ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი
„ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი“ წიგნი ჰარი პოტერის სერიიდან | |
---|---|
ორიგინალური ბრიტანული გამოცემის გარეკანი | |
ავტორი | ჯოან როულინგი |
ილუსტრატორები |
კლიფ რაიტი (ბრიტანეთი) მერი გრანპრე (აშშ) |
ჟანრი | ფენტეზი |
გამომცემლები |
Bloomsbury (ინგლისი) Scholastic (აშშ) Raincoast (კანადა) |
გამოიცა |
2 ივლისი, 1998 (ბრიტანეთი) 2 ივნისი, 1999 (აშშ) |
ქართული გამოცემა | 2004 |
მთარგმნელი | დავით გაბუნია |
ნომერი | 2 |
ქრონოლოგია |
13 ივნისი 1943 31 ივლისი 1992 – 29 მაისი, 1993 |
გვერდი |
251 (ბრიტანეთი) 341 (აშშ) |
ISBN | 0747538492 |
წინა | ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა |
შემდეგი | ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე |
ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი (ინგლ. Harry Potter and the Chamber of Secrets) — მეორე წიგნი ჰარი პოტერის რომანების სერიაში, რომლის ავტორიც არის ჯოან როულინგი.
ამ წიგნში ჰარი კვლავ ებრძვის ბოროტ ძალებს. ამჯერად მისი მტერი იმდენად ძლიერია, რომ გამარჯვების იმედი თითქმის არ არის. ჰოგვორტსის სკოლაში საშინელი ამბები ხდება - ვიღაც ან რაღაც თავს ესხმის სკოლის მოსწავლეებს. არის ეჭვი, რომ ეს არის იდუმალი ურჩხული, რომელიც იმალება საიდუმლო ოთახში. ჰარი და მისი მეგობრები ამოხსნიან ამ გამოცანას და ჰარი პირისპირ ხვდება ვოლდემორს.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეორე რომანის მოქმედება იწყება ჰარის მეთორმეტე დაბადების დღეს, 1992 წლის 31 ივლისს. რაც ზაფხული დაიწყო, ჰარის რონისგან თუ ჰერმიონისგან არც ერთი წერილი არ მიუღია. არც დაბადების დღეს ულოცავს ვინმე, რასაც დადლი დასცინის. ძია ვერნონს არც კი ახსოვს ეს დღე. იგი მოსთხოვს ჰარის, იჯდეს თავის ოთახში და არსად გავიდეს, რადგან მას უნდა ეწვიოს რამდენიმე ბიზნეს-პარტნიორი, რომლებთანაც ვერნონმა მნიშვნელოვანი კონტრაქტი უნდა დადოს.
მაგრამ უეცრად ჩნდება ელფი დობი, რომელიც ჰარის ჰოგვორტსში საშიშროების შესახებ აფრთხილებს. ის ცდილობს, გადააფიქრებინოს ბიჭუნას ჰოგვორტსში დაბრუნება და, რა მიიღებს უარს, ვერნონს მთელ შეხვედრას ჩაუშლის, სტუმრებზე ტორტის ჩამოგდებით. ჰარი დასჯილია და ჩაკეტილია საკუჭნაოში. სამი დღის შემდეგ მას მამის კუთვნილი მფრინავი ფორდით აკითხავენ ფრედი, ჯორჯი და რონ უისლები. ჰარი გადარჩენილია და მათ სახლში მიემგზავრება. გზად ისინი მოუთხრობენ, რომ დობი ალბათ მალფოების ელფია, რომლებმაც აიძულეს ის, მისულიყო ჰარისთან და მოეტყუებინა. დრაკო მალფოის მამა, ლუციუსი, ოდესღაც ვოლდემორის დამხმარე იყო, მაგრამ ბნელი მაგის დამარცხების შემდეგ ირწმუნებოდა, რომ მის ბოროტ ქმედებებთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა.
არდადეგების დარჩენილ დღეებს ჰარი ატარებს უისლების ოჯახთან, რომელიც მას ეპყრობა, როგორც საკუთარ შვილს. რონის მამა, არტურ უისლი ჰარის მეგობარი ხდება. იგი მაგლების (არაჯადოქრების წარმომადგენლების) გამოგონებებით ინტერესდება. აღმოჩნდება, რომ ჰოგვორტსში ამ წელს სწავლას იწყებს უისლების უმცროსი და, ჯინი, რომელიც ჰარის ყოველ დანახვაზე შეცბუნებულია.
