გერმანიკუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გერმანიკუს იულიუს კეისარი
Germanicus Julius Caesar
MSR - Germanicus Inv. 30010.jpg
გერმანიკუსის ბიუსტი
დაბ. თარიღი 24 მაისი, ძვ. წ. 15
რომი, იტალია, რომის იმპერია
გარდ. თარიღი 10 ოქტომბერი, 19
ანტიოქია, სირია, რომის იმპერია
დაკრძალულია ავგუსტუსის მავზოლეუმში
რელიგია ძველი რომაული რელიგია
მეუღლე(ები) აგრიპინა უფროსი
შვილ(ებ)ი ნერონ იულიუს კეისარი
დრუზუს კეისარი
კალიგულა
აგრიპინა უმცროსი
იულია დრუზილა
იულია ლივილა
მშობლები მამა: ნერონ კლავდიუს დრუზუსი
ტიბერიუსი (მამობილი)
დედა: ანტონია უმცროსი

გერმანიკუსი (დ. 24 მაისი, ძვ. წ. 15 — გ. 10 ოქტომბერი, 19) — იულიუს-კლავდიუსების დინასტიის წევრი და ადრეული რომის იმპერიის გამოჩენილი მხედართმთავარი. დაიბადა რომში, ნერონ კლავდიუს დრუზუსისა და ანტონია უმცროსის ოჯახში. მისი თავდაპირველი სახელი იყო ნერონ კლავდიუს დრუზუსი მამამისის პატივსაცემად ან ტიბერიუს კლავდიუს ნერონი ბიძის, რომის მეორე იმპერატორის, ტიბერიუსის პატივსაცემად. აგნომენი გერმანიკუსი მის სრულ სახელს ახ. წ. 9 წელს დაემატა, როდესაც ეს ტიტული სიკვდილის შემდეგ გადაეცა მამამისს გერმანიაში მოპოვებული გამარჯვებისათვის. ახ. წ. 4 წელს გერმანიკუსი ტიბერიუსმა იშვილა, როგორც საკუთარი ძე და მემკვიდრე. შედეგად გერმანიკუსი გახდა იულიუსი კლავდიუსის ნაცვლად. სახელის გადარქმევის რომაული ტრადიციის თანახმად, მან მიიღო სახელი გერმანიკუს იულიუს კეისარი.

ტიბერიუსთან არსებული კავშირის გარდა, გერმანიკუსს მჭიდრო ნათესაური ურთიერთობა აკავშირებდა იულიუს-კლავდიუსების დინასტიის დანარჩენ ოთხ იმპერატორთანაც. დედის მხრიდან იგი რომის პირველი იმპერატორის, ავგუსტუსის დისშვილიშვილი იყო; კალიგულა, ტიბერიუსის შემცვლელი, მისი ვაჟი იყო; კალიგულას შემდეგ საიმპერატორო ტახტი გერმანიკუსის უმცროსმა ძმამ, კლავდიუსმა დაიკავა; ნერონი, უკანასკნელი იმპერატორი ავგუსტუსის დინასტიიდან, დედის, აგრიპინა უმცროსის მხრიდან, გერმანიკუსის შვილიშვილი იყო.

ავგუსტუსის სიკვდილისა და ტახტზე ტიბერიუსის ასვლის შემდეგ, პანონიასა და გერმანიაში განთავსებულმა რომის ლეგიონებმა ვერ მიიღეს ავგუსტუსის მიერ აღთქმული ჯილდოები და მცირე ხნის შემდეგ, როდესაც აშკარა გახდა, რომ ახალი პრინცეპსისაგან პასუხს ვერ მიიღებდნენ, აჯანყდნენ.[1] ამბოხების ჩასახშობად და ლეგიონების უკან დასაბრუნებლად მცირე ძალებით გაიგზავნენ გერმანიკუსი და ტიბერიუსის ვაჟი, დრუზუს იულიუს კეისარი.[2]

