შინაარსზე გადასვლა

1941 წლის ანტისაბჭოთა შეთქმულება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

1941 წლის ანტისაბჭოთა შეთქმულება — შეთქმულება, რომელიც მზადდებოდა 1941 წელს თბილისში, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. შეთქმულებას ხელმძღვანელობდნენ და მის წევრებთან მეტნაკლებ კავშირში იმყოფებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტთა ჯგუფი, მაშინდელი ახალგაზრდა პოეტები და მწერლები, მათ შორის კოტე ხიმშიაშვილი, გიორგი ძიგვაშვილი, კოტე ჯოგლიძე, შალვა შავიანიძე, გიორგი და მიხეილ იმერლიშვილები. შეთქმულებამ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია, იგი გაიცა და შეთქმულები დააკავეს, მათი დიდი ნაწილი დახვრიტეს ან გადაასახლეს. შეთქმულების სავარაუდო ხელმძღვანელად გამოძიების მიერ მიჩნეულ იქნა გრიგოლ რობაქიძე, რომელიც ნაცისტურ გერმანიაში მოღვაწეობდა და ჰიტლერთან დაახლოებულ პირად ითვლებოდა, შესაბამისად შეთქმულებს ერთ-ერთ ბრალდებად გერმანელებთან თანამშრომლობა წაუყენეს.

შეთქმულების შექმნა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მარცხნიდან: გიორგი ძიგვაშვილი, შალვა შავიანიძე და კოტე ჯოგლიძე

1941 წლის 22 ივნისს დაწყებული მეორე მსოფლიო ომის პირველ დღეებსა და თვეებში ჩამოყალიბდა ანტისაბჭოთა პატრიოტული ორგანიზაცია, რომელსაც ჩაფიქრებული ჰქონდა ანტისახელმწიფოებრივი შეთქმულება ომის ქარცეცხლში გახვეული საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ორგანიზაციის დაარსების ინიციატორი იყო მწერალი კოტე ხიმშიაშვილი, რომელიც სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა 35-ე სათადარიგო ლეგიონში, რომელიც განჯაში, მაშინდელ კიროვაბადში იყო დისლოცირებული. აქ მან ლეგიონის უმცროსი ლეიტენანტი გიორგი იმერლიშვილი და მისი თანამოაზრეები გაიცნო, რომელთაც გარკვეული მონახაზი უკვე გააჩნდათ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაზე. მოგვიანებით შეთქმულთა ლეგიონი ავჭალაში გადმოისროლეს. შეთქმულებმა თავისი ჩანაფიქრი ლეგიონის სხვა წევრებს და თბილისელ მეგობრებს გაანდეს.[1] შეთქმულებს თანამოაზრეები გამოუჩნდნენ, ორგანიზაციის დამაარსებლები იყვნენ ახალგაზრდა მწერლები: კოტე ჯოგლიძე, შალვა შავიანიძე, გიორგი ძიგვაშვილი და მიხეილ იმერლიშვილი, ისინი მჭიდრო ურთიერთობაში იყვნენ იდეურ ხელმძღვანელ კოტე ხიმშიაშვილთან და გიორგი იმერლიშვილთან. ორგანიზაციის თავმჯდომარედ კოტე ჯოგლიძე, მდივნად კი — შალვა შავიანიძე აირჩიეს. კოტე ჯოგლიძე აპირებდა მომავალი პარტიისათვის „სამნო“ (საქართველოს აყვავებისათვის მებრძოლი ნაციონალური ორგანიზაცია) ეწოდებინა, რომლის ვარიაციული სახეცვლილება „სამანი“ შემდგომში შეთქმულთა საქმის გამგრძელებელ ორგანიზაციას ეწოდა, რომელსაც მწერალი ადამ ბობღიაშვილი ხელმძღვანელობდა.

