ბაშკირეთის ისტორია
ბაშკირეთის ისტორია ფარავს სამხრეთ ურალის რეგიონს და მის გარშემო ტერიტორიებს, რომელიც ისტორიულად დასახლებული იყო ბაშკირებით. რეგიონი ცნობილია რამდენიმე სახელით (al-Bashgird, Bashgirdia, Bascardia, Fiyafi Bashqyrt, the Bashqyrt steppes, Pascatir). წინა სახელების მსგავსად, თანამედროვე ბაშკირეთს ფედერალური სუბიექტი ეწოდა ადგილობრივი ხალხის, ბაშკირების გამო.
წინარეისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თანამედროვე ბაშკირეთის ტერიტორიაზე ცნობილი პირველი დასახლებები თარიღდება ადრეული პალეოლითის პერიოდით. თუმცა, რეგიონი ძირითადად განვითარდა ბრინჯაოს ხანაში, აბაშევოს კულტურიდან მოსული ხალხების დროს. ისინი ფლობდნენ ბრინჯაოს ხელსაწყოების, იარაღების და დეკორაციების დამზადების უნარ-ჩვევებს და გახდნენ პირველები, რომლებმაც რეგიონში დააარსეს დასახლებები.
ადრეული ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეთნონიმის "ბაშკირები" შესახებ პირველი ჩანაწერები ფიქსირდება მე-7 საუკუნიდან. იბნ რუსთა (მე-10 საუკუნე) ბაშკირებს აღწერს, როგორც "დამოუკიდებელ ხალხს, რომლებიც იკავებდნენ ტერიტორიებს ურალის მთის ქედის ორივე მხარეს, მდინარეების - ვოლგას, კამასა და ტობოლს შორის და იაიკის ზემო წელზე".
ბაშკირეთის ტერიტორიის გეოგრაფიული აღწერის შესახებ ყველაზე ადრეული წყარო, კერძოდ, მაჰმუდ აქ-ქაშგარის ნაშრომი "თურქულ ენათა ლექსიკონი" (1072-1074 წწ.), შეიცავს რეგიონის რუკას, რომელსაც ეწოდება "ბაშკირული სტეპები".[1] ბევრი გეოგრაფიული დეტალის ნაკლებობის მიუხედავად, ესკიზის რუკა აჩვენებს, რომ ბაშკირები დასავლეთით ესაზღვრებოდნენ კასპიის ზღვასა და მდინარე ვოლგას ხეობას, ჩრდილო-დასავლეთით - ურალის მთებს, სამხრეთით - მდინარე ირტიშის ხეობას. ამდენად, რუკა იძლეოდა ამ ტერიტორიების უხეშ მონახაზს. უფრო ადრეც კი, მე-10 საუკუნეში, აჰმად იბნ ფადლანი თავის მარშრუტში ახსენებს ბაშკირების ქვეყანას ("The country al-Bashgird") და ჩამოთვლის იმ მდინარეებს, რომლებიც უნდა გადაეკვეთა მოგზაურობის დროს.[2]
ადრეული სახელმწიფოებრიობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღსანიშნავია, რომ არ არსებობს არანაირი მონაცემები, რომელიც ასაბუთებს ბაშკირების ადრეულ სახელმწიფოებრიობას სამხრეთ ურალში.
მიუხედავად ამისა, აჰმად იბნ ფადლანის, პლანო კარპინის,[3] ვილემ რუბრუკის[4] შრომები, ისევე, როგორც ბაშკირების ეპიკური პოეზია და გენეალოგიები (shejere) ვარაუდობენ, რომ დამოუკიდებელი ადგილობრივი მმართველობა რეგიონში არსებობდა ჯერ კიდევ მე-13 საუკუნემდე.
ამ პერიოდზე საუბრის დროს, სერგეი რუდენკო[5] ციტირებს აბუ ზაიდ ალ-ბალხის[6] იმის სათქმელად, რომ ბაშკირეთის დასავლეთი ნაწილები იყო და იმართებოდა ვოლგის ბულგარეთის მიერ. ზ. ი. ენიკეევი კი მიუთითებს რ. გ. კუზეევზე[7] და აცხადებს: "ბაშკირების ტომები bülär, yänäy, meñ და äyle, თავიანთ გენეალოგიებში წერდნენ იმას, რომ მათი მმართველები იყვნენ სწორედ "ვოლგის ბულგარეთის" ხანები (Aidar, Säit, Ämir, Sälim, Ilham და Ğabdulla)".[8] ზ. ი. ენიკეევი, რ. გ. კუზეევის მეორე ნაშრომსაც ეყრდნობა[9] და ამბობს, რომ "ტაბინის სახანო", ანუ ბაშკირების ძლიერი ერი-სახელმწიფო, მონღოლების შემოსევამდე, არსებობდა თურქული სახელმწიფოების კონფედერაციის (დაშტ-ი ქიპშაქის) შემადგენლობაში.
