იმამყული-ხანის აკურის შეწირულობის განახლების სიგელი
დავით II იმამყული-ხანის მიერ წმ. დავითის საფლავისათვის მიცემული აკურის შეწირულობის განახლების წიგნი — 1708 წელს შიოშ თუმანიშვილის მიერ შედგენილი ქართული ხელნაწერი საბუთი, რომლითაც მოხდა სოფელ აკურის, დავითის ლავრისთვის კუთვნილების განახლება. ამჟამად დედანი დაკარგულია.
საბუთის აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საბუთის ტექსტი დაწერილი ყოფილა მაღალი ხარისხის თხელ ირანულ ქაღალდზე, ზომით: 701,33 X 33,75 სმ; 7 მეტრი სიგრძის გრაგნილს ამკობდა მხატვრულად გაფორმებული თავსართი, რომელიც შედგებოდა ერთმანეთზე გადაწებებული ქართული და ირანული ტიპის საქტიტორო პორტრეტებით შემკული ოთხი მინიატურისაგან. მათგან მხოლოდ სამ მინიატურას ახლდა განმარტებითი წარწერები და „ფერად სპარსულ ყაიდაზედ შემკული“ აშიები. საბუთის დედანს, შესაბამისად კი მის შემამკობელ მინიატურებს, ჩვენამდე არ მოუღწევია. დედანზე დამყარებული საბუთის ტექსტი და აღწერილობა მოღწეულია მხოლოდ ს. კაკაბაძის გამოცემით[1].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ა. ხახანაშვილის გადმოცემით, კახეთის მეფეების ამსახველი მინიატურებით შემკული ეს დოკუმენტი ინახებოდა გარეჯის წმ. დავითის ლავრაში. XIX საუკუნეში სხვა გარეჯულ დოკუმენტებთან ერთად, ის თბილისის საეკლესიო მუზეუმში გადაუტანიათ. საბუთის კვალი 1914 წლის შემდგომ იკარგება. 1915 წელს, სავარაუდოდ, ის დაცვის მიზნით გატანილ იქნა ჩრდილო კავკასიაში, სადაც სამოქალაქო ომის დროს სხვა ქართულ დოკუმენტებთან ერთად დაიღუპა.
დოკუმენტში გაერთიანებულია გარეჯისათვის სოფელ აკურას შეწიროლობის განახლებასთან დაკავშირებული სხვადასხვა დროის სამი საბუთი. დოკუმენტის შექმნა და მისი მინიატურებით შემკობა უნდა მომხდარიყო 1708 წელს, როცა დავით მეფე იმამყული-ხანმა ახალი დოკუმენტით წმ. დავითის საფლავს განუახლა ალექსანდრე მეფის მიერ აკურას მეტოქსა და სახიზარში წინამძღვრად დადგინებული მისი დის, ქეთევანისათვის 1587 წელს გაცემული წყალობის სიგელი. საბუთის თავდაპირველი ტექსტი აერთიანებდა მდივან შიოშ თუმანიშვილის ხელით დაწერილ მხოლოდ ორ საბუთს და სამ მინიატურას (I, III, IV); მოგვიანებით, 1703 წელს, იმამყული-ხანის ძმის, კონსტანტინე მეფის მიერ საბუთის განახლებისას (დამწერი — მდივანი გურგენი) მოხატულობაში ჩართულ იქნა კიდევ ერთი მინიატურა (II). ამდენად დოკუმენტის მინიატურებით შემკობა თავდაპირველად მომხდარა იმამყული-ხანის მიერ 1708 წელს, მოგვიანებით კი მეფე კონსტანტინე მამადყული-ხანის მიერ საბუთის განახლებისას, 1723 წელს.
I მინაიტურაზე გამოსახული იყო ტახტზე ფეხმორთხმით მჯდომი პირი (გრ. გაგარინის ასლში ის შეცდომით მოხსენიებულია როგორც შაჰ აბასი, სხვა ასლებზე წარწერა არაა დატანილი), თანდართული ხელნაწერის (ხეც, Ad-1057) მიხედვით ის შაჰ სულთან ჰუსეინის პორტრეტს უნდა წარმოადგენდეს. იგი აღმოსავლური ტიპის „ყიზილბაშური“ სამოსით და ჩალმისებურ ქუდზე მიმაგრებული ფრთით იყო წარმოდგენილი, ხოლო მარჯვენა ხელში ქისა ეჭირა. პორტრეტის ქვეშ წარმოდგენილი იყო გვრიგვინით შემკული ორთავიანი არწივის საგერბო გამოსახულება, კლანჭებში მახვილით და ფრთით. მის ზემოთ განთავსებული იყო წარწერისთვის განკუთვნილი, კარტუშის ფორმის მედალიონი, წარწერის გარეშე.