ორგანიზაციული სტრუქტურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეთქმულთა მიერ შემუშავებული ორგანიზაციის სტრუქტურა ჯაჭვურ სისტემას ემყარებოდა, რომელიც რომელიმე წევრისა თუ ჯგუფის ჩავრდნის შემთხვევაში ორგანიზაციის გადარჩენის იმედს სახავდა. მოგვიანებით შეთქმულთა ძირითად ბირთვს რამდენიმე წევრი შეემატა: ივანე ლაპიაშვილი, თურმან შანშიაშვილი, გიორგი ქადაგიძე და მიხეილ კაციტაძე. კოტე ჯოგლიძე აპირებდა ცენტრის შტაბად გარდაქმნას, რათა გერმანელების მიერ კავკასიონის გადმოლახვის შემთხვევაში წინააღმდეგობა გაეწია ბოლშევიკებისათვის.

კოტე ხიმშიაშვილს მისმა პედაგოგმა ერეკლე ტატიშვილმა, პოეტ ალექსანდრე საჯაიას ხელით გაუგზავნა გერმანელი დიდჩინოსნის მიერ დაწერილი დაშიფრული წერილი, რომელიც მას თბილისის კომენდანტისათვის უნდა წარედგინა, როდესაც გერმანელები თბილისში შემოვიდოდნენ და ამ წერილის საფუძველზე ამბოხებულები ქალაქს გადმოიბარებდნენ. ამ დროს აჯანყებულებს უნდა მოშველებოდა ვერმახტის ქართული ლეგიონის დანაყოფი, გივი გაბლიანის მეთაურობით, რომლებიც ამ პერიოდში უკვე კავკასიასთან იდგნენ, ხოლო შემდეგ საქართველოსკენ ვერმახტის ქართული ლეგიონის ძირითადი შემადგენლობაც დაიძრებოდა თვით გენერალ შალვა მაღლაკელიძის მეთაურობით.[2]

კოტე ჯოგლიძემ თურმან შანშიაშვილს დაავალა, რომ რადიოკავშირი დაემყარებინა გერმანელებთან, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა, ისევე, როგორც ვერ განხორციელდა კოტეს მეორე ჩანაფიქრი, როდესაც გიორგი ძიგვაშვილს დაავალა დაკავშირებოდა ინგლისელთა სამხედრო მისიას და მოლაპარაკება გაემართა მათთან. შეთქმულები არსებული ხელისუფლების შეიარაღებითაც იყვნენ დაინტერესებულნი. გიორგი ძიგვაშვილი შვიდი ნოემბრის პარადზე აპირებდა დასწრებას ტანკების დასათვალიერებლად.

ორგანიზაციის წევრთა რაოდენობა დღითიდღე იმატებდა, უმეტესობა ერთმანეთს არ იცნობდა, რადგან საკმაოდ მკაცრ კონსპირაციას იცავდნენ: სამკაციანი ჯგუფის ხელმძღვანელი უკავშირდებოდა მეორე ასეთივე ჯგუფის ხელმძღვანელს, სხვას არ ეცნობოდნენ. ამასთან ერთად, შეთქმულებაში ჩაბმულნი იყვნენ მხოლოდ ოფიცრები, რომლებიც საჭიროების დროს აიყოლიებდნენ რიგით ჯარისკაცებსაც. ამბოხებულებს ჰქონდათ პაროლი: „ვარ უმტკიცესი რვალისა“. ხოლო პროგრამა კი ასეთი:

  1. საქართველოს დამოუკიდებლობა კერძო საკუთრებით და გერმანიის პროტექტორატი
  2. საკოლმეურნეო სისტემის დარღვევა, მიწის კერძო საკუთრების შემოღება
  3. სიტყვისა და პრესის თავისუფლება
  4. სრული ეროვნული თვითშეგნების მიღწევა — „საქართველო ქართველთათვის“.

