შინაარსზე გადასვლა

ოიდიპოს მეფე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოიდიპოს მეფე
ავტორი სოფოკლე
პერსონაჟები ოიდიპოსი, ლაიოსი, იოკასტე, ტირესიასი, კრეონი.
პრემიერა ძვ. წ. 429
ენა ძველი ბერძნული ენა
სერია თებეს ტრილოგია
ჟანრი ტრაგედია
მოქმედების ადგილი დიონისუს თეატრი, ათენი

ოიდიპოს მეფე ან ოიდიპოს ტირანი (ბერძ. Οἰδίπους Τύραννος) 一 ძველი ბერძენი დრამატურგის, სოფოკლეს, ტრაგედია, რომელიც ზოგიერთი მეცნიერის მტკიცებით, პირველად ძვ. წ. 429 წელს დაიდგა.[1] მის თავდაპირველ სათაურს ბერძენთათვის ოიდიპოსი წარმოადგენდა, რაც კარგად ისახება არისტოტელეს "პოეტიკაშიც". პიესას სახელი გადაერქვა, რათა "თებეს ტრაგედიებში" არსებულ სხვა პიესაში - "ოიდიპოსი კოლონოსში" - არ არეოდათ. ანტიკურ სამყაროში ტერმინ ტირანთან ასოცირდებოდა ისეთი მმართველი, რომელიც არალეგიტიმურად განაგებდა სამეფოს, თუმცა ამას სრულებით არ ჰქონია უარყოფითი დატვირთვა პიესაში.[2][3][4]

სოფოკლეს თებეს ტრილოგიაში ზემოხსენებული პიესა რიგით მეორეა და პირველი ნაწარმოების - ანტიგონე - შექმნის შემდეგ თორმეტ წელიწადში დაიწერა, თუმცა, ქრონოლოგიური თვალსაზრისით, მისი სიუჟეტი ყველაზე ძველია.

მოქმედების დასაწყისში ოიდიპოსი თებეს მეფე ხდება. იქამდე, საკუთარმა ბიოლოგიურმა მამამ, ლაიოსმა, მოისმინა წინასწარმეტყველება, რომ თუკი მას და მის მეუღლეს - იოკასტეს - ვაჟი შეეძინებოდათ, ეს უკანასკნელი მოკლავდა მამას და საკუთარ დედას შეირთავდა ცოლად. ამის შიშით ლაიოსი საკუთარ შვილს მწყემსს აბარებს. პიესის მოქმედება ეხება ოიდიპოსის მიერ ლაიოსის მკვლელის ძიებას თებეში გამძვინვარებული შავი ჭირის აღმოსაფხვრელად, თუმცა მან არ იცის, რომ მკვლელი, რომელსაც ეძებს, თავადაა. პიესის დასასრულს, როცა სიმართლე გაირკვევა, იოკასტე თავს ჩამოიხრჩობს, ხოლო ოიდიპოსი საკუთარ თვალებს იოკასტეს კაბის ბალთებით დაითხრის.

თავის "პოეტიკაში" არისტოტელე ხშირად ახსენებს ზემოხსენებულ პიესას, რათა ჟანრის ასპექტები გამოკვეთოს.[5][6]

ითვლება, რომ თებეს უბედურებათა წყებაში დიდი წვლილი მიუძღვის წყევლას, რომელიც ლაიოსმა დაიმსახურა მას შემდეგ, რაც მან შეურაცხყო სტუმარმასპინძლობის (ბერძნულადː „ქსენია“) წმიდათაწმიდა კანონი.

ახალგაზრდა ლაიოსი სტუმრად ეწვია ელისის მეფე პელოფსს, რომლის უმცროსი ვაჟის, ქრისიპოსის, მასწავლებელი გახდა ეტლის მართვაში. ლაიოსმა ქრისიპოსი შეაცდინა, იძალადა მასზე და ამის გამო აპოლონმა იგი დაწყევლა.

ოიდიპოსის დაბადება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როცა ლაიოსს ვაჟი უჩნდება, ის თავისი ბედის გასარკვევად მიმართავს დელფოსის მისანს. ვახლაგად ღვთისა, მისანი მას უმხელს, რომ ლაიოსი "განწირულია საკუთარი შვილის ხელით დასაღუპად". ლაიოსი ჩვილს ტერფებს გაუხვრეტს, ფეხებს მოქნილი ტყავის ქამრით შეუკრავს და იოკასტეს უბრძნებს, მოკლას იგი. დედამისი ამის გაკეთებას ვერ შეძლებს და ამის ნაცვლად ახალშობილს მსახურს გადასცემს, რათა ჩვილი უახლოეს მთაზე, კითერონზე, დააგდოს. მსახურმა იგი კორინთოსელ მწყემსს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, ბავშვი კორინთოსის უშვილო მეფე-დედოფალს, კორინთოსელ პოლიბოსსა და დორისელ მეროპეს მიუყვანა, რომლებმაც იგი საკუთარი შვილივით აღზარდეს.