აჯანყების უბრალოდ ჩახშობის ნაცვლად, გერმანიკუსი შეუერთდა ამბოხებულებს და მათ გერმანიის ტერიტორიაზე, რაინის გასწვრივ მოკლე სამხედრო კამპანიაში გაუძღვა იმის მტკიცებით, რომ რა საგანძურსაც ჩაიგდებდნენ ხელში, მათსავე ჯილდოდ ჩაითვლებოდა.[2] მისმა ძალებმა გადალახეს რაინი და მცირე დროში დაიკავეს რაინსა და ელბას შორის არსებული მთელი ტერიტორია. გარდა ამისა, ტაციტუსს აღწერილი აქვს ტევტობურგის ტყის დაკავება და წლების წინ პუბლიუს კვინტილიუს ვარუსის მიერ დაკარგული რომის შტანდარტების უკან დაბრუნების მოთხოვნა,[3] რომლებიც მაშინ დაიკარგა, როდესაც რომის სამ ლეგიონსა და დამხმარე მოკავშირე ჯარებს გერმანულმა ტომებმა მუსრი გაავლეს.[4]

გერმანიკუსმა შეძლო რომის მტრებისათვის მნიშვნელოვანი დარტყმის მიყენება, ჯარების ამბოხების ჩახშობა და დაკარგული შტანდარტების რომში დაბრუნება. ამ ქმედებებმა კიდევ უფრო გაზარდეს რომაელ ხალხში უკვე ისედაც ძალიან პოპულარული მისი სახელი და რეპუტაცია.[5]

გერმანიიდან გამოძახების შემდეგ,[6] გერმანიკუსმა 17 წელს ტრიუმფი იზეიმა,[7] პირველი სრული ტრიუმფი ძვ. წ. 29 წელს ავგუსტუსის მიერ გამართულის შემდეგ. შედეგად, 18 წელს, გერმანიკუსი დაჯილდოვდა იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილზე კონტროლით, ისევე, როგორც მანამდე აგრიპა და ტიბერიუსი და იმპერატორის აშკარა მემკვიდრედ იქცა,[8] თუმცა მან წელიწადზე ცოტა მეტიღა იცოცხლა. იგი აღმოსავლეთში მოგზაურობისას, ანტიოქიაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მის სიკვდილში ადანაშაულებდნენ გნეუს კალპურნიუს პიზონს, სირიის გუბერნატორს, რომელსაც გერმანიკუსის მოწამვლას აბრალებდნენ.[9]

გერმანიკუსს, რომელიც ხალხს ძლიერ უყვარდა, სიკვდილიდან დიდი ხნის შემდეგაც ფართოდ მიიჩნევდნენ სრულყოფილ რომაელად.[10] რომაელი ხალხი საუკუნეთა განმავლობაში უწოდებდა მას რომის ალექსანდრე დიდს მისი ადრეულ ასაკში გარდაცვალების, სათნო ხასიათის, კოხტა გარეგნობისა და სამხედრო სახელის გამო.[11]

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ტაციტუსი, ანალები I.16, I.17, I.31
  2. 2.0 2.1 დიონ კასიუსი, რომის ისტორია LVII.6
  3. ტაციტუსი, ანალები II.41
  4. ტაციტუსი, ანალები II.46
  5. Shotter, 35–37.
  6. ტაციტუსი, ანალები II.26
  7. ტაციტუსი, ანალები II.41
  8. ტაციტუსი, ანალები II.43
  9. ტაციტუსი, ანალები II.71
  10. სვეტონიუსი თორმეტი კეისრის ცხოვრება, კალიგულა 3.1 „ცნობილია, რომ გერმანიკუსი, ისე როგორც არავინ, შემკული იყო საუკეთესო ფიზიკური და სულიერი ღირსებებით.“ http://www.johndclare.net/AncientHistory/Agrippina_Sources1.html
  11. ტაციტუსი, „ანალები“ 2.73 „ის რომ იმპერატორი გამხდარიყო... სამხედრო წარმატებებში ალექსანდრესაც აჯობებდა, ისევე მარტივად, როგორც გარდაიცვალა მოწყალებით, ზომიერებითა და ყველა სხვა საჭირო თვისებით შემკული“. http://www.johndclare.net/AncientHistory/Agrippina_Sources1.html
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
მანიუს ემილიუს ლეპიდუსი და ტიტუს სტატილიუს ტავრუსი
რომის იმპერიის კონსული
გაიუს ფონტეიუს კაპიტონთან ერთად
12
შემდეგი:
გაიუს სილიუსი და ლუციუს მუნაციუს პლანკუსი
წინამორბედი:
ლუციუს პომპონიუს ფლაკუსი და გაიუს კელიუს რუფუსი
რომის იმპერიის კონსული
ტიბერიუსთან ერთად
18
შემდეგი:
მარკუს იუნიუს სილანუს ტორკვატუსი და ლუციუს ნორბანუს ბალბუსი