პეტსარატ რათანავონგსა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

 

პეტსარატ რათანავონგსა
უპარატი
პეტსარატ რათანავონგსა უპარატი
ლაოსის სახელმწიფოს მეთაური
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 ოქტომბერი 1945 – 24 აპრილი 1946
წინამორბედისისავანგ ვონგი
მემკვიდრესისავანგ ვონგი

ლაოსის დროშა ლაოსის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 აგვისტო 1941 – 10 ოქტომბერი 1945
მონარქი  სისავანგ ვონგი
წინამორბედითანამდებობა დაარსებულია
მემკვიდრეპჰაია ხამაო

დაბადებული19 იანვარი 1890
ლუანგპრაბანგი, ლუანგპრაბანგის სამეფო
გარდაცვლილი14 ოქტომბერი 1959 (69 წლის)
ლუანგპრაბანგი ლაოსის სამეფო
პოლიტიკური პარტიალაო ისარა (1945-1949)
მამაბოუნხონგი
დედათონგსი
მეუღლენჰინ ხამ ვენე
აპინაფონ იონჩაიუდჰი
ნათესავებისუვანა ფუმა - ძმა
სუფანუვონგი - ნახევარძმა
ჯილდოებისაფრანგეთის დროშა საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი

პრინცი პეტსარატ რათანავონგსა (Somdej Chao Maha Uparaja Petsaraj Ratanavongsa ( ლაოს. ສົມເດັຈເຈົ້າ ມຫາ ອຸປຣາຊ ເພັຊຣາຊ ຣັຕນວົງສາ ) (დ. 19 იანვარი 1890 ლუანგპრაბანგი — გ. 14 ოქტომბერი 1959 იქვე) — ლუანგპრაბანგის პირველი პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის ლაოსში 1941 წლის 21 აგვისტოდან 1945 წლის 10 ოქტომბრამდე [1] და ლაოსის სახელმწიფოს მეთაური 1945 წლის 12 ოქტომბრიდან 1946 წლის 4 აპრილამდე და 1957 წლიდან გარდაცვალებამდე, ლაოსის სამეფოს პირველი და უკანასკნელი უპარატი (ვიცე-მეფე).[2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეტსარატი დაიბადა 1890 წლის 19 იანვარს ლუანგ პრაბანგის სამეფოს უპარატის, პრინც ბუნხონგისა და მისი მეორე ცოლის, პრინცესა თონგსის ოჯახში. ლუანგ პრაბანგის სამეფო 1893 წლამდე ითვლებოდა სიამის ვასალად, შემდეგ კი საფრანგეთის პროტექტორატი გახდა. მისი ერთ-ერთი უმცროსი ძმა იყო სუვანა ფუმა, ხოლო მისი ნახევარძმები იყვნენ სუვანარათი და სუფანუვონგი. პეტსარატმა დაწყებითი განათლება მიიღო ლუანგ პრაბანგის სამეფო კარზე, ხოლო 1904 წლიდან სწავლობდა საიგონის ფრანგულ ლიცეუმ შასელო-ლობაში. როგორც ლაოსის სამეფო ოჯახის წევრმა, შეძლო სწავლის გაგრძელება საფრანგეთში 1905 წელს, ჯერ მონტენის ლიცეუმში, შემდეგ კი ე.წ. კოლონიალურ სკოლაში, სადაც ამზადებდნენ უმაღლესი რანგის ჩინოვნიკებს. ერთი წელი გაატარა ოქსფორდში.[3]   

სახელმწიფო სამსახური: 1914–1941 წწ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1912 წელს დაბრუნდა ლაოსში, 1913 წელს დაქორწინდა პრინცესა ნჰინ კამ ვენზე და დაიწყო მუშაობა მამის თარჯიმნად.

