შინაარსზე გადასვლა

პაჰანგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული ერთეული
პაჰანგი
დროშა გერბი

ქვეყანა მალაიზიის დროშა მალაიზია
ადმ. ცენტრი კუანტანი
კოორდინატები 3°45′00″ ჩ. გ. 102°30′00″ ა. გ. / 3.75000° ჩ. გ. 102.50000° ა. გ. / 3.75000; 102.50000
ფართობი 35964±1 კმ²
მოსახლეობა 1 443 365
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 03, 05 და 09
საფოსტო ინდექსი 25000–28999, 39000–39999, 49000 და 69000
საავტომობილო კოდი C
ოფიციალური საიტი https://www.pahang.gov.my
პაჰანგი — მალაიზია
პაჰანგი

პაჰანგი (ჯავი: ڤهڠ‎) ― მალაიზიის შტატი და სასულთნო. სიდიდით მესამე შტატი ქვეყნის მასშტაბით და უდიდესი შტატი ნახევარკუნძულის მალაიზიის მასშტაბით. 2018 წლის აღწერით, პაჰანგის მოსახლეობა 1 675 000 ადამიანს შეადგენს და მე-9 ადგილზეა მალაიზიის შტატებს შორის.[1]შტატს მდინარე პაჰანგის აუზი უკავია და აღმოსავლეთ სანაპიროდან სამხრეთით ენდაუმდეა გადაჭიმული. გეოგრაფიულად ნახევარკუნძულის მალაიზიის აღმოსავლეთ სანაპიროს რეგიონს მიეკუთვნება. ჩრდილოეთიდან კელანტანი და ტერენგანუ ესაზღვრება, დასავლეთიდან ― პერაკი, სელანგორი და ნეგერი-სემბილანი, სამხრეთიდან ― ჯოჰორი, ხოლო აღმოსავლეთიდან ― სამხრეთ ჩინეთის ზღვა. ტიტივანგსის ქედი, რომელიც ნახევარკუნძულის აღმოსავლეთი და დასავლეთი ნაწილების ბუნებრივი გამყოფია, შტატის ტერიტორიაზე ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენაა გაშლილი. უმაღლესი მწვერვალია ტაჰანი, რომელიც ზღვის დონიდან 2 187 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. შტატის 2/3 ხშირი წვიმის ტყეებითაა დაფარული და ცენტრალური ვაკეები უამრავი მდინარითაა დასერილი. სანაპიროს გასწვრივ 32 კმ-ის სიგანის ალუვიური ნიადაგითაა დაფარული, რომელიც მდინარეების: კუანტანის, პაჰანგის, რომპინის, ენდაუსა და მერსინგის დელტებსა და ესტუარულ ვაკეებს მოიცავს.[2]

შტატი 11 რაიონს (daerah) მოიცავს: პეკანს, რომპინს, მარანს, ტემერლოს, ჯერანტუტს, ბენტონგს, რაუბს, ლიპისს, კამერონის მთიანეთსა და ბერას. უდიდესი რაიონია ჯერანტუტი, რომელიც მთავარი გასასასვლელია ტამან-ნეგარის ეროვნული პარკისკენ. პაჰანგის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი, კუანტანი, მოსახლეობის მიხედვით მერვე ადგილზეა მალაიზიის ურბანულ აგლომერაციებს შორის. შტატის სამეფო დედაქალაქი და პაჰანგის სულთნის ოფიციალური რეზიდენცია პეკანში მდებარეობს. პეკანი შტატის ძველი დედაქალაქი იყო და ინდერაპურა ეწოდებოდა.[3] შტატის სხვა მთავარი ქალაქებია: ტემერლოჰი, ბენტონგი და მისი კურორტები გენტინგის მთიანეთსა და ბუკიტ-ტინგიში. შტატის მეთაურია პაჰანგის სულთანი, თუმცა მთავრობის ხელმძღვანელი მენტერი ბესარია. მმართველობის სისტემა ვესტმინსტერის საპარლამენტო სისტემაზეა დაფუძნებული. პაჰანგის ტერიტორიაზე ოფიციალური რელიგია ისლამია, თუმცა სხვა რელიგიების წარმომადგენლებისთვის გამოხატვის თავისუფლებას არ არის შეზღუდული.

კამერონის მთიანეთი

პაჰანგის ფართობი 35 965 კმ²-ია. ფართობის მიხედვით პაჰანგი მესამე ადგილზეა მალაიზიის მასშტაბით, სარავაკისა და საბაჰის შემდეგ, ხოლო ნახევარკუნძულის მალაიზიის მასშტაბით, უდიდესი შტატია. გეოგრაფიულად მრავალფეროვანი პაჰანგი მდინარე პაჰანგის აუზს მოიცავს, რომელიც დასავლეთიდან ტიტივანგსის ქედით, ხოლო ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთ მთიანეთითაა შემოსაზღვრული. შტატის 2/3 ჯუნგლებს უკავია,[4] თუმცა ცენტრალური ვაკეები მდინარეებითაა დასერილი. პაანგი სამ ეკორეგიონად იყო: მტკნარი წყლის სისტემების, დაბლობებისა და მთიანეთის წვიმის ტყეების და სანაპიროს რეგიონებად.[2]

