შინაარსზე გადასვლა

ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოსნობის სკოლა)
ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოსნობის სკოლა
ჰარი პოტერის სამყარო

სკოლის გერბი
ტიპი სკოლა
პირველად ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა
დაიხურა დაახლ. XIX/XX საუკუნე
ადგილმდებარეობა შოტლანდია
დირექტორი
მიზანი მაგიური ძალების მქონე ბავშვების სწავლება
დევიზი ლათ. Draco dormiens nunquam titillandus
(" არასოდეს უღიტინო მძინარე დრაკონს"[1])
გადასაღები მოედანი

ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლა — ჯადოქრების სკოლა ჯოან როულინგის რომანების სერიიდან „ჰარი პოტერი“. აქ მომავალი ჯადოქრები სწავლობენ მაგიას. მათი სკოლაში შესვლის შემდეგ ჰოგვორტსი 7 წლით მათი სახლი ხდება. ჰოგვორტსი დაცული ადგილია თუ მას მაგლი (არაჯადოქარი) შეხედავს, დაინახავს ნახევრად დანგრეულ სახლს. სკოლა აგრეთვე დაცულია უცხო ჯადოქრებისგანაც. ჰოგვორტსში არის 4 ფაკულტეტი: გრიფინდორი, ჰაფლფაპი[შენ 1], რეივენქლო და სლიზერინი.

წიგნში აღწერილი მოვლენების თანახმად, ჰოგვორტსის სკოლა 1000 წლის წინ ოთხმა ჯადოქარმა დააარსა. ამ სკოლაში ხვდებიან როგორც სუფთა სისხლის ჯადოქრები, ასევე მაგლური წარმოშობის ჯადოქრები. წიგნში აღწერილი მოვლენების შემდეგ ჰოგვორტსის დირექტორი არის პროფესორი მინერვა მაკგონაგელი. ამ პოსტს იკავებდნენ უდიდესი ჯადოქრები ალბუს დამბლდორი, სევერუს სნეიპი, არმანდო დიპეტი და სხვა.

როვენა რეივენქლო — ცნობილი ჯადოქარი, ჰოგვორტსის ერთ-ერთი დამაარსებელი. მისი სახელის პატივსაცემად, ჰოგვორტსის ერთ-ერთ კლუბს „რეივენქლო“ ეწოდა. კლუბის სიმბოლოა არწივი ლურჯ და ბრინჯაოსფერ ფონზე. რეივენქლო ადამიანებში აფასებდა სიბრძნეს, აზროვნებასა და იუმორის გრძნობას. ამ კრიტერიუმებით არჩევდა ის თავის მოსწავლეებს. ლეგენდის თანახმად, როვენას ჰქონდა დიადემა, რომელიც მას სიბრძნეს მატებდა.

როვენა რეივენქლოს ჰყავდა ქალიშვილი ელენა, რომელმაც დედას დიადემა მოჰპარა, რადგან სურდა დედაზე ბრძენი გამხდარიყო. როვენა ამ ამბავს გულდასმით მალავდა, მაგრამ სიკვდილის წინ თავის ქალიშვილს სთხოვა, მისულიყო მასთან და ამით ყველაფერს აპატიებდა, თუმცა როვენა მალე გარდაიცვალა და სიკვდილის წინ შვილის ნახვას ვერ მოესწრო. დიადემა დაიკარგა.

ჰელგა ჰაფლპაფი — ცნობილი ჯადოქარი, ჰოგვორტსის ერთ-ერთი დამაარსებელი. მის პატივსაცემად ჰოგვორტსის ერთ-ერთ კლუბს ეწოდა „ჰაფლპაფი“. ამ ფაკულტეტის სიმბოლოა მაჩვი შავ და ყვითელ ფონზე. ჰელგა ჰაფლპაფი ხალხში აფასებდა ლოიალურობას, პატიოსნებასა და შეუპოვრობას. სწორედ ამ კრიტერიუმებით არჩევდა ის მოსწავლეებს. ჰელგა ჰაფლპაფი შესანიშნავად ფლობდა კულინარიას. მრავალი კერძი, რომელიც ჰოგვორტსში დღესასწაულებსა და ნადიმებზე მზადდება, სწორედ ჰელგა ჰაფლპაფის რეცეპტებითაა მომზადებული.

