შინაარსზე გადასვლა

ბეატრიჩე ნეაპოლელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბეატრიჩე ნეაპოლელი
უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის დედოფალი
კორონაცია: 12 დეკემბერი, 1476
სეკეშფეჰერვარი
მმართ. დასაწყისი: 12 დეკემბერი, 1476
მმართ. დასასრული: 6 აპრილი, 1490
წინამორბედი: კატარინა დე პოდებრადი
მემკვიდრე: ბარბარა ბრანდენბურგელი
უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის დედოფალი
მმართ. დასასრული: 7 აპრილი, 1500
წინამორბედი: ბარბარა ბრანდენბურგელი
მემკვიდრე: ანა დე ფუა-კანდალი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 16 ნოემბერი, 1457
დაბ. ადგილი: ნეაპოლი, იტალია
გარდ. თარიღი: 23 სექტემბერი, 1508, (50 წლის)
გარდ. ადგილი: ნეაპოლი, იტალია
მეუღლე: მატიაშ I, უნგრეთის მეფე
(ქ. 1476 - გარდ. 1490)
ვლადისლავ II, უნგრეთის მეფე
(ქ. 1490 - განქ. 1500)
დინასტია: ტრასტამარები
მამა: ფერდინანდ I, ნეაპოლის მეფე
დედა: იზაბელა კლერმონელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბეატრიჩე ნეაპოლელი, ან არაგონელი (იტალ. Beatrice d'Aragona, უნგრ. Aragóniai Beatrix, ჩეხ. Beatrix Neapolská; დ. 16 ნოემბერი, 1457 — გ. 23 სექტემბერი, 1508) — ტრასტამარას დინასტიის წარმომადგენელი. ნეაპოლის მეფე ფერდინანდ I-ისა და დედოფალ იზაბელა კლერმონელის ასული. უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის ორგზის დედოფალი 1476-90 და 1490-1500 წლებში ჯერ როგორც მატიაშ I-ის, შემდეგ კი როგორც ვლადისლავ II-ის მეუღლე.

ბეატრიჩე დაიბადა 1457 წლის 16 ნოემბერს ნეაპოლში. იგი იყო ნეაპოლის მეფე ფერდინანდ I-ისა და მისი ცოლის, დედოფალ იზაბელა კლერმონელის ასული. ნეაპოლის სამეფო კარზე, მამამისმა იგი საუკეთესო განათლებით უზრუნველყო. 1474 წელს იგი დაინიშნა უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის მეფე მატიაშ ჰუნიადზე, რომელზეც იგი 1476 წლის 22 დეკემბერს დაქორწინდა უნგრეთში. იგი დედოფლად უნგრეთის ქალაქ სეკეშფეჰერვარში ეკურთხა.

ამ ქორწინებამ გაამყარა ალიანსი უნგრეთსა და ნეაპოლს შორის. 1480 წელს ოსმალებმა ბალკანეთში მდებარე ნეაპოლის სამეფოს შემადგენლობაში შემავალი ქალაქი ოტრანტო დაიპყრეს, რა დროსაც რომის პაპმა ოსმალებსა და იტალიელებს შორის შუამავლობა უნგრეთის მეფეს სთხოვა, რომელმაც ნეაპოლელებს მის ნაცვლად ქალაქი ბლაიზე გადასცა. 1488 წელს მატიაშმა მოახერხა ანკონას მიერთება. გარდა უნგრეთის პოლიტიკური გაძლიერებისა, მიმდინარეობდა უნგრეთის კულტურული აღორძინებაც, რაც დედოფალ ბეატრიჩეს დამსახურებაა. ბეატრიჩემ უნგრეთში მშობლიური იტალიური რენესანსი და კულტურა ჩაიტანა, რამაც ფართო ინტერესი ჰპოვა უნგრელებში. ასევე დედოფლის ბრძანებით ააგეს ვიშეგარდის სასახლე, სადაც დაფუძნდა პირველი და უზარმაზარი სახელმწიფო ბიბლიოთეკა. ამასთან ერთად, ბეატრიჩეს პოლიტიკაში მონაწილეობაც სურდა. 1477 წელს იგი მატიაშს თან გაჰყვა, როდესაც იგი ავსტრიაში ლაშქრობდა, 1479 წელს კი დაესწრო მატიაშისა და ერცჰერცოგ ვლადისლავ II-ის დაზავების ცერემონიალს.

1479 წლიდან მეფესა და დედოფალს შორის ურთიერთობა მკვეთრად დაიძაბა. ეს იმან გამოიწვია, რომ მატიაშმა თავისი საყვარელი ბარბარა ედელპოკი და მასთან შეძენილი უკანონო ვაჟი სამეფო კარზე გადაიყვანა საცხოვრებლად. მიუხედავად დიდი კონფლიქტისა, როდესაც მატიაში ისე გარდაიცვალა, რომ ბეატრიჩესთან შვილი არ ეყოლა, ბეატრიჩემ განაცხადა, რომ ზემოთ აღნიშნული მისი უკანონო ვაჟი უნდა გამხდარიყო უნგრეთის მეფე, თუმცა რომის პაპმაც და დიდგვაროვნებმაც ამაზე უარი განაცხადეს. ამ პერიოდში ხმა გავარდა ბეატრიჩესა და პოლონეთის ელჩის რომანის შესახებ, თუმცა ეს ვერავინ დაამტკიცა და დედოფალი ამის იგნორირებას განაგრძობდა.

მატიაშის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე პოლონეთის მეფის ვაჟი ვლადისლავ II ავიდა, რომელიც ტახტზე ასვლიდან რამდენიმე თვეში გასცილდა თავის უშვილო მეუღლეს, დედოფალ ბარბარა ბრანდენბურგელს და ხალხის მხარდაჭერის მოსაპოვებლად ცოლად ყოფილი მეფის ცოლი, ანუ ბეატრიჩე ნეაპოლელი შეირთო. ბეატრიჩე სრულიად უნგრულ არისტოკრატიაში დიდი სიმპათიითა და პატივისცემით სარგებლობდა, რის გამოც ვლადისლავმა მასზე დაქორწინებით უამრავი მოკავშირე შეიძინა. მიუხედავად ყველაფრისა, მეფეს მემკვიდრე სჭირდებოდა, რომელსაც დედოფალი კვლავ ვერ აჩენდა და ვინაიდან მას არც პირველ ქმართან ჰყავდა შვილები, ბეატრიჩეს უნაყოფობაში დასდეს ბრალი. 1493 წლიდან ვილადისლავი ბეატრიჩესთან განქორწინებას მოითხოვდა, თუმცა ამაზე თანხმობა რომის პაპმა მხოლოდ 1500 წელს მისცა. ამის შემდეგ ბეატრიჩე მშობლიურ ნეაპოლში დაბრუნდა და იქ დასახლდა, ვლადისლავი კი მესამედ დაქორწინდა ფრანგ დიდგვაროვანზე, რომელთანაც ერთი ვაჟი და ერთი ქალიშვილი შეეძინა. ბეატრიჩე ნეაპოლელი გარდაიცვალა 1508 წლის 23 სექტემბერს, ნეაპოლში.

  • J. Macek, Tři ženy krále Vladislava, Mladá fronta, Praha, 1991
  • kol. autorov, Encyklopédia Slovenska, Veda, Bratislava, 1977