ოქტავია უმცროსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოქტავია უმცროსი
მშობლიური სახელი OCTAVIA MINOR
დაბადების თარიღი ძვ. წ. 69
ნოლა, რომის რესპუბლიკა
გარდაცვალების თარიღი ძვ. წ. 11
რომი, რომის იმპერია
მეუღლე(ები) გაიუს კლავდიუს მარცელუსი
მარკუს ანტონიუსი
შვილ(ებ)ი მარკუს კლავდიუს მარცელუსი
კლავდია მარცელა უფროსი
კლავდია მარცელა უმცროსი
ანტონია უფროსი
ანტონია უმცროსი
მშობლები მამა: გაიუს ოქტავიუსი
დედა: ატია ბალბა ცეზონია

ოქტავია უმცროსი (ლათ. Octavia Minor) ან უბრალოდ ოქტავია (დ. ძვ. წ. 69 — გ. ძვ. წ. 11) — რომის პირველი იმპერატორის, ავგუსტუსის უფროსი და, ოქტავია უფროსის უმცროსი და, მარკუს ანტონიუსის მეოთხე ცოლი, იმპერატორ კალიგულას დიდი ბებია და კლავდიუსის ბებია (დედის მხრიდან). ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ქალი რომის ისტორიაში.

ოქტავია თანამედროვეთა პატივისცემასა და აღტაცებას იმსახურებდა ერთგულების, დიდსულოვნებისა და ჰუმანურობის, აგრეთვე, რომაელი ქალის ტრადიციული სათნოებების შენარჩუნების გამო.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოქტავია ერთადერთი ქალიშვილი იყო, რომელიც გაიუს ოქტავიუსს თავისი მეორე ქორწინებიდან, ატია ბალბა ცეზონიასაგან, კეისრის დისშვილისაგან ეყოლა.[1] იგი იტალიაში, ნოლაში დაიბადა. მამამისი, რომაელი გუბერნატორი და სენატორი, ძვ. წ. 59 წელს გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით. დედამისი შემდგომ კონსულ ლუციუს მარციუს ფილიპუსზე დაქორწინდა. ოქტავიამ ბავშვობის უმეტესი ნაწილი მშობლებთან ერთად მოგზაურობაში გაატარა. ოქტავიასა და მისი ძმის, ოქტავანეს განათლებაზე ფილიპუსი ზრუნავდა.[2]

პირველი ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძვ. წ. 54 წლამდე ოქტავიას მამინაცვალმა მოაწყო მისი ქორწინება გაიუს კლავდიუს მარცელუსთან. მარცელუსი კონსულის რანგის მქონე კაცი იყო და მიჩნეული იყო, რომ იგი ოქტავიას იმსახურებდა. ძვ. წ. 50 წელს მარცელუსი კონსულიც გახდა. იგი, აგრეთვე, გავლენიანი კლავდიუსების ოჯახის წევრი და მეორე პუნიკურ ომში სახელმოხვეჭილი მხედართმთავრის, მარკუს კლავდიუს მარცელუსის შთამომავალი იყო. როგორც ამბობდნენ, ძვ. წ. 54 წელს ოქტავიას ბებიის ძმა, იულიუს კეისარი, ფრიად დაინტერსებული იყო ოქტავიას განქორწინების საკითხით, რათა მას პომპეუსზე დაქორწინება შესძლებოდა, რომელსაც ახლახან ჰყავდა გარდაცვლილი ცოლი იულია (კეისრის ქალიშვილი). წყვილს არ სურდა ასე სწრაფად დაშორება.[2] პომპეუსმა კი წინადადებაზე უარი თქვა[3] და ოქტავიას ნაცვლად კორნელია მეტელაზე დაქორწინდა. ოქტავიას ქმარმა კეისართან დაპირისპირება თავისი კონსულობის (ძვ. წ. 50) კრიტიკულ წელსაც განაგრძო. ძვ. წ. 49 წელს, მას შემდეგ, რაც გალიაში მყოფი კეისარი იტალიაში შეიჭრა, რომში სამოქალაქო ომი დაიწყო.[2]

