შინაარსზე გადასვლა

გონიოს ციხე

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გონიო.
გონიოს ციხე
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
სტატუსი რესტავრირებული
გონიოს ციხე — საქართველო
გონიოს ციხე
გონიოს ციხე ვიკისაწყობში

გონიოს ციხე, აფსაროსი — ისტორიული ციხესიმაგრე საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში. მდებარეობს ისტორიული ლაზეთის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე ჭოროხის შავი ზღვის შესართავთან, მის მარცხენა ნაპირზე.

საისტორიო წყაროებით დასტურდება რომ სახელწოდება გონიო შედარებით გვიანდელი წარმოშობისაა. ირკვევა, რომ გონიოს უძველესი დროიდან აფსარი რქმევია. ამასთან ბერძნულ, ლათინურ და ქართულ წყაროებში ეს სახელი სხვადასხვა ფორმით იხმარება: აბსარი, აფსაროსი, აფსარუ, აფსარუნტი, აფსარეა, აფსარონი და სხვა.

  • არიანეს გადმოცემით დაბა აფსარს ოდესღაც აფსირტე ეწოდებოდა, რადგან ვითომც სწორედ იქ მოუკლავთ მედეას და იასონს ვერაგულად აფსირტე და სწორედ ამიტომ დარქმევიაო ამ ადგილს მისი სახელი. ამასთან არიანე აღნიშნავს რომ ადგილობრივები დღემდე უჩვენებენ აფსირტეს საფლავსო.
  • პავლე ინგოროყვას აზრით ჭოროხს ჭანურად ეწოდება „კაკამარი“, მეგრულად კი „აკამფსისი“. სიტყვა ფასი ძველ ქართულ დიალექტებში წყალს, მდინარეს ნიშნავს. ამ საფუძველზე პავლე ინგოროყვა ასკვნის რომ „აკამფსისი ანუ პირველადის სახეობით(კ) აკამ-ფასისი კაკამ-მდინარეს“ ნიშნავსო[1].
  • ვ. იაშვილის მოსაზრებით აფსარი ქართული წარმოშობისაა: „თუ გავყვებით ამ გზას, დავინახავთ, რომ აფსარშიც ან აფსარეაშიც იგივე ფსა-ფასა-ფასი მოისმის, რაც ძველ ქართულ დიალექტებში, როგორც ვნახეთ, წყალს, მდინარეს ნიშნავდა. ამასთან, როგორც ცნობილია, პრეფიქსი უდრის სა-ს, ხოლო სუფიქსი რ(ე) ა ადგილსამყოფზე მიუთითებს. მაშასადამე, აფსარი ან აფსარეა წყლის ადგილსამყოფ, წყლით მდიდარ უბანს, ჭაობისნ ადგილს ნიშნავს. ამ ჭაობმა ჩვენს ეპოქამდეც მოაღწია, (გონიის ჭაობი არხების მეშვეობით მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლების წყალობით დააშრეს). ამგვარად, სახელწოდება აფსარის გააზრება გარკვეულ რეალურ, ამ უბნისათვის თავისბურ, სინამდვილეზე მიგვითითებს.“
  • სახელწოდება გონია ჩნდება არა უადრეს XII საუკუნისა — XII-XIII საუკუნეებში. ამ სახელწოდებას პირველად იხსენიებს მწერალი ხაჯი კალფა; მისი ჩვენებით, გონია ზღვის პირად საქართველოს საზღვარზე ციხე-სიმაგრეცაა, მცირე ქალაქიც და ოლქიც[2].

გონიის ციხე, ჭოროხის დამშრალი ნაპირიდან დაშორებულია 500 მეტრით, ხოლო ზღვის ნაპირიდან პირდაპირი ხაზით — 800 მეტრით. ზოგიერთი მოსაზრების მიხედვით საფიქრებელია, რომ უძველეს ხანში ციხე უფრო ახლოს უნდა ყოფილიყო ზღვის ნაპირთან.