უნგრელი ბერი ჯულიანი თავის მარშრუტში აღნიშნავს, რომ ბაშკირებს ჰყავდათ საკუთარი მმართველი (ხანი) 1235-1236 წლებში.[10]
ისლამის გავრცელება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისლამი ბაშკირებში გავრცელდა "ვოლგის ბულგარეთის" მხრიდან, რომლებმაც, თავის მხრივ, ისლამი მიიღეს მე-10 საუკუნეში.
ისლამის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნაშთი არის ისტორიული ადგილი ჩიშმის მახლობლად, ჩიშმინსკის ოლქში. ეს არის კლდე, არაბული წარწერით, სადაც მითითებულია, რომ ჰუსეინ-ბეკი, იზმერ-ბეკის ვაჟი, განისვენებს ამ ადგილას. წარწერა შეიცავს ჰუსეინ-ბეკის გარდაცვალების თარიღსაც, კერძოდ, მუჰარამის თვის მე-7 დღე, ჰიჯრით 444-ე წელი, ესე იგი, ახ. წ. 1066 წელი.
არსებობს კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ისლამი სამხრეთ ურალში გავრცელდა ცენტრალური აზიიდან (იგივე შუა აზიიდან). მაგალითად, მე-13 საუკუნის ორი მუსლიმი მისიონერის სამარხი მდებარეობს ბაშკირეთის ტრანს-ურალიაში, უჩაკინსკის რაიონის სოფელ სტარობაირამგულოვოში.
მონღოლების იმპერია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მე-13 საუკუნეში, ისტორიული ბაშკირეთი მოექცა მონღოლთა იმპერიის გავლენის ქვეშ. ზოგიერთი წყარო, მათ შორის, გ. კარპინი და ი. რუდენკო, იუწყებიან, რომ ბაშკირეთი, "ვოლგის ბულგარეთის" დაცემის შემდეგ, დაიპყრეს მონღოლებმა. კერძოდ, ი. რუდენკოს სჯერა, რომ "მონღოლებმა 'ვოლგის ბულგარეთი' დაიმორჩილეს 1229 წელს, ხოლო თავად ბაშკირეთი - 1236 წელს". ლევ გუმილიოვი კი ამბობს, შესაძლოა, უნგრელი ბერი ფრიარ ჯულიანის ჩანაწერის თანახმად, რომ "ომი მონღოლებსა და ბაშკირებს შორის გაგრძელდა 14 წელიწადს. ბაშკირებმა მოიგეს არაერთი ბრძოლა და ბოლოს, დადეს მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება, რის შემდეგაც მონღოლებმა, მომავალი დაპყრობითი ომების საწარმოებლად, ბაშკირებთან ერთად შექმნეს ალიანსი".[11] მისი აზრით, ეს მოხდა 1220-1223 წლებში.
ზ. ი. ენიკეევის აზრით, ეს ორი შეხედულება არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ბაშკირების ის ტომები, რომლებსაც წინათ "ვოლგის ბულგარეთი" აკონტროლებდა, იძულებული იყვნენ, დედაქალაქ ბილარის დაცემის შემდეგ, მონღოლთა იმპერიას დამორჩილებოდნენ. თუმცა, ბაშკირული ტომების უმეტესი ნაწილი, რომელსაც იმ დროს მეთაურობდა მუიტენ-ბიი, ნებაყოფლობით შევიდა მონღოლების იმპერიაში.