მდინარე პაჰანგს აუზი მალაიზიის ორი უდიდეს ბუნებრივ მტკნარი წყლის ტბას, ბერასა და ჩინის ერთმანეთთან აკავშირებს. ბერის ტბა საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიადაა კლასიფიცირებული და 1994 წელს რამსარის ძეგლთა სიაში შეიტანეს.[5]

შტატის უმაღლესი მწვერვალი ტაჰანის მთაა, რომელიც ზღვის დონიდან 2 187 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და ნახევარკუნძულის მალაიზიის უმაღლესი მწვერვალიცაა. შტატის კლიმატი ზომიერია და მთიანეთების დიდი ნაწილი ტროპიკული წვიმის ტყეებითაა დაფარული. პაჰანგის ტერიტორიაზე მდებარეობს მალაიზიის ორი მნიშვნელოვანი ეროვნული პარკი: ტამან ნეგარა და ენდაუ-რომპინის ეროვნული პარკი. პირველი შტატის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, მეორე ― სამხრეთ ნაწილში. ეს ტროპიკული ტყეები მრავალი იშვიათი ან გადაშენების პირას მყოფი ცხოველის სამყოფელს წარმოადგენს, მათ შორის: ტაპირების, ირმულების, ვეფხვების, სპილოებისა და ლეოპარდების. მაღალი ტენიანობისა და ნისლის გამო ამ ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით გვიმრა ხარობს. კამერონისა და გენტინგის მთიანეთების, ასევე, ფრეიზერის ბორცვისა და ბუკიტ-ტინგის ტერიტორიაზე პოპულარული კურორტები მდებარეობს. კამერონის მთიანეთში დიდი რაოდენობით ჩაის პლანტაციებია გაშენებული და პარკოსნებისა და ბოსტნეულის მთავარი მიმწოდებელია როგორც მალაიზიის, ისე სინგაპურისთვის.

პაჰანგი ტროპიკული გეოგრაფიით ხასიათდება. შტატი ეკვატორულ კლიმატურ სარტყელში მდებარეობს. ტენიანობის მაჩვენებელი მთელი წლის განმავლობაში 75%-ს არ აღემატება. შტატის კლიმატი მთელი წლის განმავლობაში თბილი და ნოტიოა, ტემპერატურა 21 °C-დან 33 °C-მდე მერყეობს. საშუალო თვიური ნალექიანობის მაჩვენებელი საშუალოდ 200 მმ-ს უტოლდება, რომლის დიდი ნაწილი ჩრდილო-აღმოსავლეთის მუსონის დროს მოდის. ნალექიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მარტშია და საშუალოდ 22.25 მმ-ს უტოლდება. ნალექიანობის მაჩვენებელი ოქტომბერსა და ნოემბერში აღწევს პიკს და საშუალოდ 393 მმ-ს შეადგენს. პაჰანგში ყველაზე ცხელი თვე მაისია, როდესაც საშუალო მაქსიმალური ტემპერატურაა 33°-ს უტოლდება, საშუალო ტემპერატურა 28°-ია, ხოლო საშუალო მინიმალური ტემპერატურა ― 24°. მაღალმთიანეთში ტემპერატურა შეიძლება მერყეობს 23 °C-დან (73 °F), დღის განმავლობაში, 16 °C-მდე (61 °F), ღამის განმავლობაში.[6][7]

პაჰანგის კლიმატი ორ მუსონურ სეზონს მოიცავს: ჩრდილო-აღმოსავლეთის მუსონსა და სამხრეთ-დასავლეთის მუსონს. ჩრდილო-აღმოსავლეთის მუსონის ტროპიკული შტორმები სხვადასხვა სიმძლავრით ყოველი წლის ოქტომბრის ბოლოდან მარტის დასაწყისამდე გრძელდება, რასაც ძლიერი წვიმა, ძლიერი ზედაპირული დინება და სამხრეთ ჩინეთის ზღვიდან მომავალი მუსონური სეზონის არაპროგნოზირებადი ქარიშხალი ახლავს თან. სამხრეთ-დასავლეთის მუსონი ყოველწლიურად მარტიდან იწყება, რომელიც ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება და შედარებით ნაკლები ნალექიანობით, მზიანი და ტროპიკული ამინდით ხასიათდება.[6]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Pahang @ a Glance. Department of Statistics, Malaysia. ციტირების თარიღი: 29 October 2017
  2. 2.0 2.1 Y. Tachikawa და სხვები. 2004
  3. Linehan 1973, p. 2
  4. WWF-Malaysia 1997, p. 4
  5. Annotated List of Wetlands of International Importance - Malaysia. The Ramsar Convention Secretatiat (2014). ციტირების თარიღი: 29 October 2017
  6. 6.0 6.1 Climate. Pahang Tourism Office (2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ოქტომბერი 2017. ციტირების თარიღი: 29 October 2017
  7. Annual average weather for Pahang, Malaysia. Beach Weather (2017). ციტირების თარიღი: 29 October 2017