გონიოს ციხეს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. იგი იცავდა ჭოროხის შესართავის მარცხენა მხარეს მოსალოდნელი საფრთხისაგან. ასეთ საფრთხედ აკადემიკოსი უსპენსკი ჯერ კიდევ უძველესი დროისათვის ზღვის მეკობრეებს ასახელებს. ამ დიდი სტრატეგიული მნიშვნელობით აიხსნება ციხის გრანდიოზულობა. იგივე უსპენსკის მიუხედავად იმისა რომ დაზუსტებით ვერ იძახის ციხის აშენების თარიღს, მის აშენებას მისი ჰიპოთეზის მიხედვით მიაწერს რომაელებს კერძოდ კი პომპეუსს, როგორც იმ პერიოდში ყოველივე გრანდიოზული შენობის წამომწყებს. „პომპეუსს ეკუთვნის პონტოში მრავალი ქალაქის აშენების დამსახურების პატივი; უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ დროს ეკუთვნის ჭოროხის შესართავთან ციხესიმაგრის აგებაც.“

გონიოს ციხის ნაგებობების ნანგრევები

გონიოს ციხე ფორმით სწორკუთხედია; მისი სიგრძე 228 მეტრი, ხოლო სიგანე 195 მეტრია. ციხის ფართობი 44.460 კვ. მ. უდრის. გალავანი 18 კოშკითაა გამაგრებული. კუთხის კოშკები უფრო დიდია.

გონიო რთული ნაგებობაა თავისი კოშკებით და მინაშენ-დანაშენებით. ციხემ თავისი არსებობის მანძილზე არაერთი აღდგენა-რესტავრაცია განუცდია. გალავნის კედლებში აშკარად გამოიყოფა მშენებლობის რამდენიმე ფენა. მათგან უძველესია სწორხაზოვანი ნაწყობი დიდი და ფაქიზად გათლილი კვადრები, ხოლო უახლესი — კედლების ზემო ნაწილში რიყის ქვის ფენა (უსწორმასწორო წყობა). ეს უკანასკნელი XVI საუკუნის შუახანით თარიღდება, როდესაც როგორც წყაროები გვამცნობენ, ოსმალებმა „აღაშენეს“ (ე. ი. დააშენეს) ახლად მიტაცებული გონია.

რაც შეეხება ციხის უძველეს ფენას, იგი ბუმბერაზული თლილი ლოდებით არის ნაშენი. ხშირია ერთი მეტრის სისქის ლოდები, რომელთაც საშუალოდ 80 სმ. სიმაღლე აქვთ, სისქე კი 70 სმ. კედლების ეს ქვემო ნაწილი ყველაზე ძველია. მისი სიმაღლე ხუთი მეტრია, ხოლო კუთხეებთან, სადაც კოშკებია აღმართული, შვიდი მეტრი. ამ კედლის სისქე ზემო ნაწილში მეტრნახევარია. არქეოლოგიური მასალებისა და ბერძნულ-რომაულ მწერლობაში დაცული ცნობების მიხედვით წინაფეოდალური ხანით თარიღდება.

კედლები საერთოდ საკმაოდ კარგად არის დაცული. კედლის ქვები ერთმანეთთან შეკრულია კირის დუღაბით. ადგილობრივი თქმულებით, ქვები ასე მოუზიდავთ: „კვარიათიდან გონიამდე ჩამწკრივებული ხალხი ერთმანეთს ხელიდან ხელში გადასცემდა ქვებსო“. თქმულება, ალბათ, ეხება გვიანდელი დანაშენის წვრილი ქვების მოზიდვას, თორემ ქვედა კედლების დიდი ლოდების მოზიდვა კამეჩის ურმებითაც კი საძნელო იქნებოდა.

აქვე არის ბიზანტიური ეპოქის (VI-VII სს.) ნაშენობათა ფენა. გარკვეული სარესტავრაციო სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო გონიაში გენუელთა ყოფნის ხანაშიც (XIII-XIV სს.). ამ უკანასკნელთ რომ აქ მშენებლობა უწარმოებიათ, ამას ადასტურებს ის გადმოცემაც, რომელიც ამ ციხის „აშენებას“ გენუელებს მიაწერს. ამავე თვალსაზრისით საგულისხმოა ისიც, რომ თვით სახელწოდება გონია სახენაცვალი ფორმაა გენუა-სი.

ასე რომ, ოთხი სამშენებლო ფენა, თუ მეტი არა, გონიაში უდავოთ იჩენს თავს.