შემდეგ ეკავა სხვადასხვა თანამდებობა საფრანგეთის ინდოჩინეთისა და ლაოსის პროტექტორატის ადმინისტრაციაში: 1914 წელს გახდა კლერკი ვიენტიანში საფრანგეთის გუბერნატორის ოფისში, ორი წლის შემდეგ გახდა გუბერნატორის მდივნის თანაშემწე; 1919 წელს მამის მსგავსად მიიღო წოდება სომდეტ ჩაო რატსაფხაკინაის წოდება, რითაც იგი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად აქცია კოლონიაში და ასევე გახდა საფრანგეთის ადმინისტრაციის ქვეშ მყოფი ლაოსის „დირექტორი“; პარალელურად, 1930 წლამდე იყო ინდოჩინეთის უმაღლესი საბჭოს წევრი, 1932-1937 წლებში — ეკონომიკური საბჭოს წევრი. 1923 წელს ის ასევე იკავებდა ლაოსის მკვიდრი ხალხების პოლიტიკური და ადმინისტრაციული შტაბის უფროსის თანამდებობას, რამაც საშუალება მისცა რაც შეიძლება მეტი ლაოსელი მიეყვანა სამთავრობო სამსახურში, რათა შეეზღუდა ვიეტნამელთა გავლენა, რომლებიც იმ დროს დომინანტურ პოზიციას იკავებდნენ ინდოჩინეთში. მან ასევე ხელი შეუწყო ტრადიციული კულტურისა და ხელოვნების განვითარებას. მისი მიზანი იყო ელიტაში მაინც გაეძლიერებინა ლაოსელი ხალხის ეროვნული იდენტობისკენ სწრაფვა. მისმა ძლიერმა პოზიციამ კოლონიალურ ადმინისტრაციაში აქცია თავისი დროის ყველაზე ძლევამოსილ ლაოსელად, უფრო გავლენიანიც კი გახდა ვიდრე მეფე სისავანგ ვონგი, რომელსაც ფრანგებმა რეალურად მხოლოდ წარმომადგენლობითი ფუნქციები დაუტოვეს. მამის გარდაცვალების შემდეგ არ ერგო უპარატის ტიტული, თუმცა მაინც ჰქონდა დიდი ავტორიტეტი და პოპულარობა, მიიღო მეტსახელი „ ვიენტიანის მეფე.“

როგორც ცნობილია, პეტსარატმა დააწესა ჩინების და წოდებების სისტემა საჯარო სამსახურში, დაწინაურებისა და პენსიების გაცემის წესები, ასევე შექმნა ლაოსის საკონსულტაციო ასამბლეა, რომელმაც მოახდინა მეფის საკონსულტაციო საბჭოს რეორგანიზაცია. პეტსარატმა ასევე მოახდინა ბუდისტური სასულიერო პირების ადმინისტრაციული სტრუქტურის რეორგანიზაცია და შექმნა სკოლების სისტემა პალის ენაზე ბერების მოსამზადებლად. ჩამოაყალიბა სამართლისა და ადმინისტრაციის ინსტიტუტი საწყისი დონის ოფიცრების (სამინები) მოსამზადებლად, რომლებიც შემდეგ კარიერულ საფეხურებზე წინ მიიწევდნენ და უფრო მაღალ წოდებას ღებულობდნენ. მან დაადგინა დამსახურებული საჯარო მოხელეთა ანაზღაურების, გადაყენებისა და დაწინაურების წესები, შექმნა სასამართლო სისტემა, კოლონიური ლაოსის სამოქალაქო და სისხლის სამართლის კოდექსების ჩათვლით. მისი ბრძანებით, მისმა პირადმა მდივანმა სილა ვეერავონგმა შეაგროვა უძველესი ლაოსური ტექსტები ვატ ჩანის პაგოდას ბიბლიოთეკისთვის, რომელთაგან ბევრი მოგვიანებით აღმოაჩინეს ბანგკოკის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. მიუხედავად პრინცის მცდელობისა, საფრანგეთის კოლონიურ სისტემაში ინტეგრირებული ლაოსელების რაოდენობა მაინც მცირე რჩებოდა. ამრიგად, 1937 წლის მონაცემებით, ადმინისტრაციაში 286 სრულ განაკვეთზე მხოლოდ 54% იყო ეთნიკური ლაოსელი.[4]

მეორე მსოფლიო ომი. იაპონური ოკუპაცია და ლაო ისარა: 1941–1957 წწ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღეს ლაოსში ფართოდაა გავრცელებული მედალიონი პრინც პეტსარატის გამოსახულებით, ვინაიდან ბევრი ლაოსელი თვლის, რომ გააჩნია მაგიური ძალა და წარმატების მომტანია.

