პეტრე იბერი
პეტრე იბერი | |
---|---|
პეტრე იბერის ფრესკა ჯვრის მონასტერში, იერუსალიმი | |
დაბადების სახელი | მურვანი |
დაბადების თარიღი |
411 იბერია |
გარდაცვალების თარიღი | 491 |
დაკრძალულია | ისრაელი |
ეროვნება | ქართველი |
პროფესია | თეოლოგი და ფილოსოფოსი |
მშობლები |
მამა: ბუზმარი დედა: ბაკურდუხტია |
პეტრე იბერი (დ. 411 — გ. 491) — ქართველი თეოლოგი და ფილოსოფოსი, ქრისტიანული ნეოპლატონიზმის ფუძემდებელი და თვალსაჩინო წარმომადგენელი. ერისკაცობაში მურვანი (სირიული წყაროებით — ნაბარნუგი), ბუზმარის შვილი, ბაკურ დიდის შვილიშვილი.
გენეალოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყველაზე ძველი წყარო რომელშიც პეტრე იბერის ცხოვრებაა აღწერილი, არის იოანე რუფუსის ნაწარმოები, რომლის დედანმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია. შემორჩენილია მხოლოდ სირიული თარგმანი[1]. აღნიშულ ასლში ჩამოთვლილია პეტრე იბერის გენეალოგია. ის წარმოადგენდა ივერთა მეფის ბაკურ დიდის შვილიშვილს, რომელსაც ცოლად ჰყავდა ცოლი სახელად დუხტი. პეტრეს დედა იგივე ბაკურისა და დუხტის ასული იყო სახელად ბაკურდუხტი. პეტრეს მამას ერქვა ბუზმარი, ისევე როგორც მის ბაბუასაც. პეტრე ბაბუას — ბუზმარს ჰყავდა ცოლად ოსდუხტი, რომლის ძმა იყო ფარსმანი, რომელიც ერთი პერიოდი იბერთა ზედა მეფობდა მას შემდეგ რაც დაბრუნდა რომიდან.
აღსანიშნავია რომ, მირიანიდან ვახტანგამდე პერიოდში იბერიის მეფეთა ორი დინასტია არსებობდა. ერთნი ისხდნენ მცხეთაში, ხოლო მეორენი უჯარმაში. თავდაპირველად უჯარმაში მჯდომი მმართველი, რომელიც იყო მირიანის ძე რევი, იწოდებოდა კახეთ-კუხეთის ერისთავად, ხოლო რევის სიკვდილის შემდეგ, რაც ბაქარიანელებმა მცხეთის სამეფო ტახტი დაიკავეს ჩამოვარდა შუღლი კახეთ-კუხეთის ერისთავის წარმომადგენლებსა და საბერძნეთიდან დაბრუნებული ბაქარს შორის. ამიტომ რევის მოდგმა თავს ივერთა მეფედ ისევე აღიარებდა როგორც მცხეთელი მეფე. პეტრე იბერი წარმოადგენს აღნიშნული რევიანელი დინასტიის შტოს და მიუხედავად იმისა რომ ქართლის ცხოვრებაში არც ბუზმარი დიდი და არც ბუზმარი მცირე არ მოიხსენიება, ისინი მაინც არსებობსნდენ მაგრამ იყვნენ უჯარმაში მჯდომი ხელისუფლები.
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მის აღმზრდელად კოლხეთიდან მოუწვევიათ ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი მითრიდატე ლაზი. მურვანი ამალითურთ 423 წელს ბიზანტიის კეისრის თეოდოსიუს II-ის მოთხოვნით მძევლად წარგზავნეს კონსტანტინოპოლს. აქ ქართველ უფლისწულის სწავლა-აღზრდის საქმეს მითრიდატე ლაზთან ერთად ხელმძღვანელობდა კეისრის მეუღლე დედოფალი ევდოკია. მურვანს ბავშვობიდანვე დიდი ნიჭი გამოუჩენია და ბრწყინვალე განათლება მიუღია, შეუთვისებია „ყოველივე სწავლულება, საეკლესიო და საფილოსოფოსო“ (ქართლის ცხოვრება).
