ქართული ნაციონალიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქართული ნაციონალიზმინაციონალიზმზე დაფუძნებული პოლიტიკური იდეოლოგია, გავრცელებული საქართველოში. მის მწვერვალად მიჩნეულია პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდი, 1990-1991 წლები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნემდე ქართული მმართველი ელიტა მრავალეთნიკური იყო. ქართული ნაციონალიზმი ჩაისახა XIX საუკუნის მეორე ნახევარში, საქართველოს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნისას. მისი წარმოშობა უკავშირდება თერგდალეულების მოღვაწეობას. ამ პერიოდში ქართული ნაციონალიზმი ჩამოყალიბდა როგორც პოლიტიკური მოძრაობა, რომლის მთავარ წუხილს წარმოადგენდა ქართველთა რიცხობრივი უმცირესობა დიდ ქალაქებში, მაგ. ტფილისში, ხოლო მისი მთავარი მოთხოვნა იყო კულტურული ავტონომია, ქართულ ენაზე სწავლა-განათლების უფლება, ქართულენოვანი მედიის, კულტურული დაწესებულებების არსებობა და სხვა. XIX საუკუნის ბოლოს ქართული პოლიტიკური ელიტა უპირატესობას სოციალიზმის იდეებს ანიჭებდა. 1905-1906 წლებში სოციალისტ-ფედერალისტების პარტია ითხოვდა საქართველოს ავტონომიას. 1912 წელს მეოთხე მოწვევის რუსეთის იმპერიის სახელმწიფო დუმაში საქართველოს ავტონომია მოითხოვეს სოციალ-ფედერალისტმა ვარლამ გელოვანმა და სოციალ-დემოკრატმა აკაკი ჩხენკელმა. სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას 1917 წლის რევოლუციამდე არცერთი ქართული პარტია არ ითხოვდა.

თებერვლის რევოლუციის შემდეგ ეროვნულ-დეკრატები იყვნენ ისინი, ვინც საკუთარ თავს ქართველ ნაციონალისტებს უწოდებდნენ და უარყოფდნენ მაქრსიზმის მოძღვრებას. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრები მხარს უჭერდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას, როდესაც სოციალ-დემოკრატიული და სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის წევრები მხარს უჭერდნენ კავკასიის ფედერაციის შექმნის იდეას.[1] ქართული ნაციონალიზმი პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ქართულმა ნაციონალიზმმა იატაკქვეშ გადაინაცვლა. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დამარცხების შემდეგ ქართული ნაციონალისტური ჯგუფები პრაქტიკულად გაქრნენ, ზოგიერთმა მათგანმა ემიგრაციაში გააგრძელა არსებობა. საქართველოს სსრ-ში ქართული ნაციონალიზმი საბჭოთა კავშირის მიერ დადგენილ „კორენიზაციის“ კულტურულ ჩარჩოებში მოექცა და ორიენტაცია აიღო ქართულ ენაზე, სწავლა-განათლებაზე, ისტორიული ძეგლების აღდგენაზე, ეროვნულ ლიტერატურაზე, კინოსა და სპორტზე. მეორე მსოფლიო ომის დროს, განსხვავებით უკრაინისა და ბალტიისპირეთისგან, საქართველოში არ გაშლილა ეროვნული მოძრაობა. თუმცა ემიგრაციაში მყოფი ქართველების ნაწილი შეუერთდა მესამე რაიხის ძალებს საქართველოს საბჭოეთისგან გასათავისუფლებლად.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქართული ნაციონალიზმი ძირითადად ორ მოვლენაში გამოიხატა. 1956 წელს თბილისში გააპროტესტეს ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ დაწყებული სტალინის კულტის დაგმობა, რაც საქართველოში ანტიქართულ კამპანიად იქნა აღქმული. დემონსტრანტები, რამდენიმე ათეული ადამიანი საბჭოთა ჯარისკაცებმა ადგილზე დახვრიტეს. 1978 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა დემონსტრაციებით გააპროტესტეს ქართული ენის სტატუსის დაქვეითების პროექტი. ამავდროულად, საბჭოთა პერიოდის განმავლობაში გრძელდებოდა ქართველების მშვიდობიანი თანაცხოვრება სხვა ეთნოსებთან, აფხაზებთან, ოსებთან, სომხებთან და სხვა. ხშირი იყო შერეული ქორწინებები.

ქართული ნაციონალიზმის გაღვივებას ხელი შეუწყო პერესტროიკამ. 1980-იანი წლების მეორე ნახევრიდან ძალა მიეცა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და პოპულარული ლიდერი გახდა ზვიად გამსახურდია. 1980-იანი წლების ბოლოს უკვე ყველა პარტია საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდა. 1989 წელს ქართველები ორჯერ დახოცეს საბჭოთა ჯარებმა 9 აპრილს თბილისში და ივლისში სოხუმში. ამ მოვლენებმა გაამძაფრა ქართველების აღქმა, რომ ისინი შევიწროებულნი იყვნენ საკუთარ ქვეყანაში. 1991 წელს ზვიად გამსახურდიამ ხმების 87%-ით საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს.

1992 წლის მარტში ედუარდ შევარდნაძის საქართველოში დაბრუნების შემდეგ ოფიციალური ლექსიკიდან ამოღებულ იქნა ნაციონალისტური რიტორიკა. მიუხედავად ამისა, დაბალი რჩებოდა ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობა პოლიტიკაში და წარმომადგენლობა პარლამენტში. 1990-იან წლებში ეთნიკურ უმცირესობათა ბევრმა წარმომადგენელმა დატოვა საქართველო. საქართველოს მოსახლეობაში შემცირდა სომხების, ბერძნების, რუსების წილი. შევარდნაძის დროს მიღებული იქნა მოქალაქების შესახებ დემოკრატიული კანონმდებლობა, 1997 წელს საპასპორტო რეკვიზიტებიდან ამოღებულ იქნა ეროვნების გრაფა. შემდეგი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარს უჭერდა როგორც პარტიკულარისტულ, ასევე სამოქალაქო ნაციონალიზმს. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს ნაციონალიზმის საკუთარი პროექტი, რომელიც კონსერვატიული, ანტიდასავლური და ანტილიბერალურია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გოცირიძე ქ., „სამოქალაქო ნაციონალიზმის ფორმირების მცდელობა 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში“, თბ., 2017, გვ. 41