ბაქოს სახანო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ბაქოს სახანო
خانات باکو‎
باکی خانلغی
1747–1806
ბაქოს სახანო 1806 წლისთვის
დედაქალაქი ბაქო
ენები სპარსული (ოფიციალური)
თათური (რეგიონალური)
აზერბაიჯანული (რეგიონალური)
რელიგია შიიზმი
მთავრობა სახანო
ისტორია
 -  შეიქმნა 1747
 -  გაუქმდა 1806
დღეს ამ ტერიტორიაზე აზერბაიჯანი

ბაქოს სახანო (სპარს. خانات باکو, აზერ. باکی خانلغی) ― თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ავტონომიური მუსლიმური სახანო 1747-1806 წლებში, ირანული სუვერენით[1]. თავდაპირველად იგი სეფიანების იმპერიის პროვინცია იყო, ფაქტობრივი დამოუკიდებლობა კი ნადირ-შაჰის მკვლელობის შემდეგ მოიპოვა, რაც ირანში ცენტრალური ხელისუფლების საგრძნობლად შესუსტებით იყო გამოწვეული. არსებობა შეწყვიტა რუსეთის იმპერიაში შესვლის შემდეგ, რის შემდეგაც ამ ტერიტორიაზე ბაქოს მაზრა შეიქმნა[2][3].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1722-1723 წლებში მიმდინარე რუსეთ-სპარსეთის ომის დროს, ბაქო და მისი მიმდებარე ტერიტორიები, რომლებიც მანამდე სეფიანთა იმპერიის შემადგენლობაში იყო, რუსეთის ჯარებმა დაიკავეს. თუმცაღა, მას შემდეგ, რაც მათ შეიტყვეს სპარსეთის მმართველ ნადირ-შაჰის სამხედრო წარმატებების შესახებ და გაიაზრეს მისგან წამოსული შესაძლო საფრთხეები, 1735 წელს ბაქო კვლავ სპარსეთს გადასცეს. ნადირ-შაჰმა დაბრუნებული მიწების ხანად გავლენიანი სპარსელი მეთაურის, დარგა ყული-ხანის ძე, მირზა მუჰამედ-ხანი დაადგინა. ამ დროისათვის ბაქოს ხანი სპარსეთის შაჰის ვასალი იყო. მას შემდეგ, რაც ნადირ-შაჰი მოკლეს, მირზა მუჰამედი აფშარიდების სპარსეთის წინააღმდეგ აღდგა და 1747 წელს ბაქო დამოუკიდებელ სახანოდ აქცია[4]. ვინაიდან შაჰის სიკვდილის გამო ირანში ქაოსი მძვინვარებდა, ბაქოელების აჯანყებამ წარმატებას ადვილად მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ბაქოს სახანო ოფიციალურად მაინც სპარსეთის ვასლად რჩებოდა, მისი ხანი მაინც დამოუკიდებლად მართავდა მას.

ბაქოს სახანოს დროშა

1768 წელს ყუბის ხანმა ფათ ალიმ იძულებით აიღო ბაქო და მისი ორწლიანი ოკუპაციის შემდეგ ბაქოს ხანად თავისი ძმა, აბდ ალაჰ-ბეგი დაადგინა. წარსულში შირვანის ხან აბდ ალაჰ-ბეგის ბაქოს ტახტზე დასმამ ეს სახანო დამოუკიდებლად აქცია, თუმცა ეს დიდ ხანს არ გაგრძელდა. უკვე 1772 წელს მირზა მუჰამედის ვაჟმა, მალიჰ მუჰამედმა დაიბრუნა ბაქო, მისი ახალი ხანი გახდა და აღადგინა მამისდროინდელი რეჟიმი. მისი მმართველობა 12 წელს, მის გარდაცვალებამდე გაგრძელდა, რის შემდეგაც იგი 1784 წელს მისმა ძემ, მირზა მუჰამედ-ხან II-მ ჩაანაცვლა. 1791 წელს მირზა მუჰამედ II ბიძამისმა, მუჰამედ ყული-ხანმა (მწერალ აბასყული-აღა ბაქიხანოვის მამა) ჩამოაგდო და ბაქოს ხანი თავად გახდა. ერთობ ხანმოკლე, ორწლიანი მმართველობის შემდეგ ტახტი მანაც დაკარგა თავისი მეორე ძმის, მალიქ მუჰამედის ძის, ჰუსეინ ყული-ხანის სასარგებლოდ. მისი მმართველობის დამლევს, 1796 წლის 13 ივნისს ბაქოს ყურეში რუსული ფლოტი შევიდა და მეტიც, რუსულმა გარნიზონებმა დედაქალაქთან განთავსებაც მოახერხეს. მას შემდეგ, რაც იმპერატრიცა ეკატერინე II გარდაიცვალა, მისმა ვაჟმა, იმპერატორმა პავლე I-მა ბაქოში მიმდინარე კამპანიის შეწყვეტა ბრძანა და ფლოტი უკან გაიწვია, რამაც სახანოს არსებობა გაუხანგრძლივა. უკვე 1797 წლის მარტში რუსულმა ჯარებმა დატოვეს ბაქო. არეული სიტუაციით კი ბაქოელებმა ისარგებლეს, დაამხეს ჰუსეინ ყული-ხანი და ტახტზე ისევ მირზა მუჰამედ-ხან II დასვეს. მისი მმართველობა არც ისე ხანგრძლივი აღმოჩნდა, რამეთუ 1801 წელს ჰუსეინ ყული-ხანმა მოახერხა ტახტის დაბრუნება.