ოიდიპოსი და სამისნო

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როცა ოიდიპოსი სრულწლოვანი ხდება, ის ქეიფის დროს მთვრალი კაცისგან გაიგებს ჭორს, რომ სინამდვილეში პოლიბოსისა და მეროპეს ვაჟი არ არის. ამის გამო წავა დელფოსში მისანთან და ეკითხება, სინამდვილეში ვინ არიან მისი მშობლები. მისანი, როგორც ჩანს, ამ კითხვას უგულებელყოფს და ეუბნება, რომ იგი "საკუთარ დედასთან გაიყოფს სარეცელს და საკუთარი ხელით დაღვრის საკუთარი მამის სისხლს". ამ საშინელი ბედის თავიდან ასაცილებლად ოიდიპოსი, რომელსაც ჯერ კიდევ ჰგონია, რომ პოლიბოსი და მეროპე მისი მშობლები არიან, კორინთოსიდან თებეში მიდის, რადგან დელფოსიდან ყველაზე ახლოს მდებარეობს.

წინასწარმეტყველების შესრულება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გზად ოიდიპოსი აღმოჩნდა დავლისში, სადაც ერთმანეთს კვეთდა სამი გზა. იქ მას შეხვდა ხუთი კაცი და ეტლი, რომელზედაც მისი ბიოლოგიური მამა ლაიოსი იდგა. მათ გზა ვერ გაიყვეს, მოხდა კონფლიქტი და ოიდიპოსმა მოკლა ლაიოსი, როდესაც მისმა მეეტლემ გზიდან გადაგდება დაუპირა. ოიდიპოსმა ლაიოსთან ერთად მისი ამალაც ამოხოცა. ამ მოვლენის ერთადერთი მოწმე იყო მონა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.

თებეში მისულ ოიდიპოსს დახვდა სფინქსი, რომელიც ქალაქში მიმავალ და ქალაქიდან მომავალ მგზავრებს გამოცანას აძლევდა. თუ სწორად არ უპასუხებდა, სფინქსი მათ კლავდა და ჭამდა. სწორი პასუხის შემთხვევაში უნდა მომკვდარიყო თავად სფინქსი. გამოცანა ასეთი იყო: „ვინ დადის ოთხი ფეხით დილით, ორით – დღისით და სამით – ღამით?“ ოიდიპოსმა უპასუხა: „ადამიანი: ყრმობისას იგი ოთხით დაცოცავს, გაიზრდება და ორი ფეხით დადის, სიბერეში კი ჯოხს დაიხმარს“.[7] პირველი იყო ოიდიპოსი, რომელმაც გამოცანა გამოიცნო. სფინქსმა იგი გაატარა, თავად კი კლდიდან გადახტა და თავი მოიკლა. ოიდიპოსი „განწირული იყო“ გამოცანის გამოსაცნობად, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი უნდა მომკვდარიყო, მაგრამ, მეორე მხრივ, იგი ვერ მოკვდებოდა, სანამ წინასწარმეტყველება არ ახდებოდა, ხოლო წინასწარმეტყველება ვერ ახდებოდა, სანამ მას ცოლი არ ჰყავდა მოყვანილი.

დედოფალ იოკასტეს ძმას, კრეონს, გამოცხადებული ჰქონდა, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ქალაქს სფინქსისგან გაათავისუფლებდა, თებეს მეფე გახდებოდა და ცოლად მოიყვანდა ახლად დაქვრივებულ დედოფალ იოკასტეს. ოიდიპოსისა და იოკასტეს ამ ქორწინებამ დაასრულა წინასწარმეტყველების აღსრულება. ოიდიპოსსა და იოკასტეს ოთხი შვილი ეყოლათ: ვაჟები ეტეოკლესი და პოლინიკესი (იხ. ესქილე, „შვიდნი თებეს წინააღმდეგ“) და ქალები: ანტიგონე და ისმენე.

ეს არის ტრაგედია ბედისწერასა და თავისუფლებაზე: ადამიანის თავისუფლება არ ნიშნავს, აკეთოს ის, რაც სურს, არამედ ეს არის პასუხიმგებლობა იმაზე, რაც ავ ბედისწერას მისთვის ურგუნებია.