II მინიატურაზე ზურგიან სკამებზე მსხდომი ოთხი გვირგვინოსანი პირი ყოფილა გამოსახული; თითოეულ მათგანს ახლდა ოვალურ ჩარჩოში თეთრი საღებავით შესრულებული მხედრული წარწერა: ბატონის შვილი თეიმურაზ, მეფე დავით (იმამყული-ხანი), მეფე ერეკლე (ნაზარლი-ხანი), მეფე კონსტანტინე.
III მინიატურაზე მთელი ტანით წარმოდგენილი იყო ტრადიციულ სამეფო სამოსში გამოწყობილი ორი პირი: მეფე თეიმურაზი (I) და მისი ძე დავითი (ნაზარლი-ხანის მამა); ფიგურების თავთან, ორივე მხარეს განთავსებული ყოფილა შავი საღებავით შერულებული მხედრული წარწერები: მეფე ტეიმურაზ, დავით ბატონი თეიმურაზის შვილი.
IV მინიატურაზე მთელი ტანით, ტრადიციულ ქართულ სამეფო სამოსში გამოწყობილი სამი პირი ყოფილა გამოსახული, რომელთაც შავი საღებავით, III მინიატურაზე დატანილი მდივანმწიგნობრული მხედრულის მსგავსი ხელით შერულებული წარწერები ახლდა: მეფე ალექსანდრე; მეფე ლევან; დავით ბატონიშვილი (ქეთევან დედოფლის მეუღლე, თეიმურაზ I-ის მამა). სამეფო გამოსახულებების ქვემოთ ორნამენტიან ჩარჩოში ჩაწერილი ყოფილა შეწიაღებული ასომთავრულით შესრულებული წარწერა-ეპიგრაფი, რომელიც ალექსანდრე მეფის მიძღვნა-ვედრებას წარმოადგენდა წმინდა ნინოსადმი:
ნინოს ენბ(ა)ზსა, ქ(ა)რთვ(ე)ლთა
მ(ო)ც(ი)ქ(უ)ლსა დიდისა ღ(მრ)თისა საკ(უთარ)თა
მჴევალსა ოქრო(ჲ)სა მიწით ს(აუ)ნჯ(ე)სა,
ს(ა)ნაწილვ(ე)თ ძლ(ე)ებრ მნათობს, ქ(უე)ყნისა
ჩემისა, მ(ე)ფე გვედივარ, ალექსანდრე დამიცევ.
დოკუმენტის მდიდრულმა გაფორმებამ და მინიატურებმა ყურადღება ჯერ კიდევ XIX საუკუნის 40-იან წლებში მიიპყრო. შემორჩენილია მხოლოდ ფოტოები და სხვადასხვა დროის მინიატურებიდან შესრულებული ასლები — ესაა XIX საუკუნეში გადაღებული ფოტოს ნეგატივი და სხვადასხვა პირის მიერ შესრულებული ფერწერული პირები, ამჟამად დაცული საქართველოს ეროვნული მოზეუმის ფონდებში.
ნეგატივი და ფოტო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XIX საუკუნის მიწურულს უნდა განეკუთვნებოდეს დიმიტრი ერმაკოვის კოლექციაში დაცული ნეგატივი, რომელიც დაბეჭდილ იქნა ა. ხახანაშვილის მიერ (სხმ, ნეგ. №559; МАК, VII, 1898); დ. ერმაკოვის ფოტოკოლექციაში თავის დროზე სრულად უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი საბუთის მინიატურის ნეგატივები, რაზედაც მიუთითებს შემორჩენილ ფოტონეგატივებზე დატანილი ნუმერაცია. ამჟამად ხელოვნების ეროვნული მუზეუმის ფოტოების ფონდში მხოლოდ ერთი ნეგატივი იძებნება, დანარჩენი ადგილზე აღარ არის.
