Total War: Warhammer II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Total War: Warhammer II
Total War Warhammer II Cover Image.jpg
დეველოპერ(ებ)ი Creative Assembly
გამომცემელი Sega
სერია „Total War“
პლატფორმ(ებ)ი
გამოსვლის თარიღი
  • Windows
    • მსოფლიო 28 სექტემბერი, 2017
ჟანრ(ებ)ი რეალური დროის ტაქტიკა, რიგითობაზე დამყარებული სტრატეგია
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
მრავალმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი იენ როქსბურგი
ვერსია 1.5.0
საიტი ოფიციალური საიტი

Total War: Warhammer II (ქართ. ტოტალური ომი: საომარი ურო II) — „Total War“-ის სერიის რიგით მეთერთმეტე სტრატეგიული თამაში და რიგით მეორე დაგეგმილი Warhammer-ის ტრილოგიაში. მოქმედება მიმდინარეობს Games Workshop-ის კუთვნილი ფენტეზი „Warhammer Fantasy Battles“-ის სამყაროში. შექმნილია Creative Assembly-ს და გამოქვეყნებულია Sega-ის მიერ 2017 წელს.

გეიმპლეი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველ თამაშთან შედარებით ძირითადი განსხვავებები არის თითოეული ფრაქციის უნიკალური თვისებების რაოდენობის ზრდაში და კოლონიზაციის მექანიკის უმნიშვნელო ცვლილებაში. ასევე, წინამორბედისგან განსხვავებით, ყოველი ახალი ლეგენდარული ლორდი წარმოადგენს თავის საკუთარ ფრაქციას (მაგალითად, თუ ადამიანთა იმპერიაზე თამაშისას დანარჩენი ლეგენდარული ლორდები სათადარიგოები ხდებოდნენ, უზენაეს ელფებზე თამაშისას ყოველი ლეგენდარული ლორდი საკუთარ ფრაქციას მეთაურობს) ყოველ ახალ ფრაქციას სტრატეგიულ რუკაზე გაუჩნდა უნიკალური დამახასიათებელი რესურსი და ოთხი რიტუალი. იმავდროულად გაქრა შეზღუდვა დასახლებების დაკავებაზე ფრაქციების მიხედვით — ყველა ფრაქციას (ურდოს მექანიკის მქონეს გარდა) შეუძლია ნებისმიერი დასახლების დაკავება, მაგრამ მათთან დაკავშირებული მახასიათებლები (გადასახადი, წესრიგი, მოსახლეობის ზრდა, მშენებლობის ფასი და ხანგრძლივობა) იცვლება ჰავის მიხედვით. ყოველი ფრაქციისთვის დამახასიათებელია შესაფერისი, შეუფერებელი და აუტანელი ჰავა. რუკაზე არსებობს ჰავის შემდეგი ტიპები: ზომიერი, კუნძული, სავანა, მთები, უდაბნო, ჯუნგლები, ყინულოვანი მიწები, უნაყოფო მიწები, ქაოსის ნაოხარი მიწები და ჯადოსნური ტყე.

შესამჩნევად გაიზარდა მაგიის მნიშვნელობა და ძალა ყოველი მხარისთვის. ჯადოქრები მეორე თამაშში ბევრად ძლიერები და მნიშვნელოვნები არიან პირველთან შედარებით. ასევე დაემატა სიბილწის მესამე სახე — სკავენური, — რომელიც იმავდროულად ვნებს სკავენთა ქალაქებში დამყარებულ წესრიგს.

რუკა მოიცავს დიადი ოკეანის მიმდებარე კონტინენტებს — ულთუანს, სამხრეთმიწეთს, ნაგაროთს და ლასტრიას (ადგილობრივი ატლანტის ოკეანე, მითური ატლანტიდა, აფრიკა, ჩრდილოეთ ამერიკა და სამხრეთ ამერიკა, შესაბამისად)