ცნობების თანახმად, მურვანი ბიზანტიაში უსმენდა გამოჩენილ სწავლულებსა და ფილოსოფოსებს. მისი ბიოგრაფის ზაქარია ქართველის გადმოცემით, უფლისწულს თავისი განსწავლულობით, ბერძნულის ცოდნითა და გონებამახვილობით განცვიფრებაში მოჰყავდა მეფე და სასახლის ფილოსოფოსები. იერუსალიმში ყოფნის დროს მას შესანიშნავად აუთვისებია სირიული ენა და მწერლობა. რამდენიმე ქართველთან ერთად ის გაიპარა სასახლიდან და პალესტინაში გადასახლდა. მათ შორის მითრიდატე ლაზისა და ზაქარია ქართველის ყოფნა წყაროებითაა დადასტურებული.
მოღვაწეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იერუსალიმში მურვანი და მითრიდატე აღიკვეცნენ ბერებად, გამოიცვალეს სახელები (მურვანი — პეტრე, ხოლო მითრიდატე — იოანე). 445 წელს ისინი აკურთხეს მღვდლებად. მათ შემოიარეს ახლო და შუა აღმოსავლეთის მრავალი ქვეყანა, დამკვიდრდნენ მაიუმში ქ. ღაზის მახლობლად.
პეტრე იბერი გახდა ერთ-ერთი უსაჩინოესი წარმომადგენელი V საუკუნის II ნახევრის ფილოსოფიურ-თეოლოგიური აზროვნებისა. 452 პეტრე იბერი მაიუმის ეპისკოპოსად დანიშნეს. ზაქარია რიტორი მას „მსოფლიოში განსაცვიფრებლად სახელგანთქმულ ადამიანს“ უწოდებდა, იოანე რუფუსი კი — „ჩვენს პავლეს“, „მეორე მოციქულ პავლეს“ და „მეორე მოსეს“, ხოლო ზაქარია ქართველის გამოთქმით, „იგი იყო მშვენება და დიდება საქართველოსი და მცველი მთელი ქვეყნისა“.
პეტრე იბერმა ააშენა ქართველთა მონასტერი და შექმნა სკოლა, რომლის ბირთვს სირიაში მყოფი ქართველები შეადგენდნენ. სკოლაში იყვნენ არაქართველებიც: ბერძნები, სირიელები და სხვა. არსებობს მოსაზრება, რომ ამ სკოლაში სწავლამიღებული ქართველები VI საუკუნეში სამშობლოში დაბრუნდნენ, რაც ქართულ ისტოგრაფიაში ასურელ მამათა მოსვლის სახელითაა ცნობილი.
ფსევდო დიონისე არეოპაგელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიონისე არეოპაგელს მრავალი საუკუნის განმავლობაში მიაწერდნენ ე. წ. არეოპაგიტულ კორპუსს (Corpus Areopagiticum), რომელიც 10 ეპისტოლისა და ოთხი წიგნისგან შედგება: „საღმრთოთა სახელთათჳს“ „ზეცათა მღვდელთმთავრობისათჳს“, „საეკლესიოჲსა მღვდელთმთავრობისათვის“, „საიდუმლო ღმრთისმეტყველებისათჳს“. ამ თხზულებებს განუზომელი მნიშვნელობა აქვთ მართლმადიდებლური და დასავლეთევროპულ ეკლესიათა ღვთისმეტყველებისათვის. მოგვიანებით დადგინდა, რომ წმ. დიონისე, 1 საუკუნის მოღვაწე არ შეიძლება ყოფილიყო ამ კორპუსის ავტორი; შესაბამისად, უცნობ ავტორს ეწოდა ფსევდო დიონისე არეოპაგელი. 1942 წელს გამოჩენილმა ქართველმა მეცნიერმა შალვა ნუცუბიძემ ფსევდო დიონისე არეოპაგელისა და ცნობილი ქართველი მოღვაწის პეტრე იბერის იდენტობის საკითხი წამოაყენა მსოფლიო მეცნიერებაში. მისგან დამოუკიდებლად ამავე დასკვნამდე მივიდა ცნობილი ბელგიელი მეცნიერი ერნესტ ჰონიგმანი 1952 წელს, რის შემდეგაც აღნიშნულ თეორიას ეწოდა ნუცუბიძე-ჰონიგმანის თეორია.
ფილოსოფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პეტრე იბერის თეორიული მოღვაწეობა ანტიკურობის ქრისტიანობასთან დამაკავშირებელი ხიდია. საჭირო იყო ანტიკური ფილოსოფიის სათანადო გადამუშავება და მკაცრი რედაქტირება, რის შედეგად იგი ქრისტიანობისათვის მისაღებ ფორმას შეიძენდა და ანტიკური ფილოსოფიის უკანასკნელი წარმომადგენლის — პროკლე დიადოქოსის მიერ მიღებულ ძირითად შედეგებსაც შეინარჩუნებდა. ეს ისტორიული ამოცანა პეტრე იბერმა საკმაო წარმატებით გადაჭრა. მისი ზოგიერთი შეხედულება ეკლესიისათვის მიუღებელი აღმოჩნდა. პეტრე იბერმა ნეოპლატონურ წყებათა ანუ „სირათა“ შესახებ შეცვალა აუცილებლობასთან დაკავშირებული იერარქიის პრინციპით, რომლის მიხედვით, პირველი მიზეზიდან გამოიყვანებოდა პირველი შედეგი და არა არსებობის ყველა საფეხური. ასე გაგებული იერარქიის პრინციპი ეკლესიისათვის მიუღებელი იყო. პეტრე იბერის მოძღვრება ადამიანის ღმერთამდე ამაღლებისა და ყველა საგნის ღმერთში დაბრუნების შესახებ განზე ტოვებდა ქრისტიანულ წარმოდგენებს საიქიო მიზღვის, მონანიების, ტანჯვისა და გამოსყიდვის შესახებ.
პეტრე იბერის ისტორიული დამსახურებაა ნეგატიური თეოლოგიისა და დიალექტიკის თეორიის ჩამოყალიბება. მისი აზრით, შეუძლებელია ღმერთის როგორც უსასრულობის დადებითი განსაზღვრა, რადგან ღმერთი ყოველგვარ დადებით განსაზღვრებაზე მაღლა დგას. ამიტომ ჩვენ ის კი არ ვიცით, თუ რა არის ღმერთი, არამედ ის, თუ რა არ არის იგი. ღმერთის შესახებ ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ის არსებობს, რადგან ღმერთი მეტია არსებობაზე. ღმერთის ბუნება მოითხოვს არყოფნას. ამის გამო, პროკლესაგან განსხვავებით იგი ღმერთის უარყოფით დახასიათებას უფრო შესაფერისად თვლიდა, ვიდრე დადებითს.
პეტრე იბერის თვალსაზრისით, ღმერთის ნეგატიური გზით შემეცნება ემყარება საზღვრების მოხსნას ქვეყანასა და ღმერთს შორის. ქვეყნის საფეხურების შემეცნებით და ღმერთამდე ამაღლებით დადგინდება, თუ რა არ არის ღმერთი, ამასთან, მოიხსენება საზღვარი ღმერთსა და იმას შორის, რაც არ არის ღმერთი და ამით ღმერთამდე ამაღლებული აღმოვჩნდებით, მაგრამ ეს მაინც არ არის ღმერთის წვდომის ერთადერთი გზა. არის მეორე გზაც — ღმერთის უშუალო ჭვრეტა მისტიკური ექსტაზის გზით — როცა უსასრულოს შეცნობა სასრული ადამიანის მიერ ჩვეულებრივი გზებით მიუღწეველია. თუმცა მისტიკური ექსტაზის გზა მაინც ვერ იძლევა გარანტირებულ შედეგს, ასეთი სახის ისტიკა პეტრე იბერთან ერთგვარ საეკლესიო ოპოზიციასაც ქმნიდა.
პეტრე იბერი ნეგატიურად წყვეტს სიკეთისა და ბოროტების მიმართებას. ბოროტება არაა სუბსტანციური, იგი უკმარობაა და არ არსებობს სიკეთისგან დამოუკიდებლად. უარყოფით თეოლოგიაში დიალექტიკის გამოყენებამ პეტრე იბერი ნებით თუ უნებლიეთ ეკლესიისათვის მიუღებელი მრავალი პროგრესული იდეის აღიარებამდე მიიყვანა, რისთვისაც მას ეკლესია ხშირად ივიწყებდა. ქართულმა ეკლესიამაც პეტრე იბერს დიდხანს ზურგი შეაქცია და მხოლოდ XII—XIII საუკუნეების მიჯნაზე აღიარა და წმინდანადაც შერაცხა, მაგრამ წინასწარვე მონოფიზიტად გამოაცხადა. მანამდე ქართული წყაროები მის შესახებ დუმდა.