ქალაქ თებეში მეფობდნენ ხელმწიფე ლაიოსი და დედოფალი იოკასტე. დელფოს მისნისაგან ხელმწიფე საშინელ წინასწარმეტყველებას შეიტყობს: „თუკი ვაჟიშვილი შეგეძინება, მისი ხელით დაიღუპები“. ხელმწიფესა და დედოფალს მართლაც შეეძინათ ვაჟი. წინასწარმეტყველებით დაშინებულმა ლაიოსმა ჩვილი დაბადებისთანავე წაართვა დედას (სამსჭვალით გაუხვრიტა ფეხები), შემდეგ მწყემსს გაატანა და უბრძანა, შორს, კითერონის მთაზე დაეგდო ბედის ანაბარა.

მსახურმა მარტლაც წაიყვანა ბავშვი, მაგრამ შეიბრალა; სასიკვდილოდ ვერ გაიმეტა და მეზობელი სამეფოს, კორინთოს ხელმწიფის მწყემსს (ევფორბოსს) გადასცა. ის კი არ უთხრა, ვინ იყო მდიდარ მოსასხამში გახვეული ბავშვი. ევფობოსმა ჩვილი თავის მეფეს მიჰგვარა. მან მიიღო ჩვილი და ოიდიპოსი, ანუ „ფეხებდასიებული“ უწოდა.

ოიდიპოსი ძლიერი და ჭკვიანი ჭაბუკი დადგა. ის თავს კორინთოს ხელმწიფის შვილად მიიჩნევდა, მაგრამ ერთ-ერთი ნადიმის დროს ვიღაც გალეშილმა თანამესუფრემ ყველას თანდასწრებით წამოაძახა, აყვანილი ხარო. ოიდიპოსმა მოსვენება დაკარგა და რჩევის საკითხავად დელფოს სამისნოს მიაშურა. აქ მას უთხრეს: „ვისი შვილიც იყო, შენი ბედი ასეთია: საკუთარ მამას მოკლავ და ცოლად დედას შეირთავ“. ოიდიპოსს თავზარი დაეცა. გადაწყვიტა, აღარ დაბრუნებულიყო კორინთოში და უგზო-უკვლოდ გადაკარგულიყო.

ოიდიპოსს გზის გასაყარზე ეტლით მომავალი მხცოვანი დიდებული შემოხვდა თავისი ამალით. ჭაბუკი დროულად არ მოერიდა და დიდებულმა მას მათრახი გადაუჭირა. საპასუხოდ ოიდიპოსმა კვერთხი ჩასცხო თავში და სული გააფრთხობინა. ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. ოიდიპოსმა ამოხოცა მთელი ამალა, მხოლოდ ერთმა მსახურმა შეძლო გაქცევა. იმ დროისათვის იშვიათი არ იყო ასეთი ამბები და ოიდიპოსმაც გზა განაგრძო. როდესაც თებეს მიაღწია, ნახა, ქალაქი შიშს აეტანა. იქვე მახლობლად კლდეზე სფინქსი დასახლებულიყო, რომელიც გამვლელ-გამომვლელებს გამოცანას ეკითხებოდა. ვინც სწორად ვერ უპასუხებდა, გლეჯდა. სწორედ იმის გასაგებად, თუ როგორ უნდა დაეხსნათ თავი ამ ურჩხულისგან, მეფე ლაიოსი მისნებთან გამგზავრებულიყო, მაგრამ ვიღაცას გზაში მოეკლა. სფინქსმა ოიდიპოსს გამოცანა უთხრა: „რა არის, რაც დილით ოთხზე დადის, დღის ორზე, საღამოს სამზე?“ „ეს ადამიანია! ჩვილი ოთხზე დაცოცავს, მოზრდილი საკუთარ ორ ფეხზე დგას, ხოლო მოხუცი საყრდენად არგანს იყენებს,“ 一 უპასუხა ოიდიპოსმა. სწორი პასუხით დამარცხებული სფინქსი კლდიდან უფსკრულში გადაეშვა და დაილეწა. თებე განთავისუფლდა. მოზეიმე ხალხმა ბრძენი ოიდიპოსი მეფედ გამოაცხადა, ცოლად ლაიოსის მეუღლე, იოკასტე დაუსვა, ხოლო ერთგულ მსახურად დედოფლის ძმა, კრეონტი მიუჩინა.

მრავალი წელი გავიდა და თებეს ღვთის რისხვა დაატყდა თავს: ხალხი შავი ჭირით იხოცებოდა, სენმა საქონელსაც დარია ხელი, პურის ყანები დაუმწიფებლად ხმებოდა.მოქალაქეებმა ოიდიპოსს მიმართეს: „ბრძენი ხარ და შენ ერთხელ უკვე გვიხსენი განსაცდელისგან, გვიშველე ახლაც“. ამ ვედრებით იწყება მოქმედება სოფოკლეს ტრაგედიაში.