სალაზარ სლიზერინი — ცნობილი ჯადოქარი, ჰოგვორტსის ერთ-ერთი დამაარსებელი. მის პატივსაცემად „სლიზერინი“ ეწოდა ჰოგვორტსის ერთ-ერთ კლუბს. სალაზარ სლიზერინის სიმბოლო გველი იყო. სალაზარი პარსელი იყო, ამიტომ მას შეეძლო გველების ენაზე საუბარი. სალაზარ სლიზერინი ცნობილი იყო ლეგილემენციის ბრწყინვალე ცოდნით. ხალხში აფასებდა ცბიერებას და ძალაუფლებისადმი სიყვარულს. სწორედ ამ კრიტერიუმებით არჩევდა ის მოსწავლეებს. სალაზარ სლიზერინი ფიქრობდა, რომ ჰოგვორტსში მხოლოდ წმინდასისხლიანებს უნდა ესწავლათ, რის გამოც უთანხმოება მოუვიდა გოდრიკ გრიფინდორთან, როვენა რეივენქლოსთან და ჰელგა ჰაფლპაფთან. განრისხებულმა და გულდაწყვეტილმა სლიზერინმა სკოლა დატოვა, თუმცა წასვლამდე ჰოგვორტში საიდუმლო ოთახი შექმნა, სადაც საზარელი მონსტრი, ბასილისკო დამალა. ბასილისკოს მოვალეობა მუქსისხლიანი (მაგლური წარმოშობის) ჯადოქრების დახოცვა იყო. ოთახის პოვნა ბევრმა ჯადოქარმა სცადა, მაგრამ ეს მხოლოდ სლიზერინის მემკვიდრეს, გველის ენის მცოდნეს შეეძლო. საბოლოოდ ოთახი ჰარი პოტერმა იპოვა და ბასილისკო მოკლა.

გოდრიკ გრიფინდორი — ცნობილი ჯადოქარი, ჰოგვორტსის ერთ-ერთი დამაარსებელი. ცხოვრობდა დაახლოებით 1000 წლის წინ. მის პატივსაცემად ჰოგვორტსის ერთ-ერთ კლუბს „გრიფინდორი“ ეწოდა. მის სახელს ატარებს ასევე სოფელი „გოდრიკ ჰოლოუ“, სადაც ის დაიბადა. გრიფინდორის სიმბოლო იყო ოქროსფერი ლომი წითელ ფონზე. გოდრიკ გრიფინდორი ხალხში ყველაზე მეტად აფასებდა სიმამაცესა და თავდადებას; სწორედ ამ კრიტერიუმებით არჩევდა ის თავის მოსწავლეებს. დაისვა კითხვა, თუ ვინ გაანაწილებდა სტუდენტებს გოდრიკ გრიფინდორის, სალაზარ სლიზერინის, როვენა რეივენქლოს და ჰელგა ჰაფლპაფის სიკვდილის შემდეგ. ეს პრობლემა გრიფინდორმა გადაწყვიტა. მან მოაჯადოვა თავისი ძველი ქუდი ისე, რომ ის ჰოგვორტსის დამაარსებლებივით საზღვრავდა თუ რომელ კლუბში უნდა გაემწესებინა მოსწავლე. ჰარი პოტერის მეორე წიგნში ბასილისკოსთან ბრძოლაში ჰარის სწორედ გრიფინდორის ხმალი და ძველი ქუდი გამოადგა. ის ხმალს ქუდიდან ამოიღებს, რაც დამბლდორის სიტყვით იმას ნიშნავდა, რომ ჰარი ნამდვილი გრიფინდორელი იყო.

ჰოგვორტსის დამაარსებლებმა - გოდრიკ გრიფინდორმა, როვენა რეივენქლომ, ჰელგა ჰაფლპაფმა და სალაზარ სლიზერინმა შექმნეს კლუბები, რომლებშიც ანაწილებდნენ მოსწავლეებს მათი უნარების მიხედვით. თითოეულ კლუბს სათავეში ერთ-ერთი დამაარსებელი ედგა.

გრიფინდორის გერბი

გრიფინდორი გოდრიკ გრიფინდორმა დააარსა. იგი ირჩევდა მამაც, დიდსულოვან და კეთილშობილ მოსწავლეებს, ამიტომაც ეს კლუბი სიმამაცესთან და გამბედაობასთან ასოცირდება. კლუბის სიმბოლოა ლომი, ფერები-წითელი და ოქროსფერი. გრიფინდორის მოჩვენებაა სერ ნიკოლას დე მიმსი-პორპინგტონი, ანუ თითქმის უთავო ნიკი. კლუბის საერთო ოთახის შესასვლელი არის მეშვიდე სართულზე, ფუშფუშა ქალბატონის პორტრეტის უკან.

