ფრიდრიხ ვერნერ ფონ დერ შულენბურგი
| ფრიდრიხ ვერნერ ფონ დერ შულენბურგი | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი |
20 ნოემბერი, 1875 კემბერგი |
| გარდაცვალების თარიღი |
10 ნოემბერი, 1944 (68 წლის) ბერლინი |
| გარდაცვალების მიზეზი | დახვრეტა |
| სხვა სახელები | ვერნერი |
| ეროვნება | გერმანელი |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | დიპლომატი |
ფრიდრიხ ვერნერ ფონ დერ შულენბურგი (დ. 20 ნოემბერი, 1875, კემბერგი – გ. 10 ნოემბერი, 1944, ბერლინი) — გერმანელი დიპლომატი და საჯარო მოხელე. გერმანიის იმპერიის ვიცე-კონსული რუსეთის იმპერიის კავკასიის გუბერნიის დედაქალაქ თბილისში, მოგვიანებით კი - გერმანიის კავკასიური ექსპედიციის დიპლომატიური წარმომადგენელი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.
ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა საშუალო შეძლების არისტოკრატიულ ოჯახში, საქსონიაში. შულენბურგის საგვარეულოს წარმომადგენლები ისტორიულად სამხედრო და საჯარო მოხელეები იყვნენ. დაწყებითი განათლება მიიღო ბრაუნშვაიგში, სადაც მისი ოჯახი საქსონიიდან საცხოვრებლად გადავიდა. 1894-1900 წლებში განათლება ლოზანაში, ბერლინსა და მიუნხენში, იურისპუდენციის განხრით მიიღო. სწავლის დასრულების შემდეგ არჩევანი სამხედრო და დიპლომატიურ სამსახურებს შორის ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთა.
დიპლომატიური კარიერის დასაწყისი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1901 წლიდან იწყებს სამსახურს გერმანიის საგარეო განყოფილების (ანუ საგარეო საქმეთა სამინისტროს) საკონსულო სამსახურში. 1903-1906 წლებში იყო გერმანიის საკონსულო სამსახურში ბარსელონაში, ლვოვსა და ნეაპოლში, 1907 წელს კი განაწესეს გერმანიის ვარშავის საკონსულოში, რომელიც მაშინ რუსეთის იმპერიაში შედიოდა და ამის შემდეგ თავისი კარიერით მთლიანად დაუკავშირდა აღმოსავლეთ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს.
საქმიანობა თბილისში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1911 წლის 28 მარტს გრაფი შულენბურგი ვარშავიდან თბილისში გერმანიის ვიცე-კონსულის თანამდებობაზე გადაიყვანეს, სადაც ის 1914 წლის 11 აპრილამდე მოღვაწეობდა. 1914 წელს რუსეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობების გართულების დროს ის გერმანიაში შვებულებაში იმყოფებოდა და უკან დაბრუნების მცდელობისას საზღვარზე არ გამოატარეს. თბილისში 5 აგვისტოს დააპატიმრეს ადგილზე მყოფი გერმანელი კონსული ანდერსი და მისი მოადგილე კაპიტანი ვაიკმანი. საკონსულოში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად საარქივო მასალის დიდი ნაწილი დაიკარგა. 1911-1914 წლების შუალედში შულენბურგმა და ანდერსმა მნიშვნელოვანი სადაზვერვო ღონისძიებების ჩატარება მოასწრეს კავკასიაში, დაამყარა ახლო კავშირი ნაციონალისტურად განწყობილ ქართულ ელიტასთან, ასევე შექმნა ჯაშუშური ქსელი კავკასიის მასშტაბით.[1]
კარგად იცნობდა არარუსი ერების, განსაკუთრებით ქართველებისა და პოლონელების ნაციონალიზმს და მათი მისწრაფებების გერმანულ ინტერესებთან შეთანხმებას ცდილობდა. [1]
პირველი მსოფლიო ომი და საქართველო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი მსოფლიო ომის ომის დაწყების შემდეგ შულენბურგი გარკვეული პერიოდით საფრაგნეთში დასავლეთის ფროტზე წავიდა, 1915 წელს გერმანიის მოკავშირე ოფიცრად დაბრუნდა აღმოსავლეთში ოსმალეთის არმიაში, მერე კი ერზრუმში კონსულის თანამდებობაზე ინიშება. მისი გავლენის არეალი უფრო ფართო იყო და ახლო აღმოსავლეთის სხვა ტერიტორიებზეც ვრცელდებოდა. ოსმალეთში ყოფნისას შულენბურგი იყო ერთერთი იდეის ავტორი და ასევე მეთაური ოსმალეთის მხარეზე მებრძოლი „ქართული ლეგიონის“, რომელიც 1915-1917 წლებში არსებობდა. შულენბურგს უახლოესი ურთიერთობა ჰქონდა ბერლინში და კონსტანტინოპოლში მყოფ პროგერმანულ „ქართულ დამოუკიდებლობის კომიტეტთან“ და მის ლიდერებთან მაჩაბელთან, წერეთელთან, სურგულაძესთან.[1]