თამაშში გათვალისწინებულია მხოლოდ ორი კამპანია: სიუჟეტური „გრიგალის გული“ და, დისკზე პირველი თამაშის არსებობის შემთხვევაში, „მოკვდავთა იმპერიები“ გაერთიანებულ რუკაზე, სადაც ერთდროულად ხელმისაწვდომია პირველი და მეორე თამაშების ფრაქციები.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი თამაშისგან განსხვავებით, სადაც სტრატეგიულ რუკაზე კამპანიის ძირითადი არსი იყო უბრალო მსოფლიო დომინირების მოპოვება, მეორეში სტრატეგიულ რუკაზე ვითარდება სიუჟეტური კამპანია „გრიგალის გული“. სიუჟეტის მიხედვით, ცაში კვლავ გამოჩნდა ორკუდიანი კომეტა — დიადი მოვლენების მაუწყებელი. მაგრამ, ამჯერად კომეტის გამოჩენამ დაასუსტა ულთუანის დიადი გრიგალი — ჯადოსნური მორევი, რომელიც შთანთქავს პოლუსებიდან მომავალი ჯადოსნური ქარების ნაკადებს და არ აძლევს ქაოსის დემონებს მოკვდავთა სამყაროში განსხეულების საშუალებას. ეს მოვლენა იწყებს ოთხმხრივ „შეიარაღების რბოლას“ უზენაეს ელფებს, კაცხვლიკებს, ბნელ ელფებსა და სკავენებს შორის.

იმავდროულად, კომეტის გამოჩენას და გრიგალის დასუსტებას დიადი ოკეანის სხვა რეგიონებშიც მოჰყვა საკუთარი შედეგები. სამხრეთმიწეთში, ძველი ნეჰეკჰარის უდაბნოში, კომეტის გამოჩენამ გააღვიძა ნაგაშის შავი პირამიდა, რითაც მიიქცია სამარხთა მეფეების ყურადღება: საძულველი მთავარნეკრომანტის საიდუმლო ცოდნის დაუფლებას ყოველი ნატრობს, ერთის გარდა — არხან შავბნელის მიზანი თავად ნაგაშის იმქვეყნიდან დაბრუნებაა. ისინი ცდილობენ ნაგაშის დაკარგული წიგნების პოვნას, რომ გახსნან შავი პირამიდა და დაეპატრონონ მის საიდუმლოებებს. ასევე, გრიგალის სიმტკიცის დარღვევამ გააღვიძა დიადი ოკეანის სიღრმეში მობინადრე ამანარი — ულთუანის დამცველი უზარმაზარი ზღვის გველეშაპი, რომელიც მეკობრეთა მოქიშპე ძლევამოსილი კავშირების სანუკვარი სამიზნე გახდა მსოფლიო ოკეანეებზე მბრძანებლობის მოსაპოვებლად.

კამპანიის დასასრული დამოკიდებულია გამარჯვებული ფრაქციის სახეზე:

  • უზენაესი ელფები: გრიგალი მშვიდდება და აღიდგენს წინანდელ ძალას;
  • ხვლიკხალხი: გრიგალი მშვიდდება და ძლიერდება აღდგენილი გეომანტური ქსელის ენერგიით. ამიერიდან მისი მცველები ცივსისხლიანები არიან, იწყება უძველესთა დიადი გეგმის აღსრულების შემდეგი ეტაპი — მსოფლიოს განწმენდა;
  • ბნელი ელფები: მალეკითი შედის გრიგალში და შთანთქავს მაგიური ქარების ენერგიებს. იგი ღმერთებივით ძლევამოსილი ხდება;
  • სკავენები: სკავენთა შემზარავი ღმერთი, დიადი რქოსანი ვირთხა, გრიგალიდან გამოდის მოკვდავთა სამყაროში. მავნებელთა ურიცხვი არმიები მსოფლიოს დაპყრობას იწყებს.

სამარხთა მეფეებს და ვამპირ მეკობრეებს დიადი გრიგალის ბედი არ ანაღვლებთ, ამიტომაც მათი კამპანიების დასასრული სხვანაირია:

  • არხან შავი: არხანის არმია უკუაქცევს ნეჰეკჰარის ხელმწიფეთა ლაშქრებს და იპყრობს ნაგაშის შავ პირამიდას. დიადი ნეკრომანტის დაბრუნება უკვე დროის საკითხია;
  • ნებისმიერი სხვა სამარხის მეფე: სეთრას, ქალიდას და ხატეფის გაერთიანებული ძალები ანადგურებენ მეფე-ლიჩის არმიას, ნაგაშის შავი პირამიდა და მისი საიდუმლოები სამარხთ ხელმწიფეებს ეკუთვნის.
  • ვამპირი მეკობრეები: ამანარი მოკლული და გაცოცხლებულია, მისი დამმორჩილებელი მეკობრეთა ფრაქცია უდავოდ შეიძლება ჩაითვალოს ოკეანეების უპირობო მბრძანებლად.

ფრაქციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამპანიაში თავდაპირველად ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ რვა ფრაქცია, ორ-ორი შემდეგი სახისა: უზენაესი ელფები (ასურები), ბნელი ელფები (დრუქიები), კაცხვლიკები და სკავენები. დროთა განმავლობაში, სხვადასხვა DLC-ის გამოშვებასთან ერთად, მათი რაოდენობა გაიზარდა.

დამატებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

26 ოქტომბერს თამაშს დაემატა მასშტაბური უფასო „Mortal Empires“ (მოკვდავთა იმპერიები), რომელიც პირველი და მეორე თამაშის მფლობელებს საშუალებას აძლევს ითამაშონ ძველი და ახალი სამყაროს გაერთიანებულ რუკაზე ორივე თამაშში ხელმისაწვდომი ფრაქციებით. ახალი სამყაროს მხარე რუკაზე ოდნავ შემცირებული და ჩამოჭრილია „გრიგალის გულის“ რუკასთან შედარებით. იმავდროულად ხელმისაწვდომი გახდა კოსმეტიკური „Blood for the Blood God II“ (სისხლი სისხლის ღმერთს II), რომელმაც დაამატა სისხლიანი ეფექტები.

2018 წლის 23 იანვარს გამოვიდა „Rise of the Tomb Kings“ (სამარხის მეფეთა აღზევება), რომელმაც დაამატა სამარხის მეფეთა ოთხი ფრაქცია „გრიგალის გულის“ და „მოკვდავთა იმპერიების“ რუკებისთვის. იმავდროულად გამოვიდა უფასო „Tretch Craventale“ (ტრეჩ ლაჩარკუდი), რომელმაც დაამატა სკავენთა ფრაქცია ხახის კლანის სახით.

18 თებერვალს გამოვიდა უფასო „Steps of Isha“ (იშას საფეხურები), რომელიც შეიცავს ოთხ ელფური თემატიკის მქონე რუკას ერთმოთამაშიანი და მრავალმოთამაშიანი რეჟიმებისთვის.

31 მაისს გამოვიდა მასშტაბური „The Queen and the Crone“ (დედოფალი და დედაბერი). ხელმისაწვდომი გახდა ორი ახალი ფრაქცია საკუთარი ლეგენდარული ლორდებით და ახალი მექანიკით. ასურებს და დრუქიებს დაემატა ახალი აგენტები და საბრძოლო რაზმები. ამასთანავე გამოვიდა უფასო „Alith Anar“ (ალით ანარი), რომელმაც დაამატა უზენაესი ელფების მეოთხე, უნიკალური მექანიკის მქონე, ფრაქცია, და „Resurgent Update“ (აღორძინების განახლება), რომელმაც გაამრავალფეროვნა გეიმპლეის მრავალი ასპექტი ახალი ფრაქციების, საბრძოლო ერთეულების და უნიკალური გეიმპლეიური მექანიკის სახით (მათ შორის — ხელმისაწვდომი გახდა ნორსკას ფრაქციები პირველი თამაშიდან, სკავენებისთვის შედარებით გამარტივდა საკვების მოპოვება, ხოლო ტყის, უზენაეს და ბნელ ელფებს დაემატათ კჰეინის ხმლის მექანიკა).

8 ნოემბერს გამოვიდა ასევე მასშტაბური „Curse of the Vampire Coast“ (ვამპირთა სანაპიროს წყევლა), რომელმაც დაამატა ოთხი ახალი ფრაქცია საკუთარი სიუჟეტით და უნიკალური მექანიკით. იმავდროულად გამოვიდა უფასო „Lokhir Fellheart“ (ლოკირ ფელჰარტი), რომელმაც დაამატა ბნელი ელფების უნიკალური მექანიკის მქონე ფრაქცია, და „The Aye Aye!“ განახლება, რომელმაც მნიშვნელოვნად გაამრავალფეროვნა ვამპირების ფრაქციების გეიმპლეური მექანიკა, დაამატა კუნძულოვანი რუკები საზღვაო ბრძოლების ალტერნატივად (მანამდე საზღვაო ბრძოლები ავტომატურად იმართებოდა, დამატების შემდეგ ითვლება, რომ მონაწილე მხარეები სხდებიან უახლოეს კუნძულზე ან სანაპიროზე და იქ ებრძვიან ერთმანეთს) და გარკვეულწილად განაახლა ყველა ლეგენდარული ლორდისა და მისი ფრაქციის მახასიათებლები.

