ჰაშიმ გადო
ჰაშიმ გადო | |
---|---|
| |
დაბადების სახელი | ტაჯ. Ҳошим Гадо |
დაბადების თარიღი |
10 მაისი, 1937 კულიაბი (ტაჯიკეთის სსრ, სსრკ) |
საქმიანობა | მსახიობი, რეჟისორი, მწერალი |
ჯილდოები | სსრკ სახალხო არტისტი (1988) |
ჰაშიმ გადო (ჰაშიმ გადოევი; ტაჯ. Ҳошим Гадо; დ. 10 მაისი, 1937, კულიაბი, ტაჯიკეთის სსრ) — საბჭოთა და ტაჯიკი თეატრისა და კინოს მსახიობი, მწერალი, თეატრალური რეჟისორი და პედაგოგი. სსრკ სახალხო არტისტი (1988).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰაშიმ გადოევი დაიბადა 1937 წლის 10 მაისს კულიაბში (ახლანდელი ხატლონის ოლქი, ტაჯიკეთი). 1960 წელს დაამთავრა თეატრალური ხელოვნების რუსეთის ინსტიტუტის (ГИТИС) ტაჯიკეთის სტუდია (მხატვრული ხელმძღვანელი ბორის ბიბიკოვი და ოლგა პიჟოვა), 1965 წელს კი — ГИТИС-ის უმაღლესი სარეჟისორო კურსები მოსკოვში (ნიკოლაი ოხლოპკოვის სახელოსნო). სარეჟისორო პრაქტიკა კი ცნობილ ტოვსტონოგოვთან გაიარა.
1961 წლიდან აბულკასიმ ლოხუტის სახელობის ტაჯიკური დრამის თეატრის (დუშანბე) მსახიობი და რეჟისორია. სცენაზე 150-ზე მეტი როლი აქვს განსახიერებული. მათ შორისაა: სუჰრობი („რუსტამი და სუჰრობი“), ფერდინანდი (შილერის „ვერაგობა და სიყვარული“), ჰამლეტი (შექსპირის „ჰამლეტი“), ხლესტაკოვი (გოგოლის „რევიზორი“) და სხვა. დგამდა სპექტაკლებს, რომელთაგან ერთ-ერთი მთავარია სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“, რომელშიც ოიდიპოსის როლს თავად ასრულებდა. ეს სპექტაკლი საბჭოთა კავშირის და პოსტსაბჭოთა ქვეყნების სხვადასხვა ქალაქების სცენებზე 100-ზე მეტჯერ დაიდგა. 1988 წელს გადოევის ოიდიპოსმა მოსკოვის ხალხთა მეგობრობის თეატრის სცენაზე ნამდვილი ფურორი მოახდინა.
2008 წელს, რუდაქის 1150 წლის იუბილესთვის გადოევმა დადგა სპექტაკლი, რომელიც დიდი სპარსი პოეტისა და მოაზროვნის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნებოდა. როდესაც დადგმისთვის რუდაქის ბიოგრაფიას იკვლევდა, რეჟისორმა აღმოაჩინა, რომ თავიდან პოეტი მომღერალი იყო და სახელიც სიმღერით მოიხვეჭა. მან უდიდესი კლასიკოსის ეს მხარე თავის სპექტაკლში ახლებურად წარმოაჩინა. 2011 წელს პროფესიონალური თეატრების რესპუბლიკურ ფესტივალზე სპექტაკლს ერთხმად მიანიჭეს პირველი ადგილი. იმავე წელს, შუა აზიის რესპუბლიკების პროფესიონალური თეატრების ფესტივალზე — „ნავრუზ-2011“, სპექტაკლი ისევ გამარჯვებული გახდა და გრან-პრი მოიპოვა. ტაჯიკეთის სახალხო მწერალმა ურუნ კუხზოდმა აღნიშნა, რომ ჰაშიმ გადომ ისევ გამოაცოცხლა თეატრი და დაუბრუნა მას აკადემიურის სახელი. რუდაქისმცოდნე, მწერალ კ. რუსტამის შეფასებით კი სპექტაკლი „რუდაქი“, რომელიც გადოევმა დადგა, ტაჯიკეთის თეატრის ყველაზე დიდი მიღწევაა ტაჯიკეთის დამოუკიდებლობის პერიოდში.[1]
მოღვაწეობდა აგრეთვე ლენინაბადის ა. ს. პუშკინის სახელობის მუსიკალური დრამის თეატრში (ამჟამად ხოჯენდის კამალ ხუჯანდის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრი) და დუშანბეს ვ. მაიაკოვსკის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში.