ჰარი და უისლების ოჯახი მფრინავი საფანტის დახმარებით მიემგზავრებიან მრუდე ქუშაზე. მაგრამ ბუხარში ქუშის სახელწოდების არასწორად წარმოთქმის გამო, ჰარი მრუმე ქუჩაზე ამოჰყოფს თავს, ამაზრზენ მაღაზიაში გორბინი და ბერკესი. იქ ჰარი კარადიდან უთვალთვალებს მაღაზიაში შემოსულ დრაკოსა და მის მამას. ლუციუსი ქაღალდის უცნაურ ნაგლეჯს ყიდულობს. მაღაზიიდან გამოსულ ჰარის გადაარჩენს ჰაგრიდი. მისი დახმარებით ჰარი კვლავ პოულობს უისლებს, ასევე ჰერმიონსა და მის მშობლებს. უისლი დიდი ინტერესით ესაუბრება ჰერმიონის დედას და მამას, რომლებიც ნამდვილი მაგლები არიან.
ერთი საათის შემდეგ წიგნის მაღაზიაში მისული ჰარი და მისი მეგობრები აღმოაჩენენ ლუციუსსა და დრაკოს. აღმოჩნდება, რომ ლუციუსს ეზიზღება არტური სიღარიბისა და მაგლებთან მეგობრობის გამო. თავდაპირველად იწყება ჩხუბი ჰარისა და დრაკოს, შემდეგ კი - არტურსა და ლუციუსს შორის. ლუციუსი ამ ჩხუბის დროს დასცინის ჰერმიონის მშობლებს, რომლებსაც, მისი თქმით, არ შეუძლიათ კარგი სახელმძღვანელოს ყიდვა, დაფლეთილის მაგივრად.
კინგს კროსის სადგურზე მისული ყველა მგზავრი ადვილად შეაღწევს ნაცნობ პლატფორმაზე 9¾, გარდა ჰარის და რონისა. ისინი იძულებულები არიან, მოიპარონ რონის მამის მანქანა. ჰოგვორტსთან დაშვებისას მოხდება ავარია და მანქანას იჭერს მტარვალი ტირიფი. ამასთან, ტყდება რონის ჯადოსნური ჯოხი, ხოლო ნახევრადდამტვრეული მანქანა გარბის ტყეში. ჰარი და რონი სასტიკ საყვედურს მიიღებენ პროფესორების სნეიპისა და მაკგონაგელის მხრიდან, იმის გამო, რომ მათი მანქანა შეამჩნიეს მაგლებმა. სნეიპი მოითხოვს ჰარის სკოლიდან გარიცხვას, მაგრამ მაკგონაგელი მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლება.
ბნელი ძალებისგან დაცვის ახალი მასწავლებელი, პროფესორი გილდეროი ლოკჰარტი არის სიმპათიური მამაკაცი ოქროს კულულებით, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში იმარჯვებს ყველაზე ლამაზი ღიმილის კონკურსში, მაგრამ იგი ძალიან პატივმოყვარე და თავისი საგნის არამცოდნე პიროვნებაა. იგი არა ერთი წიგნის ავტორია, სადაც დეტალებში აღწერს თავის ე.წ. 'გმირობებს'. გაკვეთილებზე ლოკჰარტი უკითხავს სტუდენტებს საკუთარი წიგნების ნაწყვეტებს ან მათში აღწერილ სცენებს დგამს. თავის თავს თავად განასახიერებს, ხოლო სხვა როლებზე ჰარის ირჩევს. ჰარისა და რონს არ მოსწონთ გილდეროი, მაგრამ ჰერმიონი მისდამი სიმპათიით არის განწყობილი.
ჰარის პიროვნებით კიდევ ერთი ადამიანი, პირველკურსელი კოლინ კრივი არის დაინტერესებული. იგი ყველგან ფოტოაპარატით დადის და ჰარის ფოტოსურათებს უღებს. მაგრამ, გარდა ამისა, ჰარიზე შეყვარებულია ჯინი უისლი.
