შინაარსზე გადასვლა

საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი
ხელმძღვანელობა
ლიდერი პეტრე სურგულაძე
ისტორია
დაფუძნდა 1914
დაიშალა 1918
პოზიციები
იდეოლოგია ქართული ნაციონალიზმი
სოციალ-დემოკრატია
საერთაშორისო კავშირები
საერთაშორისო აკრედიტაცია ცენტრალური ძალები
გასამხედროებული ფრთა ქართული ლეგიონი
შტაბ-ბინა ბერლინი (1914-1916)
სამსუნი (1916-1917
გირესუნი (1917-1918)

საქართველოს განთავისუფლების კომიტეტიქართული ნაციონალისტური ორგანიზაცია ევროპაში. მოქმედებდა პირველი მსოფლიო ომის დროს და მის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს რუსეთის იმპერიისაგან განთავისუფლება გერმანიის იმპერიის დახმარებით. შეიქმნა 1914 წლის შემოდგომაზე ჟენევაში. კომიტეტის თავდაპირველი წევრები იყვნენ პეტრე სურგულაძე, ნესტორ მაღალაშვილი, გიორგი კერესელიძე და ლეო კერესელიძე.

დაარსებიდან მალევე კომიტეტი ჟენევიდან ბერლინში გადავიდა. იქ კომიტეტი ცდილობდა გერმანიის იმპერიის მთავრობასთან მოლაპარაკებას, რათა გერმანია,ს ომში გამარჯვების შემთხვევაში, მხარი დაეჭირა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ამავე მიზნით კომიტეტის წევრები ჩავიდნენ სტამბოლში ოსმალეთის იმპერიასთან მოსალაპარაკებლად. შემოდსგომაზე გაგრძელდა მოლაპარაკებები ოსმალეთის იმპერიასთან, რაც საბოლოოდ შეთანხმებით დასრულდა. სტამბოლში კომიტეტის შემადგენლობას დაემატნენ მიხეილ წერეთელი, მელიტონ ქარცივაძე, გიორგი მაჩაბელი, ზია-ბეგ აბაშიძე და სხვები.

1914 წელს კომიტეტიის წევრები მიხეილ წერეთელი და მელიტონ ქარცივაძე წყალქვეშა ნავით საიდუმლოდ ჩავიდნენ საქართველოში. წერეთელი ქუთაისში ფარულად შეხვდა ნოე ჟორდანიას. წერეთელთან ფარული შეთანხმებით ჟორდანიამ მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობის იდეას, მაგრამ ტაქტიკის შესხებ განსხვავებული შეხედულებები ჰქონდა. 21 ოქტომბერს თბილისში ჩავიდა გიორგი მაჩაბელი და დაიწყო ადგილობრივი ორგანიზაციის შექმნა. კომიტეტის თბილისის ფილიალში მუშაობდა დავით ვაჩნაძე. მაჩაბელი და ვაჩნაძე დაკავებული იყვნენ გერმანული წყალქვეშა ნავებით საქართველოში იარაღის შეტანით. ნოემბერში გიორგი მაჩაბელი ვენაში ჩავიდა და გერმანიასა და ოსმალეთთან დადებული შეთანხმების ანალოგიური შეთანხმება დადო ავსტრია-უნგრეთთან. 1915 წლის მეორე ნახევარში განთავისუფლების კომიტეტის წევრები რეზო გაბაშვილი და შალვა ამირეჯიბი ქუთაისში საიდუმლოდ შეხვდნენ საქართველოში მოქმედი პარტიების წარმომადგენლებს ჟორდანიას და ევგენი გეგეჭკორს სოციალ დემოკრატებიდან და სამსონ ფირცხალავას და გრიგოლ რცხლაძეს სოციალისტ-ფედერალისტებიდან.

ოსმალეთის იმპერიაში კომიტეტმა ოსმალეთისა და გერმანიის დახმარებით შექმნა სამხედრო ფორმირება ქართული ლეგიონი. კომიეტს დაწესებული ჰქონდა ჯილდო თამარ მეფის ორდენი.

1917 წელს კომიტეტთან კავშირის დასამყარებლად დანიასა და შვედეთში იმყოფებოდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე სპირიდონ კედია. კომიტეტის წევრები პეტრე სურგულაძე, დავით ვაჩნაძე და სხვები იყვნენ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თანადამფუძნებლები და ლიდერები. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ 1918 წლის ივნისში კომიტეტი თვითლიკვიდირდა.