ქართული გარმონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქართული გარმონი

ქართული გარმონიაღმოსავლეთ საქართველოში და რაჭაში გავრცელებული პნევმატურ-კლავიშიანი ტრადიციული მუსიკალური საკრავი. გარმონზე დაკვრის ტექნიკა განსაკუთრებით განვითარებულია თუშეთში.

გარმონის ცნობილი შემსრულებლები არიან ლელა თათარაიძე, რეპკო ალხანაიძე, ეპრო თორღვაიძე და სხვები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც ცნობილია XIX საუკუნის ევროპაში შექმნილმა პნევმატურმა მუსიკალურმა ინსტრუმენტმა, რომელსაც აკორდეონს უწოდებენ სხვადასხვა ხალხთა მუსიკალურ ყოფაში განსხვავებული განვითარება ჰპოვა. სწორედ ასეთი ადაპტაციის შედეგია კავკასიაში გავრცელებული აკორდეონის ნაირსახეობა, კავკასიური გარმონი, მეორენაირად მას აზიურ გარმონსაც უწოდებენ. ამ მუსიკალური ინსტრუმენტის ეტიმოლოგია პირდაპირ გამომდინარეობს აკორდეონის რუსული სახელწოდებიდან „гармо́нь“ თუმცა უნდა ითქვას, რომ კავკასიური გარმონი თვისობრივად განსხვავდება რუსულისაგან. ცნება კავკასიური გარმონი ზოგადია, ვინაიდან იგი მოიცავს გარმონის ნაცონალურ სახეობებს ისეთებს როგორებიცაა: ქართული, ოსური, ადიღური და აზერბაიჯანული გარმონები. ქართული გარმონის ჩამოყალიბება დაიწყო: XIX საუკუნის მეორე ნახევარში. ტრადიციულად ქართული გარმონი მზადდება ინდივიდუალურად, სახელოსნო პირობებში. გარმონის ოსტატებს შორის ცნობილნი არიან შედარებით ადრე მოღვაწე ოსტატები: სტალბოვი, შალაევი, ვახრუშოვი, ლევოჩკინი, ბაბლუმოვი, ბოთაძე, სტეფანცოვი და აშ. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში მოღვაწეობდა გარმონის თბილისელი ოსტატი კოტე ბაღდასაროვი, რომელმაც შექმნა ქართული გარმონის თანამედროვე სახე. ბაღდასაროვის გაკეთებული გარმონები გამორჩეული ოსტატობით არის შესრულებული. ქართული გარმონის თანამედროვე დამამზადებელ ხელოსანთაგან გამოირჩევიან: ბათუმელი ოსტატი ზურაბ ვარშანიძე და თბილისში მოღვაწე თამაზ ბიჩინაშვილი.

აგებულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართულ გარმონს გააჩნია დამახასიათებელი დიზაინი, თუმცა გვხვდება განსხვაებული დიზაინის გარმონებიც. არსებობს გარკვეული ნიშნები, რომელნიც ქართული გარმონების უმრავლესობას მსგავსი აქვს, მაგალითად: როგორც წესი ქართული გარმონის, საქცევის დიატონურ ბგერათა სისტემა განსხვავებით უცხოური ანალოგებისაგან, რომელთაც აქვთ დიატონურ ბგერათა 4 ფირფიტა ესეიგი 2 კამერათა რიგი, ქართული გარმონი აგებულია ენაკთა 6 თითბერის ფირფიტით ანუ 3 კამერათა რიგით, ხოლო ნახევარ ტონთა რიგი შედგება 2 ფირფიტისაგან. ასევე ხმის კამერათა სარქველები ქართულ გარმონს აქვს არა ხის არამედ ლითონისა. მისი საქცევი აუცილებლად შედგება არა წრიული არამედ გრძელი კლავიშებისაგან, გარმონის კორპუსისა და საბერველის კიდეები მკვეთრად კუთხოვანია. საბერველის ნაკეცების გარე კიდეებს აუცილებლად ეკვრის შავი ფერის ქსოვილი ან ტყავი, ხოლო კორპუსისა და საბერველის კუთხეები დაფარულია ლითონის კუთხოვანი ფირფიტებით. ქართული გარმონის კლავიშები ხისაა და ზედა მხრიდან გადაკრული აქვს პლასტმასი ან ებონიტი.

ნაირსახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თუშური გარმონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოგადად ქართული გარმონი შეიძლება დაიყოს სამ ტიპად ესენია: ქართული გარმონის ტიპი, რომელსაც ზოგჯერ „თუშურ“ გარმონსაც უწოდებენ ვინაიდან იგი განსაკუთრებით მიღებულია აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში განსაკუთრებით კი თუშეთში. ამ სახის ქართული გარმონი შედარებით ადრეა ჩამოყალიბებული თავის მხრივ თუშური გარმონიც ორი სახისაა დიატონური და ქრომატიული, ასევე განსხვავებულია მათში ბანების სისტემა. ეს გარმონები ძირითადად 19 ბანიანია თუმცა არსებობს 12, 11 და 8 ბანიანებიც. შედარებით ადრე შექმნილ ქართულ გარმონებზე დატანილია ასევე ბანთა სისტემა რომელსაც (ხრომკას) უწოდებენ იგი კავკასიურ ტრადიციულ მუსიკაში უფუნქციოა და გამოიყენებოდა რუსული მელოდიების დასაკრავად. ეს გარემოება სავარაუდოდ განპირობებულია იმით, რომ ქართული გარმონის ოსტატთა დიდი ნაწილი წარმოშობით რუსი იყო. როგორც წესი თუშური გარმონის მარჯვენა საქცევი შედგება 18 დიატონური კლავიშისაგან ქრომატიულ გარმონს შესაბამისად ემატება ნახევარტონის 12 კლავიში. ასვე ბანთა სისტემა შესაძლოა იყოს დიატონირი ან ქრომატიული. გარმონის კორპუსის ზომა როგორც წესი შემდეგნაირია: სიმაღლე დაახლ. 35 სმ. სიგანე დაახლ. 17 სმ. ვიზუალურად აქვს დამახასიათებელი სახე თუმცა არსებობს განსხვავებული დიზაინის თუშური გარმონებიც. უმეტესად ინსტრუმენტის კორპუსი ხისაა და დაფარულია ლაქით, ზოგ შემთხვევაში გადაკრული აქვს პლასტმასის ფენა. მარჯვენა საქცევის დიატონური კლავიშები უმეტესად მთლიანად თეთრია ნახევარტონის კლავიშები კი შავი, ზოგ შემთხვევაში კლავიშებს დამატებით ეკვრის განსხვავებული ფერისა და დიზაინის პლასტმასის ფირფიტებიც. გარმონის საბერველზე გადაკრული ქსოვილი გვხვდება სხვადასხვა სახის, თუმცა უმეტესად იგი წითელი ფერისა ან ჭრელია. თუშური გარმონების უმრავლესობას აქვს საინტერესო ჩამკეტი მექანიზმი, კორპუსის შიგნით მოთავსებულია კაუჭა და მარყუჟი ინსტრუმენტის წინ გადაქნევის შემთხვევაში იგი იხსნება ხოლო უკან გადმოქნევისას იკეტება. ხმის სარქველთა დასაფარად თუშურ გარმონს აკრავს ხის სახიანი ფირფიტა რომელიც ოსტატის მიერ ხელით გამოიჭრება.