შეთქმულების გამჟღავნება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად შეთქმულების მონაწილეთა სიფრთხილისა აჯანყება გამჟავნდა და მათ გეგმის განხორციელება ვერ შეძლეს. შეთქმულების შესახებ სამართალდამცავებს აცნობა ჯერ გიორგი იმერლიშვილის ბიძაშვილმა, ილია იმერლიშვილმა, მოგვიანებით კი ლეგიონის წევრმა მარტყოფელმა გაიოზ სახლთხუციშვილმა, რომლებსაც გიორგი იმერლიშვილი ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე ესაუბრა. ილია იმერლიშვილისგან გახდა ცნობილი, რომ შილდელი დიმიტრი ბურდიაშვილი ჯარიდან გამოიქცა, რის შემდეგაც, 1941 წლის 20 დეკემბერს, ბურდიაშვილი დააპატიმრეს, მან ჯერ ჯარიდან გამოქცევა აღიარა, შემდეგ ორგანიზაციის არსებობა. 1942 წლის 9 იანვარს დააკავეს მიხეილ იმერლიშვილი, სოლომონ იმერლიშვილი და გრიგოლ კოკილაშვილი. 11 იანვარს — შეთქმულთა დიდი ჯგუფი: ლევან თორაძე, კოტე ჯოგლიძე, შალვა შავიანიძე, გიორგი ძიგვაშვილი და ივანე ლაპიაშვილი. 1 თებერვალს — კოტე ხიმშიაშვილი.

საბჭოთა სამართალდამცავებმა სულ 33 ბრალდებული დააკავეს, ძირითადად თსუ-ს ასპირანტები და მეცნიერმუშაკები დააკავეს, მათ შორის იყვნენ მიხეილ ზანდუკელის, კორნელი კეკელიძის, ერეკლე ტატიშვილის, კონსტანტინე კაპანელის, არნოლდ ჩიქობავას ასპირანტები. პირველ დაკითხვებს ატარებდნენ შინაგან საქმეთა კომისარი აქვსენტი რაფავა და საიდუმლო პოლიტიკური განყოფილების უფროსი კაპიტანი ირაკლი ნიბლაძე. ოპერატიული მუშაკები იყვნენ: უფროსი ლეიტენანტი არტაშ მარქაროვი და მირიან თავდიშვილი. დაკითხვაში მონაწილეობდნენ: გუჩმაზაშვილი, ურუშაძე, ყრუაშვილი და ყუშიტაშვილი. ეჭვმიტანილები ამიერკავკასიის ფრონტის სამხედრო ტრიბუნალმა გაასამართლა.

გიორგი ძიგვაშვილს დაუპირისპირეს ერთ-ერთი გამცემი სახლთხუციშვილი, რომელიც ფარული შინსახკომის შტატგარეშე თანამშრომელი იყო. ერთ-ერთი ბრალდებულის ლევან თორაძის საგამოძიებო საქმეში წერია, რომ ძიგვაშვილის თქმით, როცა გერმანელები საქართველოში შემოვიდოდნენ, მთავრობის მეთაური გრიგოლ რობაქიძე უნდა გამხდარიყო. გამოძიების და სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ბრალდებულები უარს ამბობდნენ ორგანიზაციის არსებობაზე. მიშა კაციტაძის და ჟორა ახობაძის თქმით, მართლაც სურდათ ორგანიზაციის შექმნა, მაგრამ პრაქტიკულად არაფერი მოუმოქმედებიათ რადგან, არ ჰყავდათ ხელმძღვანელი, რომელიც გაუძღვებოდათ, ამასთან გერმანია მოსკოვთან დამარცხდა და იოსებ სტალინის გამოსვლამ ისინი დაარწმუნა, რომ საბჭოთა კავშირის წარუმატებლობა დროებითი იყო.[3]

