დავითის ლავრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დავითის ლავრა
დავითის ლავრა — საქართველო
დავითის ლავრა
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°17′55″ ჩ. გ. 45°42′17″ ა. გ. / 41.29861° ჩ. გ. 45.70472° ა. გ. / 41.29861; 45.70472
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება VI საუკუნის I ნახ.
დეტალები

დავითის ლავრა — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში. 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.[1]

დაარსებულია VI საუკუნის I ნახევარში დავით გარეჯელის მიერ. დავითის ლავრის არქიტექტურული ანსამბლი, მისი სამონასტრო მეურნეობა სხვადასხვა პერიოდის ნაგებობათაგან შედგება (VI-XVIII სს.). თავდაპირველად დავითი თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად უდაბნოს უკაცრიელი მთების ერთი ნაპრალის პატარა ბუნებრივ გამოქვაბულში დასახლდა. მალე მის ირგვლივ თავი მოიყარა მრავალმა ბერმა; დაიწყო ახალი ქვაბ-სადგომებისა და სხვადასხვა დანიშნულების სათავსების კლდეში კვეთა. ასე დაედო საფუძველი იმ მონასტერს, რომელიც შემდეგ ცნობილი გახდა დავითის ლავრის სახელწოდებით და რომელმაც საფუძველი ჩაუყარა უდაბნოს მრავალმთის მონასტრების — დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის — მშენებლობას (VI–XVIII სს.).

VI საუკუნეშივე რუსთავის ერისთავის, ბუბაქარის, დახმარებით კლდეში გამოკვეთეს ფერისცვალების ეკლესია, რომელიც შემდეგ დავითისა და ლუკიანეს განსასვენებელი გახდა. VII–VIII საუკუნეებში დავითის ლავრის შესახებ არაფერია ცნობილი. 837–848 წლებში აქ მოღვაწეობდა ილარიონ ქართველი. მისივე თაოსნობით შეიქმნა კლდეში ნაკვეთი ეკლესია-სატრაპეზოების ორიგინალური ხუროთმოძღვრული ტიპი, რომელიც კანონიკურად იქცა გარეჯის მონასტერთათვის და ხასიათდება „გარდამავალი ხანის“ ხუროთმოძღვრების ნიშნებით. ასეთებია ილარიონის მიერ გაფართოებული ფერისცვალების ეკლესია და იოანე ღვთისმეტყველის XII საუკუნის ეკლესია-სატრაპეზოები, რომელთა ერთი ნაწილი 1652 წელს მოუხატავთ დავით გარეჯელის ცხოვრების ამსახველი სიუჟეტებით: „ლუკიანე წველის ირმებს“, „გველეშაპის დაწვა“ (მხატვრობა აღარ არსებობს). XVII–XVIII საუკუნეებით თარიღდება ლავრის რამდენიმე ეკლესია, საჟამნო, სენაკი და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობანი, მ. შ. აღსანიშნავია XVII საუკუნეში კახთა მეფე ალექსანდრე II-ის მიერ აგებული გეგმით მრგვალი 2 კოშკი, რომელთაგან ზედა, უფრო დიდი, ორსართულიანია; მეორე სართულზე, ბუხრიან ოთახში, მოხატულობის ნაშთია შემორჩენილი. მაღალი, ქვით ნაგები გალავნის მიმდებარე კლდოვან დამრეც ფერდობზე გამოკვეთილია წვიმის წყლის შესაკრები რთული სისტემა (არხები, წყალსატევები). არსებობს „დავითის ცრემლის“ სახელით ცნობილი წყაროც. XVIII საუკუნეში, მას შემდეგ, რაც დავითგარეჯის წინამძღვრად ონოფრე მაჭუტაძე განაწესეს, დავითის ლავრაში სამონასტრო და სამშენებელო საქმიანობა კვლავ გააქტიურდა. ლავრას გალავანი შემოევლო ლეკთა თარეშისაგან თავდასაცავად; აიგო მონასტერში შესასვლელი — თაღებით გახსნილი ნაგებობა — სამრეკლო. იქვე, კლდის თავზე, აღმართულია სათვალთვალო კოშკი. დავითის ლავრა XVIII საუკუნის მიწურულამდე მოქმედი მონასტერი იყო. XIX საუკუნეში მხოლოდ პილიგრიმთა მოსალოც ადგილად იქცა. დავითის ლავრა დღეს ისევ მოქმედია.

მონასტრის წინამძღვრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დავით გარეჯელი
  • ილარიონ (ვაჩნაძე) (ეგზარქოსმა თეოფილაქტემ გადააყენა
  • სემინარიის რექტორი ვიტალი, (1818 წლის 26 ოქტომბერს მოუცლელობის გამო უარი განაცხადა შეთავაზებულ თანამდებობაზე).
  • ალექსანდრე (ფედოროვი) (რომელიც 1823 წელს, საკუთარი ცოლ-შვილის დახოცვის შემდეგ, ანტონის სახელით ბერად აღიკვეცა და რომელსაც ამავე წელს ეგზარქოსმა იონამ დავით გარეჯის წინამძღოლობა უბოძა).
  • 1881 — არქიმანდრიტი გრიგოლი (დადიანი) (მთავარ დიაკონი სპირიდონ გრძელიევი, ხუცეს მონაზონი სიმეონ წულუკიძე, მორჩილი იოსტოს, მთავარ დიაკონი იოასაფ და სამნი მორჩილნი)[2].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: