მწერალთა სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მწერალთა სახლი
შენობის ტიპი სასახლე
არქიტექტურული სტილი ბაროკო, მოდერნი
მდებარეობა მაჩაბლის 13, თბილისი
ქვეყანა საქართველო
დასრულდა 1905
სართულთა რაოდენობა 2

მწერალთა სახლი — ხუროთმოძღვრების ძეგლი თბილისში, საქართველოს მწერალთა კავშირის სახლი 1918 წლიდან.

შენობის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენობა 1905 წელს დავით სარაჯიშვილმა ააშენა. სარაჯიშვილმა მის ასაშენებლად ბერლინელი არქიტექტორი კარლ ცაარი მოიწვია. მშენებლობა სოლოლაკში, მაშინდელ სერგიევის ქუჩაზე, სარაჯიშვილი მამისეული სახლის ადგილზე 1903-1905 წლებში მიმდინარეობდა. ცაარის პროექტის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოებს ალექსანდრე ოზეროვი და კორნელი ტატიშევი ასრულებდნენ. მისი დასრულება დაამთხვიეს 1905 წლის მაისში დავითისა და ეკატერინე ფორაქიშვილის ვერცხლის ქორწილს. ცაარმა მოდერნისა და ბაროკოს სტილი ერთ სახლში გააერთიანა. ინტერიერის ხით მოაწყო თბილისელმა ოსტატმა ილია მამაცაშვილმა. ეზოში გამავალი ტერასისთვის ილეროიო ბოხის ფილებია გამოყენებული. სასახლეში იმართებოდა წვეულებები, არისტოკრატთა და ხელოვანთა შეკრებები და საუბრები, გამოფენები და კონცერტები.

1911 წელს, სარაჯიშვილის გარდაცვალების შემდეგ გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ცნობა:

ვიკიციტატა
„განსვენებულს განუცხადებია სურვილი, რომ მისი სახლი სერგიევის ქუჩაზე, სადაც ის მუდამ ცხოვრობდა, გადაეცეს ქალაქის თვითმმართველობას თავისი მშვენიერი მოწყობილობით იმ პირობით, რომ ამ სახლში ქალაქმა მოაწყოს ან სამხატვრო გალერეა ან შინამრეწველობისა და ხელოვნების მუზეუმი, ანდა ორივე დაწესებულება ერთად. ეს შეწირულობა უდრის ნახევარმილიონამდე, ადგილი და სახლი ღირს 300 000 მანეთად, მოწყობილობა კი 100 000 მანეთამდე მეტად“

1912 წელს ის აკაკი ხოშტარიამ შეისყიდა. ხოშტარიამ შენობა შეიძინა, რათა დავით სარაჯიშვილის ცოლის ძმას აუქციონზე არ გაეყიდა და არ დარღვეულიყო მეცენატის ანდერძი. 1918-21 წლებში შენობა აკაკი ხოშტარიას საცხოვრებელი იყო. 1921 წელს ხოშტარიამ, საქართველოს გასაბჭოების გამო, ქვეყანა დატოვა, შენობა კი საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა მწერლებსა და ხელოვანებს გადასცა.

1930-იან წლებში შენობაში „ხალხის მტრების“ გამოვლენის მიზნით კრებები იმართებოდა. მწერლები სხდომებზე ერთმანეთს ასამართლებდნენ — კრების ოქმები კი იმ პერიოდის ჟურნალ „ლიტერატურული საქართველოს“ ყოველ ნომერში იბეჭდებოდა. მწერალთა კავშირის რიგებიდან ჯერ გარიცხეს, შემდეგ კი დაიჭირეს ტიციან ტაბიძე, მიხეილ ჯავახიშვილი და სხვა. ერთ-ერთი ასეთი კრების დროს 1937 წლის 22 ივლისს ამ შენობაში თავი მოიკლა პაოლო იაშვილმა.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაღალი მანსარდით დახურული ორსართულიანი ნაგებობა ხელოვნური ქვით არის მოპირკეთებული და სტილისტურად მოდერნისა და ბაროკოს ელემენტებს ითავსებს. ეზო-ბაღისკენ სახლი თბილისისთვის ტრადიციული ღია ხის აივნებით არის მიმართული. აივნების დეკორი განსაკუთრებული მხატვრულობით გამოირჩევა ისევე, როგორც სახლის ინტერიერის ხის კაზმულობა.

სასახლე შემორჩენილია მოხატული ჭერით, ჭაღებით, რამდენიმე დიდი ბუხრით, ავეჯით, ძველი ფოტოალბომებით და უნიკალური ბაღით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]