2019 წლის 17 აპრილს გამოვიდა „The Prophet and the Warlock“ (წინასწარმეტყველი და გრძნეული), რომელმაც დაამატა ორი ახალი ფრაქცია ლეგენდარული ლორდებით, უნიკალური მექანიკით და ახალი საბრძოლო რაზმები ხვლიკხალხისთვის და სკავენებისთვის. იმავდროულად გამოვიდა უფასო „Tiktaq'to“ (ტიქტაკ'ტო), რომელმაც დაამატა ხვლიკხალხის კიდევ ერთი ფრაქცია, და განახლება „Doomsayers Update“, რომელმაც გადაამუშავა ბრეტონიის ფრაქციების მექანიკა, გაამრავალფეროვნა სკავენების და ხვლიკხალხის ფრაქციები, და დაამატა ახალი რეგიონები კამპანიის რუკებზე.

19 მაისს გამოვიდა „The Amethyst Update“ (ამეთვისტური განახლება). გარკვეული საბრძოლო ერთეულების მახასიათებლების მცირე ცვლილების გარდა ასევე დაემატა ახალი აგენტი — ამეთვისტური ჯადოქარი — ადამიანთა იმპერიისთვის.

11 სექტემბერს გამოვიდა „The Hunter and the Beast“ (მონადირე და ნადირი), რომელმაც დაამატა ორი ახალი ლეგენდარული ლორდი საკუთარი უნიკალური მექანიკის ფრაქციებით და სიუჟეტით. იმავდროულად გამოვიდა უფასო „Gor-Rok“ (გორ-როკი) და მასშტაბური „The Empire Undivided Update“ (განახლება „იმპერია განუყოფელი“), რომელმაც, სხვა ცვლილებათა შორის, კარდინალურად გადაამუშავა ადამიანთა იმპერიის ფრაქციები, გეიმპლეურ მექანიკა და გეოგრაფია.

17 სექტემბერს White Dwarf-ის სექტემბრის ნომრის გამომწერები მიიღებენ უფასო დამატებას „Gotrek and Felix“ (გოტრეკი და ფელიქსი), რომელიც ხელმისაწვდომს გახდის უნიკალური მექანიკის მქონე ლეგენდარულ ლორდს და აგენტს ადამიანთა იმპერიის, ჯუჯების და ბრეტონიის ფრაქციებისთვის. დამატება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახდება ერთი თვის შემდეგ, 17 ოქტომბერს.

კრიტიკოსების შეფასება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

 შეფასება
საერთო შეფასება
აგრეგატორი შეფასება
GameRankings 87.02%[1]
Metacritic 87%[2]
ქულები
წყარო რეიტინგი
GameSpot 9/10[3]
IGN 9.1/10[4]
PC Gamer (US) 92/100[5]

საერთო განხილვეების საიტებზე GameRankings და Metacritic თამაშის რეიტინგი შეადგენს 87,02 % (24 მიმოხილვაზე დაყრდნობით) და 86/100 (56 მიმოხილვაზე დაყრდნობით).