ხალხი სასახლის წინ შეიკრიბა. ოიდიპოსი მათ წინაშე გამოვიდა და მიმართა: „მე უკვე წაწვგზავნე კრეონტი მისნებთან რჩევის საკითხავად; და აი, ისიც მოიჩქარის უკან ახალი ამბით“.

მისანმა კი შემოუთვალა: „ეს ღმერთის რისხვაა ლაიოსის მკვლელობისათვის; იპოვეთ და დასაჯეთ დამნაშავე!“

ოიდიპოსი: „აქამდე რატომ არ ეძებდით მას?“

ქორო: „ყველაფნი სფინქსზე ვფიქრობდით და არა მასზე“.

ოიდიპოსი: „ამ დაფარულის განცხადებას მე შევძლებ ისევ“.

ქორო ღმერთთათვის გალობას აღავლენს, სთხოვს მათ, აარიდონ რისხვა თებეს და შეიწყალონ განწირულები!

ოიდიპოსი ბრძანებს: :იპოვეთ მკვლელი ლაიოსისა, მოკვეთეთ იგი ცეცხლსაც და წყალსაც, აღარ არგუნოთ მას შეწყალება და აღარ ეღირსოს შეწირვა მსხვერპლის! დაე, დაატყდეს მას რისხვა ღმერთის!“

ოიდიპოსმა არ იცის, რომ საკუთარ თავს წყევლის. მაგრამ მალევე შეიტყობს ამის შესახებ. თებეში ერთი უსინათლო წინასწარმეტყველი, ტირესიასი ცხოვრობს: „ის ხომ არ გვეტყვის, ვინ არის მკვლელი?“

„ნუ მაიძულებთ, გითხრათ სიმართლე“, 一 შესთხოვს ტირესიასი, 一 „ეს არ მოუტანს სიკეთეს არავის!“ ოიდიპოსს რისხვა ეუფლება: „თავად ხომ არ ხარ მონაწილე შენ ამ მკვლელობის?“ ტირესიასიც ვეღარ იკავებს თავს და მიახლის: „არა და, რადგან ასეა, იცოდე, მკვლელი თავად ხარ და დაისაჯე შენ თავი შენი“.

ოიდიპოსი: „კრეონტი ხომ არ მიილტვის ძალაუფლებისკენ, მან ხომ არ შეგაგულიანა, გელაპარაკა ასე?“

ტირესიასი: „მე არც კრეონტს ვემსახურები და არც შენ, არამედ 一 უზენაეს ღმერთს“.

ტირესიასი: „მე უსინათლო ვარ, შენ კი თვალხილული, მაგრამ ვერ ხედავ, როგორ ცოდვაში გიდგას ფეხი და ვინ არიან შენი მშობლები“.

ოიდიპოსი: „ეს რას ნიშნავს?“

ტირესიასი: „თავად გამოიცანი: შენ გეხერხება გამოცანების ახსნა“.

ტირესიასი მიდის. ქორო შიშნარევ სიმღერას მღერის: „ვინაა ბოროტი? ნუთუ ოიდიპოსი? არა, შეუძლებელია ამის დაჯერება!“

აღელვებული კრეონტი შემოდის: ნუთუ ოიდიპოსი ღალატში მდებს ბრალს?

„დიახ“, 一 ეუბნება ოიდიპოსი.

კრეონტი: „რაში მჭირდება მე შენი ტახტი? მეფე საკუთარი ძალაუფლების ტყვეა. უმჯობესია, იყო მსახური ისევე, როგორც მე ვარ“.

ისინი ერთმანეთს სასტიკი ბრალდებებით მიმართავდნენ. ხმაურზე სასახლიდან გამოდის დედოფალი იოკასტე, კრეონტის და, ოიდიპოსის ცოლი.

„მას სურს, განმდევნოს ცრუ წინასწარმეტყველებით,“ 一 ეუბნება ოიდიპოსი.

იოკასტე: „ნუ დაუჯერებ, ყველა წინასწარმეტყველება ცრუა: თავის დროზე ლაიოსსაც ემცნო, რომ მოკვდებოდა ვაჟიშვილის ხელით, მაგრამ ჩვენი შვილი, ჯერ კიდევ ჩვილი, კითერონში დაიღუპა, ხოლო ლაიოსი უცნობმა მგზავრმა მოკლა გზის გასაყართან“.

