ტაჯიკეთის კომუნისტური პარტია
ტაჯიკეთის კომუნისტური პარტია | |
---|---|
ტაჯ. Ҳизби коммунистии Тоҷикистон Hizbi kommunistii Tojikiston სპარს. حزب کمونیست تاجیکستان | |
ისტორია | |
დაფუძნდა | 1918 |
პოზიციები | |
იდეოლოგია | კომუნიზმი, მარქსიზმ-ლენინიზმი |
წარმომადგენლობითობა | |
ადგილები უმაღლეს კრებაში |
2 / 63 |
ტაჯიკეთის კომუნისტური პარტია, ტკპ (ბ) (ტაჯ. Ҳизби коммунистии Тоҷикистон / Hizbi kommunistii Tojikiston, სპარს. حزب کمونیست تاجیکستان) — ოფიციალურად დარეგისტრირებული მემარცხენე პოლიტიკური პარტია ტაჯიკეთში. იყო სკკპ-ის შემადგენელი ნაწილი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი სოციალ-დემოკრატიული ჯგუფები ტაჯიკეთში შექმნა 1905–1907 წლების რევოლუციის დროს. 1917 წლის დასასრულსა და 1918 წლის დასაწყისში ბოლშევიკური ორგანიზაციები გაჩნდა ხოჯენდში, ურუთეფაში, ფენჯიქენთში, შურაბსა და სხვა ადგილებში. 1918 წლის გაზაფხულზე თანამედროვე ტაჯიკეთის რაიონებში 7 ბოლშევიკური ორგანიზაცია იყო, რომელიც 170 წევრს ითვლიდა. ბუხარის საემიროში რევოლუციონერთა გამარჯვებისა (1920) და აღმოსავლეთ ბუხარაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ (1921), ბუხარის კომუნისტური პარტიის ცკ-მა (შეიქმნა 1918 წლის ნოემბერში) დააფუძნა ცენტრალური საორგანიზაციო ბიურო, 1923 წლის ივნისში კი — ცკ-ის საორგანიზაციო ბიურო აღმოსავლეთ ბუხარაში, რომელმაც იარსება ტაჯიკეთის ასსრ-ის შექმნამდე.
შუა აზიის საბჭოთა რესპუბლიკების ეროვნულ-სახელმწიფოებრივი გამიჯვნის შემდეგ შეიქმნა უზბეკეთის კპ (ბ) ცკ-ის ორგანიზაციული ბიურო ტაჯიკეთის ასსრ-ში, რომელმაც ჩამოაყალიბა ტაჯიკეთის საოლქო პარტიული ორგანიზაცია, 1927 წლის 21–27 ოქტომბერს შედგა პირველი საოლქო პარტიული კონფერენცია, რომელზეც აირჩიეს უზბეკეთის კპ(ბ) ტაჯიკეთია საოლქო კომიტეტი. საკავშირო კპ (ბ) ცკ-ის ხელმძღვანელობით ტაჯიკეთის პარტიული ორგანიზაცია სათავეში ჩაუდგა ბრძოლას ბასმაჩობის წინააღმდეგ „სამოქალაქო ომით დანგრეული სახალხო მეურნეობის აღსადგენად, პირველი სამრეწველო საწარმოების ასაგებად და კულტურული კერების შესაქმნელად“. 1929 წელს საკავშირო კპ (ბ) ცკ-ის პოლიტბიუროს გადაწყვეტილებით უზბეკეთის კპ (ბ) ტაჯიკეთის საოლქო ორგანიზაცია გარდაიქმნა ტაჯიკეთის კომუნისტურ პარტიად (ბოლშევიკებისა), რომელიც შედგებოდა 7 სამხარეო პარტიული ორგანიზაციისა და მთიანი მთიანი ბადახშანის აო პარტორგანიზაციისაგან. 1930 წლის 6–15 ივნისს დუშანბეში შედგა ტაჯიკეთის კპ (ბ) პირველი ყრილობა. ომის წინა ხუთწლედებში განხორციელდა სოციალისტური ინდუსტრიალიზაცია, სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაცია, კულტურული რევოლუცია. ტაჯიკეთის კპ (ბ) იბრძოდა ტროცკიზმის, მემარჯვენე ოპორტუნიზმის, „ბურჟუაზიული ნაციონალიზმის“ წინააღმდეგ.
დიდი სამამულო ომის (1941–1945) პერიოდში ტაჯიკეთის კპ (ბ) ყურადღების ცენტრში იყო ჯარის ნაწილებისა და შენაერთების ჩამოყალიბება და მომზადება, მასობრივი თავდაცვითი მუშაობის ჩატარება მოსახლეობაში, არმიისა და ფრონტის უზრუნველყოფა ყოველივე აუცილებლით მტრის გასანადგურებლად. ომის წლებში ტაჯიკეთის კპ (ბ)-მ ფრონტზე გაგზავნა თავისი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ტაჯიკეთის კპ (ბ) ხელმძღვანელობით მთელი სახალხო მეურნეობა უმოკლეს დროში გარდაიქმნა სამხედრო ყაიდაზე. ტაჯიკეთის კპ (ბ) საქმიანობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საკავშირო კპ (ბ) ცკ-ის დადგენილებებმა 1942 წლის 7 ოქტომბერს – „ტაჯიკეთის კპ (ბ) ცენტრალური კომიტეტისა და საოლქო კომიტეტების მუშაობის შესახებ“ და 1944 წლის 13 დეკემბერს – „ტაჯიკეთის კპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის მუშაობის შესახებ“. ომის წლებში ტაჯიკეთის ცკპ (ბ) რიგებში შევიდა 17 024 კაცი.
ტაჯიკეთის კპ რიგებში 1984 წლის 1 იანვრისთვის ირიცხებოდა 113 018 წევრი და 5528 წევრობის კანდიდატი (5007 პირველადი პარტიული ორგანიზაცია).
სსრკ-ის დაშლის შემდეგ, 1991–2016 წლებში ტაჯიკეთის კპ-ის თავმჯდომარე შოდი შაბდოლოვი იყო. 1990–1995 წლების პირველი მოწვევის უმაღლესი კრების 230 დეპუტატიდან 224 ტაჯიკეთის კპ-ის წარმომადგენელი იყო, 1995–2000 წლებში — 181-დან 60, 2000–2005 წლებში 63-დან 13, 2005–2010 წლებში 63-დან 4, 2010–2015 და 2015–2020 წლებში კი — 63-დან 2.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 674.