ფანასკერტელები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ფანასკერტელები — წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო XII—XVI საუკუნეების საქართველოში, ასპანისძეთა განშტოება და ციციშვილების წინამორბედი. გვარის სახელწოდება წარმოდგება მისი სამამულე ციხე-ქალაქ ფანასკერტიდან (ტაოშია). გვარის ფუძემდებელი გახდა შავში აზნაური ზაქარია ასპანისძე, რომელსაც თამარ მეფემ უწყალობა ფანასკერტი და ტაოს ერისთავობა. XII-XIII საუკუნეებში ზემო ქართლის უძლიერესი ფეოდალები და გამგებლები იყვნენ. ასპანისძეთა ფეოდალურ სახლს არ შეუწყვეტია არსებობა ფანასკერტელთა გამოყოფის შემდეგაც. მათი საფეოდალო შავშეთში არსებობდა XV საუკუნემდე, ვიდრე მას ბეენაშვილები არ დაეპატრონენ.

ფანასკერტელების სამფლობელოები კიდევ უფრო გაფართოვდა XIV—XV საუკუნეებში ორბოძლელ-ჩიჟავაძეებისა და ჯავახიშვილების მამულების ხარჯზე შიდა ქართლში. ამ მხარეში მათ ეკუთვნოდათ: ხვედურეთი, კეხიჯვარი, ქვახვრელი, უფლისციხე, კარალეთი, ძამის ციხე და ყინწვისისა და სამწევრისის ეკლესიები. ჰქონდათ ყმა-მამული ქვემო ქართლშიც, რაზეც მიუთითებს სოფელ წერაქვის ეკლესიის საამშენებლო წარწერა.

XV საუკუნის შუა ხანებში გამწვავდა ბრძოლა ჯაყელების სამთავრო სახლსა და მეფის მომხრე ფანასკერტელებს შორის. სამცხედან განდევნილი ზაზა ფანასკერტელი - მეფის მეჭურჭლეთუხუცესი - შიდა ქართლში დამკვიდრდა და საფუძველი ჩაუყარა შემდგომში სათავადოს, რომელიც შემდგომში საციციანოდ იქცა. ქართლში დაფუძნებული ფანასკერტელ-ციციშვილები დაუნათესავდნენ მეფეებსა და ქართლის თავადებს. XV საუკუნეში ერთხანს ფანასკერტელებს სამეფო ქალაქის— ატენის მოურავობა ეპყრათ.

ფანასკერტელთა ერთი შტო თავის ძველ მამულში - ტაო-შავშეთში დარჩა და ჯაყელებს ეყმო. მესხური მატიანის მიხედვით, ფანასკერტელ იობის ძე ჯარასონი ყვარყვარე ჯაყელის ერთგული ყოფილა და 1576 წ. ფეოდალთა შეთქმულების დროს იგი დაღუპვისგან გადაურჩენია.


ფანასკერტელები მონაწილეობდნენ აგრეთვე საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში. აშენებდნენ ეკლესია-მონასტრებს, მატერიალურ დახმარებას წევდნენ ქართულ კულტურულ კერებს, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. XIII საუკუნის II ნახევარში გრიგოლ ფანასკერტელს იერუსალიმის ჯვრის მონასტრისთვის ჯერ 7 000, ხოლო შემდეგ — 30 000 თეთრი გაუგზავნია. ასევე დიდი მატერიალური დახმარება (8 000 თეთრი) გაუწია ჯვრის მონასტერს თაყა ფანასკერტელის (XIII—XIV საუკუნეების მიჯნა) ცოლმა — დემეტრე თავდადებულის ასულმა რუსუდანმა. ზაზა ფანასკერტელმა სამშენებლო მუშაობა ჩაატარა ყინწვისის ეკლესიაში, ხოლო მისმა შვილმა — მერაბმა — სამწევრისში, რასაც გვამცნობს ამ ეკლესიების ეპიგრაფიკული ძეგლები. ზაზა ფანასკერტელმავე შეადგინა „სამკურნალო წიგნი — „კარაბადინი“.

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბასილი ეზოს მოძღუარი, ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი, წგნ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2 თბ.1959;
  • ისტორიანი და აზმანი შარავანდელთანი, იქვე;
  • ჟამთააღმწერელი, იქვე
  • ქართლის ცხოვრების გაგრძელებები, იქვე;
  • იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპები, წგნ.: მეტრეველი ე., მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის (XI—XVII სს.), თბ., 1962;
  • სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები (XV—XVI სს.), ქრ. შარაშიძის გამოც., თბ., 1961

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერძენიშვილი დ., ფანასკერტელთა ფეოდალური საგვარეულოს ისტორიიდან (წერაქვის უცნობ წარწერასთან დაკავშირებით), «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1960, ტ. 1