შალვა ელიავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ელიავა.
შალვა ელიავა
Shalva Eliava - 2.jpg
დაბადების თარიღი 30 სექტემბერი 1883(1883-09-30)
დაბადების ადგილი ღანირი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 3 დეკემბერი 1937(1937-12-03)[1] (54 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union (1924–1955).svg სსრკ
განათლება სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები წითელი დროშის ორდენი და შრომის წითელი დროშის ორდენი

შალვა ელიავა (დ. 30 სექტემბერი, 1883, ღანირი — გ. 3 დეკემბერი, 1937) — ქართველი საბჭოთა პარტიული მოღვაწე, რევოლუციონერი და ბოლშევიკი. წითელი დროშისა და შრომის წითელი დროშის ორდენების კავალერი. 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის ერთ-ერთი შემოქმედი, 1923-1927 წლებში საქართველოს სსრ-ს, ხოლო 1927-1930 წლებში ამიერკავკასიის სფსრ-ს სახკომსაბჭოს თავმჯდომარე . 1937 წელს, „დიდი წმენდის“ დროს, დახვრიტეს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1904 წლიდან იყო რსდმპ წევრი. 1905-1907 წლებში პარტიულ მუშაობას ეწეოდა თბილისში, ქუთაისში, პეტერბურგსა და სხვა ქალაქებში. 1911 წლის დასაწყისში დააპატიმრეს და ოლონეცის გუბერნიაში გადაასახლეს. 1912 წელს ავადმყოფობის გამო ასტრახანში გადაიყვანეს. 1913-1915 წლებში მუშაობდა პეტერბურგში, ფაბრიკაში. 1915 წელს კვლავ დააპატიმრეს და გადაასახლეს ჯერ ასტრახანის, შემდეგ ვოლოგდის გუბერნიაში. თებერვლის რევოლუციის შემდეგ, 1917 წლის მარტიდან დეკემბრამდე იყო ვოლოგდის გუბერნიის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს პირველი თავმჯდომარე. 1918 წლის იანვარ-აპრილში იყო ამავე გუბერნიის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე. 1919 წლის 10 აპრილიდან 11 აგვისტომდე იყო ბოლშევიკთა აღმოსავლეთ ფრონტის სამხრეთ დაჯგუფების სამხედრო რევოლუციური საბჭოს წევრი. 1919 წლის 8 ოქტომბრიდან 1922 წლის 30 აგვისტომდე იყო მოსკოვის მთავრობის მიერ შექმნილი თურქესტანის უმაღლესი მმართველობითი ორგანოს, თურქკომისიის თავმჯდომარე. 1920 წელს დაინიშნა რსფსრ-ს სრულუფლებიან წარმომადგენლად ოსმალეთსა და ირანში. საბჭოთა რუსეთის სახელით მონაწილეობდა მუსტაფა ქემალ ათათურქის მოძრაობასთან მოლაპარაკებებში.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დროს მივლინებული იყო მე-11 წითელი არმიის სამხედრო რევოლუციურ საბჭოს წევრად და საქართველოს რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, რომელიც შეიქმნა საბჭოთა რუსეთ-საქართველოს ომის დროს დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციის ლეგიტიმაციის მიზნით.[2] რამდენადაც რევკომის თავმჯდომარე ფილიპე მახარაძე საქართველოში არ იმყოფებოდა, ელიავა ფაქტობრივად ასრულებდა თავმჯდომარის მოვალეობებს. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921 წელს ალექსანდრე სვანიძესთან ერთდ ხელი მოაწერა ყარსის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით საქართველოს სსრ-ს დარჩა ბათუმის ოკრუგი და აჭარის ოკრუგები, ხოლო ართვინის ოკრუგი და არტაანის ოკრუგი საქართველომ დაკარგა და თურქეთის შემადგენლობაში შევიდა.[3][4] 1921-1923 წლებში იყო საქართველოს სსრ-ს სამხედრო და საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარი, ხოლო 1922-23 წლებში იგივე თანამდებობა ეკავა ამიერკავკასიის სფსრ-ში. 1923-27 წლებში იყო საქართველოს სსრ-ს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე, 1927-1930 წლებში იყო ამიერკავკასიის სფსრ-ს სახკომსაბჭოს თავმჯდომარე. 1931-35 წლებში იყო საბჭოთა კავშირის საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისრის მოადგილე, ხოლო 1936-37 წლებში — მსუბუქი მრეწველობის სახალხო კომისრის მოადგილე.

სიკვდილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1937 წელს დააპატიმრეს და დახვრიტეს ანტისაბჭოთა შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით პირადი ქონების კონფისკაციით დახვრეტა მიესაჯა.[5] ელიავას ბრალად ედებოდა:

ვიკიციტატა
„რომ იყო მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი საქართველოში. იყო რა უშუალოდ დაკავშირებული მემარჯვენეთა საკავშირო კ/რ ცენტრთან, მონაწილეობდა ტერაქტების მომზადებაში საბჭოთა მთავრობისა და საკავშირო კპ (ბ)-ს ხელმძღვანელების წინააღმდეგ. კავშირი ჰქონდა საკავშირო კ/რ სამხედრო ცენტრთან და ეწეოდა აქტიურ ჯაშუშურ-სადაზვერვო საქმიანობას ზოგიერთი უცხოური სახელმწიფოს სასარგებლოდ.[5]

1956 წელს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალმა იუსტიციის პოლკოვნიკ ლატიშევის ხელმძღვანელობით იხელმძღვანელა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის პროცესუალური კოდექსის 417 მუხლით და განაჩინა: საქ. სსრ შინსახკომის სამეულის 1937 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება შალვა ზურაბის ძე ელიავას მიმართ გაუქმდეს და საქმის წარმოება შეწყდეს დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.[5]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Элиава Шалва Зурабович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. 1921 წლის 25 თებერვლის ოკუპაცია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  3. Договор о дружбе между АССР, ССРА и ССРГ с одной стороны и Турцией с другой, заключенный при участии РСФСР в Карсе
  4. ვარდოსანიძე ს., გურული ვ., ხარაძე კ., ჯიქია ლ., კვარაცხელია მ., საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ისტორია (1917-1957), თბ., 2015
  5. 5.0 5.1 5.2 ელიავა შალვა ზურაბის ძე, სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში – HEINRICH BÖLL STIFTUNG SOUTH CAUCASUS, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – INSTITUTE FOR DEVELOPMENT OF FREEDOM OF INFORMATION (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო – Embassy of Switzerland in Georgia. - 2013.