მარცელუსი, ციცერონის მეგობარი, კეისრის ერთ-ერთი საწყისი მოწინააღმდეგე იყო ამ უკანასკნელის იტალიაში შეჭრის შემდეგ, თუმცა ფარსალოსის ბრძოლაში მის წინააღმდეგ არ უბრძოლია და კეისარმაც, საბოლოოდ, შეიწყალა იგი. ძვ. წ. 47 წელს მარცელუსმა კეისართან უშუამდგომლა თავის ბიძაშვილსა და სეხნიას, ყოფილ კონსულს, რომელიც გადასახლებაში ცხოვრობდა. სავარაუდოდ, ოქტავია ქმართან ცხოვრობდა მათი ქორწინებიდან (როდესაც იგი, დაახლოებით, 15 წლის იყო) მის გარდაცვალებამდე (ამ დროს ოქტავია, დაახლოებით, 29 წლის იყო). მათ სამი შვილი ჰყავდათ: კლავდია მარცელა უფროსი, კლავდია მარცელა უმცროსი და მარკუს კლავდიუს მარცელუსი.[4] სამივე მათგანი იტალიაში დაიბადა. ოქტავიას ქმარი ძვ. წ. 40 წლის მაისში გარდაიცვალა.

მეორე ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარკუს ანტონიუსი და ოქტავია

ძვ. წ. 40 წლის ოქტომბერში, სენატის განკარგულებით, ოქტავია მარკუს ანტონიუსზე დაქორწინდა. ეს ქორწინება სენატის მიერ უნდა ყოფილიყო დამოწმებული, რამდენადაც ოქტავია ჯერ კიდევ თავისი პირველი ქმრისგან იყო ფეხმძიმედ და პოლიტიკური მიზეზებით იყო განპირობებული, რამდენადაც მიზნად ისახავდა ანტონიუსსა და ოქტავიას ძმას, ოქტავიანეს შორის არსებული არც თუ სტაბილური კავშირის განმტკიცებას. მიუხედავად ყველაფრისა, ოქტავია, როგორც ჩანს, ანტონიუსის ერთგული და სანდო ცოლი იყო.[5] ძვ. წ. 40-სა და 36 წლებს შორის, იგი ქმართან ერთად მოგზაურობდა სხვადასხვა პროვინციაში და მასთან ერთად ცხოვრობდა ანტონიუსის ათენის სასახლეში.[6] აქ ზრდიდა იგი თავის შვილებს, როგორც პირველი ქორწინებიდან, ისე ანტონიუსისგან გაჩენილ ორ ვაჟს. მისი და ანტონიუსის ქალიშვილები, ანტონია უფროსი და ანტონია უმცროსი სწორედ აქ დაიბადნენ.

დაშორება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტონიუსის მიერ ოქტავიასა და მათი შვილების თავისი ყოფილი საყვარლის, ეგვიპტის დედოფალ კლეოპატრას გულისთვის (ანტონიუსი და კლეოპატრა ერთმანეთს ძვ. წ. 41 წელს შეხვდნენ. მათი ურთიერთობის შედეგად, კლეოპატრა ტყუპებზე, ბიჭსა და გოგონაზე დაფეხმძიმდა) მიტოვების გამო მათი კავშირი რამდენიმეჯერ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. ძვ. წ. 36 წლის შემდეგ ოქტავია რომში დაბრუნდა ანტონიუსისაგან შეძენილ ქალიშვილებთან ერთად. ზოგიერთ შემთხვევაში, იგი პოლიტიკური მრჩევლისა და შუამავლის როლსაც ასრულებდა ძმასა და ქმარს შორის.[7] ძვ. წ. 32 წელს მარკუს ანტონიუსი ოქტავიას გაეყარა[8] მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა ძვ. წ. 35 წელს იგი მისი აღმოსავლეთის კამპანიებისათვის ხალხითა და ჯარით უზრუნველყო.[9] ანტონიუსის მიერ მისი უარყოფის, დაშორებისა და ძვ. წ. 30 წელს მისი თვითმკვლელობის შემდეგ, ოქტავია შვილების ერთადერთი მეურვე გახდა.[10] იგი, აგრეთვე, ანტონიუსის შვილებზეც ზრუნავდა, რომელიც მას ფულვიასა და კლეოპატრასგან ჰყავდა:

  • იულუს ანტონიუსი (ფულვიასგან),
  • ალექსანდრე ჰელიოსი (კლეოპატრასგან),
  • კლეოპატრა სელენე II (კლეოპატრასგან),
  • პტოლემე ფილადელფუსი (კლეოპატრასგან)

ოქტავია მესამედ არ დაქორწინებულა.

