგან. მუცელი გამობერილია. მუცლის განაპირა ტკეჩებზე გაკეთებულია 3-5 მმ დიამეტრის 6 სახმო ნახვრეტი. ტკეჩების სისქეა 2-3 მმ და მათ დასაკავშირებლად გაკეთებულია თხელი და ვიწრო ლენტისებური ფირფიტა, მუცელი დაკრულია 2-3 სისქის ფირფიტაზე.
ზედა დეკა (გურიაში პირი, აჭარაში სახურავი) შედგება სამი ნაწილისგან. ძირითადი, შუა ნაწილი გაკეთებულია ნაძვისაგან, მასზე მიკრულია ნახევარმთვარის ფორმის ორი ფირფიტა, რომელიც მზადდება თუთის ხისგან. ზედა დეკის ცენტრში გაკეთებულია სახმო ნახვრეტები, რომელთა დიამეტრი 2-3 მმ-ია, ისინი რომბის კონტურებს ქმნიან. კორპუსის სიღრმე 160-170 მმ-ია. ჩონგურს ოთხი სიმი აქვს (გურიაში ძაფები, ალყები, ლარები). მოკლე სიმი მესამედით ნაკლები სიგრძისაა და მდებარეობს პირველსა და მეორე სიმს შორის. დაკვრის დროს მოკლე სიმს არ ეხება მარცხენა ხელის სიმები, აქედან გამომდინარე მისი სიმაღლე არ იცვლება და ერთ გაბმულ ბგერას გამოსცემს. ბგერა პირველი სიმის მიერ გამოცემული უკიდურესი მაღალი ბგერა მოკლე სიმის მიერ გამოცემული ბგერაა.
წარმოშობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩონგური უნდა წარმოშობილიყო არა უგვიანეს XVII საუკუნისა სამ სიმიან ფანდურზე ზილის დართვით. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით ბარად, სამ სიმიან ფანდურს „ჩონგურს“ ეძახიან, ხოლო მთის კუთხეებში - „ფანდურსაც“ და „ჩონგურსაც“. ამასთანავე, მთხრობელები აღნიშნავენ, რომ „ფანდური“ ძველი სახელია და „ჩონგური“ შემდეგ შერქმეული. სახელწოდება „ჩონგური“ უნდა გაჩენილიყო ოთხსიმიანი საკრავის გაჩენასთან დაკავშირებით, რომელიც გამოეყო სამსიმიან ფანდურს. ეს მოხდა არა უგვიანეს XVII საუკუნისა და სახელწოდება ამავე პერიოდიდან გვხვდება. სამსიმიან ფანდურზე მეოთხე სიმის დამატებით, რომელსაც გარკვეული ფუნქცია ჰქონდა, მიღებული იქნა ახალი საკრავი, რომელიც საჭიროებდა განმასხვავებელ სახელწოდებას.
დამზადება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკრავის დასამზადებლად, საუკეთესო მოხელეთა გადმოცემით, არჩევენ უკოჟრო, „სუფთა“ ხეს იმ ადგილიდან, სადაც ხშირად უბერავს ქარი. საჩონგურედ უმჯობესია ტოტებშუა მდებარე ხის ნაწილი. ხის მრუდე ტოტებიანი ნაწილი ამ მიზნისათვის უვარგისია. საგანგებოდ მოჭრილ ხის მორს შუაზე გააპობენ, თითოეულ ნახევარს „დედას“ უწოდებენ. ორივე გამოსადეგია ჩონგურისათვის. სახლში მოტანილ ამ მასალას მოარიდებენ მზესა და ქარს. მათი შენახვა უმჯობესია სიგრილეში 30 დღის განმავლობაში. თუ მასალა კარგად არ გამოშრა, ჩონგური გაიბზარება და არ ივარგებს.
ჩონგურის ტარი კეთდება კაკლის ხისგან. მის თავზე გაკეთებულია სამი ნახვრეტი მოქლონებისთვის და თასმისთვის. ხოლო ტარის ყელზე გაკეთებულია ერთი ნახვრეტი, რომელშიც ჩასმულია ზილის სიმის დამჭერი მოქლონი. ყელი ზემოდან ბრტყელია და ქვემოდან მრგვალი. სახელურისა და კურპუსის შორის მდებარე შემაერთებელი ნაწილის ქვედა ნაწილი 7 პატარა ტკეჩისგან შედგება.