დროთა განმავლობაში ჰარის ესმის ხმა, რომელიც მკვლელობაზე ესაუბრება. არავის, მის გარდა ეს ხმა არ ესმის. ჰერმიონი თვლის, რომ უმჯობესია ამაზე არავინ იცოდეს, რადგან მაგიურ სამყაროში იმის მოსმენა, რაც სხვებს არ ესმის ცუდი ნიშანია.
ხმა ჰარისა და ჰერმიონს მიიყვანს ადგილზე, რომელიც სავსეა წყლით. იქ ბავშვები აღმოაჩენენ ფილჩის კატა მისის ნორისს, რომელიც თითქოს მკვდარია. ხოლო კედელზე სისხლიანი წარწერაა საიდუმლო ოთახი ღიაა! გეშინოდეთ, მემკვიდრის მტრებო!. აღმოჩნდება, რომ კატა არ არის მოკლული, იგი მხოლოდ გაშეშებულია. მისი გამოცოცხლებისათვის საჭიროა მანდრაგორის გაზრდა და სპეციალური სასმელის დამზადება.
გაკვეთილზე ჰერმიონი პროფესორ ბინსს ეკითხება, თუ რა არის საიდუმლო ოთახი. მცირე ყოყმანის შემდეგ პროფესორი მოუთხრობს, რომ სალაზარ სლიზერინი, სლიზერინის ფაკულტეტის დამაარსებელი, ყოველთვის თვლიდა, რომ სკოლაში მხოლოდ სუფთა სისხლის მაგებმა უნდა ისწავლონ, მაგრამ სხვა მაგებმა მას არ დაუჭირეს მხარი. საბოლოოდ, სალაზარი წავიდა, მაგრამ, ლეგენდის თანახმად, დატოვა ჰოგვორტსში ოთახი, რომელიც ერთ დღეს უნდა გახსნილიყო და ნახევარსისხლიანები/მაგლებად დაბადებულები უნდა გაენადგურებინათ. ლეგენდის თანახმად ასევე ცნობილია, რომ ამ ოთახში ზის ურჩხული, რომელსაც მხოლოდ სლიზერინის მემკვიდრე თუ დაიმორჩილებს. პროფესორის თქმით, ეს ოთახი უკვე იყო გახსნილი, 50 წლის წინათ და მაშინ მოკლული იქნა ჰოგვორტსის მოსწავლე გოგონა.
ჰარი, რონი და ჰერმიონი ეჭვობენ, რომ ოთახი მალფოებმა გააღეს. ამის დასადგენად მათ უნდა დაამზადონ იერის შესაცვლელი წამალი, რომელმაც ისინი მალფოის მეგობრებად, კრებად და გოილად უნდა გადააქციოს. ჰერმიონი, ლოკჰარტის ნებართვით იღებს ბიბლიოთეკაში წიგნს, სადაც საუბარია მძლავრ წამლებზე. შემდგომში სპეციალური ინგრედიენტების მოსაპოვებლად ბავშვები შეიპარებიან სნეიპის კაბინეტში.
გრიფინდორისა და სლიზერინის თამაშის დროს ბლაჯერი მხოლოდ ჰარის ურტყამს. ჰარი ეცემა და მოიტეხავს ხელს, მაგრამ სნიჩს მეორე ხელით იჭერს. ღამეს იგი ჰოგვორტსის საავადმყოფო განყოფილებაში გაატარებს. მაშინ მას კიდევ ერთხელ აკითხავს დობი და სთხოვს, დატოვოს ჰოგვორტსი, რადგან აქ საშიშია. დობი აღიარებს, რომ სწორედ მან ჩამოაგდო ჰარი ცოცხიდან, იმ იმედით, რომ ტრავმის გამო ჰარის გაუშვებენ სკოლიდან. იგი ასევე აღიარებს, რომ თავად დაბლოკა 9¾ პლატფორმის შესასვლელი, რათა ჰარი არ მოხვედრილიყო ჰოგვორტში. დობიმ იცის, ვინ გააღო საიდუმლო ოთახი, მაგრამ ამას ჰარის ვერ ეუბნება. ჰარი გაბრაზებულია და აინტერესებს, რატომ ცდილობდა დობი მის მოკვლას, მაგრამ დობი წუწუნებს და უთოთი დამწვარ ხელებს უჩვენებს. დობი გარბის, პალატაში კი ფოტოაპარატიანი კოლინ კრივი მოჰყავთ, რომელიც გაშეშებულია.