უკვე 1804 წელს დაიწყო რუსეთ-სპარსეთის კიდევ ერთი ომი, რამაც ბაქოს სახანო ერთობ რთულ სიტუაციაში ჩააყენა. 1806 წლის იანვარში რუსებმა გენერალ პავლე ციციანოვის თაოსნობით ალყა შემოარტყეს ბაქოს. დაცემისთვის განწირული ქალაქის გასაღების გადაცემისას ჰუსეინ ყული-ხანის ბიძაშვილმა ციციანოვს ესროლა და ადგილზევე მოკლა. უმეთაუროდ დარჩენილმა რუსებმა უკან დაიხიეს. თავდაპირველად მათ ქალაქის აღება ერთი წლით გადადეს, თუმცა იმავე წლის ოქტომბერში გენერალ ბულგაკოვის მეთაურობით რუსებმა ბაქო აიღეს. ჰუსეინ ყული-ხანი შუა ალყისას გაიქცა და, მიუხედავად იმისა, რომ ბაქოს დაპყრობის შემდეგ რუსებმა სახანო გააუქმეს და იგი ბაქოს მაზრის სახით შეიყვანეს იმპერიის შემადგენლობასი, იგი თავს მაინც მის ხანად აცხადებდა. მხოლოდ 1813 წელს გაფორმებულ გულისტანის ხელშეკრულებაში აღიარა სპარსეთმა ბაქოს სახანოს რუსეთის შემადგენლობაში შესვლა და უარი თქვეს ყველანაირ პრეტენზიაზე.

ხანების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მირზა მუჰამედ-ხან I (1727-1768), დარგა ყული-ხანის ვაჟი, ბაქოს ხანი 1735-1768 წლებში;
  2. ფათ ალი-ხანი (1736-1789), ყუბის ხანი, ბაქოს ხანი 1768-1770 წლებში;
  3. აბდ ალაჰ-ბეგი, შირვანის ხანი, ბაქოს სახანო გადასცა ძმამ, ფათ ალი-ხანმა, ხანი იყო 1770-1772 წლებში;
  4. მალიქ მუჰამედ-ხანი (1736-1784), მირზა მუჰამედ-ხან I-ის ვაჟი, ბაქოს ხანი 1772-1784 წლებში;
  5. მირზა მუჰამედ-ხან II (1770-1836), მალიქ მუჰამედ-ხანის ძე, ბაქოს ხანი 1784-1791 წლებში;
  6. მუჰამედ ყული-ხანი (17??-1792), მირზა მუჰამედ-ხან I-ის ვაჟი, ბაქოს ხანი 1791-1792 წლებში;
  7. ჰუსეინ ყული-ხანი (1774-1845), მირზა მუჰამედ-ხან I-ის შვილიშვილი, ბაქოს ხანი 1792-1797 წლებში;
  8. მირზა მუჰამედ-ხან II (1770-1836), მალიქ მუჰამედ-ხანის ძე, ბაქოს ხანი 1797-1801 წლებში;
  9. ჰუსეინ ყული-ხანი (1774-1845), მირზა მუჰამედ-ხან I-ის შვილიშვილი, ბაქოს უკანასკნელი ხანი 1801-1806 წლებში;

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bournoutian, George A. (2016). The 1820 Russian Survey of the Khanate of Shirvan: A Primary Source on the Demography and Economy of an Iranian Province prior to its Annexation by Russia. Gibb Memorial Trust. p. xvii. ISBN 978-1909724808.
  2. Swietochowski, Tadeusz (2004). Russian Azerbaijan, 1905-1920: The Shaping of a National Identity in a Muslim Community. Cambridge: Cambridge University Press. p. 12. ISBN 978-0521522458.
  3. Pavlovich, Petrushevsky Ilya (1949). Essays on the history of feudal relations in Armenia and Azerbaijan in XVI - the beginning of XIX centuries. LSU them. Zhdanov. p. 7.
  4. Baku, Iranica