Cartoon Wars Part II — ამერიკული ანიმაციური ტელესერიალი სამხრეთის პარკის მეათე სეზონის მეოთხე ეპიზოდი, სერია Cartoon Wars-ის მეორე და საბოლოო ნაწილი, რომელიც 2006 წლის 12 აპრილს გავიდა Comedy Central-ის ეთერში. სიუჟეტის მიხედვით, ქერთმანი ცდილობს გრიფინების ახალი სერიის ეთერში გაშვებისთვის ხელის შეშლას, რადგანაც, მისი აზრით, იქ ნაჩვენები ნახატი, რომელზეც მუჰამადია გამოსახული, მუსულმანებს შეურაცხყოფს. კაილი, თავის მხრივ, ცდილობს დაარწმუნოს FOX-ის პრეზიდენტი გრიფინების ეპიზოდის ეთერში გაშვებაში და აპელირებას სიტყვის თავისუფლებაზე ახდენს.
ეპიზოდების შთამგონებელი გახდა 2005-06 წლების კარიკატურული სკანდალი, როდესაც ერთ-ერთ დანიურ გაზეთში გამოქვეყნდა კარიკატურა წინასწარმეტყველ მუჰამადზე, რამაც მუსულმანური პროტესტები და აჯანყებები გამოიწვია. უსაფრთხოების მიზნით, Comedy Central-ს სურდა ეს კარიკატურა ეპიზოდში არ გამოჩენილიყო, რაც სცენარისტების უკმაყოფილებას იწვევდა. ტელეკომპანიის სერიალის საქმეებში ჩარევაზე ნახსენები იყო თვითონ ეპიზოდშიც.