საწინააღმდეგო შეხედულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პრესაში გავრცელებული ინფორმაციით 2010 წლის 7 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა „წმიდათა დასში აღადგინა V ს-ის დიდი ქართველი სასულიერო მოღვაწე და ფილოსოფოსი პეტრე იბერი“.[2] საპატრიარქოდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სინოდის სხდომის განჩინება გავრცელდა მედია საშუალებებით.[3][4] იმავე წლის 13 მაისს 7 მაისს გამართულ წმინდა სინოდის სხდომასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პრეს-სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა დავით შარაშენიძემ განაცხადა:
„შესაბამის ინტერნეტ საიტებზე და გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანში“ დაიბეჭდა წმინდა სინოდის სხდომის ოქმი, რომელშიც გაიპარა უნებლიე შეცდომა თითქოს 7 მაისის წმინდა სინოდის სხდომამ მიიღო განჩინება პეტრე იბერის წმინდათა ხარისხში აღდგენის შესახებ. სინამდვილეში სინოდის სხდომაზე შემოვიდა განცხადება პეტრე იბერთან დაკავშირებით, თუმცა სინოდს ამ საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება არ მიუღია. აღნიშნული საკითხი განსახილველად სინოდალურ კომისიას გადაეცა[5]“
|
როგორც შემდგომ გაირკვა, პეტრე იბერის წმინდანად შერაცხვის საკითხს საპატრიარქოში ლობირებდნენ გარკვეული საერო და სასულიერო პირები რაც გამოააშკარავა თბილისის სასულიერო აკადემიის პატრისტიკისა და თეოლოგიის კათედრის გამგემ, პროფესორმა ედიშერ ჭელიძემ თავის წიგნში „პეტრე იბერის თაობაზე“. წიგნში საკმაოდ ნათლად არის დასაბუთებული, რომ პეტრე იბერი იყო მონოფიზიტური მრწამსის აღმსარებელი და მონოფიზიტური ეკლესიის აღიარებული ლიდერი და, ამდენად, მისი წმინდანად შერაცხვა მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სრულიად შეუძლებელია:[6]
„პეტრე იბერის მართლმადიდებლად კანონიზების მცდელობა ტოლფასია იმისა, რომ კანონიზებულ ვყოთ არიოზი და ნესტორი.“
|
ედიშერ ჭელიძე პეტრე იბერის კანონიზების მცდელობას უწოდებს „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უწმინდესი სინოდის შეცდომაში შეყვანას“, „ვერაგულ შეთქმულებას“, „სულიერ ბოროტმოქმედებას“, „უაღრესად დახვეწილად მოფიქრებულ და ცრუპატრიოტული ჰალუცინაციებით ნაკვებ გეგმას“, „მონოფიზიტობის ბილწი საცეცების შემოხლართვას მართლმადიდებლური სიწმინდის გარშემო და საქართველოს ეკლესიის შეურაცხყოფას“.[7]
ავტორს მოჰყავს პეტრე იბერის მონოფიზიტობის დამამტკიცებელი მრავალრიცხოვანი საბუთი და თეოლოგიური ლიტერატურა. ამის არგუმეტები შემდეგია:
- პეტრე იბერის მღვდელმთავრად კურთხევა მოხდა იერუსალიმის მონოფიზიტი პატრიარქის, თეოდოსი პალესტინელის მიერ;
- უკლებლივ ყველა ის საეკლესიო პირი, რომელთანაც ქალკედონის კრების შემდეგ პეტრე იბერი მღვდელმოქმედებითად იყო დაკავშირებული, მონოფიზიტია;
- პეტრე იბერის მიერ ნაკურთხი მღვდელმთავრები უკლებლივ მონოფიზიტები არიან;
- პეტრე იბერმა აიძულა ალექსანდრიის მონოფიზიტი პატრიარქი პეტრე III, რომ ერთმნიშვნელოვნად და აშკარად დაეგმო ქალკედონის კრება;
- პეტრე იბერის აღზრდილია სევეროზ ანტიოქელი, რომელმაც დაწერა ქალკედონის კრების შემაჩვენებელი ე. წ. „კათოლიკე ეპისტოლე“;
- მონოფიზიტი იყო პეტრე იბერის უკლებლივ ყველა მოწაფე;