პეტსარატმა დომინანტური როლი ითამაშა ლაოსის პოლიტიკაში იაპონიის ოკუპაციამდე და მის შემდეგ. ის იყო ლუანგპრაბანგის პრემიერ-მინისტრი, დაწყებული 1941 წლის აგვისტოდან, [5] 1941 წლიდან 1945 წლამდე პეტსარატი ცდილობდა დაეტოვებინა ოფიციალური პირები ლაოსსა და ვიეტნამში, მაგრამ ვიეტნამის რეგიონებში ადგილობრივი პროლეტარიატის წინააღმდეგობა ძალიან ძლიერი იყო.

უპარატის ტიტული, რომელიც გაუქმდა მამის გარდაცვალების შემდეგ 1920 წელს, ხელახლა იქნა შემოღებული 1941 წელს სპეციალურად პეტსარატისთვის. ამ დროს კოლონიური ძალა, მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის მიერ საფრანგეთის დამარცხების გამო, საგრძნობლად დასუსტებული და დეზორიენტირებული იყო. ვიშის მთავრობა იძულებული გახდა თანხმობა მიეღო ფრანგულ ინდოჩინეთში იაპონური ჯარების განლაგებასა და ფართო საქმიანობაზე, რაც მნიშვნელოვნად აღემატებოდა ფრანგებს ძლიერებით, რაც დე ფაქტო ქვეყნის ოკუპაციას ნიშნავდა საფრანგეთის სუვერენიტეტის შენარჩუნების ოფიციალური აღიარებით. დიდი როლი ითამაშა საფრანგეთ-ტაილანდის ომმაც, რის შედეგადაც ფრანგები იაპონელების ზეწოლის ქვეშ 1941 წელს აიძულეს ლაოსის მნიშვნელოვანი ნაწილი ტაილანდისთვის გადაეცათ; მეტწილად ამ მიზეზით, მათი მმართველობის ქვეშ მყოფი ლაოსელების ერთგულების შესანარჩუნებლად, ფრანგები დიდ დათმობებზე წავიდნენ.[6]

იაპონურ და ტაილანდურ პროპაგანდასთან დაპირისპირების მცდელობისას, ვიშის ხელისუფლებამ დაიწყო ლაოსური კულტურის განვითარების მხარდაჭერა, ხელი შეუწყო ლაოსელი ინტელექტუალების კონცენტრაციას ლაო-ნაის ასოციაციის გარშემო. ჩარლზ როშე, რომელიც ვიენტიანში განათლების განვითარების ხელმძღვანელად მუშაობდა, განსაკუთრებით აქტიური იყო ამ მიმართულებით, მაგრამ საბოლოოდ კონფლიქტში შევიდა პეტსარატთან, როდესაც შესთავაზა ლაოსში ვიეტნამური ანბანის (კუოკნგი) შემოღება. პეტსარატისთვის ლაოსელთა კულტურული და რელიგიური იდენტობა განუყოფელი იყო ეროვნული დამწერლობისგან, ამიტომ როშე იძულებული გახდა თავის იდეაზე უარი ეთქვა.

ლაოსელმა ნაციონალისტებმა ისარგებლეს საფრანგეთის კოლონიური რეჟიმის მზარდი სისუსტით. 1942 წელს მეფემ პირველად მოიწვია ლაოსის მთავრობა. პრემიერ-მინისტრის თანამდებობა პრინცმა პეტსარატმა დაიკავა. ყოფილი მეფისნაცვალი და მოგვიანებით მეფე სავანგ ვათანასგან განსხვავებით, რომელიც კვლავ ფრანგების ერთგული რჩებოდა, პეტსარატი ცდილობდა თანამშრომლობას იაპონელებთან. მათთან ერთად მოამზადა გადატრიალება 1945 წლის აპრილში.შედეგად, ლაოსი ოფიციალურად მარიონეტული სახელმწიფოდან დამოუკიდებელად გადაიქცა, როდესაც იაპონელებმა აიძულეს მეფე გამოეცხადებინა ქვეყნის დამოუკიდებლობა. იაპონელების დაჟინებული მოთხოვნით, პეტსარატმა შეინარჩუნა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.

ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეტსარატი თავის ძმებთან სუვანა ფუმასთან და სუფანუვონგთან ერთად იყო ლაოსის ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობა„ ლაო ისარას“ ერთ-ერთი ლიდერი. 1945 წლის 14 აგვისტოს იაპონიამ ოფიციალურად კაპიტულაცია გამოაცხადა, რის შემდეგაც ლაოსის ნაწილი დაიკავეს ჩინურმა ჯარებმა. მათ მოკავშირეების დავალებით იაპონელების განიარაღება დაიწყეს; თავად ქვეყანა ქაოსში იყო ჩაფლული. ვიენტიანში, პეტსარატის ირგვლივ, ამ დროისთვის შეიქმნა დამოუკიდებლობის მომხრეთა ჯგუფი, რომელშიც შედიოდა მრავალი ლაოსელი არისტოკრატი და გამოჩენილი მოღვაწე. 27 აგვისტოს მათ ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება ვიენტიანში და აიძულეს წასული იაპონელები გადაეცათ იარაღი მათთვის იმ იმედით, რომ შეერთებული შტატები მხარს დაუჭერდა დამოუკიდებელი და ერთიანი ლაოსის შექმნას და ხელს შეუშლიდა ფრანგების დაბრუნებას. პრინცმა პეტსარატმა გაწყვიტა ურთიერთობა მეფესთან, რომელიც ცდილობდა საფრანგეთის მფარველობაში დაბრუნებას, ხოლო ლაო ისარას მოძრაობის წარმომადგენლები იბრძოდნენ ქვეყნის სრული დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის. მათ დაუპირისპირდა არა მხოლოდ თავად მეფე, არამედ პრინცი ვონ ოუმი, რომელიც მართავდა ტიამპასაკის სამეფოს ქვეყნის სამხრეთით. მისმა მხარდაჭერამ შესაძლებელი გახადა ფრანგების დაბრუნება.

საფრანგეთის პირველი კოლონიური ჯარები ლაოსში ჩავიდნენ 1945 წლის 2 სექტემბერს მათმა მეთაურმა, პოლკოვნიკმა იმფემ, პირველად მოსთხოვა მეფეს პეტსარატის გადაყენება. ეს უკანასკნელი იმ დროს მოლაპარაკებებს აწარმოებდა ვიეტნამში მყოფ სუფანუვონგთან, რომელიც იმ დროს თანამშრომლობდა ჰო ში მინთან: სუფანუვონგმა ძმას აცნობა თავისი გეგმის შესახებ, შეექმნა ვიეტმინთან ერთად ერთიანი "ინდოჩინური ბლოკი" კოლონიალიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ პეტსარატი არ ენდობოდა ვიეტნამელებს, ამიტომ უარი განაცხადა. 1945 წლის 8 ოქტომბერს სუფანუვონგმა შექმნა ლაოსის განმათავისუფლებელი არმია თაკეკში, ხოლო ლაო ისარა რჩებოდა პეტსარატის კონტროლის ქვეშ. 1945 წლის 10 ოქტომბერს მეფემ პეტსარატი გადააყენა, რის საპასუხოდ პეტსარატმა მომხრეებთან ერთად შექმნა დროებითი „სახალხო საბჭო“ 1945 წლის 12 ოქტომბერს. საბჭომ გამოაცხადა ლაოსის დამოუკიდებლობა და ერთიანობა (khana kammakan ratsadon).

საბჭოს 10 წევრიდან ორი პეტსარატის ძმა იყო: სუვანა ფუმა და სუფანუვონგი. 1945 წლის 20 ოქტომბერს ამ საბჭომ პეტსარატი გამოაცხადა დამოუკიდებელი ლაოსის სახელმწიფოს (პათეტ ლაოს) ლიდერად, რომელმაც გამოაცხადა მეფის დამხობა.ამავდროულად, პოტსდამის კონფერენციაზე მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად, ჩინეთის ჯარები შეტევაზე გადავიდნენ ლაოსის ტერიტორიაზე, ნაწილობრივ მოახერხეს ფრანგების განდევნა, რომლებიც ცდილობდნენ ლაოსზე კონტროლის აღდგენას.

თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაჩქარების მცდელობისას პეტსარატს, იაპონიის და შემდეგ ჩინეთის სამხედრო ზეწოლის მიუხედავად, აშკარად მაინც არ გააჩნდა რადიკალური ანტიფრანგული განწყობები. ამრიგად, ცნობილია, რომ მან თავის მომხრეებს ვიენტიანში აუკრძალა ავგუსტ პავის ძეგლის მეკონგში გადაგდება. უპირველეს ყოვლისა, მას არ სურდა საფრანგეთის მიერ ლაოსის კონტროლი სხვა ქვეყნის კონტროლით ჩაენაცვლებინა. ხუმრობით განაცხადა კიდეც: „მე ძალიან მოხუცი ვარ ჩინურის ან ინგლისური ენის შესასწავლად“. პეტსარატის მთავარი მიზანი იყო საფრანგეთისთვის ხმა მიეწვდინა, რომ დრო შეიცვალა.

ქვეყნიდან გაქცევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1946 წლის მარტში ფრანგებმა და ჩინელებმა გააფორმეს სამშვიდობო შეთანხმება, რის შემდეგაც საფრანგეთმა შეძლო დაბრუნება და გააგრძელა ლაოსის ოკუპაცია, მალევე დაიპყრო ვიენტიანი. 1946 წლის მაისისთვის მთელი ლაოსი კვლავ მათი კონტროლის ქვეშ იყო. ლაო ისარის ხელმძღვანელობა, პრინცი პეტსარატის მეთაურობით, იძულებული გახდა 24 აპრილს გაქცეულიყო ტაილანდში, სადაც მათ შექმნეს ემიგრანტული მთავრობა ადგილობრივი პრემიერ მინისტრის პრიდი პანომიონგის ეგიდით. გაფრენამდე ცოტა ხნით ადრე, დამოუკიდებლობის მომხრეები შეხვდნენ მეფე სისავან ვონგს, რომელიც დათანხმდა დაბრუნებულიყო გაერთიანებული ლაოსის ტახტზე. ლაო ისარის მთავრობის ფაქტობრივი დაცემის შემდეგ მეფემ გამოსცა ბრძანებულება ქვეყანაში 1945 წლის 4 აპრილიდან მიღებული ყველა კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.

ბანგკოკში ლაოსელი დევნილები არ წარმოადგენდნენ ერთიან პოლიტიკური ძალას. ჭრელ ჯგუფში შედიოდნენ კომუნისტები და ანტიკომუნისტები. საფრანგეთის ლაოსის ერთიანი სამეფოს შექმნის შემდეგ, რომელსაც მიეცა უფლება გამხდარიყო საფრანგეთის კავშირის ავტონომიური წევრი, სხვადასხვა რადიკალურმა ლაოსურმა ჯგუფმა, მათ შორის პრინცმა სუფანოვონგმა, ვიეტნამელ ვიეტმინთან და კამბოჯელ ქმერ ისარაკთან ერთად მონაწილეობა მიიღო ინდოჩინეთის ომში. ფრანგებისა და ლაოსის სამეფოს მმართველობის წინააღმდეგ. მათი ქვედანაყოფებიდან წარმოიშვა პროკომუნისტური პათეტ ლაოს მოძრაობა. თუმცა, ლაო ისრის ზომიერი ფრთის წარმომადგენლები, მათ შორის პრინცი სუვანა, შერიგებას ცდილობდნენ მეფესთან, 1949 წელს დისტანცირდნენ პეტსარატისგან. 1949 წლის 25 ოქტომბერს გაიმართა მათი მოლაპარაკებები საფრანგეთთან და ლაოსის სამეფოსთან, სადაც დამოუკიდებლობის მომხრეებს შესთავაზეს ამნისტია ემიგრაციაში მყოფი მთავრობის თვითდაშლის სანაცვლოდ. ეს მოლაპარაკებები დაგმო პეტსარატმა. 1949 წლის 9 ნოემბერს გადასახლებული მთავრობის წევრები, მათ შორის, სუვანა ფუმა დაბრუნდნენ ვიენტიანში. სუფანავონგი, რომელიც გაათავისუფლეს სამთავრობო პოსტიდან მის დაშლამდე ცოტა ხნით ადრე, უარი განაცხადა ბრძოლის შეწყვეტაზე. პეტსარატმა ოფიციალურად შეწყვიტა პოლიტიკური საქმიანობა, მაგრამ დარჩა გადასახლებაში ბანგკოკში „ორ სკამს შორის.“

