ყაზანის სახანო

ყაზანის სახანო (თათრ. Казан ханлыгы, Qazan xanlığı, قزان خانلغی) — ფეოდალური პოლიტიკური ერთეული, რომელიც წარმოიქმნა ოქროს ურდოს დაშლის შედეგად ვოლგის ბულგარეთის ტერიტორიაზე, ვოლგა-კამის მხარეში 1438-1552 წლებში. მოიცავდა თანამედროვე თათრეთს, მარი-ელს, ჩუვაშეთს, მორდვეთს, უდმურტეთისა და ბაშკირეთის ნაწილს. დედაქალაქი იყო ყაზანი.
დააარსა ოქროს ურდოს ხანმა ულუ-მუჰამედმა (მართავდა 1437-1445 წლებში), თუმცა ყაზანის ხანად თავდაპირველად გამოცხადდა მისი შვილი მაჰმუთექი, რომელმაც 1445 წელს მოკლა ყაზანელი „უფლისწული“ ალი. სახანოს საზღვრებში მოექცა ვოლგის ბულგარელთა, მარიელთა, ჩუვაშთა და უდმურტთა მიწები, ნაწილობრივ მორდველთა და ბაშკირთა მიწებიც. მოსახლეობა ძირითადად მიწათმოქმედებას მისდევდა (გავრცელებული იყო სამმინდვრიანი სისტემა), მესაქონლეობას დამხმარე მნიშვნელობა ენიჭებოდა. ქალაქებში განვითარებული იყო ხელოსნობა. ყაზანის სახანოს სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა რუსეთთან, ციმბირთან, კავკასიასთან და აღმოსავლეთის ქვეყნებთან.
ფოდალურ ზედაფენას შეადგენდნენ ემირები, რომელთა შორის გამოირჩეოდა 4 მთავარი ემირი — ყარაჩები (შირინის, ბარღინის, არღინის და ყივჩაყის საგვარეულოები). დანარჩენები სულთნები იყვნენ, მათ მოსდევდნენ მურზები (აზნაურები, სიტყვასიტყვით „ცემირის შვილები“). წვრილი მიწათმფლობელები იყვნენ ოღლანები (მსახურეული სამხედრო ხელისუფალნი). ფეოდალურად დამოკიდებულ მწარმოებლებს ქშილარები ერქვათ. იყვნენ თავისუფალი გლეხებიც („შავი ადამიანები“), რომლებიც ღალას უხდიდნენ ფეოდალებს და სახელმწიფოს. ადმინისტრაციულად ყაზანის სახანო ტარუღებად (ოლქებად) და ულუსებად (ვილაიეთებად) იყოფოდა. სახელმწიფოს მეთაური იყო ხანი, მის კარზე არსებობდა მსხვილ ფეოდალთა დივანი. დიდი გავლენით სარგებლობდა მუსლიმური სასულიერო იერარქია, რომლის მეთაური „ნაკიბ-ელ-ეშრაფის“ ტიტულს ატარებდა. მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად იწვევდნენ ფეოდალთა საერთო კრებას — ყურულთაის. ყაზანის სახანო რუსეთის ვასალურ ქვეყნად იქცა 1487 წლიდან, როცა მოსკოვის მთავარმა ივანე III-მ ხანად დასვა თავისი მომხრე მუჰამედ ემინი (გ. 1518). 1521 წლიდან ხანი გახდა მუჰამედ ემინის ძმა საჰიბ გირეი, რომელმაც კავშირი შეკრა ასტრახანისა და ყირიმის სახანოებთან და რამდენჯერმე დაესხა თავს რუსეთს. მას ზურგს უმაგრებდა ოსმალეთი. 1524 წელს ყაზანის სახანომ თავი ცნო ოსმალეთის ვასალად, ტახტზე დამკვიდრდა საფა-გირეი და მისი მემკვიდრეები. 1545-1552 წლებში ივანე IV-მ რამდენჯერმე გაილაშქრა ყაზანის სახანოს წინააღმდეგ. 1552 წელს მან აიღო ყაზანი და სახანომაც შეწყვიტა არსებობა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხანთაძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 608.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- (ინგლისური) ყაზანის სახანოს მოკლე ისტორია დაარქივებული 2007-02-19 საიტზე Wayback Machine.
- (ინგლისური) ადრინდელი თათრული დროშები დაარქივებული 2011-08-22 საიტზე Wayback Machine.
- (ინგლისური) ვოლგის თათრების წარმოშობა