ლოკჰარტი გადაწყვეტს, შექმნას დუელების კლუბი. სნეიპი მას დახმარებას აღუთქვამს. კლუბის გახსნა იწყება ლოკჰარტისა და სნეიპის საჩვენებელი დუელით. სიგნალზე სნეიპი ლოკჰარტს ეკსპელიარმუსის შელოცვით განაიარაღებს, რაზეც დუელი მთავრდება. ლოკჰარტი აცხადებს, რომ სპეციალურად არ უწევდა წინააღმდეგობას თავის მეტოქეს. ამის შემდეგ იწყება მოსწავლეთა დუელები და ჰარის უპირისპირებენ დრაკო მალფოის, ხოლო ჰერმიონს - სლიზერინელ მილისენტა ბალსტროუდს. დუელები დასასრულს უახლობდება, მაგრამ სნეიპი გადაწყვეტს, ჰარისა და დრაკოს შორის კიდევ ერთი დუელი გამართოს და, სანამ ის იწყება, დრაკოს რაღაც შელოცვას ჩასჩურჩულებს. დრაკო, ჯადოსნური ჯოხის დახმარებით აჩენს გველს. იგი ცდილობს, დაესხას შეშინებულ ჰაფელპაფელ ჯასტინ ფინჩ-ფლეტიჩს, მაგრამ ჰარი უბრძანებს, მოსცილდეს. გველი ნებდება და ყველა ხვდება, რომ ჰარის შეუძლია გველების ენაზე საუბარი - ეს კი მეტად იშვიათი მოვლენაა. ასეთი შესაძლებლობები მხოლოდ სალაზარ სლიზერინსა და ვოლდემორს თუ ჰქონდათ. ითვლება, რომ ეს შავი მაგის ნიშანია, ხოლო კეთილი ჯადოქრები არასოდეს ფლობდნენ გველის ენას.
სკოლის მოსწავლეები, მათ შორის, თავად გრიფინდორელებიც უკვე ფიქრობენ, რომ ჰარი სლიზერინის მემკვიდრეა. მისი ეშინიათ და ზიზღით უყურებენ. მრავალი სტუდენტი დარწმუნებულია, რომ ჰარიმ არ გადაარჩინა ჯასტინი (ამას თავად ჯასტინიც ფიქრობს). შესაძლებელია, ჰარიმ სპეციალურად მიუშვა მასზე გველი, ჯასტინის მშობლები ხომ მაგლები არიან. სხვა სტუდენტები ფიქრობენ, რომ ჰარის დურსლებიც მხოლოდ იმიტომ ეზიზღება, რომ ისინი მაგლები არიან. კოლინ კრივი გაშეშდა მხოლოდ იმიტომ, რომ გადაიღო ჰარი ტალახში, კვიდიჩის სტადიონზე, კატა კი - რადგან ჰარის არ უყვარს ფილჩი. ბნელი მბრძანებელი თითქოს ცდილობს ჰარის განადგურებას, მაგრამ ვერ ამარცხებს, მას, რადგან ჰარი - უმძლავრესი შავი მაგია.
ამასობაში ჰაგრიდი ჩივის, რომ ვიღაც კლავს მის მამლებს.
პალატაში ასევე მოჰყავთ გაშეშებული ჯასტინი და თითქმის უთავო ნიკი. დამბლდორი ეუბნება ჰარის, რომ სწამს მისი უდანაშაულობის. იგი ეკითხება, სურს თუ არა რამის მოყოლა, მაგრამ ჰარი არ ბედავს. იგი ხედავს ალბუს დამბლდორის ფენიქსს სახელად ფოუქსი, რომელიც იწვის, შემდეგ კი ფერფლიდან ცოცხლდება. დამბლდორი მოუთხრობს, რომ ფენიქსებს შეუძლია დიდი ტვირთის ზიდვა, მათი ცრემლები სასწაულმოქმედია და საერთოდ, ისინი ადამიანის ყველაზე კარგი მეგობრები არიან.
