განჯის სახანო
განჯის სახანო — აზერბაიჯანული ნახევრად დამოუკიდებელი ფეოდალური სახელმწიფო (1747-1805). წარმოიქმნა ირანელი და თურქი დამპყრობლების წინააღმდეგ აზერბაიჯანელი ხალხის ბრძოლის პერიოდში. განჯის სახანოს პირველი გამგებელი შაჰვერდი-ხანი ზიად-ოღლუს დინასტიიდან იყო. ადრე ამ დინასტიის წარმომადგენლებს განჯის ბეგლარბეგის თანამდებობა ეკავათ. განჯის სახანო მდებარეობდა მდინარე მტკვრის ყელზე, მისი ცენტრი იყო ციხე-ქალაქი განჯა, რომელზედაც გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა თბილის-განჯა-თავრიზი. განჯის სახანო გამუდმებით ირან-ოსმალეთის ექსპანსიის ობიექტი იყო. სახელმწიფოს შიგნით მიმდინარეობდა ბრძოლა, ერთი მხრივ, ირან-ოსმალეთის ორიენტაციისა და, მეორე მხრივ, რუსეთთან შეერთების მომხრეთა შორის. ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II ცდილობდა განჯის სახანო თავისი პოლიტიკური გავლენისათვის დაემორჩილებინა, რასაც მიაღწია კიდეც XVIII საუკუნის შუა ხანებში. 1795 წელს ირანის შაჰის აღა-მაჰმად-ხანის საქართველოზე თავდასხმის დროს განჯის სახანოს მმართველი ჯავად-ხანი მომხვდურთ მიემხრო. 1796 წლის აპრილში ქართლ-კახეთის ლაშქარი ერეკლე II-ის სარდლობით გარს შემოერტყა განჯას. ხანი იძულებული გახდა ხარკი ეკისრა და ქართველი ტყვეები გაეთავისუფლებინა. 1796 წელს განჯა აიღო რუსეთის ჯარმა გენერალ ვ. ზუბოვის სარდლობით, ჯავად-ხანმა აღაიარა ქვეშევრდომობა, მაგრამ რუსეთის ჯარის წასვლის შემდეგ (1797) უარყო იგი. პავლე ციციანოვის სარდლობით იერიშით აიღო განჯა. ჯავად-ხანი ბრძოლაში დაიღუპა. განჯის სახანო გაუქმდა და მისი ტერიტორია რუსეთმა მიიერთა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ანჩაბაძე ზ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 554-555.