რეივენქლოს კლუბი დააარსა როენა რეივენქლომ. იგი აფასებდა ჭკუას, გონებამახვილობასა და სიბრძნეს. კლუბის სიმბოლოა არწივი, ფერები კი – ლურჯი და ბრინჯაოსფერი. თუმცა ფილმებში კლუბის ფერებია ლურჯი და ვერცხლისფერი, სიმბოლო კი – ყორანი. კლუბის საერთო ოთახი კი ლურჯი და ოქროსფერია. რეივენქლოს საერთო ოთახი ყველაზე მაღალ კოშკშია. შესასვლელად, პაროლის ნაცვლად უნდა უპასუხო არწივის შეკითხვებს, მაგალითად: „სად მიდის დაკარგული საგნები?“ ან „რომელი გაჩნდა პირველი: კვერცხი თუ ქათამი? (ფენიქსი თუ ცეცხლი?)“. რეივენქლოს მოჩვენებაა ჰელენა რეივენქლო - როვენა რეივენქლოს ქალიშვილი - ცნობილი როგორც რუხი ქალბატონი.

ჰაფლპაფი დააარსა ჰელგა ჰაფლპაფმა. იგი აფასებდა ერთგულებას, სამართლიანობას, პატიოსნებას, შემწყნარებლობას. კლუბის სიმბოლოა მაჩვი, ფერები კი – ყვითელი და შავი. კლუბის საერთო ოთახი სამზარეულოს ახლოსაა. ჰაფლპაფის მოჩვენებაა მსუქანი ბერი.

სლიზერინის კლუბის დამაარსებელი იყო სალაზარ სლიზერინი. სლიზერინის კლუბში ძირითადად ხვდებიან წმინდასისხლიანი ჯადოქრები. სლიზერინი სტუდენტში აფასებდა ამბიციურობას, სიჭკვიანეს, ეშმაკობას, წესების არდამორჩილებასა და წმინდასისხლიანობას. სლიზერინის კლუბის სიმბოლოა გველი, ფერები კი – მწვანე და ვერცხლისფერი. კლუბის საერთო ოთახია ჯურღმულებში, მისი შესასვლელი კი ერთ-ერთ გამოზნექილ კედელთანაა. 1992 წლის ბოლოს შესასვლელის პაროლი იყო „წმინდა სისხლი“. ბევრს სჯეროდა, რომ სლიზერინის კლუბის სტუდენტები ხშირად ბნელ ძალებთან იყვნენ დაკავშირებულნი. სლიზერინის მოჩვენებაა სისხლიანი ბარონი.

სლიზერინელები იყვნენ ჰარი პოტერის ნათესავები. თვითონაც სლიზერინელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ შეცდომით იცოდა, რომ ფაკულტეტზე ხვდებოდნენ მხოლოდ ბოროტი ჯადოქრები, რის გამოც გამანაწილებელ ქუდს სთხოვა, რომ მომხვდარიყო ნებისმიერ ფაკულტეტზე, სლიზერინის გარდა, რის შემდეგაც მოხვდა გრიფინდორში. გამანაწილებელი ქუდი ნანობდა, რომ ჰარი გრიფინდორში გაუშვა, რადგან ის ნამდვილად უნდა ყოფილიყო სლიზერინში, რასაც ერთ-ერთი სკოლის წინა დირექტორი ამბობდა, რომელიც თვითონ იყო სლიზერინელი. სლიზერინელები გამოირჩევიან ძალითა და მოწინააღმდეგების დაშინებითა და დამარცხებით. ბოლო ნაწილში, როდესაც ჰარის შვილი - ალბუს-სევერუსი - ჰოვორტსში მიდის, მას ეშინია, მაგრამ ჰარი ეუბნება, რომ სლიზერინში ცუდებიც ხვდებიან და კარგებიც და არ უნდა შეეშინდეს იქ მოხვედრის, მაგრამ თუ ასე სურს, შეუძლია, სთხოვოს ქუდს და სლიზერინში არ მოხვდება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შენიშვნები
  1. ქართულ გამოცემებში ნათარგმნია, როგორც ჰაფლეპაფი, რაც არ შეესაბამება ორიგინალს, რომელშიც ასო e იყლაპება
წყაროები
  1. Exclusive: Writer J.K. Rowling Answers Her Readers' Questions. Toronto Star (via Accio Quote!) (3 November 2001). ციტირების თარიღი: 19 November 2012.