ხვედურეთი
ხვედურეთი — ისტორიული სოფელი შიდა ქართლში, ახლანდელი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო ხვედურეთისა და ქვემო ხვედურეთის ძველი საერთო სახელწოდება. ხვედურეთის ხევი წარმოადგენდა ისტორიული გაღმამხრის ერთ-ერთ ხევს. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით: სკრის „ხეობის დასავლით არს ხუედურეთის ხეობა. გამოსდის საცხენისის მთას და მიერთვის სამხრიდამ მტკუარს“.
ხვედურეთის ხევში ადამიანის ცხოვრების კვალი ბრინჯაოს ხანიდან დასტურდება. ხვედურეთი და ხვედურეთის ხევი პირველად იხსენიება სვეტიცხოვლისადმი დავით მეფის 1355 წლის სიგელში. დოკუმენტის მიხედვით დავით ორბოძლელისათვის მიუცია სვეტიცხოვლის მამულები, მათ შორის ხვედურეთიც, შემდეგ კი კვლავ მცხეთისათვის დაუბრუნებია. 1392 წელს ხვედურეთი კვლავ მცხეთის მფლობელობაშია.[1]
XV საუკუნის დასაწყისში ხვედურეთის მფლობელი კახაბერ ამირეჯიბის ძე, საზუერელ ჩიჯავაძე ჩანს, შემდეგ მას ციციშვილები დაეპატრონენ.[2] 1467 წლის ერთი საბუთის მიხედვით მათ ხვედურეთის მამული ნასისხლად მიუღიათ ორბოძლელისაგან ღალატის საფასურად.[3] იოანე ბატონიშვილის „ქართლ-კახეთის აღწერის“ (1790-იანი წლები) მიხედვით საციციანოს ხვედურეთის ხევში შედიოდა სოფლები: ღელევი, დრისი, იფნისი, ლეთეთი, ხვედურეთი და თრეხვი.[4]
ზემო ხვედურეთში შემორჩენილია შუა საუკუნეების ეკლესიის ნანგრევები, ქვემო ხვედურეთში — ციციშვილების 1883 წელს აგებული აგურის ორსართულიანი სახლი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 476.
- ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, გვ. 639, თბ., 2013 წელი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები). თბ., 1955. — გვ. 126.
- ↑ სოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან, ტ. II, თბილისი: მეცნიერება, 1981. — გვ. 10.
- ↑ ბერძენიშვილი დ., ნარკვევები. თბ., 2005. — გვ. 16, 20.
- ↑ ბაგრატიონი იოანე, ქართლ-კახეთის აღწერა (ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თინა ენუქიძემ და გურამ ბედოშვილმა), თბ, 1986. — გვ. 32.