ოიდიპოსი: „გზის გასაყართან? სად? როდის? როგორი იყო ლაიოსი შესახედავად?“

იოკასტე: „ეს მოხდა დელფოსკენ მიმავალ გზაზე, შენს გამოჩენამდე ცოტა ხნით ადრე. გარეგნულად კი ლაიოსი ჭაღარა იყო, წარმოსადეგი, ხოლო იერით შენ გგავდა ძლიერ“.

ოიდიპოსი: „ო! ღმერთო ჩემო! მე გადამხდა თავს მსგავსი ამბავი. მე ხომ არ ვიყავი ის მგზავრი? მოწმე თუ დარჩა?“

იოკასტე: „დიახ, გადარჩა ერთი მსახური; მოხუცი მწყემსია, მის წასაყვანად გავგზავნეთ უკვე“.

ოიდიპოსი ღელავს: ქორო შფოთვით აღსავსე სიმღერას მღერის:

„არამყარია დიდება კაცის! ღმერთო, გვაცილე ჩვენ სიამაყე ზღვარგადასული!“

აქ მოვლენები მოულოდნელად იცვლება. სცენაზე ჩნდება ადამიანი 一 მაცნე კორინთოდან. კორინთოს ხელმწიფე გარდაიცვალა და კორინთოელები მოუწოდებენ ოიდიპოსს მიიღოს მეფობა. დამწუხრდა ოიდიპოსი: „მართლაც ცრუა ყველა წინარწასმეტყველება! ნათქვამი იყო, უნდა მომეკლა მე მამაჩემი, მაგრამ ის მოკვდა თავისი სიკვდილით. მაგრამ ისიც მითხრეს, რომ ცოლად დედაჩემს მოვიყვანდი და ამის გამო, სანამ ცოცხალია დედოფალი, ვერ დავბრუნდები მე კორინთოში“.

„თუ მხოლოდ ეს გაბრკოლებს, ნუ გეშინია, 一 მიმართავს მაცნე, 一 შენ არა ხარ მათი ღვიძლი შვილი. მათ შეგიფარეს, მე თავად მიგიყვანე მათთან. კითერონის მთაზე ერთმა მწყემსმა გადმომცა შენი თავი“.

„ეს ის მწყემსი ხომ არ არის, ლაიოსის დროს რომ მსახურობდა? მიპასუხე სასწრაფოდ! მე მსურს ვიცოდე, ვისი შვილი ვარ!“ 一 მიმართავს ოიდიპოსი იოკასტეს. დედოფალი ყველაფერს ხვდება და ემუდარება მეფეს, არ ჩაეძიოს ამ ამბავს, რადგან მისთვისვე იქნება უარესი. ოიდიპოსი ყურს არ უგდებს, არ შეისმენს დედოფლის რჩევას.

იოკასტე სასახლეში შედის და ჩვენ მას აღარ შევხვდებით. ქორო მღერის: „იქნებ ოიდიპოსი რომელიმე ღმერთის ან ნიმფას შვილია დაბადებული კირეთონის მთავზე და შემდეგ ადამიანებისთვის მიგდებული? ადრეც ხომ ყოფილა ასე?“

მაგრამ არა! მოხუცი მწყემსი მიჰყავთ: „აი, ის, ვინც გადმომეცი შენ კითერონის მთაზე“ 一 ეუბნება ოიდიპოსს კორინთოელი მაცნე.

„აი, ის ვინც ჩემ თვალწინ მოკლა მეფე ლაიოსი,“ 一 ფიქრობს მწყემსი. ის დუმს, მას არ სურს თქვას, რასაც ფიქრობს, მაგრამ ოიდიპოსი ულმობელია, ვერ მშვიდდება.

„ვისი იყო ბავშვი?“ 一 მწყემსს ეკითხება ოიდიპოსი.

„ლაიოს მეფის, 一 პასუხობს მწყემსი. 一 „და თუ მართლაც შენ ხარ, მაშინ იმ მთაზე შენ იყავი, ჩვენ გადაგარჩინეთ!“

ახლა კი საბოლოოდ დარწმუნდა ოიდიპოსი, ყველაფერს მიხვდა. „დაწყევლილია ჩემი დაბადება, ჩემი ცოდვა და ჩემი ქორწინება!“ 一 აღმოჰხდება მას და სასახლეში შერბის.

ქორო ისევ მღერის:

„არამყარია დიდება კაცის!

ბედნიერები არ არსებობენ ამ ქვეყანაზე!

ოიდიპოსი, სიბრძნით განთქმული,

იყო ხელმწიფე... ახლა ვინ არის?

