ლუციუს მარციუს ფილიპუსი (კონსული ძვ. წ. 56)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „ლუციუს მარციუს ფილიპუსი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ლუციუს მარციუს ფილიპუსი (მრავალმნიშვნელოვანი).

ლუციუს მარციუს ფილიპუსი (ძვ. წ. I ს.) — რომაული სენატორული კლასის ოჯახის წევრი. რომის მეფის, ანკუს მარციუსის შთამომავალი და კონსულისა და ცენზორის, ლუციუს მარციუს ფილიპუსის ვაჟი. ძვ. წ. 60 წელს იყო პრეტორი, ძვ. წ. 59 წელს გახდა სირიის პროპრეტორი (გუბერნატორი), თუმცა, აღსანიშნავია, რომ აპიანეს (სირიული ომები 8.51) მიხედვით, ამ თანამდებობაზე იგი ძვ. წ. 61 წელს მსახურობდა. ამავე, ძვ. წ. 59 წელს, იგი დაქორწინდა ატია ბალბა ცეზონიაზე, იულიუს კეისრის დისშვილზე. ფილიპუსს ჰყავდა ვაჟი და ქალიშვილი მარცია წინა ქორწინებიდან, რომელიც მისი ცოლის გარდაცვალების გამო დასრულდა. ატიას პირველი ქმარი გაიუს ოქტავიუსი რომში დაბრუნებისას გარდაიცვალა. ატიას მისგან ორი შვილი დარჩა: ოქტავია უმცროსი და გაიუს ოქტავიუსი (მომავალი ავგუსტუსი). ფილიპუსი ისე ზრუნავდა გერებზე, თითქოს საკუთრები ყოფილიყვნენ. ძვ. წ. 56 წელს იგი კონსული გახდა გნეუს კორნელიუს ლენტულუს მარცელიანუსთან ერთად.

მიუხედავად ქორწინების შედეგად კეისართან დამყარებული კავშირისა, ფილიპუსს კეისრისა და პომპეუსის სამოქალაქო ომში მისი მხარე არ დაუკავებია და სენატის მიერ არც ანტიკეისრული კანონმდებლობის მიღებას აღდგომია წინ. ამის გამო, ფილიპუსმა სამართავად პროვინცია ვერ მიიღო. რადგანაც ამ საყვედურნარევი ჟესტისგან საშიშროება იგრძნო, მან კეისარს სთხოვა ნება დაერთო არ ჩარეულიყო ომში და მისი მსვლელობისას იტალიაში დარჩენილიყო. კეისარი იძულებული გახდა, კმაყოფილი ყოფილიყო იმით, რომ მტერი არ შეიძინა, თუმცა მას არც მხარდამჭერი შემატებია. ფილიპუსი ციცერონის ახლო მეგობარი გახდა, რომელიც, აგრეთვე, შორიდან ადევნებდა თვალს ომს.

ფილიპუსის მისწრაფება თავიდან აერიდებინა კონფლიქტი, აშკარაა მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში. როდესაც მისის გერი ოქტავიუსი კეისრის მემკვიდრედ გამოცხადდა, ფილიპუსმა სცადა მისთვის მემკვიდრეობის მიღება გადაეთქმევინებინა, რადგანაც მარკუს ანტონიუსისაგან მომდინარე საფრთხის ეშინოდა. მან ატიაც კი შეიპირა ოქტავიუსის გადარწმუნებაში დახმარებაზე, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია. მიუხედავად იმისა, რომ იგი ანტონიუსს დაუპირისპირდა, ფილიპუსი იმ დელეგაციაში იყო, რომელიც მასთან მოსალაპარაკებლად მუტინაში გაიგზავნა, რის შემდეგაც უკან დაბრუნდა და ანტონიუსის მოთხოვნები სენატს გააცნო. ამისათვის იგი ციცერონმა გაკიცხა.

ატია ძვ. წ. 43 წლის აგვისტო/სექტემბერში გარდაიცვალა და ოვიდიუსის მიხედვით, ფილიპუსი კიდევ ერთხელ დაქორწინდა ატიას ერთ-ერთ დაზე, თუმცა რონალდ საიმის მიხედვით, ფილიპუსი, რომელიც ატიას დაზე დაქორწინდა, რეალურად, მისი ვაჟი იყო, ძვ. წ. 38 წლის კონსულ-სუფექტი. მან ხანდაზმულ ასაკამდე იცოცხლა და მუდმივი ერთგულებისათვის ავგუსტუსისაგან ჯილდოც მიიღო.

ფილიპუსს ჰყავდა სულ მცირე, ორი შვილი მაინც: ვაჟი, ლუციუს მარციუს ფილიპუსი, რომელიც, მოგვიანებით, დედინაცვლის დაზე დაქორწინდა და ერთი ქალიშვილი, მარცია, რომელიც, მოგვიანებით, კატონ უმცროსის ცოლი გახდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
პუბლიუს კორნელიუს სპინტერი და კვინტუს ცეცილიუს მეტელუს ნეპოს იუნიორი
რომის რესპუბლიკის კონსული
გნეუს კორნელიუს ლენტულუს მარცელინუსთან ერთად
ძვ. წ. 56
შემდეგი:
მარკუს ლიცინიუს კრასუსი და გნეუს პომპეუს მაგნუსი