ციხის გალავანს გარედან მიშენებული აქვს ერთმანეთისაგან თითქმის თანაბარ მანძილზე დაშორებული 18 კოშკი; მათ შორის ყველაზე დიდია ოთხი კოშკი, რომლებიც აღმართულია გალავნის კუთხეებთან. თიოეულ კოშკთან ციხის შიგნით ქვის კიბეა.

ციხის შიგნით შუა მოედანზე შედარებით გვიანდელი ნაგებობის დიდი ჯამეა, ხოლო მიწაში გვირაბებია დარჩენილი.

ფ. უსპენსკისა და ლ. ვილკენსკის ჩვენებით, ციხეს ჰქონია ოთხი ალაყაფის კარი, მაგრამ საქმის ადგილზე შესწავლით ეს ცნობა არ დასტურდება. სინამდვილეში ციხეს ჰქონდა ორი შესასვლელი კარი, რასაც ადასტურებს ნ. შავროვის ცნობაც. შესასვლელი კარები ციხეს ჰქონია სამხრეთიდან და დასავლეთიდან. დასავლეთის შესასვლელი მთავარი ყოფილა. იგი მოთავსებულია მიშენებულ კოშკებს შორის და ამის გამო ღრმად არის შეჭრილი შიგნით. ეს შესასვლელი სწორკუთხედის ფორმისაა. მის თავზე გარედან ამოღებულია დიდი თლილი ქვა, რომელზეც, ადგილობრივ მოხუცთა გადმოცემით, ყოფილა წარწერა. ერთმა მოხუცმა ლაზმა გვითხრა: დედაჩემს ეს წარწერა საკუთარი თვალით უნახავსო. მაჭავარიანის ცნობით, წარწერიანი ქვა 1878 წელს გაუტაცნიათ. მაჭავარიანის მიერვე შეკრებილი თქმულების მიხედვით, გამტაცებელი ვითომც ბათუმის მცხოვრები ყოფილა, რომელსაც უსარგებლია ომით გამოწვეული არევ-დარევით და წარწერიანი ქვა წაუღია.

ჯერ კიდევ ჩვენი საუკუნის დასაწყისში ციხის მთავარ შესასვლელში მთლიანად დაცული ყოფილა ძვირფასად მოჩუქურთმებული კარები. ამ კარების შესახებ 1915 წელს შემდეგს წერდა პროფესორი ანდრეი კრასნოვი: „ჯერ კიდევ ახლახან დაცული იყო იშვიათი ნაკეთობის კარები, მაგრამ ეს კარები უცხოელებმა არქეოლოგებმა წაიღეს და თანამედროვე დამთვალიერებლებს დაუტოვეს მხოლოდ ნაკლებად საინტერესო ნანგრევებიო“.

გონიოს ციხის შიდა ხედი

ძველად ციხეს გვერდით ჭოროხის მარცხენა შენაკადი ჩამოდიოდა. ხალხურ თქმულებებში თავისებურად აღბეჭდილია ეს ფაქტი. თქმულებების მიხედვით, ციხეს უწინ თურმე ჭოროხი ჩამოუვლიდა და ციხის მახლობლადიქვე ზღვას ერთვოდაო. გადმოცემის მიხედვით, ამ მდინარეს უწინ სანაოსნო მნიშვნელობა ჰქონია: აქედან ძველად ნავებით ართვინში გადადიოდნენო. დროთა განმავლობაში ჭოროხის ეს ტოტი ჩაკეტილა და ტბად გადაქცეულა. ასე შექმნილა ტბა, რომელიც დღეს გონიოს ტბის სახელითაა ცნობილი.

ანტიკური მწერლები საკმაო სისრულით აღწერენ კოლხეთის ზღვის სანაპიროს. კოლხეთის ზღვად სტრაბონს მიჩნეული აქვს შავი ზღვის ნაწილი კოლხეთის სანაპიროზე. გურ რომაელი მწერალი გაიოს პლინუს უფროსი (ახ. წ. I ს.) გადმოგვცემს, რომ აღმოსავლეთისაკენ „140 000 ნაბიჯზე ტრაპეზუნტიდან არის მდინარე აბსარი (Absarus), რომლის შესართავთან იმავე სახელობის მქონე ციხე-სიმაგრეა“[3]. ამ ცნობაში დადასტურებულია ტრაპეზუნდიდან აღმოსავლეთისაკენ მდინარე აფსარი და ამ აფსარის შესართავთან აფსარის ციხე.

