ქართული ხალხური არქიტექტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Tbilisi Ethnographic Museum (DDohler 2010)-3.jpgMachubi of Khergiani tower.jpg
ძველი შატილი3.jpgGlkhatun.gif

ქართული ხალხური არქიტექტურა უახლეს დრომდე რიგითი ქართველი მოსახლეობის სამშენებლო ტრადიციებია. ის გამოირჩევა მრავალფეროვნებით, რაც აიხსნება საქართველოს განსხვავებული ბუნებრივი პირობებითა და სოციალური განვითარების სხვადასხვა დონით სხვადასხვა კუთხეში. აღმოსავლეთ საქართველოსა და მთიანი საქართველოსათვის დამახასიათებელია რელიეფთან შეთანხებული კომპაქტური განაშენიანება; მთიან რაიონებში გლეხის სახლი ასრულებდა საცხოვრებელ, სამეურნეო და თავდაცვით ფუნქციებს; შემუშავდა ციხე-სახლის ტიპები: სვანეთში, ხევსურეთში, ფშავსა და ხევში საცხოვრებელ კომპლექსებში ხშირად შედის გეგმით კვადრატული ქვის კოშკი. ძველი სვანეთის პეიზაჟის ერთი ძირითადი ნიშანი იყო მრავალკოშკიანი სოფლები. ხევსურეთში შემორჩენილია ერთიანი გამაგრებული სოფელი შატილი. ქართლსა და მესხეთში (სოფლებშიც და ქალაქებშიც - თბილისში, ახალციხეში) ძველთაგანვე გავრცელებული იყო დარბაზის ტიპის საცხოვრებელი, რომლის პროტოტიპიც აღწერა ვიტრუვიუსმა. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში საცხოვრებელი კომპლექსი ცალკეული შენობებისაგან შედგება - საცხოვრებელ ბინად, სამეურნეო დანიშნულებისათვის (სასიმინდე, საქათმე, სამზარეულო და სხვა) დამოუკიდებელ შენობებს აგებენ. გავრცელებული იყო ოდასახლის ტიპი, რომელიც თავისი ფუნქციური მიზანშეწონილობის წყალობით ყველაზე სიცოცხლისუნარიანი გამოდგა. ქართული გლეხური საცხოვრებელი სახლები მაღალი ხელოვნების ნიმუშია და განვითარებულ ესთეტიკურ გემოვნებას მოწმობს. დარბაზის განმსაზღვრელი ელემენტებია გვირგვინი და ხის დედაბოძი, რომელიც კვეთილი ორნამენტით იყო შემკული. დარბაზის ზოგი ტიპის შემადგენელი ელემენტია მხატვრულად დამუშავებული ბუხრები. მხატვრულად არის დამუშავებული აგრეთვე სვანური სახლის მაჩუბი, დას. საქართველოს ოდასახლის შიდა კედლები, ბუხრები, ხის აივნის მოაჯირები. ინტერიერის არსებითი შემადგენელი ნაწილია ხის ავეჯი, რომლის ნიმუშები ბოლო დრომდე უმეტესად ქვეყნის მთიანეთმა შემოინახა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]