წიკო-წიკო და ბუზიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართული გარმონის ტიპთაგან ასევე აღსანიშნავია მინიატურული გარმონები რომელთაც უწოდებენ „წიკო-წიკოს“ და „ბუზიკას“ ესენია ჯიბის დიატონური გარმონები რომლებიც გავრცელებულია ქართლში, კახეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. ბუზიკა ოდნავ დიდი ზომისაა ვიდრე წიკო-წიკო, როგორც წესი მათი მარჯვენა საქცევი შედგება ერთი დიატონური ოქტავისაგან და 2-7 ბანისაგან, ზოგ შემთხვევაში ბანები საერთოდ არ აქვთ. ვიზუალურად ჩამოჰგვანან ტრადიციულ ქართულ გარმონებს თუმცა მინიატურულ გარმონებს ხშირად კლავიშებზე პლასტმასის ნაცვლად გადაკრული აქვთ ლითონის ფირფიტები, ხოლო საბერველის კუთხეები ხშირად დაფარული არ არის ლითონის კუთხოვანი ფირფიტებით.

ბასგარმონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართული გარმონის გვიანდელ ტიპს წარმოადგენს ეგრეთ წოდებული „ბასგარმონი“ იგი თუშური გარმონის განვითარების შედეგია. თუშური გარმონისაგან განსხვავებით ბასგარმონს 80 ბანი (ბასი) აქვს, აქედან გამომდინარეობს მისი სახელწოდებაც. მისი მარჯვენა საქცევი შედგება 21 დიატონური და 14 ნახევარტონური კლავიშისაგან. სხვა კავკასიურ გარმონებთან შედარებით ბასგარმონის კლავიშები უფრო განიერია. კორპუსის სიმაღლე საშუალოდ 43 სმ. ხოლო სიგანე 20 სმ-ა. გარმონის დეკაზე ამოჭრილი ნახვრეტების დიამეტრი უნდა იყოს ზუსტად 9 მმ. ჩამკეტი მექანიზმი თუშური გარმონისაგან განსხვავებით გარე სახელურით, მექანიკურად მუშაობს. ბასგარმონის საბერველი როგორც წესი წითელი ფერისაა ხოლო კორპუსი დაფარულია შავი ფერის პლასტმასის ფენით. გრიფის დიატონურ კლავიშებს გადაკრული აქვს თეთრი და შავი ფერის პლასტმასი რაც ვიზუალურად ქმნის ჩოხის მასრების შთაბეჭდილებას. ბასგარმონის ხმის სარქველებზე ეფარება სახიანი, უმეტეს შემთხვევაში ლითონის შავი ფირფიტა, რომელიც ასევე ხელით იჭრება ოსტატის მიერ.

შესრულების ტექნიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაც შეეხება ქართულ გარმონზე დაკვრის ტექნიკას, იგი შეიძლება განსხვავებული იყოს თუმცა მაინც უნდა ითქვას, რომ ინდივიდუალურია. ტრადიციულად თუშურ გარმონზე დაკვრის ტექნიკა განსხვავდება ბასგარმონზე დაკვრის ტექნიკისაგან, როგორც წესი თუშურ გარმონზე უკრავენ მარჯვენა ხელის მხოლოდ ოთხი თითით, ცერა თითი მოთავსებულია გარმონის მარჯვენა საქცევის უკანა მხარეს, ამ დროს იგი გარკვეულ წილად ინსტრუმენტის დამჭერის ფუნქციას ითავსებს. ხოლო ბასგარმონზე დაკვრისას საქცევზე თავსდება მარჯვენა ხელის ხუთივე თითი. ბასგარმონზე დაკვრისას ბანები კომბინირებულად არიან ჩართული დაკვირს პროცესში გამომდინარე იქიდან, რომ თუშურ გარმონთან შედარებით გაცილებით დიდია მასზე არსებული ბანების რაოდენობა. თუშურ გარმონზე კი პირიქით ბანი შედარებით ბურდონულია რაც ქართული პოლიფონიური აზროვნების შედეგი უნდა იყოს. თუშურ გარმონზე დაკვრის ტექნიკა იდენტურია როგორც თუშეთში, ასევე რაჭაში. თუმცა თუშური საშემსრულებლო სტილი გაცილებიტ უფრო მელიზმატურია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნიკოლოზ ჯოხაძე, ქართული გარმონი (სახეობები, ოსტატები, დაკვრის ტექნიკა) ჟურ. მუსიკა 2016 N4.