-
სხედან: „ბატონიშვილი თეიმურაზი“ (შემდგომში თეიმურაზ II ), კახეთის მეფე დავით II იმამხული-ხანი, კახეთის მეფე ერეკლე I ნაზარალი-ხანი, კახეთის მეფე კონსტანტინე II მაჰმად ყული-ხანი; დგანან: მეფე თეიმურაზ I და მისი ძე დავითი (ნაზარლი-ხანის მამა)
ჩვენამდე მოღწეული პირველი და მეორე ფოტოპირებიდან კარგად ჩანს მეორე და მესამე ფოტოების გაგრძელებები, რის საფუძველზეც შეიძლება ითქვას, თუ როგორ გამოიყურებოდა აწ დაკარგული საბუთის მოხატულობა ერთიანობაში ფოტოს გადაღების მომენტში.
ასლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გრიგოლ გაგარინის მიერ 1840-იან წლებში შესრულებული კომპოზიცია, დაბეჭდილ იქნა 1847 წელს პარიზში; კომპოზიციაში გრ. გაგარინის მიერ გამოყენებულია საბუთიდან გადმოღებული პორტრეტების ასლები;
- უცნობი ავტორის მიერ შესრულებული საკმაოდ მაღალი ხარისხის ფერწერული ასლები, რომლებიც წერა-კითხვის საზოგადოების საშუალებით მეტეხის მუზეუმს უნდა გადასცემოდა. ამჟამად ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში აღმოსავლურ (№952) და ხატწერის (№№949, 950, 951) ფონდებში. ეს უნდა იყოს გრუზინსკის კოლექციიდან 1922 წელს მოსკოვიდან ჩამოტანილი ასლები. ამაზე მიუთითებს ასლებზე დასმული ბეჭედი ლეგენდით - „Библиотека Московского Главного Архива Министерства Иностранных Дел, Отдел Ркп. №1629“ და შემდგომ შესრულებული ქართული სარეგისტრაციო წარწერა - „საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო მუზეუმი“. აღსანიშნავია, რომ ოთხივე ასლი რუსული ბეჭდის ლეგენდაში ერთი დაიგივე ნომრიტაა (№1629) გატარებული, მაშინ როცა ქართულ წარწერაში ოთხი თანმიმდევრული ნუმერაციის ნომერია (№952 და №№949,950, 951) მითითებული.
- შაჰ სულთან ჰუსეინის პორტრეტი, იმეორებს საბუთის I მინიატურას. ამჟამად დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის აღმოსავლურ ფონდში.
1708 წელს, საბუთის შედგენის პერიოდს, განეკუთვნება მოხატულობის მხოლოდ I, III და IV მინიატურები, რაზეც პირდაპირ მიანიშნებს სინგურით, ერთი პალეოგრაფიული ხელით შესრულებული მხედრული წარწერები და მინიატურის გვერდების გაყოლებაზე სპარსული სტილის ფერადი ყვავილოვანი ორნამენტით გამშვენებული ერთიანი ბორდიურები. აგრეთვე საბუთის მხატვრობაში კახეთის მეფეთა დინასტიური პორტრეტების დაღმავალი ქრონოლოგიით წარმოდგენა — IV მინიატურაზე პორტრეტები ეკუთვნის XVI საუკუნის კახეთის მეფეებს: მეფე ალექსანდრეს, მეფე ლევანსა და დავით ბატონიშვილს; იქვეა გადატანილი ეპიგრაფი წმინდა ნინოსადმი ალექსანდრე მეფის მიერ აკურის მოხატული საბუთიდან. ამდენად საბუთზე წარმოდგენილ მინიატურებზე რიგით ქვემოდან ზემოთ (IV, III) გამოსახული იყვნენ ის ქართველი მეფეები, რომლები, როგორც ქტიტორები, იხსენიებიან ტექსტის პირველ ორ საბუთში, ესენი არიან: ლევანი (1518-1574), ალექსანდრე II (1574-1605), მისი ძე — დავით ბატონიშვილი (I, კახეთის მეფე 1601-1602 წლებში, თეიმურაზ I-ის მამა), თეიმურაზი (I, კახეთის მეფე 1606-1648 წლებში, ქართლ-კახეთის — 1625-1631 წლებში) და მისი შვილი დავითი (ნაზარლი-ხანის მამა და იმამყული-ხანის პაპა). რაც შეეხება II მინიატურას, იგი I, III და IV მინიატურებისაგან განსხვავებით, ბორდიურის გარეშეა დარჩენილი, ხოლო პორტრეტულ გამოსახულებებს