ინსტრუმენტის მოქლონები (გურიაში ბრტყელი ჯორები) კეთდება თავსა და ყელზე, ორი მოქლონი თავის მარცხენა მხარეს კეთდება, ერთი მარჯვენა მხარეს და ყელზე ერთი ზილის სიმისთვის. ზედა ზღურბლი (გურიაში დაბალი ჯორა) ჩასმულია ყელისა და თავის შეერთების ადგილას. მისი სიმაღლე ყელის ზედაპირიდან 2-3 მმ-ია. ჯორა მაღალია, მასზე გაკეთებულია ჭდეები, ჯორა სიმებს იჭერს განსაზღვრულ სიმაღლეზე ყელის ზედაპირიდან, ჯორას აყენებენ სახმო ნახვრეტების ბოლოსთან.
ჩონგურის ზედა დეკა, მუცელი და სახელური სხვადასხვა მასალისგან მზადდება. მუცელი კეთდება თუთის ხისგან, ზედა დეკა კეთდება ნაძვის ხისგან გურიასა და სამეგრელოში, ხოლო ფიჭვისგან აჭარაში. სახელური კეთდება კაკლისგან გურია-სამეგრელოში, ხოლო აჭარაში მასაც ამზადებენ თუთის ხისგან. ჩონგურის მუცელი შედგება 7-8 ერთმანეთზე მიწებებული ფირფიტისგან (ტკეჩები), ამ ფირფიტების ასაღებად იყენებენ დაშნას. როგორც ირკვევა, მათი შეწებება წარმოებს სპეციალურად მომზადებული კალაპოტის დახმარებით. მუცლის ქვედა კიდეზე კრავენ ლენტისებურ თხელ ფირფიტას. ინსტრუმენტის ტარი მზადდება კაკლის ხისგან. ტარი მთლიანია და თავზე უკეთდება ოთხი ნახვრეტი, სამი სიმების მოლანებისთვის და ერთი თასმისთვის. ყელზე კეთდება ნახვრეტი ზილის სიმი მოქლონისთვის. ყელის გასუფთავება ხდება დიდი დანით. შემდეგ კეთდება ზედა დეკა, რომლის სისქე არ უნდა აღემატებოდეს 2 მმ-ს. ზედა დეკის გვერდები სწორია. მარჯვენა და მარცხენა მხრიდან მას აწებებენ ორ თხელ ნახევარმთვარის ფორმის ფირფიტას. ზედა დეკაზე კეთდება ნახვრეტები. როცა კორპუსი მზადაა, უდგებიან დამხამრე ნაწილების დამზადებას: მოქლონებს, დაბალ და მაღალ ჯორას, ღილს (სიმების მეორე ბოლოების დასამაგრებელი ნაწილი). ჩონგურის ჯორა უფრო მაღალია ვიდრე ფანდურისა.
ჩონგურის სიმები კეთდება აბრეშუმის ძაფისგან. აბრეუშმის ძაფს გრიხავენ და შემდგომ სანთელს უსმევენ, ყველა სიმს ერთნაირი სისქე უნდა ჰქონდეს. სიმების გურული სახელწოდება „ძაფი“ ამ მასალას უნდა უკავშირდებოდეს.
ჩონგურის ყელი ინკრუსტირებულია სადაფით ან ძვლით. ზოგჯერ სადაფის ნაცვლად ხმარობენ ხეს. ჩონგურის დამზადების დროს არ სარგებლობენ ტრაფარეტული ზომებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „საქართველოს ეთნოგრაფია/ეთნოლოგია“, თბ., 2010
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩონგური
- ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები დაარქივებული 2016-08-02 საიტზე Wayback Machine.
- ჩონგური
- მ. შილაკაძე, „ქართული ხალხური საკრავები და საკრავიერი მუსიკა“, თბ., 1970
|