"ბაშკირეთის ისტორიის" ავტორები ამტკიცებენ, რომ ბაშკირები მონღოლურ სახელმწიფოში შევიდნენ 1207 ან 1208 წელს და "ეს მოხდა როგორც იძულებით, ისე, ამავე დროს, ნებაყოფლობით". ამ მხრივ, მნიშვნელოვანია გერმანე ფედოროვ-დავიდოვის მოსაზრება, რომელიც იყო ოქროს ურდოს გამორჩეული მკვლევარი. იმ ფაქტზე საუბრის დროს, რომ ბაშკირებს მმართველად ჰყავდათ საკუთარი ხანი, იგი მიუთითებს, რომ ეს იყო ბაშკირებისთვის მინიჭებული განსაკუთრებული პრივილეგია, რამდენადაც ისინი ნებაყოფლობით დამორჩილდნენ მონღოლთა უღელს; საერთოდ, მონღოლები არასდროს ტოვებდნენ ცოცხალს იმ ერების მეთაურებს, რომლებსაც ისინი ძალით იპყრობდნენ.[12]
ის ფაქტი, რომ ბაშკირები, როგორც ცალკეული ერი, გადარჩა მაშინ, როცა მონღოლებმა გაანადგურეს მათ მეზობლად მცხოვრები ბევრი სხვა ხალხები, მიანიშნებს იმაზე, რომ დამპყრობლებსა და შუა საუკუნეების ბაშკირებს შორის არსებობდა განსაკუთრებული ურთიერთობები.
1294 წელს, მიუხედავად იმისა, რომ მონღოლთა იმპერია ნაწილებად დაიშალა, ბაშკირები მოექცნენ მონღოლთა ერთ-ერთი მემკვიდრე სახელმწიფოს, "ოქროს ურდოს" ძალაუფლების ქვეშ.
რუსეთის იმპერია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მას შემდეგ, რაც "ოქროს ურდოც" დაიშალა, თანამედროვე ბაშკირეთის ტერიტორია გაიყო ყაზანის სახანოს, ციმბირის სახანოსა და ნოღაის ურდოს შორის.
ხოლო 1552 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ, რაც ივანე IV-მ "ყაზანის სახანოს" მარცხი აგემა, ბაშკირები შევიდნენ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. ეს ნებაყოფლობით იყო, თუ დაპყრობის შედეგად მოხდა, დღემდე დავის საგანია.
მიერთება მოლაპარაკებების გზით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერთი ვერსიით, "ყაზანის სახანოზე" ივანეს ტრიუმფის შემდეგ, რუსეთის მთავრობამ სახანოს მოსახლეობას, მათ შორის, დასავლეთ ბაშკირებს, რომლებიც აქამდე "ყაზანს" ემორჩილებოდნენ, მოუწოდა ამიერიდან რუსეთის მეფის ქვეშევრდომები გამხდარიყვნენ. აღსანიშნავია, რომ მეზობლად მდებარე "ნოღაის ურდოში" ამ დროს შიდა უთანხმოება, არეულობა და შიმშილი სუფევდა. მისი მოსახლეობის უმეტესობა მიგრირდა სამხრეთ სტეპებში და მიატოვა საცხოვრებელი ბანაკები. თუმცა, "ნოღაის ურდოს" ლაშქრობები კვლავ საფრთხედ რჩებოდა. დასავლეთ ბაშკირები დაექვემდებარნენ რუსეთის იმპერიას და მეფისგან მიიღეს რწმუნებათა სიგელები, რაც ადასტურებდა მათ სამკვიდრო უფლებებს მშობლიურ მიწებზე, ისევე, როგორც მიტოვებულ "ნოღაის ურდოს" ბანაკებზე.
როგორც ბაშკირულ ლეგენდებშია დამოწმებული, სანამ რუსეთის იმპერიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები დაიწყებოდა, მანამდე ბაშკირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰქონდათ შეხვედრები, სადაც განიხილებოდა ანექსიის წესები და პირობები, ასევე, თუ ვინ უნდა წარედგინათ მათ დელეგატად ("თეთრ ფადიშაჰად").
ბაშკირებმა რუსეთის მეთაურობისგან მიიღეს სიგელები, სადაც დეტალურად იყო აღწერილი ანექსიის წესები, განსაზღვრული იყო მიწების განაწილებისა და გადასახადების საკითხები. აღნიშნული სიგელები ქვეყნის მასშტაბით მოქმედი კრებების მიერ განიხილებოდა..
ანექსიის შესახებ მოლაპარაკებები დაჩქარდა იმ ფაქტის გამო, რომ ყალმუხებმა და მოგვიანებით ყაზახებმა დაიწყეს პრეტენზიის გამოთქმა ბაშკირების მიწებთან დაკავშირებით. 1555-1557 წლებში, ცენტრალურ და სამხრეთ ბაშკირეთში არსებულმა საბჭოებმა თავიანთი დელეგატები გააგზავნეს "ყაზანში", რათა რუსეთის მეფისთვის მათი პატრონაჟის ქვეშ შესვლა ეთხოვათ. ბაშკირების გენეალოგიები (shejere) ინახავენ იმ 4 ტომის წარმომადგენელი დიდებულების სახელებს, რომლებიც "ყაზანში" გაემგზავრნენ მოსალაპარაკებლად.