ჰაშიმ გადოს 1963 წლიდან იღებდნენ კინოშიც. გადაღებულია 50-ზე მეტ ტაჯიკი და სხვა ეროვნების რეჟისორების კინოსურათებში, რომლებიც შეიქმნა „ტაჯიკფილმში“ („ცხოვრების 12 საათი“ - 1964, „რუსტამი და სუჰრობი“ - 1971 და სხვა), „უზბეკფილმში“ („ულუგბეგის ვარსკვლავი“ - 1964, „ქარიშხლით შობილნი“ - 1965, „ზღვარი“ - 1974, „სამი მეფის ბრძოლა“ - 1990), „აზერბაიჯანფილმში“ („ჩამქრალი კოცონის შუქი“ - 1976, „აქ სამოთხე არ დაგხვდება“ - 1982), „ბელარუსფილმში“ („სახელმწიფო საზღვარი“, 1983). 100-ზე მეტი მხატვრული ფილმის დუბლირება აქვს გაკეთებული ტაჯიკურ ენაზე. 1972 წლიდან ტაჯიკეთის სსრ-ის კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრია.[2]
გადო ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1996 წლიდან დოცენტი, მოგვიანებით კი პროფესორია მირზო ტურსუნზადეს სახელობის ტაჯიკეთის სახელმწიფო კულტურისა და ხელოვნების ინსტიტუტში (დუშანბე). 1970 წელს დადგა სტუდენტური სპექტაკლები ს. ნასაფის „ცხოველთა სამყარო“, ა. ბახორის „მეფე-გოგრა“, ჩეხოვის „მოთხრობები“.
ჰაშიმ გადო ბიოგრაფიული წიგნისა და ფილოსოფიური ესეს (11 წიგნი: „Розхо“, „Ассо“, „Танхо“, „Андешахо“, „Я!?“, „Кундж“, „Кометы“, „Джонбуз“, „Ку“, „Думы“, „Мой Сухроб“) ავტორია. მისი ფილოსოფიური პრიტჩები 10 წელზე მეტ ხანს იბეჭდებოდა ყოველკვირეულ გამოცემაში „Чархи гардун“.
საინტერესო ფაქტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰაშიმ გადო თეატრში სუჰრობის როლის შესაქმნელად იკვლევდა სპარსულ ლიტერატურას, არქიტექტურას, ქანდაკებას, ფირდოუსის ეპოქის ისტორიასა და კულტურას, ძველ მონეტებს, ტანსაცმლის დიზაინს, გატაცებული იყო სპორტითა და ბოდიბილდინგით. მსახიობმა ეს როლი ბ. კიმიაგაროვის 1971 წლის იგივე დასახელების ფილმშიც შეასრულა. მისმა მთელმა ამ შრომამ ძალიან კარგი შედეგი გამოიღო — კრიტიკოსებმა მისი შესრულება ისე კარგად მიიღეს, რომ მას შემდეგ ფილმი „რუსტამი და სუჰრობი“ ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად, რომელიც გადაღებულ იქნა ტაჯიკეთში საბჭოთა პერიოდში. თავად მსახიობმა ფილმის ეკრანებზე გასვლის შემდეგ თაყვანისმცემლებისგან 3 ათასზე მეტი წერილი მიიღო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. 1973 წელს კი, სუჰრობის როლის შესრულებისთვის, რუდაქის სახელობის ტაჯიკეთის სახელმწიფო პრემიის მფლობელი გახდა.
ირანის შაჰის, მოჰამედ რეზა ფეჰლევის მეუღლეზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჰაშიმ გადოსა და მისი კოლეგების თამაშმა ლაჰუტის თეატრის სპექტაკლში „რუსტამი და სუჰრობი“, რომ ბოლო სცენის დროს, სადაც მამა თავის შვილს კლავს, ატირდა და გონება დაკარგა.[3]
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1973 — ტაჯიკეთის სსრ-ის რუდაქის სახელობის სახელმწიფო პრემია
- 1979 — ტაჯიკეთის სსრ-ის სახალხო არტისტი
- 1987 — სსრკ სახელმწიფო პრემია
- 1988 — სსრკ სახალხო არტისტი
- 1995 — ანახიტის სახელობის პრემია
- 2017 — ტაჯიკეთის კულტურის დამსახურებული მოღვაწე
- სსრკ-ის კულტურის სამინისტროს საპატიო ნიშანი
- ორდენი „ტაჯიკეთის პრეზიდენტის ვარსკვლავი“
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჰაშიმ გადო — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- ჰაშიმ გადო kinopoisk.ru-ზე
- КНИГИ ХОШИМ ГАДО
- Жители Душанбе решили помочь Хошиму Гадо. Из-за нужды он начал продавать свои книги
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Хошиму Гадоеву – 80: Режиссер-постановщик
- ↑ Тоҷикфилм – Муассисаи Давлатии Тоҷикфилм. ციტირების თარიღი: 2015-03-19
- ↑ Мой Сухроб Хошима Гадоева. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-24. ციტირების თარიღი: 2011-03-30.