ქართული ხალხური საკრავები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქართული ხალხური საკრავები საბჭოთა 10 კაპ. მარკაზე, 1990 წ.

ქართული ხალხური საკრავები — ცნობილია უძველესი დროიდან, როგორც წესი, სიმღერის ან ცეკვის თანხლების ფუნქციით. უძველესი არქეოლოგიური ცნობა ქართული საკრავის შესახებ, მიეკუთვნება ძვ.წ.-ით XV ს.[1]. ძველ ქართულ ლიტერატურულ წყაროებში საკრავთა 100-ზე მეტი დასახელებაა შემონახული[საჭიროებს წყაროს მითითებას].

საკრავი, როგორც „მატერიალური მუსიკალური კულტურის ძეგლი“, მუსიკის ისტორიის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. მისი მეშვეობით შესაძლებელი ხდება ხალხური ხმიერი მუსიკის და, საზოგადოდ, მუსიკალური კულტურის ისტორიის ისეთი საკითხების გარკვევა, რაც სხვა გზით გაძნელდებოდა. ცნობილია, რომ ხმიერი და საკრავიერი მუსიკის განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან. ხმიერი მუსიკა სტიმულს აძლევს საკრავიერის განვითარებას, მაგრამ საკრავიც თავის მხრივ გარკვეულ გავლენას ახდენს ხმიერ მუსიკაზე ინტონირებს თვისებრივი გარკვეულობის, ბგერათრიგის კრისტალიზებისა და მუსიკალურ პრაქტიკაში დაზუსტებული ინტონაციის განმტკიცების მხრივ[2][3].

ქართული ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტარიუმი განსაკუთრებით საინტერესოა იმ მხრივ, რომ მასში, განვითარებული საკრავების გვერდით, შემონახულია შედარებით მარტივი და არქაული ფორმბიც, რომელთა შედარებით-ისტორიული შესწავლა საშუალებას გვაძლევს თვალი გავადევნოთ საკრავის განვითარებას და დავადგინოთ მისი განვიტარების ძირითადი ეტაპები. საუკუნეთა მანძილზე შექმნილ და თანდათან სრულქმნილ საკრავებზე ასახულია ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად დაგროვილი ხალხური ცოდნა და გამოცდილება და ხალხის მუსიკალური აზროვნება.

ქართული მუსიკის ისტორიის შესწავლაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ივ. ჯავახიშვილის ფუძემდებლურ ნაშრომს[4], სადაც ქართულ და უცხოურ წყროებზე დაყრდნობით, ხალხურ სიტყვიერებასა და ზეპირ გადმოცემებზე დაყრდნობით შესწავლილია საკრავიერი მუსიკაც. ავტორი გამოყოფს და ცალ-ცალკე აჯგუფებს სიმებიან, ჩასაბერ, საჩხარუნებელ და დასარტყმელ საკრავებს, საკრავთა მყობრებს. იგი ეხება არა მარტო დღემდე გავრცელებულ, არამედ საუკუნეთა განმავლობაში საქართველოში გავრცელებულ და ცნობილ საკრავებს, გვაწვდის საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შეკრებილ ცნობებს სიმებისა და ცალკეული საკრავების დამზადების წესის შესახებ. ამმ ცნობების საფუძველზე ივ. ჯავახიშვილი ავსებს და ადგენს საკრავის ნაწილთა ქართულ ტერმინოლოგიას.

ქართული ხალხური საკრავთა შესწავლის საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის დ. არაყიშვილს. ის თავის ნაშრომში[5] მიმოიხილავს ძირითადად იმ მუსიკალურ საკრავებს, რომელბიც ინახებოდა მოსკოვსა (დაშკოვის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, კონსერვატორიის მუზეუმსა და ფილარმონიული საზოგადოების მუსიკალურ-დრამატულ სასწავლებელში) და თბილისში (წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუზეუმში).

დ. არაყიშვილის მეორე ნაშრომი[6] წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მუსიკალური საკრავების კატალოგს. მასში მოცემულია ძირითადად ქართული ხალხური სამუსიკო საკრავბეის აღწერა და ზომები.

დ. არაყიშვილის სხვა ნაშრომებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ვოკალურ მუსიკას, მაგრამ არც საკრავებია დატოვებული მთლად უყურადღებოდ. როდესაც იგი რომელიმე კუთხის სიმრერებზე მსჯელობს, გარკვეულ ადგილს უთმობს ამ კუთხეში გავრცელებულ საკრავებსაც[7][8].

დ. არაყიშვილი თავის ერთ ერთ ნაშრომში[9] ქართულ ხალხურ საკრავებს ერთ თავს უთმობს. მასში აღნუსხულია საქართველოში გავრცელებული და ცნობილი საკრავები (უენო და ენიანი სალამურები, სასწრაფო, საყვირი, სოინარი, სტვირი, დოლი, დიპლიპიტო, დაირა, გურული ჩონგური, გურული ჭიანური, ჭუნირი, ფანდური, წინწილა, სვანური ჩანგი).

