შინაარსზე გადასვლა

ეკონომიკური ლიბერალიზმი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეკონომიკური ლიბერალიზმი ეკონომიკური იდეოლოგია

ეკონომიკური ლიბერალიზმი — პოლიტიკური და ეკონომიკური ფილოსოფია, რომელიც დაფუძნებულია საბაზრო ეკონომიკისა და კერძო საკუთრების მხარდაჭერისთვის წარმოების საშუალებებში. მიუხედავად ამისა, ეკონომიკური ლიბერალები შეიძლება გარკვეულწილად იყვნენ მთავრობის რეგულაციების მომხრეც. ძირითადად, ისინი მთავრობის თავისუფალი ბაზარის საქმეებში ჩარევას ეწინააღმდეგებიან, რადგან ის აფერხებს თავისუფალ ვაჭრობას და ღია კონკურენციას. ეკონომიკური ლიბერალიზმი აღწერილია, როგორც ლიბერალიზმის ეკონომიკური გამოხატულება.

როგორც ეკონომიკური სისტემა, ეკონომიკური ლიბერალიზმი ორგანიზებულია ინდივიდუალიზმზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური გადაწყვეტილებების უმრავლესობა მიიღება ინდივიდების ან შინამეურნეობებს მიერ და არა კოლექტიური ინსტიტუტებისა თუ ორგანიზაციების მხრიდან.[1] ეკონომიკა, რომელსაც ამ პრინციპების შესაბამისად მართავენ, შეიძლება ეწოდოს ლიბერალური კაპიტალიზმი ან ლიბერალური ეკონომიკა.

ეკონომიკური ლიბერალიზმი ასოცირებულია თავისუფალ ბაზართან და კაპიტალის დაგროვებასთან კერძო საკუთრებაში. ისტორიულად, ეკონომიკური ლიბერალიზმი წარმოიშვა მერკანტილიზმისა და ფეოდალიზმის საპასუხოდ. დღეისათვის ეკონომიკური ლიბერალიზმი ასევე მიიჩნევა არა-კაპიტალისტური ეკონომიკური შეხედულებების მოწინააღმდეგედ, როგორიცაა სოციალიზმი და გეგმიური ეკონომიკა.[2] იგი ასევე ეწინააღმდეგება პროტექციონიზმს თავისუფალი ვაჭრობისა და ღია ბაზრის იდეებიდან გამომდინარე .

ადამ სმიტი ეკონომიკური ლიბერალიზმის დამცველი და მხარდამჭერი

ეკონომიკური ლიბერალიზმის მხარდამჭერი არგუმენტების გაჩენა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მერკანტილიზმსა და ფეოდალიზმს იწყება განმანათლებლობის პერიოდში. ეს იდეები პირველად ადამ სმიტმა გააანალიზა თავის წიგნში: გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ (1776 წ.), სადაც იგი მხარს უჭერს მთავრობის მინიმალურ ჩარევას საბაზრო ეკონომიკაში და ამავდროულად არ ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს მხრიდან ძირითადი საზოგადოებრივი სიკეთის განაწილებას.[3] სმიტი თვლიდა, რომ თუ ყველას მიეცემა შესაძლებლობა წარმართოს საკუთარი ეკონომიკური ცხოვრება და ამაში არ ჩაერევა სახელმწიფო, არ შეეცდება მის გააკონტროლებს, შედეგი იქნება მუდმივი მზარდი კეთილდღეობა, ჰარმონიული და უფრო თანაბარი საზოგადოება.[1] სწორედ ამ იდეებმა განაპირობა კაპიტალისტური ეკონომიკური სისტემისკენ სწრაფვა XVII საუკუნის ბოლოს, რამაც საბოლოოდ შექმნა გარემო მერკანტილიზმის სისტემის დაშლისათვის.

კერძო საკუთრება და ინდივიდუალური კონტრაქტები ეკონომიკური ლიბერალიზმის საფუძველს წარმოადგენს.[4] ადრეული თეორია ეფუძვნება იმ მოსაზრებას, რომ ინდივიდის ეკონომიკური მოქმედებები ძირითადად ემყარება საკუთარ, კერძო ინტერესებს (უხილავი ხელი) და იდეას, მისცე ადამიანებს თავისუფალი მოქმედების საშუალება, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, რაც მოიტანს საუკეთესო შედეგებს ყველასთვის. ამავდროულად გარკვეული საზოგადოებრივი სტანდარტები და სამართლიანობა უნდა იქნას დაცული. მაგალითად, არავის უნდა ჰქონდეს უფლება იქურდოს, ითაღლითოს, იძალადოს სხვაზე. ამავდროულად უნდა არსებობდეს სიტყვისა და პრესის თავისუფლება. პოლიტიკური ჩარევა და სახელმწიფოებრივი რეგულაციები არის არაეკონომიკური, რეტროგრაციული და შეიძლება კონფლიქტამდეც მიგვიყვანოს. ლიბერალური ეკონომიკის პრინციპები ემსახურებიან ეკონომიკური ზრდის და ინდივიდუალური კეთილდღეობის ორგანიზაციას და მენეჯმენტს