მედალიონში ჩასმული თეთრი (და არა წითელი) საღებავით შერულებული წარწერები ახლავს. მასზე გამოსახული არიან ბატონიშვილი თეიმურაზი (II, კახეთის გამგებელი 1709-1715 წლებში, ხოლო მეფე 1733-1744 წლებში; ქართლის მეფე 1744-1762 წლებში, ერეკლე I-ის ძე), მეფე დავით II, იმამყული-ხანი (კახეთის ჯანიშინი 1703-1708 წლებში, მეფე 1708-1722 წლებში, ერეკლე I-ის ძე), მეფე ერეკლე (I, ქართლის მეფე 1688-1703 წლებში, თეიმურაზ I-ის ძის დავითის ძე), მეფე კონსტანტინე (II მაჰმადყული-ხანი, კახეთის მეფე 1722-1732 წლებში, ერეკლე I-ის ძე) გასათვალისწინებელია ისიც, რომ II მინიატურაზე კონსტანტინე თანმხლებ წარწერაში იწოდება მეფედ, ის კი, როგორც ცნობილია, გამეფდა 1723 წელს. II მინიატურა საბუთის შედგენის შემდგომ ხანებში უნდა ჩაემატებინათ რიგით I და III მინიატურებს შორის, ეს კი უნდა მომხდარიყო 1723 წელს, როცა კონსტანტინე მაჰმადყული-ხანს დავით გარეჯის წინამძღვარმა ონოფრე მაჭუტაძემ დასამტკიცებლად წარუდგინა იმამყული-ხანის სიგელი.
ტექსტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საბუთის ორი დედნიდან (ხეც, Ad-558 და ხეც, Ad-1057) პირველი განკუთვნილი ყოფილა დავითის ლავრისათვის, მეორე — სამეფო კარის სამდივნოსათვის. ამ გარემოებასთან არის დაკავშირებული მკვეთრი სხვაობა საბუთის ორი დედნის შესავალ ნაწილში — მონასტრისთვის შედგენილ საბუთს ვრცელი საღვთისმეტყველო შესავალი აქვს, სამეფო კარისაში კი ხაზგასმულია მაჰმადიანი იმამყული-ხანის ქვეშევრდომობა ირანის შაჰისადმი.
მდივან შიოშ თუმანიშვილს 1708 წლის თებერვალში შეუდგენია იმამყული-ხანის მიერ გარეჯისადმი აკურას წყალობის განახლების სიგელის რამდენიმე პირი.
ხელნაწერი Ad-558
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დედანი: ხეც, Ad-558; თეთრი ფერის, კარგი ხარისხის თხელი ქარალდი; გრაგნილი ზომა — 301,1 X 30,4 სმ; კეფები: I - 38; II — 37,4; III — 39,7; IV — 38, V — 36; VI — 35,6; VII — 37,2; VIII — 39,2. კეფები ერთმანეთზეა გადაწებებული. განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი. კალიგრაფიული მხედრულით, შავი მელნით; საბუთის ძველი საარქივო-სააღრიცხვო ნომერი: №558 ц. м. (წითელი მელნით).
საბუთს უზის თარიღი თებერ{ვ}ლისა ია (11), ქ(ორონი)კ(ონ)ი ტჟვ (1708). საბუთის ეს ცალი დაუმზადებიათ აკურასათვის, რასაც მოწმობს მინაწერი verso-ზე: „ესე აკურას საბუთია“.
ხელნაწერი Ad-1057
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დედანი: ხეც, Ad-1057; თეთრი ფერის ქაღალდი; ზომა — 116,4 X 32,3 სმ; განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი. მოგვიანებით XIX საუკუნეში, საბუთის თავში დაუმატებიათ ცისფერი, ვერჟერიან-ჭვირნიშნიანი ქაღალდი, რომლის verso-ზე მოცემულია საბუთის სათაური და ძველი საარქივო-სააღრიცხვო ნომერი: №10 ა, უნ.
პირი: სეა, 1449-1061; დამღიანი ქაღალდი, შუაზე გაკეცილი დავთრის ოთხი ფურცელი.
საბუთს უზის თარიღი: თებერვლის იზ (17), ქ(ორონი)კ(ონ)ი ტჟვ (1708)
გვიანდელი მინაწერი verso-ზე: ესე აკურის გუჯარია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კლდიაშვილი დ., მოხატული ისტორიული დოკუმენტები, თბ., 2011, გვ. 93-100
- ლომიძე დ., ჭუმბურიძე მ., სხირტლაძე ზ., გარეჯის ისტორიული დოკუმენტები, თბ., 2008, გვ. 179-186