აფსარს იხსენიებს მეორე რომაელი მწერალიც — ფლაბიოს არიანეც. არიანე მოხელეც იყო, რომელიც ერთ დროს მართავდა კაპადოკიას ტიტულით Legatus Augusti pro praetore. სწორედ ამ დროს, ჩვენი წელთაღრიცხვით 134 წელს, მან იმოგზაურა კოლხეთის ზღვის გასწვრივ და ამ მოგზაურობის შესახებ იმპერატორ ჰადრიანეს (114-138) წარუდგინა ანგარიში. აქედან ირკვევა, რომ არიანე აფსარშიც მისულა. ამ მოგზაურობის შესახებ არიანე მოგვითხრობს, რომ არქაბედან აფსარამდე 60 სტადიონი (არეანეს სტადიონი 200 მეტრს უდრიდა) არისო. არიანე შემდეგ აგრძელებს თავის თხრობას და წერს: „გავედით რა აფსარიდან, ღამით ჩვენ გავიარეთ აკამფსისი, რომელიც 15 სტადიონით არის დაშორებული აფსარს. აკამფსისიდან მდინარე ბათჳს 75 სტადიონით არის დაშორებული[4].“ მდინარეები აფსარი და აკამფსისი ჭოროხის ორი ტოტია შესართავთან. ეს ჩანს ძველი მწერლების მითითებიდანაც. პროკოპი კესარიელი ამბობს:

ვიკიციტატა
„ჭანეთის მთებიდან ჩამოდის მდინარე სახელად ბიასი, რომელიც მას შემდეგ რაც გამოივლის მრავალ ჭალას და შემოუვლის მთაგორიან ადგილებს, ლაზიკის სოფლების მახლობლად გასწევს და ერთვის ეგრეთ წოდებულ ევქსინის პონტს, მაგრამ უკვე აღარ იწოდება ბოასი... მას, სხვათა შორის, ადგილობრივი მცხოვრებლები აკამფსის უწოდებენ[5].“

ფლაბიოს არიანე, როგორც ზემოთ მოყვანილი სიტყვებიდან ჩანს, ტრაპეზუნტიდან და შემდეგ არქაბედან ჯერ აფსარში მოსულა, ხოლო შემდეგ აკამფსისი გაუვლია. შესაბამისად აკამფსისი ჭოროხის მარჯვენა შენაკადია. მანძილი აფსარიდან აკამფსისამდე 15 სტადიონია. ცხადია აფსარი ჭოროხის მარცხენა შენაკადია, რომელიც ჩაუვლიდა იმავე სახელწოდების ციხეს და ერთვოდა ზღვას. არიანეს გადმოცემაზე დაყრდნობით აფსარის ციხე მდებარეობდა იქ სადაც ახლა მდებარეობს გონიოს ციხე. შესაბამისად აფსარის ციხე იგივე გონიოს ციხეა. მდინარე აფსარი დღესდღეობით ამომშრალია თუმცაღა დარჩა მისგან კალაპოტი.

არიანეს ჩვენებით, აფსარის დასახლება ძველთაძველია და მისი არსებობა არგონავტების ლაშქრობიდან მომდინარეობს. პროკოფი შემდეგი სიტყვებით აღწერს ქალაქ აფსარს:

ვიკიციტატა
„მას გარშემო უვლიდა მრავალი კედელი და შემკული იყო თეატრითა და იპოდრომით და მას მრავალი სხვა რამეც ჰქონდა, რაც ჩვეულებრივ ქალაქის სიდიდის მომასწავებელია.“