მამის მკვლელი და სისხლის აღმრევი!“

სასახლიდან მაცნე გამორბის და ხალხს ამცნობს უნებლიე ცოდვისა და ნებაყოფლობითი სასჯელის ამბავს: დედოფალმა იოკასტემ, ოიდიპოსის დედამ და ცოლმა, თავი ჩამოიხრჩო, სასოწარკვეთილმა ოიდიპოსმა ოქროს სამაგრი ჩამოიგლიჯა და იმით თვალები დაითხარა, რომ ვეღარ იხილონ მათ პატრონის მიერ ჩადენილი საშინელი ცოდვები. სასახლის კარიბჭე ბოლომდე იღება და მის ზღურბლზე ქორო სახედასისხლიანებულ ოიდიპოსს ხედავს.

ქორო: „როგორ გაბედე თვალების დათხრა?“

ოიდიპოსი: „ბედისწერამ ასე განსაჯა!“

ქორო: „ვინ ჩაგაგონა?“

ოიდიპოსი: „მე თავად ვას ჩემი თავის მსაჯული!“ ლაიოსის მკვლელს 一 განდევნა , დედის შეურაცხმყოფს 一 თვალთდაბრმავება! ო, კითერონო! ო, სასიკვდილო გზის გასაყარო! ო, სარეცელო, შენ დიდი ცოდვის!“

ერთგული კრეონტი ივიწყებს წყენას და ოიდიპოსს სასახლეში დარჩენას სთხოვს: „რადგან მარტოდენ ნათესავებს შეეფერებათ ნათესავების სიავეთა ცქერა და სმენა“. ოიდიპოსი სთხოვს, გააძევონ იგი და შვილებს ემშვიდობება: „მე თქვენ ვერ გხედავთ, მაგრამ ვტირი თქვენთვის..“.

ქორო ტრაგედიის ბოლოს მღერის:

„ო, ძველთაძველო თებეს მცხოვრებნო, აი, შეხედეთ, ოიდიპოსი,

ვინც იმ ცნობილი გამოცანების შეძლო ამოხსნა და ვინც თებეში

პირველი იყო და უდიდესი, და ვისაც შურით ჭვრეტდნენ ყველანი,

ავბედობათა რა აუწერელ უფსკრულში არის დანთქმული ახლა.

დაე, სუყველამ, ვინც მოკვდავია, ბოლო დღეს მიაპყროს თავისი მზერა და ბედნიერად ნუ ჩათვლის ნურვის, სანამდის იგი ყოველნაირი ტანჯვის გარეშე არ გადალახავს სიცოცხლის სამანს.

თემები, ირონია და მოტივები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბედისწერა, თავისუფალი ნება თუ ტრაგიკული წუნი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბედისწერა არის მოტივი, რომელიც ხშირად გვხვდება ბერძნულ მწერლობაში, უმეტესად ტრაგედიებში. ანალოგიურად ბევრი ბერძნული მითისთვის დამახასიათებელია, რომ მისნის წინასწარმეტყველების თავიდან აცილების მცდელობა სწორედ ისაა, რაც ამის მოხდენის საშუალებას იძლევა. მაგალითად, ოიდიპოსთან მსგავსება შეიძლება, დავინახოთ პერსევსის დაბადების მითში.

ლაიოსს მისანი მხოლოდ მამის მკვლელობის შესახებ აუწყებს, ხოლო ინცესტის შესახებ სიტყვას არ ძრავს. ლაიოსის მისნის მნიშვნელობა ბუნდოვანია. ერთი ინტერპრეტაციის თანახმად, ამ პიესაში ლაიოსის მისნის წარმოდგენა განსხვავდება ესქილეს "ოიდიპოსის" ტრილოგიისგან, რომელიც ძვ.წ 467 წელს დაიწერა. სმიტი ამტკიცებს, რომ "სოფოკლეს ჰქონდა არჩევანი, ლაიოსისთვის მისნის წარმოდგენა პირობითი (თუ ლაიოსს ვაჟი ეყოლება, ეს ვაჟი მოკლავს მას) ან უპირობო (ლაიოსს ეყოლება ვაჟი, რომელიც მოკლავს მას) ყოფილიყო. ესქილე და ევრიპიდე წერენ პიესებს, რომლებშიც მისნის წინასწარმეტყველება პირობითია, ხოლო სოფოკლე ირჩევს, რომ ლაიოსის მისნის წინასწარმეტყველება უპირობო იყოს და ამით ოიდიპოსს ცოდვებისთვის პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს, რადგან მას არ შეეძლო, სხვა რამ გაეკეთებინა, რაც არ უნდა გაეკეთებინა."[8]

ამ ინტერპრეტაციას ადასტურებს იოკასტეს მიერ მისნის გამეორება 854–55 სტრიქონებშიː "ლოქსიასმა (აპოლონმა) განაცხადა, რომ მეფე უნდა უნდა მოკვდეს თავისივე შვილის მიერ". ბერძნულად იოკასტე იყენებს ზმნას chrênai, ანუ „განწირული იყოს". მისნის სიტყვების მოხსენება კი როგორც ჩანს, იმაზე მიუთითებს, რომ ის უპირობო და გარდაუვალი იყო.