შულენბურგი უშუალოდ ხელმძღვანელობდა თურქეთის ტერიტორიაზე მოქმედ „ქართული ლეგიონს“, რომელიც გერმანელებმა ჩამოაყალიბეს ქრისტიანი და მუსლიმი ქართველებისგან რუსეთის წინააღმდეგ საომრად. კარგად იცნობდა გერმანიაში მოღვაწე ქართული კომიტეტის ხელმძღვანელებს და იყო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ერთ-ერთი შემოქმედი 1918 წლის მაისში. უშუალოდ მონაწილეობდა ქართველების, გერმანელებისა და თურქების მოლაპარაკებებში და დარჩა თბილისში გერმანიის წარმომადგენლად მას შემდეგ, რაც ბერლინმა კავკასიაში გერმანული სამხედრო მისიის გამოგზავნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. როდესაც ამ ექსპედიციის მეთაური გენერალი ფონ კრესი 1918 წლის ივნისში ჩამოვიდა კავკასიაში მას ადგილზე შულენბურგი დახვდა.[1]
ომისშემდგომი კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1919 წელს გერმანელების კავკასიიდან გასვლის შემდეგ, მცირე ხნით დაპატიმრებული იყო მოკავშირეების მიერ და გენერალ კრესთან ერთად გარკვეული დრო გაატარა ტყვეობაში კუნძულ პრინკიპოზე. გერმანიაში დაბრუნების შემდეგ, 1919-1922 წლებში, მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ განყოფილებაში. 1922-1931 წლებში იყო გერმანიის წარმომადგენელი თეირანში, 1931-1934 წლებში - ბუქარესტში.
ელჩობა საბჭოთა კავშირში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1934 წელს შევიდა ნაციონალ-სოციალისტურ პარტიაში და დაინიშნა გერმანიის ელჩად საბჭოთა კავშირში. არასოდეს ყოფილა ნაცისტი და ჰიტლერი მას, კაიზერის დროის სხვა მოხელეების მსგავსად, უნდობლობით ეკიდებოდა, თუმცა, კვალიფიკაციიდან გამომდინარე, უარს ვერ ამბობდა მათ სამსახურზე.
მეორე მსოფლიო ომი და წინააღმდეგობის მოძრაობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შულენბურგი ეწინააღმდეგებოდა გერმანიის მიერ ომის დაწყებას საბჭოთა კავშირთან. ომის დაწყების შემდეგ იყო ბოლო მაღალჩინოსანი გერმანელი საჯარო მოხელე, რომელმაც დატოვა საბჭოთა კავშირის ტერიტორია. ომის მიმდინარეობისას იყო ანტისაბჭოელ ემიგრანტებთან აქტიური ურთიერთობის მომხრე. მისი ინიციატივით 1942 წელს ბერლინში, სასტუმრო „ადლონში“ გაიმართა ემიგრანტული წრეების კონფერენცია, სადაც ქართველებიც მონაწილეობდნენ. შულენბურგი ამ ხაზს საბოლოოდ ჩამოსცილდა ნაცისტურ პოლიტიკურ ელიტაში არსებული დაპირისპირების გამო. მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ გერმანია ომში მარცხდებოდა, ჰიტლერი კი მოლაპარაკებების დაწყებას არ აპირებდა, შეუერთდა გერმანიაში არსებულ ანტიჰიტლერულ საიდუმლო მოძრაობას და მონაწილეობდა 20 ივლისის შეთქმულებაში.
სიკვდილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1944 წელს შტაუფენბერგის მიერ ჰიტლერზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, შულენბურგი, სხვების მსგავსად დააპატიმრეს და ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრების 40 წელი გერმანიის უწყვეტ სამსახურში გაატარა, გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს.
ხსოვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2023 წელს გამოფენა გოეთეს ინსტიტუტში ლაშა ბაქრაძის ინიციატივით ჩატარდა გამოფენა „შულენბურგი და საქართველო“.[2]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ასტამაძე გ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 490.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 შულენბურგი და საქართველო, 2018-05-08, გიორგი ასტამაძე
- ↑ გრაფი შულენბურგი და საქართველო - ასწლიანი ისტორია ფოტოებში, მაისი 25, 2023