65 წელს პომპეუსმა კოლხეთი დაიპყრო. მონათმფლობელური რომის ბატონობა თავისუფლებისმოყვარე კოლხებისათვის მეტად მძიმე იყო. ამიტომ კოლხეთი ხშირად ჯანყდებოდა რომაელების წინააღმდეგ. კოლხების ერთ-ერთი აჯანყების შესახებ მოგვითხრობს რომაელი ისტორიკოსი ტაციტე. ტაციხეს გადმოცემით, აჯანყება მოხდა იმპერატორ ვესპასიანეს დროს. აჯანყება დაიწყო ტრაპეზუნტიდან და მალე გავრცელდა კოლხეთის დანარჩენ სანაპიროზეც. აჯანყებას ანტირომაული ხასიათი ჰქონდა; აჯანყებას მეთაურობდა ანიკეტი. ამ აჯანყებას მიუპყრია ვესპასიანეს ყურადრება. იმპერატორს გამოუგზავნია ძლიერი ჯარები, რომლებსაც დაუმარცხებიათ აჯანყებულები.

რომაელებს რეგიონის საკონტროლებლად ჯარი ჩაყებენული ჰყავდათ სატანადოდ შერჩეულ ციხე-სიმაგრეებში. ასეთი ჯარები იყო ტრაპეზუნტში, ფაზისში, დიოსკურიაში, პიტიუნტში... და სხვა. მათ აფსარის ციხეშიც ყოლიათ ჯარები. არიანე წერს: „მივედით აფსარში, სადაც ჩაყენებულია ხუთი კოჰორტა.“ აფსარის ციხეს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა რომაელებისთვის. იგი დარაჯობდა ჭოროხის შესარტავის მარცხენა მხარეს.

ის რომ აფსარის ციხე რომაელთა ლეგიონებისათვის პლაცდარმს წარმოადგენდა მოწმობსიტალიაში ნოლას მახლობლად აბელაში კვარცხლბეკზე აღმოჩენილი წარწერა. ამ წარწერაში მოხსენიებულია კოლონია აბელას პატრონი ცენტურიონი მარციუს პლეტორიუს ცელერი. წარწერაში მის შესახებ ნათქვამია, რომ მრავალილეგიონის ცენტურიონად დაყოფისას იგი, როგორც პართიის ომის მანაწილე, დააჯილდოვა იმპერატორმა ტრაიანემ, წარწერაში ნათქვამია, რომ ერთ დროს ის ასრულებდა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე განლაგებულ და აფსარში (Numeri tendents in Ponto Absaro) დაბანაკებული დამხმარე რომაელი ჯარების მეთვალყურე რაზმების მეთაურის (praepositus) თანამდებობას[6].

პროკოფი კესარიელის დროს (VI საუკუნეში) ქალაქი აფსარი აუკლიათ და დაურბევიათ[7]. სამწუხაროდ ისტორიკოსი არაფერს გვეუბნება ამ დარბევის შესახებ. მიუხედავად ამისა, პროკოპი კესარიელის უმცროსი თანამედროვის ისტორიკოს აგათია სქოლასტიკოსის (536-582) ჩვენებით, აფსარი ისევ ქალაქად იხსენიება. ამასთან ერთად ამ ქალაქში მთავარი სატუსაღო ყოფილა, სადაცმოუთავსებიათ გუბაზ მეფის მკვლელები რუსტიკე და იოანე[8]. ეს ნიშნავს, რომ ქალაქი აფსარი კვლავ სამხედრო ადმინისტრაციული ცენტრი ყოფილა. ცხადია, იგი კვლავ განახლებულა.

აფსარს VII საუკუნის ბერძნული წყაროც იხსენიებს „პარემბოლე აფსაროსის“ სახელწოდებით[9]. პარემბოლე ისეთ ბანაკს ეწოდებოდა, რომელსაც იმპერიის საზღვრის დაცვა ევალებოდა. აფსარი VIII საუკუნის ქართულ წყაროშიც გვხვდება. მწერალი იოანე საბანისძე დასავლეთ საქართველოს საზღვრების ჩამოთვლისას იხსენიებს: „საყოფელი იგი აფსარეაისა“.

ამ რეგიონში აღმოცენდა კოლხური ბრინჯაოს კულტურა და პირველი ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანებები: დიაოხი და კოლხეთის სამეფო (ძვ. წ. XIII-VIII სს.)