ბაშკირთა დიდებულებსა და რუსეთის მეფის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები, ასევე, დასტურდება რუსულ საისტორიო წყაროებში. რუსეთის მოქალაქეობის მიღებით, ბაშკირები იმტკიცებდნენ საკუთარ უფლებებს მიწებზე და აძლიერებდნენ დაცვის შესაძლებლობას "ნოღაის" მხრიდან საზღვრის დამრღვევთა წინააღმდეგ.
მიერთება დაპყრობის გზით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იმავდროულად, არსებობს ალტერნატიული თვალსაზრისი, უპირველეს ყოვლისა, დასავლურ ისტორიოგრაფიაში, რომელიც მიიჩნევს, რომ ბაშკირეთი საკუთარი ნებით არასდროს შეერთებია რუსეთის იმპერიას, არამედ ის რუსებმა დაიპყრეს.
ამ თვალსაზრისის ინიციატორი იყო ამერიკელი ისტორიკოსი ალტონ ს. დონელი,[13] რომელმაც გაანალიზა რუსეთში ბაშკირეთის შესვლის ფაქტორები და დაასკვნა, რომ რუსებმა, ფაქტობრივად, დაიპყრეს ბაშკირეთი და აქციეს ის რუსეთის შიდა კოლონიად. ისტორიკოსმა დონელიმ შეისწავლა ცარისტული პოლიტიკა ბაშკირების მიმართ და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბაშკირების აჯანყება (1662-1664 წწ.) და ამბოხი (1704-1711 წწ.) თავდაპირველად გამოწვეული იყო რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ ბაშკირებთან დადებული წესებისა და პირობების დარღვევით. აქედან, დონელი ასკვნის, რომ რუსეთმა განაგრძო "იმპერიული" პოლიტიკა ახლადშემოერთებულ ბაშკირეთში და თანმიმდევრულად დაარღვია ბაშკირების ინტერესები.
რუსი ისტორიკოსები ამის მსგავსად აცხადებენ, რომ ბაშკირების ამბოხებები გამოწვეული იყო რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ იმ პირობების დარღვევით, რითაც ბაშკირები შევიდნენ იმპერიის შემადგენლობაში, თუმცა, ისინი რჩებიან აზრზე, რომ ამ ფაქტს არ შეუძლია შეერთების გარემოებების გადაფასება: ბაშკირების თავისუფალი ნება ხაზგასმულია, როგორც რუსულ, ისე ბაშკირულ საისტორიო წყაროებში.
განვითარება რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მე-16 საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, ბაშკირეთის ტერიტორიამ დაიწყო ფორმირება, როგორც რუსული სახელმწიფოს ნაწილმა. 1798 წელს დაარსდა "რუსი მუსლიმების სასულიერო კრება", რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ ხელმძღვანელობა სათვალავში აგდებდა ბაშკირების, თათრების და სხვა მუსლიმი ეთნოსების უფლებებს, აძლევდა რა მათ ისლამის დაუფლებისა და რელიგიური რიტუალების გამართვის საშუალებას. "უფას გუბერნია", რომლის ცენტრი იყო ქალაქი უფა, შეიქმნა 1865 წელს, რაც კიდევ ერთი ნაბიჯი იყო ტერიტორიული იდენტიფიკაციისკენ.
საბჭოთა კავშირის ეპოქა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუსული რევოლუციის შემდგომ, შეიქმნა "ბაშკირეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა" (აბრევიატურა - ASSR),[14] [15] [16] თავდაპირველად, როგორც "პატარა ბაშკირეთი", მაგრამ, საბოლოოდ, მთელი "უფას გუბერნია" შევიდა ახლადდაარსებული რესპუბლიკის შემადგენლობაში. საბჭოთა პერიოდის დროს, ბაშკირეთს მიენიჭა ფართო ავტონომიური უფლებები - პირველს, სხვა რეგიონებს შორის. ბაშკირეთის ავტონომიური სსრ-ის ადმინისტრაციული სტრუქტურა დაფუძნებული იყო საბჭოთა კავშირის სხვა ავტონომიური რესპუბლიკების მსგავს პრინციპებზე.
