წინწილა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წინწილადასარტყმელი მუსიკალური საკრავი.

მოდინახეს ციხის გათხრებისას, ერთ-ერთ სამაროვანში, სხვა ექსპონატებთან ერთად, აღმოჩნდა წყვილი თეფში ანუ წინწილა. ეს სამარხი ჩვენი წელთაღრიცხვის IV-ე საუკუნით არის დათარიღებული. ანალოგიური საკრავები აღმოჩნდა მცხეთაში არმაზის ხევის გათხრების დროსაც. სულ ოთხი წყვილი, ე.ი. 8 წინწილა, რომელთა დიამეტრი განსხვავებულია, დიდი თეფშის დიამეტრი 40 სმ, ხოლო მცირესი - 20 სმ. წინწილები გარეგნულად ჩვეულებრივ თეფშებს ჰგვანან, რომელთაც თავზე სარქველი აქვთ ხელის მოსაკიდი ყულფით. თეფშები ირგვლივ დაჩხვლეტილია. ისინი ხმის გამანაწილებლის როლს ასრულებენ. აღნიშნული საკრავი დღესაც გამოიყენება. ძველი და ახალი თეფშების შედარებამ ცხადყო, რომ გათხრებში მოპოვებული წყვილი წინწილა უკეთესად არის ნაკეთები ხმის განაწილების მხრივ, ვიდრე დღევანდელ სამხედრო ორკესტრებში არსებული უბრალო თეფშები, რომელთაც არ გააჩნიათ არც ხმის გამანაწილებელი სარტყელი და არც ხმის მარეგულირებელი ნახვრეტები.

წინწილა ქართულ ლიტერატურაში ადრევე არის მოხსენიებული, მაგალითად, „ვეფხისტყაოსანში“ ვკითხულობთ:

ვიკიციტატა
„ბუკსა ჰკრეს და დაატკბობდეს მათთა ხმათა წინწილანი“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]