ლაიოსის მისნის მნიშვნელობის მიუხედავად, ოიდიპოსისთვის მიცემული მისნის წინასწარმეტყველება აშკარად უპირობოა. ბედისწერისა და ფატალიზმის თანამედროვე კონცეფციის გათვალისწინებით, პიესის მკითხველებს აქვთ მიდრეკილება, ოიდიპოსი აღიქვან უბრალო მარიონეტად, რომელსაც უფრო დიდი ძალები აკონტროლებენ, ანუ ადამიანი, რომელსაც ღმერთები და ბედისწერა უმიზეზოდ ანადგურებენ. თუმცა ეს ზუსტი ინტერპრეტაცია არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ეს მითოლოგიური ტრუიზმია, რომ მისნები არსებობენ აღსრულებისთვის, მისნები არ იწვევენ იმ მოვლენებს, რომლებსაც შედეგი მოაქვს. თავის ესეში "ოიდიპოს მეფის გაუგებრობის შესახებ"[9] დოდსი ეყრდნობა ბერნარდ ნოქსის შედარებას იესოს წინასწარმეტყველებასთან საიდუმლო ვახშამზე, რომ პეტრე მას სამჯერ უარყოფდა. იესომ იცის, რომ პეტრე ამას გააკეთებს, მაგრამ მკითხველი არ იტყვის, რომ პეტრე ბედისწერის მარიონეტი იყო, რომელიც იძულებულია, ქრისტე უარყოს.

სოფოკლე დრამატულ ირონიას იყენებს ოიდიპოსის დაცემის წარმოსადგენად. პიესის დასაწყისში ოიდიპოსი წარმოდგენილია, როგორც თავდაჯერებული, ინტელექტუალური და ძლიერი ნებისყოფის მქონე, ხოლო ბოლოს სწორედ ამ თვისებების წყალობით ეგებება თავის დასასრულსაც.

ამ ტრაგედიაში ირონიის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითია, როცა მოხუცი, ბრმა ტირესიასი ოიდიპოსს მიანიშნებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე, რომ მან მოკლა საკუთარი მამა და ცოლად შეირთო საკუთარი დედა (სტრ. 457–60)ː

"აღმოჩნდება, რომ თავისი შვილებისთვის ერთდროულად ძმაცაა და მამაცაა, შვილი და ქმარია ქალისა, რომელმაც შობა, ხოლო მამის სარეცლის მოზიარე და მკვლელი. ახლა წადი და ეს გაიაზრეː თუ აღმოაჩენ, რომ ვცდები, თქვი, რომ მისნობის საქმეში არაფერი გამეგება".

მაყურებელმა იცის სიმართლე და ისიც, თუ რა ბედი ელის ოიდიპოსს. ხოლო ეს უკანასკნელი უარყოფს მის წინაშე არსებულ რეალობას, უგულებელყოფს ტირესიასის სიტყვას და აგრძელებს გამოძიებას სავარაუდო მკვლელის საპოვნელად. მკვლელის ძიება ირონიის კიდევ ერთი მაგალითია, რამეთუ წყევლა, რომელსაც ის მკვლელს უსურვებს, სინამდვილეში საკუთარი თავისთვისაა განკუთვნილი.

მხედველობა და სიბრმავე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხედველობაზე პირდაპირი და მეტაფორული მინიშნებები თან გასდევს ტექსტს. მკაფიო ხედვა გამჭრიახობისა და ცოდნის მეტაფორას წარმოადგენს, თუმცა სუფთა თვალების მქონე ოიდიპოსი ბრმაა თავისი წარმოშობისა და უნებლიე დანაშაულების შესახებ სიმართლის მიმართ. მეორეს მხრივ, წინასწარმეტყველი ტირესიასი ბრმაა, თუმცა "ხედავს" სიმართლეს და გადასცემს მას გაცხადებულად. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ოიდიპოსი საკუთარ თვალებს დაითხრის და ფიზიკურად დაიბრმავებს თავს, იძენს წინასწარმეტყველურ უნარს, როგორც ეს "ოიდიპოსი კოლონოსში" ვლინდება.