ბაშკირეთში ნედლი ნავთობის მოპოვება დაიწყო 1932 წელს. 1943 წლის მიწურულს, აღმოაჩინეს ნედლი ნავთობის დიდი საბადოები. მეორე მსოფლიო ომის დროს კი, ბაშკირეთი გახდა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი მთავარი რეგიონი, სადაც განთავსდა დასავლეთ რუსეთიდან ევაკუირებული ქარხნები და ფაბრიკები. ის, ასევე, იყო ხალხთა დიდი მასების ადგილი და ქვეყანას ამარაგებდა იარაღით, საწვავით და საკვები პროდუქტებით. ომის შემდეგ, იქ დიდი რაოდენობით სამრეწველო დარგები განვითარდა, როგორებიცაა სამთო, მანქანათმშენებლობა და ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობები. ბაშკირეთის ინდუსტრია გახდა რუსეთის ყველა ევროპული ტერიტორიის შემდგომი ეკონომიკური ზრდისთვის მყარი საფუძველი.
თანამედროვე ბაშკირეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1990 წლის 11 ოქტომბერს, საბჭოთა ხელმძღვანელობამ მიიღო ბაშკირეთის ავტონომიური სსრ-ის შესახებ დეკლარაცია. 1992 წლის 25 თებერვალს, ბაშკირეთის ავტონომიურ სსრ-ს ეწოდა "ბაშკირეთის რესპუბლიკა".
1992 წლის 31 მარტს, რუსეთის ხელისუფლების ფედერალურ ორგანოებსა და "ბაშკირეთის რესპუბლიკის" ხელისუფლების ორგანოებს შორის ხელი მოეწერა ძალაუფლების გამიჯვნის ფედერალურ ხელშეკრულებას. 1994 წლის 3 აგვისტოს კი, ამ ორგანოებს შორის ხელი მოეწერა ძალაუფლების ერთობლივი განაწილების შესახებ ხელშეკრულებას.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Умняков И. И., "Самая старая турецкая карта мира". Труды Самаркандского государственного педагогического института. 1940. Т.1, вып.1. с. 103-131.
- ↑ Путешествие Ибн-Фадлана на Волгу. М.; Л., 1939. С. 66.; Ибн-Фадлан Ibn-Fadlan's Volga trip report
- ↑ Giovanni da Pian del Carpine. History of the Mongols Whom We Call the Tartars (1247).
- ↑ The Journey of William of Rubruk to the Eastern Parts (London, 1900, ISBN 0-8115-0327-5).
- ↑ Руденко С. И. Башкиры: Историко-этнографические очерки. - Уфа: Китап, 2006.
- ↑ Abu Zayd al-Balkhi. Kitab-ul-Masalik-ul-Mumalik. Vol. I. Leiden, 1870. p. 123.
- ↑ Башкирские шежере/ Сост. Р. Г. Кузеев. Уфа, 1960. С. 50-63, 166-173, 175-223.
- ↑ Еникеев З. И. Правовой статус Башкортостана в составе России: историко-правовое исследование. - Уфа: Гилем, 2002. 371 с. С.35.
- ↑ Кузеев Р. Г. Происхождение башкирского народа. С. 261-265.
- ↑ Аннинский С. А. Известия венгерских миссионеров XIII-XIV вв. о татарах в Восточной Европе. Исторический архив. Т. III. М.; Л., 1940.
- ↑ Гумилев Л. Н. Древняя Русь и Великая Степь. С. 459.
- ↑ История Башкортостана с древнейших времен до наших дней: В 2 т. / И. Г. Акманов, Н. М. Кулбахтин, А. З. Асфандияров, и др.; Под ред. И. Г. Акманова. Т.1. История Башкортостана с древнейших времен до конца XIX в. - Уфа:Китап, 2004. 488 с.: ил. С. 66.
- ↑ Donelly S. Alton. The Russian Conquest of Bashkiria 1552-1740. Yale University Press, 1968. ISBN 0-300-00430-3
- ↑ БСЭ, т. 4, 1950 год, стр. 347.
- ↑ Jonathan D. Smele (November 19, 2015). Historical Dictionary of the Russian Civil Wars,1916-1926. Rowman & Littlefield Publishers, გვ. 179. ISBN 1442252804.
- ↑ The Encyclopedia Americana. Danbury, Conn. : Grolier, გვ. 310. ISBN 0717201155.