ქართული მრავალღერიანი სალამური ერთადერთი ქართული საკრავია, რომლის შესახებაც არსებობს მონოგრაფიული გამოკვლევა. იგი ვ. სტაშენკო-კუფტინას ეკუთვნის[10] და წარმოადგენს ამ საკრავის ყოველმხრივ გამოკვლევას. ავტორი საკრავს განიხილავს ცოცხალ სიანმდვილეში, დაწვრილებით ეხება მასზე დაკვრის ხელოვნებას, არ კმაყოფილდება მხოლოდ ქართული მასალით და ეძებს ამ საკრავზე შესასრულებელი ჰანგების ანალიზს.

1936 წელს გამოქვეყნდა ვ. ბელიაევის გამოკვლევა[11], რომელშიც ქართული საკრავების მეცნიერული შესწავლის ცდაა მოცემული. ვ. ბელაიევი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქართული მუსიკალური საკრავების შესწავლას, რადგანაც, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, აქ შემოინახა მუსიკალური კულტურის განვითარების მთელი რიგი ისეთი სტადიებისა, რომლებიც სხვაგან არ შეინიშნება. მისი დაკვირვებით, ქართული მუსიკალური ინსტრუმენტარიუმის უძველესი ფენაა მრავალღერიანი სალამური, ფანდური, გუდა-სტვირი და ჩანგი, ხოლო თვლიანი სალამური მოგვიანო ხანის საკრავად მიაჩნია.

ქართველ სბჭოტა მკვლევართაგან, რომლებიც საკრავიერ მუსიკას ეხებიან მეტ-ნაკლებად, ყურადღებას იმსახურებს გრ. ჩხიკვაძის ნაშრომები. აღსანიშნავია მისი გამოკვბლევა „სამუსიკო საკრავი ებანი და მისი რაობა“.

ქართული ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტარიუმი წარმოდგენილია სიმებიანი, ჩასაბერი და დასარტყმელი ჯგუფებით.

სიმებიანი საკრავები იყოფა 1) ჩამოსაკრავ 2) მოსაზიდ და 3) ხემიან საკრავთა ქვეჯგუფებად. პირველ ქვეჯგუფს განეკუთვნება ფანდური და ჩონგური, მეორეს — ჩანგი, მესამეს — ჭუნირი და ჭიანური.

ჩასაბერი ჯგუფი წარმოდგენილია შემდეგი საკრავებით: მრავალღერიანი სალამური (ლარჭემი და სოინარი), უენო და ენიანი სალამურები, გუდასტვირი და ჭიბონი.

დასარტყმელ საკრავებს განეკუთვნებიან დოლი და დაირა.

ასევე ცნობილია შემდეგი საკრავებიც:

  1. დასარტყამი: დიპლიპიტო;
  2. ჩასაბერი: საყვირი;
  3. პნევმატურ-კლავიშიანი: ქართული გარმონი.

საქართველოში ასევე გავრცელებული იყო სხვა ხალხთა საკრავები: ქამანჩა, საზი, თარი, ზურნა, დუდუკი და სხვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი.- შემდგ.:ნანა მაჭარაშვილი, თბ.გამომცემლობა "მერედიანი". 2004

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მცხეთაში ნაპოვნია უენო სალამური;
  2. Р. И. Грубер, «История музикальной культуры», т. I, М.-Л., 1941, стр. 134
  3. В. К. Стешенко-Куфтина, «Древнейшие инструментальные основы грузинской народной музыки», I, Флейта Пана, Тб., 1936, стр. 14-15.
  4. ივ. ჯავახიშვილი, „ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები“, თბ., 1938
  5. დ. არაყიშვილი, «О грузинских музикальных инструментах из собрании Москвы и Тифлиса»
  6. დ. არაყიშვილი, „ქართული სამუსიკო საკრავების აღწერა და გაზომვა“, თბ., 1940
  7. Д. Аракишвили, «Народная песня Западной Грузии (Имеретии) с приложением 83 песен в народной гармонизации, записанных фонографом», М., 1908
  8. Д. Аракишвили, «Грузинское народное музыкальное творчество с приложением 225 песен в народной гармонизации и 39 инструментальных мелодий, записанных фонографом», М., 1916
  9. დ. არაყიშვილი, „ქართული მუსიკა“, ქუთაისი, 1925
  10. В. К. Стешенко-Куфтина, Древнейшие инструментальные основы грузинской народной музыки, I, Флейта Пана, Тбилиси, 1936
  11. В. М. Беляев, К вопросу изучения грузинских музыкальных инструментов, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, IX-B, ტფილისი, 1936, გვ. 1-40