შინაარსზე გადასვლა

ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუზეუმის შენობა, XIX ს ბოლო პერიოდი (ამ დროსითვის აქ სასულიერო სემინარიაა).

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი (შემოკლებით ხელოვნების მუზეუმი) — საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენელი ერთეული, წარმოადგენს ხელოვნების ნიმუშთა უდიდეს სახელმწიფო საცავ-მუზეუმს საქართველოში.

დაარსდა 1920 წელს დიმიტრი შევარდნაძის თაოსნობით როგორც საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერეა. 1932 წლის 5 აგვისტოს გალერეის ბაზაზე ჩამოყალიბდა სახვითი ხელოვნების ცენტრალური მუზეუმი, სადაც გაერთიანდა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების და თსუ-ის ძველი ქართული ხელოვნების მუზეუმის კოლექციები. 1933 წლიდან ეწოდებოდა სახვითი ხელოვნების ცენტრალური მუზეუმი „მეტეხი“. 1950 წლიდა ეწოდა საქართველოს სსრ ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი. 1984 წლისთვის მუზეუმში დაცული იყო 60 ათასამდე ექსპონატი.

მუზეუმში ინახება ქართული ხელოვნების ნიმუშები უძველესი დროიდან დღემდე. ფართოდ არის წარმოდგენილი VIII-XIX სს. ქართული ოქრომჭედლობა (ზარზმის ფერისცვალების ხატი, ბედიის ბარძიმი, ანჩისხატისა და ხახულის კარედები, თამარ მეფის ჯვარი, ლაკლაკიძეების ხატი და სხვ.); VIII-XV სს. ტიხრული მინანქრები, საიუველირო ნაწარმი, მხატვრული ქსოვილები. ძველი ქართული ხელოვნების ფონდში შედის შუა საუკუნეების ქართლი არქიტექტურის, მონუმენტური ფერწერისა და მოზაიკის, ქანდაკების, ხატწერის, ხეზე კვეთილობის ნიმუშები. მდიდარია ახალი და თანამედროვე ქართული ფერწერისა და ქანდაკების ნიმუშთა კოლექცია (ნ/ ფიროსმანის, ა. ბერიძის, რ. გველესიანის, შ. ქიქოძის, ა. მრევლიშვილის, გ. გაბაშვილის, ი. ნიკოლაძის, ნ. კანდელაკის, მ. თოიძის, ლ. გუდიაშვილის, დ. კაკაბაძის, ქ. მაღალაშვილის, ე. ახვლედიანის, ს. ქობულაძის და სხვ. ნაწარმოებები).

მუზეუმს აქვს რუსეთის (დ. ლევიცკი, ვ. ტროპინინი, ი. აივაზოვსკი, მ. ვრუბელი და სხვ.), ყოფილი სსრ რესპუბლიკების (ე. ლანსერე, ი. გრაბალი, ა. დეინეკა), დასავლეთ ევროპის ქვეყნების (გერმანია, ნიდერლანდები, იტალია) და აღმოსავლეთის ქვეყნების (განსაკუთრებით ირანის) ხელოვნების კულტურის თვალსაჩინო კოლექციები.

შენობა, რომელშიც მუზეუმია, 1835 წელს მდიდარმა ვაჭარმა იაკობ ზუბალაშვილმა ააგებინა შვეიცარიელ არქიტექტორს ჯუზეპე ბერნარდაცის რუსეთში იმ დროს მოდურ კლასიცისტურ სტილში. თავდაპირველად შენობაში სასტუმრო იყო განთავსებული. 1840 წელს იგი საეგზარქოსომ შეიძინა და მასში სასულიერი სემონარია განათავსა. 1905 წლამდე სემინარია ამ შენობაში მდებარეობდა შემდეგ სემინარია გადაიტანეს ვაკეში (შემდგომში მე-9 საავადმყოფოს შენობა). მიუხედავად ამისა, 1917 წლის რევოლუციამდე პუშკინის 4 ნომერში მდებარე შენობა რუსული სასულიერო უწყების განკარგულებაში რჩებოდა. 1921 წელს ყოფილ სასულიერო სემინარიის შენობას პირველადი ფუნქცია დაუბრუნეს და მასში სასტუმრო „პალასი“ განთავსდა. 1950 წელს შენობაში დაიწყო სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელთა დასრულების შემდეგაც იქ ბინა დაიდო საქართველოს ხელოვნების მუზეუმმა.