„Eurogamer“-მა თამაშს თავის სიაში „2017 წლის 50 საუკეთესო თამაში“ მეათე ადგილი მიუჩინა.[6] ჟურნალ „PC Gamer“-ის მიერ დასახელდა „წლის საუკეთესო სტრატეგიად“[7] და მიიღო „წლის თამაშის ნომინაცია“.[8] ასევე მიიღო „საუკეთესო PC თამაშისა“ და „საუკეთესო სტრატეგიის ნომინაცია“ საიტ IGN-ისგან.[9][10]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ჯილდო კატეგორია შედეგი სქოლიო
2017 Game Critics Awards საუკეთესო PC თამაში ნომინირებული [11]
საუკეთესო სტრატეგია ნომინირებული
Gamescom 2017 Best Booth Award ნომინირებული [12]
საუკეთესო PC თამაში ნომინირებული
საუკეთესო სტრატეგია ნომინირებული
Golden Joystick Awards წლის სტუდია (Creative Assembly) ნომინირებული [13]
წლის PC თამაში ნომინირებული
Hollywood Music in Media Awards ორიგინალური მუსიკ - ვიდეო თამაში ნომინირებული [14]
The Game Awards 2017 საუკეთესო სტრატეგია ნომინირებული [15]
2018 D.I.C.E. Awards წლის სტრატეგია/სიმულატორი ნომინირებული [16]
National Academy of Video Game Trade Reviewers თამაში, სტრატეგია ნომინირებული [17][18]
ბრიტანული აკადემიის თამაშების 14-ე დაჯილდოება ბრიტანული თამაში მოსალოდნელია [19]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Total War: WARHAMMER II for PC. CBS Corporation. წაკითხვის თარიღი: 2017-11-01.
  2. Metacritic Staff. (17 თბერვალი, 2018) Total War: Warhammer II. Metacritic. წაკითხვის თარიღი: 17 თებერვალი, 2018.
  3. Gamespot staff. (17 თებერვალი, 2018) Total War: Warhammer II. Gamespot. წაკითხვის თარიღი: 17 თებერვალი, 2018.
  4. TJ Hafer. (25 სექტემბერი, 2017) Total War: Warhammer 2 Review. IGN. წაკითხვის თარიღი: 17 თებერვალი, 2018.
  5. Jody Macgregor. (25 სექტემბერი, 2017) Total War: Warhammer 2 Review. PC Gamer US. წაკითხვის თარიღი: 17 თებერვალი, 2018.
  6. Eurogamer staff. (30 დეკემბერი, 2017) Eurogamer's Top 50 Games of 2017: 10-1. Eurogamer. წაკითხვის თარიღი: 30 დეკემბერი, 2017.
  7. PC Gamer staff. (16 დეკემბერი, 2017) Best Strategy Game 2017: Total War: Warhammer 2. PC Gamer. წაკითხვის თარიღი: 31 დეკემბერი, 2017.
  8. PC Gamer staff. (8 დეკემბერი, 2017) Games of the Year 2017: The nominees. PC Gamer. წაკითხვის თარიღი: 31 დეკემბერი, 2017.
  9. Best of 2017 Awards: Best PC Game. IGN (20 დეკემბერი, 2017). წაკითხვის თარიღი: 2 იანვარი, 2018.
  10. Best of 2017 Awards: Best Strategy Game. IGN (20 დეკემბერი, 2017). წაკითხვის თარიღი: 2 იანვარი, 2018.
  11. Game Critics Awards: Best of E3 2017 (2017 Nominees). Game Critics Awards. წაკითხვის თარიღი: 4 იანვარი, 2018.
  12. Khan, Zubi. (21 August 2017) Gamescom 2017 Award Nominees. CGM. წაკითხვის თარიღი: 20 იანვარი, 2018.
  13. Gaito, Eri. (13 ნოემბერი, 2017) Golden Joystick Awards 2017 Nominees. Best In Slot. წაკითხვის თარიღი: 2 იანვარი, 2018.
  14. Hollywood Music in Media Awards: Full Winners List. The Hollywood Reporter (17 November 2017). წაკითხვის თარიღი: 14 მარტი, 2018.
  15. Makuch, Eddie. (8 დეკემბერი, 2017) The Game Awards 2017 Winners Headlined By Zelda: Breath Of The Wild's Game Of The Year. GameSpot. წაკითხვის თარიღი: 31 დეკემბერი, 2017.
  16. Makuch, Eddie. (14 იანვარი, 2018) Game Of The Year Nominees Announced For DICE Awards. GameSpot. წაკითხვის თარიღი: 20 იანვარი, 2018.
  17. Nominee List for 2017. National Academy of Video Game Trade Reviewers (9 February 2018). წაკითხვის თარიღი: 19 თებერვალი, 2018.
  18. Horizon wins 7; Mario GOTY. National Academy of Video Game Trade Reviewers (13 მარტი, 2018). წაკითხვის თარიღი: 14 მარტი, 2018.
  19. deAlessandri, Marie. (15 მარტი, 2018) Hellblade: Senua's Sacrifice at forefront of BAFTA Games Awards nominations. The Market for Computer & Video Games. წაკითხვის თარიღი: 16 მარტი, 2018.