უძველესი ცნობა მის შესახებ ეკუთვნის რომაელ ავტორ პლინიუს სეკუნდუსს (ახ. წ. I ს.). ბერძნულ-რომაულ წყაროებში ცნობილია აფსარუნტის სახელით. ანტიკური ტრადიციის თანახმად აფსაროსის დაარსება არგონავტების ექსპედიციას უკავშირდება. მათ მიერ აიეტის ვაჟის აფსირტეს მოკვლას და ამ ადგილას დაკრძალვას. თუმცა არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით უძველესი დასახლება აქ ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებით თარიღდება. საკუთრივ ციხე აქ რომაელებმა ახ. წ. I საუკუნის 70-იან წლებში ააგეს.

II საუკუნეში აქ რომაელთა ხუთი კოჰორტა იდგა. ამ პერიოდში იგი კარგად გამაგრებული და კეთილმოწყობილი ციხე-ქალაქი ყოფილა. ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილია I-III საუკუნეების ნაგებობები: აბანოები, ყაზარმები, პრეტორიუმი, კანალიზაციისა და წყალგაყვანილობის სისტემები, წყლის სისტემები ჭები და ა.შ. საუკუნეების მანილზე ჯერ რომის იმპერია, შემდეგ ბიზანტია და იტალიის ქალაქ-რესპუბლიკები (გენუა და სხვა) დიდ ინტერესს იჩენდნენ ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ციხესიმაგრისადმი.

გონიოს ციხე-სიმაგრე, კასტელის ნახატი

გონიოს ციხე XII საუკუნის შემდგომდროინდელი სახელწოდებაა. XIII საუკუნიდან გონია გურიის საზღვრებში შედიოდა როგორც ადმინისტრაციულად, ასევე ეკლესიურად. გონიას საზღვრებიდან იწყებოდა ანჩის საეპისკოპოსო. 1547 წელს ჭანეთი გონიითურთ ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრპ. გურიელთა ბრძოლას გონია-ჭანეთის გამოხსნისათვის შედეგი არ მოჰყოლია. ოსმალებმა გონიო გაამაგრეს და ის გურიის სამთავროზე თავდასხმების პლაცდარმად აქციეს. 1617-1618 წლებში სულთანმა გონიო სარჩოდ მისცა თეიმურაზ I-ს. 1640 წელს ციხე აიღეს დონის კაზაკებმა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ის ოსმალეთმა უკან წაართვა კაზაკებს. 1672-1673 წლებში გიონიოში იმყოფებოდა ჟან შარდენი. ამ დროს გონიოში იდგა იანიჩართა მცირე გარნიზონი და ორი ზარბაზანი. XVII საუკუნის მიწურულს გონიო თავდგირიძეების გამაჰმადიანებული შტოს ხელში იყო.[10]

ვიკიციტატა
„ბათომის პირისპირს ჭოროხის სამჴრეთის კიდეზე არს გონია, მცირე ქალაქი და ციხე. უპყრავთ ოსმალთა, რომელი აღაშენეს ქორონიკონსა ჩფმზ, ქართულსა სლე (235)[11].“

გონიო ოსმალეთის მფლობელობაში დარჩა 1878 წლამდე, როდესაც სან-სტეფანოს ზავით აჭარასთან ერთად რუსეთის იმპერიას გადაეცა.

არქეოლოგიური ექსპედიციები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1959 წელს გონიოში ჩატარდა დაზვერვითი ხასიათის არქეოლოგიური სამუშაოები (ო. ლორთქიფანიძე, თ. მიქელაძე, ა. რამიშვილი), რომლის დროსაც მიწის წიაღში მოქცეული საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაშთები გამომზეურდა.

საყურადღებო შედეგები მოგვცაგონიის 1961 წლის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ი. გრძელიშვილი). ციხის დასავლეთით, ბათუმ-სარფის გზატკეცილის მარჯვენა მხარეს გაითხარა დიდი ნაგებობა, რომელიც ექსპედიციის ხელმძღვანელის წინასწარი ვარაუდით, აფსარის ჰიპოდრომის ნანგრევი იყო. ამის გარდა ამ ექსპედიციის უდიდესი მონაპოვარია გონიის მიდამოებში რკინის მეტალურგიული დიდი კერის აღმოჩენა.