ოიდიპოსი მთელი პიესის განმავლობაში ლაიოსს ტირანს და მეფეს უწოდებს. ეს კეთდება იმისთვის, რომ ლაიოსი მმართველობის თვალსაზრისით მასთან გათანაბრდეს. ლაიოსი კანონიერი მეფე იყო, როცა ოიდიპოსს მმართველობის ლეგიტიმური პრეტენზია არ ჰქონია. ოიდიპოსის მტკიცება, რომ ლაიოსი ტირანია, მისივე ტირანობის გაუტანლობაზე მიანიშნებს.

ზიგმუნდ ფროიდმა "სიზმრების ინტერპრეტაციაში" მოიყვანა პასაჟი ოიდიპოსის ბედისწერისა და ოიდიპოსის კომპლექსის შესახებ. იგი აანალიზებს, თუ რატომ არის ეს ძველბერძნული პიესა ასეთი ეფექტური და აქტუალური თანამედროვე მკითხველისთვისაც კიː[10]

"მისი ბედი მხოლოდ იმიტომ გვაინტერესებს, რომ ის შეიძლება, ჩვენი ყოფილიყო – რადგან მისანმა ჩვენს დაბადებამდეც იგივე წყევლა დაგვდო, რაც მას. ალბათ ყველა ჩვენგანის ბედისწერაა, რომ ჩვენი პირველი სექსუალური იმპულსები დედისკენ მივმართოთ, ხოლო ჩვენი პირველი სიძულვილი და ჩვენი პირველი მკვლელობის სურვილი – მამისკენ. ჩვენი სიზმრები გვარწმუნებს, რომ ეს ასეა".

ამასთანავე ფროიდი აგრძელებს და მიუთითებს, რომ "პირველყოფილი სურვილები და შიშები", სოფოკლეს პიესაში არ გვხვდება, თუმცა არსებობს მითში, რომელზეც პიესაა დაფუძნებული[10].

სინტია ჩეისი თავის სტატიაში "ოიდიპოსის ტექსტუალურობაː ფროიდისეული ოიდიპოსის ინტერპრეტაციის წაკითხვა" განმარტავს "ოიდიპოს მეფეს", როგორც ფსიქოანალიზის ისტორიას, რომელიც დაკავშირებულია მითში არსებულ გამოცანებსა და ოიდიპოსის მცდელობასთან, აღმოაჩინოს თავისი სიმართლე[11].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ Although Sophocles won second prize with the group of plays that included Oedipus Rex, its date of production is uncertain. The prominence of the Theban plague at the play's opening suggests to many scholars a reference to the plague that devastated Athens in 430 BC, and hence a production date shortly thereafter. See, for example, Knox, Bernard (1956). „The Date of the Oedipus Tyrannus of Sophocles“. American Journal of Philology. 77 (2): 133–147. doi:10.2307/292475. JSTOR 292475.
  2. ↑ Bridgewater, William, ed. "tyrant". The Columbia Encyclopedia. Columbia University Press. (1963) p. 2188
  3. ↑ Lloyd-Jones, Hugh. Introduction and trans. Sophocles: Ajax, Electra, Oedipus Tyrannus. By Sophocles. Loeb Classical Library ser. vol. 20. Harvard University Press. ISBN 978-0674995574.
  4. ↑ Mulroy, David. trans. “Introduction”. Sophocles, Oedipus Rex. Univ of Wisconsin Press, (2011) ISBN 9780299282530. p. xxviii
  5. ↑ Aristotle: Poetics. Edited and translated by St. Halliwell, (Loeb Classical Library), Harvard 1995
  6. ↑ Belfiore, Elizabeth (1992). Tragic Pleasures: Aristotle on Plot and Emotion. Princeton, გვ. 176. ISBN 9780691068992. 
  7. ↑ Classical Myth 8th Edition Barry B. Powell PDF Download | PDF | Greek Mythology | Twelve Olympians en. ციტირების თარიღი: 2025-10-14
  8. ↑ Smith, Helaine (2006). MASTERPIECES OF CLASSIC GREEK DRAMA. Westport, Connecticut: GREENWOOD PRESS. 
  9. ↑ Dodds, E. R. (1966-04). „On Misunderstanding the“. Greece & Rome (ინგლისური). 13 (1): 37–49. doi:10.1017/S0017383500016144. ISSN 1477-4550. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  10. 1 2 Freud, Sigmund (2010). The Interpretation of Dreams. New York: Basic Books. 
  11. ↑ Chase, Cynthia (21/1979). „Oedipal Textuality: Reading Freud's Reading of Oedipus“. Diacritics. 9 (1): 53. doi:10.2307/464700. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)