ანტონიუსის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვერგილიუსი ავგუსტუსსა და ოქტავიას ენეიდას უკითხვას. ჟან-ჟოზეფ ტელაზონი, 1787 წ.

ავგუსტუსი აღმერთებდა ოქტავიას ვაჟს, მარკუს კლავდიუს მარცელუსს, თუმცა იგი შვილად არ აუყვანია. ძვ. წ. 23 წელს მარცელუსის ავადმყოფობის შედეგად მოულოდნელი გარდაცვალება ავგუსტუსისათვის შოკი იყო, ოქტავია კი მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ მაინც უნუგეშო და მწუხარე დარჩა.

ელიუს დონატუსი, თავის ვერგილიუსის ცხოვრებაში ამტკიცებს, რომ ვერგილიუსმა

ავგუსტუსს წაუკითხა [თავისი ენეიდის] სამი მთლიანი წიგნი: მეორე, მეოთხე და მეექვსე. მისადმი სინაზით გამსჭვალული ამ უკანასკნელის კითხვისას ოქტავიას (რომელიც კითხვას ესწრებოდა), როგორც ამბობენ, გული წაუვიდა, როდესაც მოისმინა ხაზები თავისი შვილის შესახებ, „…შენ მარცელუსი უნდა იყო“ [ენეიდა 6.884]. მხოლოდ დიდი ძალისხმევით მოსულიერებულმა, ვერგილიუსს თითოეული მისი ლექსისათვის ათი ათასი სესტერცი გაუგზავნა.[11]

ოქტავია შვილის დაღუპვით მიღებული სტრესიდან ბოლომდე მართლაც აღარასდროს გამოსულა. იგი საზოგადოებრივ ცხოვრებასაც ჩამოშორდა.[12] გამონაკლისს მხოლოდ მნიშვნელოვანი მოვლენები წარმოადგენდა. ოქტავიას ამ მდგომარეობის შესახებ მთავარ წყაროს სენეკა წარმოადგენს ("Cons ad Marcia", II.), თუმცა იგი, შესაძლოა, თავისი მჭერმეტყველების უნარის წარმოჩენას უფრო ცდილობდა ჰიპერბოლის საშუალებით, ვიდრე ფაქტების მიყოლას.საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} ! ზოგიერთი ფაქტი სენეკას ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს. ოქტავიამ საჯაროდ გახსნა მარცელუსის ბიბლიოთეკა, მისმა ძმამ კი დაასრულა მარცელუსის თეატრი ამ უკანასკნელის პატივსაცემად. ეჭვგარეშეა, რომ ოქტავია ესწრებოდა ამ ორივე ღონისძიებას, ისევე, როგორც მშვიდობის საკურთხევლისას, რათა შეგებებოდა 13 წელს პროვინციებიდან დაბრუნებულ ძმას. ზოგიერთი ვერსიით, ოქტავიამ ავგუსტუსს ურჩია, რომ მას შემდეგ, რაც იულია მარცელუსზე გლოვას დაასრულებდა, ის აგრიპაზე დაექორწინებინა. იულიაზე დასაქორწინებლად აგრიპას ოქტავიას ქალიშვილთან, კლავდია მარცელა უფროსთან მოუხდა გაყრა, ასე რომ, ავგუსტუსისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო დის თანხმობა.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოქტავიას პორტიკის დღევანდელი სახე.

ოქტავია ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა. სვეტონიუსი აღნიშნავს, რომ იგი ავგუსტუსის სიცოცხლის 54-ე წელს მოკვდა, რაც ამ ფაქტს რომაული ინკლუზიური დათვლის მიხედვით, ძვ. წ. 10 წლით ათარიღებს.[13] მისი დაკრძალვა საჯარო იყო. ოქტავიას ნეშტს მისი სიძეები (დრუზუსი, აჰენობარბუსი, იულუს ანტონიუსი და შესაძლოა, პაულუს ემილიუს ლეპიდუსიც) მიაცილებდნენ ავგუსტუსის მავზოლეუმში დასაკრძალად. დრუზუსმა როსტადან სამგლოვიარო სიტყვაც წარმოთქვა. ავგუსტუსმა და სხვებმაც მას უმაღლესი სიკვდილისშემდგომი პატივი მიაგეს (მაგალითად, მისი ხსოვნის პატივსაცემად აიგო ოქტავიას კარიბჭე და პორტიკი).[14] ავგუსტუსმა, აგრეთვე, თავისი და სენატს ქალღმერთადაც გამოაცხადებინა,[15] თუმცა, უცნობი მიზეზებით, უარი თქვა სენატის მიერ ოქტავიასადმი მიგებულ სხვა პატივებზე.[14] ოქტავია ერთ-ერთი პირველი რომაელი ქალი იყო, რომლის გამოსახულებაც მონეტებზე იყო დატანილი. ამ მხრივ მას მხოლოდ ანტონიუსის პირველი ცოლი, ფულვია ასწრებს.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარცელუსთან ქორწინებიდან ოქტავიას ჰყავდა სამი შვილი, ერთი ვაჟი და ორი ქალიშვილი:

  1. მარცელუსი
  2. კლავდია მარცელა უფროსი
  3. კლავდია მარცელა უმცროსი

ანტონიუსთან ქორწინებიდან ოქტავიას ჰყავდა ორი ქალიშვილი. ორივე მათგანი რომის იმპერატორების წინაპარი იყო:

  1. ანტონია უფროსი (აგრეთვე, იულია ანტონია უფროსი[16]) — ნერონის ბებია.
  2. ანტონია უმცროსი (აგრეთვე, იულია ანტონია უმცროსი[16]) — კლავდიუსის დედა, კალიგულას ბებია და ნერონის დიდი ბებია.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შთამომავლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოქტავიას მრავალრიცხოვან შთამომავლებს შორის რომის სამი იმპერატორიცაა (კალიგულა, კლავდიუსი, ნერონი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ღვთაებრივი ავგუსტუსი 4.1
  2. 2.0 2.1 2.2 ოქტავია უმცროსი — ლივიუსი. ციტირების თარიღი: 2016-03-08
  3. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ღვთაებრივი იულიუსი 27.1
  4. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ღვთაებრივი ავგუსტუსი 63.1; პლუტარქე, ანტონიუსი 87
  5. პლუტარქე, ანტონიუსი 31; აპიანე, სამოქალაქო ომები 5.64 და 5.66; დიონ კასიუსი, რომის ისტორია 48.31.3
  6. პლუტარქე, ანტონიუსი 33; აპიანე, სამოქალაქო ომები 5.76
  7. მაგალითად, ტარენტუმის ზავისას ძვ. წ. 37 წელს: პლუტარქე, ანტონიუსი 35; აპიანე, სამოქალაქო ომები 5.93-95; დიონ კასიუსი, რომის ისტორია 48.54
  8. პლუტარქე, ანტონიუსი 57.4-5; დიონ კასიუსი, რომის ისტორია 50.3.2
  9. პლუტარქე, ანტონიუსი 53; დიონ კასიუსი, რომის ისტორია 49.33.3-4
  10. პლუტარქე, ანტონიუსი 87; დიონ კასიუსი, რომის ისტორია 51.15.5
  11. ვერგილიუსის ცხოვრება
  12. ოქტავია. ენციკლოპედია ბრიტანიკა. ციტირების თარიღი: 21 May 2016
  13. Suet. Div. Aug. 61. A Roman child is 1 year old until its 365th day, when it becomes 2. Thus Augustus's 54th year = 10 BC, since he was born in 63. Note that Dio 54.35.4-5 is not datable.
  14. 14.0 14.1 დიონ კასიუსი 54.35.5
  15. ოქტავია. ციტირების თარიღი: 2016-03-08
  16. 16.0 16.1 Minto, The Heliopolis Scrolls, p.159
  17. 17.0 17.1 17.2 Syme, Ronald. The Augustan Aristocracy (1986), გვ. 242
  18. Mennen, Inge. Power and Status in the Roman Empire, AD 193-284 (2011), გვ. 123-124-125-127.
  19. Settipani, Christian. Continuité gentilice et continuité sénatoriale dans les familles sénatoriales romaines à l'époque impériale (2000), გვ. 227-228-229.
  20. Potter, David S., The Roman Empire at Bay: AD 180-395 (2004), გვ. 389
  21. Schlitz, Carl. "St. Melania (the Younger)." The Catholic Encyclopedia. Vol. 10. New York: Robert Appleton Company, 1911. 15 Mar. 2013
  22. მათი სახელები უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ ყველა მათგანი ნერონმა მოაკვლევინა, ამდენად ამ ხაზის შთამომავლობა ამოწყდა.