თავდაპირველად, ეკონომიკურ ლიბერალებს ფეოდალური პრივილეგიების მომხრეებთან უწევდათ ბრძოლა - საკუთრების, არისტოკრატული ტრადიციებისა და მეფეების უფლებების წინააღმდეგ. XIX საუკუნის ბოლოსთვის და XX საუკუნის დასაწყისისთვის, მსგავსი ჯგუფები დამარცხებულ იქნენ.

დღეს, ეკონომიკური ლიბერალიზმი ასოცირდება კლასიკურ ლიბერალიზმთან, ნეოლიბერალიზმთან, მემარჯვენე-ლიბერტარიანიზმთან და კონსერვატიზმის ზოგიერთ სკოლასთან, როგორიცაა ლიბერალური კონსერვატიზმი.

ეკონომიკური ლიბერალიზმი ეწინააღმდეგება მთავრობის ჩარევას იმ მოტივით, რომ სახელმწიფო ხშირად ემსახურება დომინანტური ბიზნესის ინტერესებს, ანადგურებს ბაზარს მათ სასარგებლოდ და ამით იწვევს არაეფექტურ შედეგებს.[5] ორდოლიბერალიზმი და კლასიკური ლიბერალიზმის საფუძველზე დაფუძნებული სოციალური ლიბერალიზმის სხვადასხვა სკოლა ემხრობა სახელმწიფოს უფრო ფართო ჩარევას, თუმცა ისინი მკაცრად ეწინააღმდეგებიან კერძო საკუთრების შეზღუდვას და თავისუფალი ბაზრის პრინციპების დარღვევას. ისინი არ იზიარებენ მოსაზრებას თავისუფალი ბაზრის გეგმიური ეკონომიკით ჩანაცვლებაზე.[5][6] მაგალითად, სოციალური საბაზრო ეკონომიკა არის მეტწილად თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, რომელიც დაფუძნებულია თავისუფალი ფასების სისტემასა და კერძო საკუთრებაზე, მაგრამ იგი მხარს უჭერს მთავრობის აქტივობას კონკურენტული ბაზრებისა და სოციალური კეთილდღეობის შესაქმნელად, რათა აღმოიფხვრას სოციალური უთანასწორობები.[5][6] ისტორიკოსი ქეთლინ გ. დონჰოუ ამტკიცებს, რომ XIX საუკუნის განმავლობაში შეერთებულ შტატებში კლასიკურ ლიბერალიზმს გამორჩეული მახასიათებლები ჰქონდა, ბრიტანეთისგან განსხვავებით: ევროპული კლასიკური ლიბერალური თეორიის ცენტრში, laissez-faire-ის ანუ თავისუფალი ბაზრის იდეა იდგა, მაშინ როცა ამერიკელი კლასიკური ლიბერალების უმრავლესობისთვის laissez-faire სულაც არ ნიშნავდა სახელმწიფოს აბსოლუტურ ჩაურევლობას. საწინააღმდეგოდ, ისინი სახელმწიფოსგან მოითხოვდნენ რკინიგზის სუბსიდირებას, ტარიფების გაუმჯობესებას და ყველაფერს რაც მწარმოებელს სარგებელს მოუტანდა. რასაც ისინი მოითხოვდნენ იყო ინტერვენცია მომხმარებლის სახელით.

  • Adams, Ian (2001). Political Ideology Today. Manchester University Press. ISBN 978-0-719-06020-5.CS1 maint: ref=harv (link)
  • Balaam, David N; Dillman, Bradford (2015). Introduction to International Political Economy. Routledge. ISBN 978-1-317-34730-9.CS1 maint: ref=harv (link)
  • Butler, Eamonn (2015). Classical Liberalism – A Primer. Do Sustainability. ISBN 0-255-36708-2.CS1 maint: ref=harv (link)
  • Turner, Rachel S. (2008). Neo-Liberal Ideology: History, Concepts and Policies. Edinburgh University Press. ISBN 978-0-748-68868-5.CS1 maint: ref=harv (link)
  1. 1.0 1.1 Adams 2001.
  2. Brown, Wendy (2005). Edgework: Critical Essays on Knowledge And Politics. Princeton University Press. p. 39.
  3. Aaron, Eric (2003). What's Right?. Dural, Australia: Rosenberg Publishing. p. 75.
  4. Butler 2015.
  5. 5.0 5.1 5.2 Turner 2008.
  6. 6.0 6.1 Balaam & Dillman 2015.