პეტსარატი ემიგრაციაში მყოფი მთავრობის სხვა წევრებისაგან თავისი შეხედულებებით განსხვავდებოდა, ამისთვის გარდა პოლიტიკურისა, მას პირადი მიზეზები ჰქონდა: იგი განაწყებული იყო მეფეზე, რომელმაც იგი გადააყენა 1945 წლის 10 ოქტომბერს და მით უმეტეს, რომ 1946 წლის 15 დეკემბერს მიღებული საფრანგეთის ლაოსის კონსტიტუცია არ გულისხმობდა ვიცე-მეფის ტიტულის არსებობას. პეტსარატმა უარყო სუფანუვონგისა და ხო ში მინის მოწვევა, გამხდარიყო 1951 წელს ჩრდილოეთ ვიეტნამის მხარდაჭერით ჩამოყალიბებული პატეტ ლაოსის ახალი ოპოზიციური მთავრობის ლიდერი, რაც შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო ვიეტნამელებისადმი მისი ხანგრძლივი მტრობით.

დაბრუნება და გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაოსის სამეფოში პეტსარატს ყველა ტიტული ჩამოართვეს. შერიგება მეფესთან, რომლის დამხობასაც ცდილობდა, ვერ მოხერხდა. 1950 წლის აგვისტოში სუვანუ ვონგმა შეძლო ხელახლა აღედგინა პათეტ ლაო ვიეტმინის მხარდაჭერით. დამოუკიდებლობის მომხრეები პეტსარატს, რომელიც არანაირ როლს არ თამაშობდა სამოქალაქო ომის ქაოსში ჩაფლულ ქვეყანაში, მაინც საკუთარ ლიდერად თვლიდნენ. ლაოსში არ არსებობდა პეტსარატის ქარიზმის მქონე პოლიტიკოსი, რომელსაც შეეძლო იგივე როლი შეესრულებინა მიმდინარე მოვლენებში, როგორც სიჰანუკს კამბოჯაში ან სუკარნოს ინდონეზიაში.

1954 წელს ჟენევის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ლაოსის სამეფო აღიარებულ იქნა სრულად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. სამეფო მთავრობასა და პათეტ ლაოს შორის მოლაპარაკებების შედეგად ჩამოყალიბდა კოალიციური მთავრობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა სუვანა ფუმა და მათ შორის სუვანუვონგის ზოგიერთი მხარდამჭერი. საგარეო საქმეთა მინისტრმა პუი სანანიკონემ 1954 წელს ჟენევის კონფერენციის შემდეგ პეტსარატი მიიწვია ლაოსში დასაბრუნებლად, რომელიც დაჟინებით მოითხოვდა დაებრუნებინათ ყველა ტიტული და თანამდებობა, რომელიც ეკავა 1945 წელს და დაენიშნათ იგი უვადო პრემიერ-მინისტრად. ამ მოთხოვნების შესრულება შეუძლებელი იყო იმ დროს ლაოსში საპარლამენტო სისტემის ჩამოყალიბების გამო.

პეტსარატმა შეძლო ლაოსში დაბრუნება 1957 წლის მარტში, ათწლეულზე მეტი ხნის დევნილობის შემდეგ, როგორც პათეტ ლაოს საპატიო ლიდერმა ძმასთან, სუვანა ფუმასთან შეთანხმების შედეგად. მან ასევე კვლავ მიიღო უპარატის წოდება. ამ ტიტულით მოიარა მთელი ქვეყანა და მოუწოდა ლაოსელ ხალხს ეროვნული ერთიანობისკენ, ნეიტრალიტეტის პოლიტიკასა და პათე ლაოს ახალი სახელმწიფოს სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ. თუმცა ამ ყველაფერს დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა არ ჰქონდა. მას შესთავაზეს ვიენტიანში ოფიციალურ სამთავრობო რეზიდენციაში ცხოვრება, მაგრამ პეტსარატმა უარი განაცხადა და აირჩია ტაილანდელ მეუღლესთან ერთად ცხოვრება ლუანგპრაბანგში საკუთარ კერძო ვილაში (Xieng Kaew).