რაც შეეხება საკუთრივ ციხის ტერიტორიაზე მოპოვებული მასალის (კერამიკა, მონეტები) ასაკს, იგი ძვ. წელთაღრიცხვის II-I საუკუნეების ქვემოთ აღარ მოდის (დ. ხახუტაიშვილი).

გონიოს ციხეში 1994 წლიდან მოქმედებს მუზეუმ-ნაკრძალი, სადაც ძველი წელთაღრიცხვიდან XIX საუკუნის 80-იან წლებამდე დათარიღებული ექსპონატები ინახება.

2015 წელს არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა რომაული პერიოდის ყაზარმის ნაშთები, მინის ნაწარმი, მონეტები, აგრეთვე პირველი საუკუნის მეორე ნახევრის აბანოს ნაშთები, სადაც წარმოდგენილია იმ პერიოდის წყლის რეზერვუარები, ციხის ტერიტორიის ქვაფენილები და აბანოს მოზაიკა საკმაოდ დიდი ტერიტორიაზე. მოზაიკა ძირითადად შესრულებულია მოვარდისფრო და მუქი ფერრის ქვების მონაცვლეობთ. წარმოდგენილია სხვადასხვა სახის გეომეტრიული ორნამენტები, უმთავრესად- ჭადრაკისა და რომბისებურივ ფორმის ორნამენტები. ახალსოფლის თავში აღმოჩნდა მონუმენტური ეკლესიის ნაშთები, რომელიც დათარიღებულია ახ. წ. VI საუკუნით. მისი ზომები არის - სიგრძე 24 და სიფართე - 18 მეტრამდე და საკმაოდ კარგად არის შემონახული.

  • გძელიშვილი ი., ხახუტაიშვილი დ., რკინის წარმოების უძველესი კერა ჭოროხის ქვემო დინებაში და არქეოლოგიური დაზვერვები გონიო-აფსაროსში, კრ.: სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ძეგლები, I, თბ., 1964;
  • ლორთქიფანიძე ო., მიქელაძე თ., ხახუტაიშვილი დ., გონიოს განძი, თბ., 1980 (ქართ., რუს. და ფრანგ. ენებზე);
  • იაშვილი ვ., „გონიოს ციხის ისტორიისათვის“, კრ.: ქართული მატერიალური კულტურის ძეგლები აჭარაში, ბათ., 1955;
  • სიხარულიძე ი., „აჭარის მატერიალური კულრუტის ძეგლები“, ბათ., 1962;
  • ხახუტაშვილი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 97.
  • „Доклад, сделанный в 1917 г. на сесии Академии наук“, აჭარის სახელმწიფო მუზეუმის სამეცნიერო ფონდის ხელნაწერი №27.
  • „История Батумского края, Батумское побережье“, 1911
  • „Из путевых впечатлений от Батума до Лимана“, Известия Кавказского отделения русского географического общества. т XIX. 1907-1908
  • „Город Батум с его окрестностями“, აჭარის სახელმწიფო მუზეუმის სამეცნიერო ფონდის ხელნაწერი № 14
  • „Южная Колхида“, 1915
  • C. G. Brandis, Arrians Periplus Ponti Euxini, RhM, LI, 1896, стр. 109—126.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. პ. ინგოროყვა. „მნათობი“, №5, 1951, გვ. 127-147
  2. Ф. И. Успенский Доклвд сделанный в 1917 г. на сесии Академии наук
  3. Naturalis historia, VI, § 11
  4. Обезд Эвксинского понта, 9. Вестник древней истории. 1948. I, стр. 268
  5. De bello gothico, VIII 2
  6. Элицкий, Из исторической географии древней Колхиды, Вестник древней истории. 1938. II, стр. 310
  7. De bello gothico, VIII 2, გეორგიკა, II, 95.
  8. აგათა სქოლასტიკოსი, «Византийский Временник», 1950, III, стр 312
  9. Chronicon Paschale, გეორგიკა, IV, ნაკვეთი I, გვ. 10
  10. ჩხატარაიშვილი ქ., „გურიის სამთავრო“, თბ., 1959. — გვ. 41-42, 128.
  11. ვახუშტი ბატონიშვილი, „საქართველოს გეოგრაფია“, ტფილისი, 1904 წ., გვ. 323