- მხოლოდ მონოფიზიტებმა აღწერეს პეტრე იბერის „ცხოვრება“;
- მხოლოდ მონოფიზიტებმა შეიტანეს პეტრე იბერის (და იოანე ევნუქის ანუ იოანე ლაზის) ხსენება მონოფიზიტურ კალენდარში და მოახდინეს მისი კანონიზირება;
- მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან არავინ ახსენებს პეტრე იბერს და არ აღწერს მის „ცხოვრებას“;
- მართლმადიდებლებს არასდროს შეუტანიათ პეტრე იბერის ხსენება საეკლესიო კალენდარში;
- პეტრე იბერის „ცხოვრება“ არ შემორჩა ბერძნულ ენაზე და შემორჩა მხოლოდ მონოფიზიტთა ძირითად ენაზე – სირიულზე;
ე. ჭელიძე ასევე საბუთებს, რომ პეტრე იბერი არ შეიძლება იყოს არეოპაგეტიკული კრებულის ავტორი. წიგნში ნაჩვენებია, რომ უკვე დოკუმენტურად არის დასაბუთებული არეოპაგიტული შრომების არსებობა IV-V საუკუნემდე, რადგან მისი ციტირება ხდება III საუკუნის საეკლესიო მოღვაწე, წმინდა დიონისე ალექსანდრიელთან (248–265 წწ.). გამოაშკარავებულია ჩვენში დანერგილი მითი, თითქოს შალვა ნუცუბიძე ღრმა მეცნიერული ძიებით მივიდა პეტრე იბერისა და არეოპაგიტულ შრომათა ავტორის იგივეობის შესახებ აზრამდე, სინამდვილეში კი ამისთვის ბიძგი იყო ერთ–ერთ გერმანულ ბიზანტოლოგიურ ჟურნალში დაბეჭდილი IV-V საუკუნეების მოღვაწეთა მრავალრიცხოვანი სია, რომელთაც შეიძლებოდა შეხება ჰქონოდათ არეოპაგიტულ შრომებთან. გამოაშკარავებულია ასევე ჩვენში ღრმად დანერგილი მეორე მითი, თითქოსდა ე. ჰონიგმანი არ იცნობდა შ. ნუცუბიძის პუბლიკაციას – პირიქით, ჰონიგმანი თავის წიგნს სწორედ ნუცუბიძის პუბლიკაციაზე მითითებით იწყებს.[8]
„ამგვარია შეულამაზებელი რეალობა, რასაც თვალი უნდა გავუსწოროთ. უბრალოდ ვალდებულნი ვართ ასე მოვიქცეთ“
|
– დაასკვნის ედიშერ ჭელიძე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნემსაძე, გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 45.
- ჩაჩიბაია მ., „პეტრე იბერის ცხოვრება VIII-IX სს ასურულ ხელნაწერთა მიხედვით“, „უნივერსალი“, თბილისი, 2005
- ნუცუბიძე შ., პეტრე იბერი და ანტიკური ფილოსოფიური მემკვიდრეობა, შრომები, ტ. 5, თბ. 1975
- ყაუხჩიშვილი ს. ბერძნული ლიტერატურის ისტორია, ტ. 3, თბ. 1973, გვ. 103-113
- ძველი ქართული ქრესტომათია, შედგენილი ს. ყუბანეიშვილის მიერ, [ტ.] 1, თბ. 1946;
- Марр Н.Я., Житие Петра Ивера, царевича-подвижника и епископа Майумского V века, «Православный палестинский сборник», 1896, т. 16, в. 2.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარიამ ჩხარტიშვილი „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ პეტრე იბერის შესახებ. გამომცემლობა „ნეკერი“. თბილისი, 2013. ISBN 978-9941-436-68-0.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Cornelia B. Horn, Robert R. Phenix Jr., „JOHN RUFUS: THE LIVES OF PETER THE IBERIAN, THEODOSIUS OF JERUSALEM, AND THE MONK ROMANUS“, სირიულ-ინგლისური ვერსია, 2008
- ↑ წმიდა სინოდის სხდომა – ოქმი // საქართველოს საპატრიარქოს საიტი
- ↑ წმიდა სინოდმა პეტრე იბერი წმიდათა დასში აღადგინა – 08.05.10 "ჯი-ეიჩ-ენი"
- ↑ საპატრიაქოში წმიდა სინოდის სხდომა გაიმართა – 08.05.10 "ჯი-ეიჩ-ენი"
- ↑ საქართველოს საპატრიარქოს პრეს–სამსახურის განცხადება
- ↑ ედიშერ ჭელიძე, პეტრე იბერის თაობაზე, თბ., 2010
- ↑ იქვე, გვ. 12
- ↑ იქვე, გვ. 28–29