საშობაო არდადეგების დაწყებისთანავე წამალი მზად არის. კრებისა და გოილის დაძინების შემდეგ, ჰარი და რონი, წამალში შერეული მათი თმების დახმარებით მალფოის მეგობრებად იქცევიან. ჰერმიონასაც სურს გადაქცევა და აპირებს სლიზერინელი მილისენტას თმას გამოყენებას, მაგრამ შემთხვევით გამოიყენებს მილისენტას კატის ბეწვს და ადამიან-კატად იქცევა. ამის შემდეგ იგი დიდ ხანს მკურნალობს. ჰარი და რონი ესტუმრებიან დრაკოს და ცდილობენ, დაადგინონ, ვინ გააღო საიდუმლო ოთახის კარი, მაგრამ აღმოჩნდება, რომ მალფოიმ არაფერი იცის.
მირტლის ტუალეტში ჰარი პოულობს უცნაურ წიგნს ცარიელი ფურცლებით, რომელიც ვინმე ტომ რედლს ეკუთვნის. აღმოჩნდება, რომ ფურცლებზე კითხვის წერისას იწერება პასუხი. ჰარი გაარკვევს, რომ მას ვინმე ტომ მარვოლო რედლი ესაუბრება, რომელიც ჰოგვორტსში 50 წლის წინ სწავლობდა. ტომი სთავაზობს, თავად იხილოს ყველაფერი და ჰარი გადაინაცვლებს 50 წლით უკან. ის ხედავს გოგონას გვამს, რომელსაც საიდუმლო ოთახის ურჩხული კლავს. ჰარი ხედავს რედლს, სლიზერინის მამასახლისს და სკოლის მაშინდელ დირექტორს, არმან დიპეტ და პროფესორ დამბლდორსაც, რომელიც იმ დროს ტრანსფიგურაციის მასწავლებელი იყო. რედლი ესაუბრება რუბეუს ჰაგრიდს და ჰარი ხვდება, რომ უკანასკნელად ოთახის კარი ჰაგრიდმა გააღო, ხოლო ურჩხული დიდი ობობაა. მაგრამ ჰარის არ სჯერავს ამის. რამდენიმე დღის შემდეგ ტომის დღიური მისი ოთახიდან ქრება. მოგვიანებით ნაპოვნია გაშეშებული ჰერმიონი.
დამბლდორი მოხსნილია ჰოგვორტსის დირექტორის თანამდებობიდან, ხოლო ჰაგრიდს აზკაბანში სვამენ. მისი მითითებით, ჰარი და რონი დაეძებენ ობობებს. საიდუმლო ტყეში შესულები ისინი აღმოაჩენენ არაგოგს, გიგანტურ ობობას, რომელსაც თავის დროზე ჰაგრიდი ზრდიდა, მაგრამ ის უხსნის ბიჭებს, რომ სლიზერინის ურჩხული არ არის და ჰაგრიდს ოთახის კარი არასოდეს გაუღია და ნამდვილი ურჩხული სკოლაში იმალება. მისი მეგობარი ობობები აშინებენ რონსა და ჰარის, რომლებსაც რონის მამის 'ფორდი' იხსნის. ჰარი და რონი შეიტყობენ, რომ 50 წლის წინ მოკლული იქნა მტირალა მირტლი, ჰოგვორტსის მოჩვენება.
ჰერმიონის ხელში ბიჭები აღმოაჩენენ ჩანაწერს, რომელშიც აღწერილია გიგანტური გველი-ბასილისკო. მას ერთი შეხედვით შეუძლია ადამიანის მოკვლა და მეგობრები ხვდებიან, რომ სწორედ ბასილისკომ გააშეშა ჰოგვორტსელები. ისინი არ მოკვდნენ, რადგან არ უყურებდნენ მას თვალებში. ჰერმიონის მინიშნებით, საჭიროა ამ მტრის მილებში ძიება.
გოგონების ტუალეტის გვერდით ჩნდება წარწერა, რომ საიდუმლო ოთახში სკოლის მოსწავლეა, რომელიც იქ სამუდამოდ დარჩება. სკოლა დახურვის პირას არის. ჰარი და რონი ლოკჰარტს სთხოვენ დახმარებას. იგი აღიარებს, რომ გაქცევა სურს და რომ საკუთარ წიგნებში მხოლოდ სხვა ადამიანების გმირობებს ისაკუთრებდა. იგი ცდილობს, წაუშალოს რონსა და ჰარის მეხსიერებიდან ის ინფორმაცია, რომელიც იმ წამს მიაწოდა, მაგრამ ჰარი მას ექსპელიარმუსის შელოცვით განაიარაღებს.
