უეიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უეიკი
მშობ. სახელი: ინგლ. Wake Island
Wake Island air.JPG
უეიკის რუკა
გეოგრაფია
19°18′ ჩ. გ. 166°38′ ა. გ. / 19.300° ჩ. გ. 166.633° ა. გ. / 19.300; 166.633
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კუნძულთა რაოდენობა 3
მთავარი კუნძული უეიკი
ფართობი 7,4 კმ²
უმაღლესი წერტილი 6 მ
აშშ
დემოგრაფია
მოსახლეობა 0 (2014)

უეიკი (ინგლ. Wake Island) — ატოლი, მდებარეობს წყნარი ოკეანის (ოკეანეთი) ჩრდილოეთ ნაწილში, ჰავაისა და გუამს შორის შუაში. ადრე შესული იყო ანსონის არქიპელაგის შემადგენლობაში.

ამერიკის შეერთებული შტატების არაორგანიზებული და შეუერთებელი დაუსახლებელი ტერიტორია (ანუ, ფორმალურად არ შედის აშშ-ის შემადგენლობაში, მაგრამ მისი სამფლობელოა). ადმინისტრაციულად ექვემდებარება აშშ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს და იმართება აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ატოლი. კუნძულები: უეიკი, უილკსი და პილი
კუნძული ჰექტარი
უეიკის კუნძული 553,22
უილკსის კუნძული 79,90
პილის კუნძული 103,94
საერთო ფართობი 737,06
ლაგუნა (წყალი) 600,00
ქვიშა (Sand Flat) 370,00

საერთო ფართობია — 7,4 კმ². ატოლის შემადგენლობაში შედიან თვითონ კუნძული უეიკი სიმაღლით ზღვის დონიდან 6 მეტრამდე, ასევე უფრო მომცრო კუნძულები უილკსი და პილი, რომელიც უეიკთან შეერთებულია ხიდით.

ატოლის კლიმატი ტროპიკულია, პასატური, საკმაოდ მშრალი — ნალექების რაოდენობა წელიწადში საშუალოდ დაახლოებით 1000 მმ-ია. მტკნარი წყლის წყაროები არ არსებობს (ბაზის სასმელი წყლით მოსამარაგებლად აშენდა წყალშემკრები რეზერვუარები და გამწმენდი მოწყობილობები).

ატოლის ქვიშოვანი ნიადაგი ნაკლებად ნაყოფიერია. მცენარეულობით ღარიბია, ფრინველთა ერთადერთი სახეობა (არამფრინავი), რომელიც ბუდობს ატოლზე, მთლიანად განადგურდა იაპონელი ჯარისკაცების მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს ატოლის ოკუპაციის პერიოდში (ომის ბოლოს მათი მომარაგება გარედან შეწყდა და ჯარისკაცებმა ყველა ფრინველი დაიჭირეს და შეჭამეს).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ატოლი აღმოაჩინა 1568 წლის 20 ოქტომბერს ესპანელმა მოგზაურმა ალვარო მენდანია დე ნეირამ. ადგილობრივი მოსახლეობა აქ არ არსებობდა. არავითარ ფასეულობას ატოლი არ წარმოადგენდა და მის შესახებ ყველამ დაივიწყა. 1796 წელს ატოლი ხელახლა აღმოაჩინა ინგლისელმა კაპიტანმა უ. უეიკმა.

1840 წლის დეკემბერში სამხედრო გემით ატოლი გამოიკვლია ამერიკულმა ექსპედიციამ, რომელსაც მეთაურობდა ლეიტენანტი ჩარლზ უილკსი. აღინიშნა მტკნარი წყლის წყაროების და მცენარეულობის (ბუჩქნარის გარდა) არ არსებობა. მხოლოდ 1899 წყლის იანვარში მოხდა ატოლის ანექსია აშშ-ის მიერ, როგორც არავის ტერიტორია. აშენდა საკაბელო კავშირგაბმულობის სადგური.

1935 წელს ატოლზე აშენდა აეროდრომი საშუალედო დაჯდომისათვის ხაზზე აშშ — ფილიპინები. აეროდრომის მომსახურებისათვის კომპანია Pan American Airways-მა ააშენა პატარა დასახლება სახელად პაავილი — პირველი დასახლება კუნძულ უეიკზე.

1940 წელს ატოლ უეიკზე დაიწყო ამერიკის სამხედრო ბაზის მშენებლობა. 1941 წელს იქ განლაგდა 12 თვითმფრინავი-გამანადგურებელი, საზღვაო ფეხოსანთა ბატალიონი, 6 საარტილერიო დანადგარი 127 მმ-იანი კალიბრით. სულ დაახლოებით 500 სამხედრო მოსამსახურე. ამავე დროს ატოლზე იმყოფებოდა დაახლოებით 1200 სამოქალაქო პირი (ტექნიკური პერსონალი და მშენებლები). სამხედრო ისტორიაში განსაკუთრებული მოვლენაა ბრძოლა კუნძულ უეიკისათვის, რომელიც გაიმართა 1941 წლის დეკემბერში მეორე მსოფლიო ომის დროს.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ატოლზე აშენდა ახალი ამერიკული ავიაბაზა. პერსონალის და ოჯახის წევრების რაოდენობა შეადგენდა 1600-მდე ადამიანს. 2006 წლის აგვისტოში მოხდა ბაზის ევაკუაცია განსაკუთრებით ძლიერი ტაიფუნის მოახლოების გამო. ტაიფუნის შემდეგ ატოლზე მუშაობს სამხედროების და სამოქალაქო პირების მცირე ჯგუფი (150 ადამიანი 2009 წელს).

ტერიტორიალური პრეტენზიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ატოლ უეიკზე პრეტენზიას აცხადებს მარშალის კუნძულები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=უეიკი&oldid=2800842“-დან