პეტსარატი შეხვდა მეფე სისავან ვონგს. მოხდა მათი შერიგება. თუმცა, 1959 წლის ოქტომბერში მათ ახალი კონფლიქტი მოუვიდათ, ვინაიდან მეფემ გადაწყვიტა ვიენტიანში მდებარე პეტსარატის რეზიდენციაში განეთავსებინა პრემიერ მინისტრი. შედეგად, პეტსარატის ქონება ნავებზე დატვირთეს და მდინარით ლუანგპრაბანგში გადაიტანეს, რამაც პეტსარატის დიდი უკმაყოფილება და სტრესი გამოიწვია. იგი გარდაიცვალა საავადმყოფოში, ფრანგი ექიმების მცდელობის მიუხედავად, ტვინში სისხლის ჩაქცევით 1959 წლის 14 ოქტომბერს 69 წლის ასაკში, მეფე სისავანგ ვონგის გარდაცვალებამდე ზუსტად ორი კვირით ადრე.

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასავლელი ავტორების ნაშრომებში პრინც პეტსარატს ხშირად უწოდებენ „ლაოსის ნაციონალიზმის მამას“ ან „ ლაოსის ნაციონალიზმის განვითარების მთავარ ფიგურას.“ ისინი ხაზს უსვამენ მის მნიშვნელოვან და გამორჩეულ როლს კოლონიური ლაოსის მმართველობის სისტემის მოდერნიზებაში, შემდეგ კი ანტიკოლონიალურ განმათავისუფლებელ ბრძოლაში. თუმცა, ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიაში უმნიშვნელო როლი შეასრულა. მისი ნახევარძმა, პათეტ ლაოს ლიდერი და DRL-ის მომავალი პრეზიდენტი, პრინცი სუფანუვონგი, 1945 წლიდან, ფაქტობრივად, ლაოსელი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთადერთი ლიდერი იყო. თუმცა პეტსარატის, როგორც პატრიოტის როლი დადებითად არის შეფასებული. ასევე აღიარებულია მისი დამსახურება ლაოსური ენისა და კულტურის დაცვაში, რამაც ხელი შეუწყო ლაოსის ეროვნული იდენტობის განვითარებას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • «3349» (Pseudonym): Chao Phetcharat burut lek haeng ratcha-anachak Lao [Prinz Phetsarat, der eiserne Mann des Königreichs Laos]. Ruam Mit Thai, Bangkok 1956. Englische Übersetzung von John B. Murdoch, herausgegeben von David K. Wyatt: Iron Man of Laos. Prince Phetsarath Ratanavongsa. Cornell University Southeast Asia Program, Ithaca NY 1978, ISBN 0-87727-110-0.
  • Geoffrey C. Gunn: Political Struggles in Laos, 1930–54. Editions Duang Kamol, Bangkok, 1988.
  • Søren Ivarsson, Christopher E. Goscha: Prince Phetsarath (1890–1959). Nationalism and Royalty in the Making of Modern Laos. In: Journal of Southeast Asian Studies Band 38, Nr. 1, 2007, S. 55–81, doi:10.1017/S0022463406000932.
  • Sila Viravong: Chao Maha-Upalat Phetsalat [Seine Hoheit, Vizekönig Phetsarath]. Social Science Committee, Vientiane 1996. Deutsche Übersetzung von Volker Grabowsky: Prinz Phetsarat. Ein Leben für Laos. Lit Verlag, Berlin 2003, ISBN 978-3-8258-6492-7.
  • Le Prince Phetsarath. Le rénovateur de la culture lao, par Maha Sila Viravongs (Vientiane, 2008).
  • Sila Viravong: Chao Phetcharat - ლაოსის სამეფოს ძლიერი კაცი, ტაილანდური თარგმანი Sommai Premjit-ის მიერ, Matichon Press, BE 2542 (ახ. წ. 1999 წ.),ISBN 974-321-465-8
  • Søren Ivarsson და Christopher E. Goscha: Prince Phetsarath (1890–1959): Nationalism and Royalty in Making of Modern Laos, Journal of Southeast Asian Studies (2007), 38: 55–81, კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Evans, Grant (2002). A Short history of Laos, the land in between. Allen & Unwin. 
  2. Tappe: Geschichte, Nationsbildung und Legitimationspolitik in Laos. 2008, S. 185–186
  3. Prince Phetsarath Ratanavongsa // Encyclopædia Britannica
  4. Dommen: The Indochinese Experience of the French and the Americans. 2001, S. 333
  5. Evans, Grant (2002). A Short history of Laos, the land in between. Allen & Unwin. 
  6. Martin Stuart-Fox, A history of Laos, Cambridge university press, 1997, p.45