ჰარი და რონი მიდიან მირტლთან, რომელიც იხსენებს, რომ სიკვდილის წინ ესმოდა საუბარი უცნაურ ენაზე და ხედავდა ორ ყვითელ თვალს. იგი ბიჭებს უთითებს იმ ადგილზე, საიდანაც თვალები ჩანდა და ჰარი აღმოაჩენს დახატულ გველს. მოულოდნელად ჰარი გველების ენაზე წარმოთქვამს გაიღე და იხსნება ქვევით მიმავალი გვირაბი.
ლოკჰარტი, რომელიც მიჰყვება ბიჭებს, უეცრად რონს ართმევს მის ჯადოსნურ ჯოხს, მაგრამ შელოცვას სხვა შედეგი მოაქვს (რადგან რონის ჯოხი გადატყდა წლის დასაწყისში) - იგი ფეთქდება. აფეთქების შედეგად ცვივა ქვები და ჰარი რონისგან გაყოფილია. ჰარი განაგრობს გზას და ხვდება რედლს და უგონოდ მყოფ ჯინი უისლის. ტომი იღებს ჰარის ჯოხს და უხსნის ჰარის, რომ თავად არის სლიზერინის მემკვიდრე, რომელმაც ასევე მოკლა მირტლი და ყველა მოატყუა ჰაგრიდის თაობაზე. აღმოჩნდება, რომ ჯინიმ მოიპარა მისი დღიური ჰარისგან და შეტყუებული იქნა ოთახში. რაც მთავარია - სწორედ ტომ რედლი ვოლდემორი, სასტიკი ჯადოქარი.
მაგრამ უეცრად ჩნდება ფენიქსი, რომელსაც მოაქვს გამანაწილებელი ქუდი. რედლი იძახებს ბასილისკოს. ფენიქსი ებრძვის მას და ორივე თვალს ამოთხრის. ქუდში კი ხმალია დამალული, რომლითაც ჰარი გველს კლავს. ბასილისკო მის კბენას ასწრებს და ჭრილობა სასიკვდილოა. მაგრამ ფენიქსის ცრემლებით ჭრილობა ხორცდება. ბასილისკოს ეშვით ჰარი განგმირავს დღიურს, შეშინებული რედლი კი ქრება.
მას შემდეგ რაც ყველა უკან ბრუნდება, დამბლდორი უხსნის ჰარის, რომ ის გველის ენას ფლობს, რადგან მას ვოლდემორი ფლობდა. ასევე საოცარია, რომ ჰარიმ ამოიღო ხმალი - ეს გოდრიკ გრიფინდორის, გრიფინდორის დამაარსებლის ხმალია, რომლის ქუდიდან ამოღება მხოლოდ ნამდვილ გრიფინდორელს შეეძლო.
ჰაგრიდი ბრუნდება აზკაბანიდან. ჰარი და დამბლდორი თვლიან, რომ ჯინის ლუციუს მალფოიმ გადასცა ტომის დღიური, რაც კეთდებოდა მისი მამის, არტურ უისლის რეპუტაციის შესალახად.
ლუციუსი არ უარყოფს ამას, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ამას ვერავინ დაამტკიცებს. ჰარი მას გადასცემს ტომის დღიურს, რომელიც გახვეულია წინდაში. ლუციუსი იღებს დღიურს და აგდებს წინდას, რომელსაც იღებს მისი მსახური, ელფი დობი. კანონით, თუ პატრონი ელფს უგდებს ადამიანის ჩაცმულობის რომელიმე ნაწილს, ელფი თავისუფლდება მისი ბატონობისგან. ლუციუსი ხვდება, რომ ჰარიმ მოატყუა, მაგრამ დობი მას კიბიდან აგდებს და წასვლას უბრძანებს.
ბასილისკოსგან დაზარალებულებს განკურნავენ მანდრაგორის ფესვისგან დამზადებული წამლებით. სპეციალურად მომხდარი მოვლენების გამო გამოცდები გაუქმებულია. ჰარი და რონი გრიფინდორს 400 ქულას მოუტანენ. ლუციუს მალფოი გარიცხულია სამეთვალყურეო საბჭოდან, ხოლო გილდეროი ლოკჰარტი გადაგზავნილია წმინდა მუნგოს სახელობის მაგიური დაავადებების ჰოსპიტალში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|