გამოძიების შედეგები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აჯანყების რეალური მონაწილეები და მათი რეალური მიზნები დღემდე არ არის ბოლომდე ცნობილი, ვინაიდან საბჭოთა რეჟიმის პირობებში გამოძიება მკაცრად გასაიდუმლოებულად ჩატარდა და დეტალები არ გასაჯაროებულა. მოგვიანებით საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შესაძლებელი გახდა გარკვეული ინფორმაციის მოძიება, რაშიც განსაკუთრებული წვლილი მწერალმა რევაზ კვერენჩხილაძემ შეიტანა. ძირითად მიზნად, აჯანყებულთა მხრიდან, დასახელდა საქართველოს გადარჩენა და ნაკლები დაზარალება უზარმაზარი სახელმწიფოების მსოფლიო მასშტაბის ომში, ამავე დროს, იმასაც ფიქრობდნენ, რომ შესაძლოა ომს საბჭოთა კავშირის დაშლა მოჰყოლოდა და საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების აღდგენის შანსი გაჩენილიყო. საბჭოთა ხელისუფლება აჯანყებულებს ინგლისის და გერმანიის აგენტობაში ადანაშაულებდნენ, ტრიბუნალის საბრალდებო დასკვანში ვკითხულობთ: „სოციალისტური წყობისადმი მტრულად განწყობილმა ახალგაზრდებმა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში შექმნეს სამხედრო ფაშისტური ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა მთავრობის დამხობას საქართველოში შეიარაღებული აჯანყების გზით და კაპიტალისტური ძალაუფლების აღდგენას ფაშისტური რეჟიმის პროტექტორატის მეშვეობით“.

1942 წლის 17 ოქტომბერს, სასამართლოს გადაწყვეტილებით სიკვდილით დასაჯეს 17 ახალგაზრდა, რომელთაც შეთქმულების ორგანიზება და მასში უშუალო მონაწილეობა დაუმტკიცდათ: გიორგი ძიგვაშვილი, კოტე ხიმშიაშვილი, კოტე ჯოგლიძე, შალვა შავიანიძე, გიორგი იმერლიშვილი, ჟორა ახობაძე, მიშა კაციტაძე, მიხეილ საბაშვილი, გიორგი ქადაგიძე, ლევან თორაძე, რომან ბატიაშვილი, თურმან შანშიაშვილი, გივი თარგამაძე, მიხეილ იმერლიშვილი, სოლომონ იმერლიშვილი, დიმიტრი ბურდიაშვილი, ზურაბ მისაბლიშვილი. შეთქმულებასთან სხვადასხვა ფორმით დაკავშირებული 13 პირი კი, ვისაც ნაკლები სიმძიმის ბრალეულობა დაუმტკიცდათ, დიდი ხნით შუა აზიაში გადაასახლეს, მათ შორის 10 წლით გადასახლება ორ, 7 წლით გადასახლება კი — ათ მსჯავრდებულს მიესაჯა. თინა გონიაშვილს, რომელიც ერთადერთი ქალი იყო ვისაც სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა, 5 წლით მიუსაჯეს გადასახლება. გადასახლებულთა შორის იყვნენ იმედის მომცემი მწერლები: კიტა ბუაჩიძე, გიორგი კალანდაძე, აბო ფარესიშვილი. შეთქმულების ერთი მონაწილე, მწერალი ლადო ბალიაური გაიქცა, მაგრამ მოგვიანებით მაინც შეიპყრეს და ციმბირში გადაასახლეს, სადაც დაიღუპა. ბრალეულობა ვერ დაუმტკიცეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს მხოლოდ 3 ადამიანი: თინა თუშმალიშვილი, ლეო კვაჭაძე და გიორგი არსენიძე.[4][5]

2002 წლის 22 ივლისს საქართველოს მწერალთა სახლში გაიხსნა საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლ ქართველ მწერალთა მემორიალური დაფა, რომელზეც 13 გვარია ამოკვეთილი, მათ შორის ორი შეთქმულების მონაწილის: მემედ აბაშიძე, გერცელ ბააზოვი, ბენიტო ბუაჩიძე, პაოლო იაშვილი, ვახტანგ კოტეტიშვილი, ნიკოლო მიწიშვილი, პავლე საყვარელიძე, ტიციან ტაბიძე, დია ჩიანელი, გიორგი ძიგვაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი, კოტე ხიმშიაშვილი, ოლია ოკუჯავა.[6]

შეთქმულთა ერთ-ერთი მეთაურის, კოტე ხიმშიაშვილის სახელი მიენიჭა ქუჩას თბილისში, სვანეთისუბანში. გიორგი ძიგვაშვილის სახელი მიენიჭა ქუჩას მის მშობლიურ ქალაქ ვანში, სადაც ასევე გაიხსნა მისი მემორიალური მუზეუმი.